ლურჯი ვერსია

როგორ არ უნდა შეარჩიო შენი სტარტაპის სახელი

06 ივლისი 2021

სტარტაპისთვის სახელის დარქმევა შენს იდეას ხელშესახებად აქცევს.

რამდენად სახალისოცაა ეს პროცესი, იმდენად ბევრ რისკთანაა ის დაკავშირებული. სახელი მომხმარებელზე პირველ შთაბეჭდილებას ტოვებს და, მარკეტინგული კუთხით, მან შეიძლება გაგიმარტივოს ან გაგირთულოს მომხმარებლების ათვისების პროცესი. კომპანიისთვის სახელის დარქმევას შეგიძლია შეხედო, როგორც შენს ერთ-ერთ სტრატეგიულ სვლას წარმატებისკენ.

სტარტაპის გლობალური მიზნებიდან გამომდინარე კი, შენი გადაწყვეტისთვის ზედგამოჭრილი სახელის შერჩევისას ბევრი ისეთი ფაქტორი უნდ აგაითვალისწინო, რომლებიც საქართველოზე შეზღუდული არაა.

აქ მოყვანილი 6 ძირითადი რჩევა დაგეხმარება, სწორ ჩარჩოებში მოაქციო ეს პროცესი.


1. სახელის არ გადამოწმება

სანამ შენი სტარტაპის სახელი შეგიყვარდება, გაიგე, შეგიძლია თუ არა მისი მითვისება.

ამისათვის, პირველ რიგში, დომეინის ხელმისაწვდომობაში უნდა გაერკვე. ეს უკვე მოგცემს დაახლოებით წარმოდგენას იმის შესახებ,

თუმცა, დომეინის ყიდვა სახელის მითვისების მხოლოდ დასაწყისია.

აუცილებელია გადაამოწმო, არსებობს თუ არა იგივე სახელის კომპანია იგივე ინდუსტრიაში. ეს მნიშვნელოვანია საქართველოში კომპანიის დასარეგისტრირებლადაც და – მსოფლიო ბაზარზე გასვლისას – კონკურენტებისგან გამოსარჩევად.

თუ შენი კომპანიის სახელი არსებულს ემთხვევა, მაგრამ ეს უკანასკნელი სულ სხვა ინდუსტრიაში ფუნქციონირებს, ამის გამო ნუ შეიცვლი გადაწყვეტილებას. ეს არც ლეგალური და არც მარკეტინგული კუთხით არ შეგიქმნის პრობლემას.


2. კონკურენტების არ გადამოწმება

როცა საქმე ბრენდინგს ეხება, კონკურენტების კვლევა ისეთივე აუცილებელია, როგორც – უნიკალური ღირებულების პოვნისას.

ხშირად, ერთი ინდუსტრიის სხვადასხვა სტარტაპები ერთ სახელამდე მიდიან. მომხმარებლისთვის რთული ხდება, თქვენს შორის განსხვავების დამახსოვრება. მხოლოდ საქართველოს ბაზარზე არსებული კომპანიების კვლევა კი, არ კმარა. უფრო ფართოდ უნდა იაზროვნო და ნახო, რა სახელებია პოპულარული მსოფლიო მასშტაბით. შემდეგ კი, შეარჩიო ისეთი, რომელიც მათგან განსხვავდება, მაგრამ სტარტაპის იდეასთან საკმარის კავშირში მაინც არის.

კონკურენტების სახელებისა და ბრენდის მიმართულების კვლევა მეტ იდეასაც მოგაწვდის. მათზე დაკვირვებით შეძლებ განსაზღვრო, რა როგორ მუშაობს შენს სამიზნე აუდიტორიაზე. იპოვე ისეთი კომპანიები, რომლებიც ბრენდის ცნობადობას ვერ ზრდიან და ისეთები, რომლებიც ყველას პირზე აკერია. რამ განაპირობა ერთის წარუმატებლობა და მეორეს წარმატება?


3. ზედმეტად ზოგადი სახელი

რაღაცის დასამახსოვრებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ასოციაციის შექმნაა.

დაუკავშირე კომპანიის სახელი შენს საქმიანობას. ეს კავშირი შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს ინდუსტრიასთან. შეიძლება შენს მიზანს, პრობლემას, თუ გადაწყვეტას ეხმიანებოდეს. ორივე შემთხვევაში, კლიენტს უმარტივდება კომპანიის დამახსოვრება და როცა შესაბამისი სერვისი დასჭირდება, პირველი სწორედ შენ გაახსენდები.

ამასთან, რაღაც ნიშნით ასოციაციური სახელი ბრენდის პოზიციონირებაშიც გიწყობს ხელს. ახალი მომხმარებლები სახელის გაგებისთანავე იქმნიან დაახლოებით წარმოდგენას კომპანიის საქმიანობაზე. ნუ გაუშვებ ხელიდან ამ ფაქტორის შენს სასარგებლოდ გამოყენების შანსს.


4. ზედმეტად კონკრეტული სახელი

ზოგადის მსგავსად, არც ზედმეტად კონკრეტული სახელი ვარგა.

შენს ერთ კონკრეტულ პროდუქტზე მორგებული დასახელება სტარტაპის სამომავლო განვითარებას, შეიძლება, აღარ მიესადაგოს და ხელიც კი შეგიშალოს.

ყველაზე კარგ შემთხვევაში, ამით, უბრალოდ, მომხმარებლებს დააბნევ და სახელის მარტივი დამახსოვრებისთვის საჭირო ასოციაციის ეფექტსაც დაკარგავ.


5. ზედმეტად ქართული სახელი

არ დაგავიწყდეს, რომ შენი სტარტაპი საქართველოს საზღვრებს უნდა გასცდეს და მსოფლიო დაიპყროს.

ისეთი სახელი, რომლის გაგება, გამოთქმა თუ წაკითხვა მხოლოდ ქართველებს შეეძლებათ, ზემოხსენებული მიზნის განხორციელებაში ხელს შეგიშლის. იფიქრე მასშტაბურად. რა სახელები ტრიალებს საზღვარგარეთ შენს ინდუსტრიაში?


6. ზედმეტად უცხოური სახელი

არ უნდა დაგავიწყდეს, რომ შენი პირველი მომხმარებლები ქართველები არიან.

სახელის შერჩევისას გაითვალისწინე ადგილობრივი შეხედულებები, ინტერესები და შენს ინდუსტრიასთან დაკავშირებული გავრცელებული ტერმინები. კომპანიის დასახელება მომხმარებელს უნდა კარნახობდეს, დაახლოებით რას აკეთებ. თუ შერჩეული ტერმინის მნიშვნელობა არ ესმის, კავშირის დაჭერა გაუჭირდება.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა