ლურჯი ვერსია

როგორ იქცა Spotify ჩვენს უალტერნატივო არჩევნად 

27 ივლისი 2021

უთხარი Spotify-ს, რას უსმენ და ის გეტყვის, ვინ ხარ შენ.

შვედური სტარტაპი, რომელიც პირველად 13 წლის წინ, 2008-ში, გამოჩნდა, თითქოსდა ყველაზე არახელსაყრელ დროს დაიბადა. მაინც როგორ მოახერხა, ამ პერიოდშიც კი, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები უკან მოეტოვებინა და ყველას ფავორიტი გამხდარიყო?

კომპანიის მონაცემთა ანალიზის გუნდის ყოფილ ხელმძღვანელს, კრისტინ ჰანგს თუ დავუჯერებთ:

“Spotify არის არა უბრალოდ მუსიკის სტრიმინგის სერვისი, არამედ – პლატფორმა სიახლეების აღმოსაჩენად.”

სტარტაპი და ინოვაციურობა ხომ ძალიან უხდებიან ერთმანეთს, ამიტომაც მოგიყვები, როგორ დაიწყო Spotify-მ აღმასვლა მომხმარებლებზე მორგებული სერვისისა და ციფრული რევოლუციის კვალდაკვალ სვლის წყალობით.


Spotify-ის დასაბამი

სწორედ მაშინ, როდესაც მუსიკის ინდუსტრია მზარდ მეკობრეობას ებრძოდა, დანიელ ეკმა და მარტინ ლორენთსონმა სტარტაპის გაშვება გადაწყვიტეს.

სახელი სრულიად შემთხვევით დაიბადა. ბრეინსტორმინგისას, ლორენთსონის ვერსია დანიელს არასწორად მოესმა. აღმოჩნდა, რომ გუგლში Spotify არ იძებნებოდა და თან კარგი ინტერპრეტაციაც მოუფიქრეს: “spot”-ისა (დანახვა, აღმოჩენა) და “identify”-ის (იდენტიფიცირება) კომბინაცია.

დაფუძნებიდან ორ წელიწადში, Spotify აქტიურად გამოჩნდა ასპარეზზე უფასო სერვისითა და იმედით, რომ მსმენელი რეკლამებისგან თავისუფალ მომსახურებას თვეში 10 ფუნტად გამოიწერდა. ამ სიტუაციაში ყველაზე ხელშესახები ისევ დინების საწინააღმდეგოდ მცურავი ეკის წინათგრძნობა იყო, რომ კომპანიის ღირებულებას ათობით მილიარდი დოლარისთვის უნდა გადაეჭარბებინა.

ასევე გაეცანი: Airbnb-ის კრეატიული ქმედებები ყველაზე სარისკო დაბრკოლებების გადასალახად.

თავგანწირვამ გაამართლა, როცა 2009 წელს ფეისბუკის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის, გვერდზე გაჩნდა პოსტი: “Spotify ძალიან კარგია”. ოდესღაც პატარა შვედური სტარტაპი დღეს ყველაზე პოპულარული გლობალური აუდიო სტრიმინგის სერვისია 356 მილიონი თვიური აქტიური მომხმარებლით (რომელთაგან 158 მილიონი ფასიან სერვისს იყენებს).

Spotify გვთავაზობს ციფრული საავტორო უფლებებით დაცულ მუსიკასა და პოდკასტებს, მათ შორის – 90 მილიონზე მეტ სიმღერას სხვადასხვა ჩამწერი ლეიბლისა თუ მედია კომპანიისაგან. ის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, ავსტრალიაში, აზიისა და აფრიკის ქვეყნების ნაწილშიც გვხვდება.

სერვისის გეოგრაფიული არეალის გაფართოების შედეგად, Spotify-მ საქართველოშიც ამოყო თავი. ჩვენთან ინდივიდუალური ტარიფი მოქმედებს და ფასიანი მომსახურება 4.99 დოლარია.


უკან მოტოვებული კონკურენტები

2018 წელს, საბაზრო ღირებულების მიხედვით, მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიათა სამეულს ეფლი, გუგლი და ამაზონი წარმოადგენდა. მოდი, გადავხედოთ, როგორ გამოიყურება Spotify მისი კონკურენტი გიგანტების მიერ შემოთავაზებულ მსგავს სერვისებთან შედარებით (მომხმარებლების რაოდენობა აღებულია 2020 წლის მონაცემებიდან, რადგან ყველა კომპანიას არ აქვს ინფორმაცია განახლებული):

შენთვის რომ ეკითხათ, შეძლებს თუ არა ახლადშექმნილი კომპანია ამ უხუცესთა დამარცხებას მათსავე თამაშშიო, რას უპასუხებდი?

ჩამოთვლილ კომპანიებს უკვე გააჩნდათ მომხმარებელთა შესაშური ბაზა, ყველაზე დახვეწილი ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები, მყარი რეპუტაცია და საჭირო კონტაქტები. მიუხედავად ამ უპირატესობებისა, მათი მთავარი პროდუქტი მუსიკის სტრიმინგი სულაც არ ყოფილა. მათთვის ეს ერთ-ერთი დამატებითი სერვისია, რომელსაც იმდენ ყურადღებას არავინ აქცევს, რამდენსაც Spotify – თავის ერთადერთ პროდუქტს.

ამ მაგალითზე კარგად ჩანს, რამდენად შორს მიდის ერთ კონკრეტულ ამოცანაზე მთელი რესურსით კონცენტრირება – ეს ყველა იმ ხსენებულ უპირატესობაზე მნიშვნელოვანია, რომლებითაც შვედური სტარტაპის კონკურენტები იწონებენ თავს.


Spotify-ის მთავარი ინგრედიენტი

ამბობენ, წარმატების საიდუმლოს მზა რეცეპტი არ არსებობსო. Spotify-ის შემთხვევაში, ვფიქრობ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პასუხი შემოქმედებითობაა. ხელოვნების ერთ-ერთ უმთავრეს დარგთან, მუსიკასთან, კავშირის გაბმისას სტანდარტული მიდგომებით ვერაფერს გახდები. კომპანიამ განსხვავებული მიმართულება აიღო: მან მომხმარებლის შთაგონება დაისახა მიზნად, ხელოვანებს კი, განვითარების შესაძლებლობა მისცა.


არტისტების ხელშეწყობა

მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრია კრიზისს განიცდიდა, მოსახლეობა სასურველ სიმღერებს არალეგალურად იწერდა და, ალბათ, პროცესების შეუქცევადობაზეც დაიწყებდნენ საუბარს, როდესაც Spotify-მ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

მომხმარებლის დარწმუნება, მუსიკის მოსმენაში ფული გადაეხადა, ციფრულმა ეპოქამ, ფაქტობრივად, შეუსრულებელ მისიად აქცია. ამიტომაც, დანიელის თქმით, ერთადერთი გამოსავალი იყო ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც მეკობრეობაზე უკეთეს ალტერნატივას შემოგვთავაზებდა და ამასთანავე არტისტების კომპენსირებასაც მოახერხებდა.

Spotify-მ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე “თავისუფალი ვარდნა” შეაჩერა და მუსიკოსთა შრომა კვლავ მაღალანაზღაურებადი გახადა. პლატფორმა მომხმარებლების რაოდენობით ყველა კონკურენტს აღემატება, ამიტომაც შემოსავალი, რომელიც მას მუსიკალური ინდუსტრიისთვის მოაქვს, ჩაუნაცვლებელია.

აუდიო სტრიმინგის სერვისის მიერ გამომუშავებული თანხის 70% სწორედ საავტორო უფლებათა მფლობელებზე მოდის. Spotify ყურადღებას აქცევს, რამდენად ხშირად უსმენენ კონკრეტულ შემსრულებელს და მოგებას შესაბამისად ანაწილებს. თუ, მაგალითად, კანადელი რეპერი, დრეიკი იქნება “ნახვათა” 5%-ზე პასუხისმგებელი, შემოსული თანხის 5%-ც მისი გახდება.

გარდა ჩვენთვის კარგად ცნობილი ვარსკვლავებისა, პლატფორმა დამწყებ არტისტებსაც უწყობს ხელს კარიერულ განვითარებაში და აძლევს შესაძლებლობას მუსიკალურ ინდუსტრიაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ. Spotify For Artists უფასო სერვისია, რომლის გამოყენებითაც არტისტის გვერდის შექმნა შეგიძლია, მის დახვეწასა და მსმენელის მოზიდვაში კი თავად Spotify დაგეხმარება.


მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ფუნქციები

ადამიანის დამოკიდებულებამ მუსიკის მიმართ ცვლილება განიცადა. ნანატრი ალბომის მოლოდინის მაგივრად, Spotify-მ შემოგვთავაზა ხელისშემშლელი რეკლამებისაგან თავისუფალი, შეუზღუდავი მუსიკის მუდმივი ნაკადი.

მაგრამ, როგორ უნდა იპოვო მუსიკის ზღვაში შენს გემოვნებაზე მორგებული შემსრულებლები?

შვედური აუდიო სტრიმინგის კომპანიის მთავარი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ის შემაშფოთებლად კარგად გიცნობს.

‘Discover Weekly-ს’ (აღმოაჩინე ყოველკვირეულად) ფარგლებში, Spotify ყოველ ორშაბათს სპეციალურად შენზე მორგებულ 30 სიმღერას გაცნობს. შემოთავაზებული ფლეილისთი თითოეული მომხმარებლის მუსიკალურ გემოვნებას ეყრდნობა და ახალ აღმოჩენებს გვაკეთებინებს.

ყოველი წლის ბოლოს კი, შენს საყვარელ სიმღერებს, არტისტებსა და პოდკასტებს გახსენებს: შეფუთული სახით გაწვდის ერთგვარ წლის შეჯამებას (Wrapped year-in-review). მსგავსი სერვისი ეფლსაც აქვს, მაგრამ Spotify-ის შემთხვევაში შედეგების ფეისბუკზე, ინსტაგრამზე, ტვიტერსა და სხვა სოციალურ ქსელებში გაზიარებაა შესაძლებელი. დამეთანხმები და, ეს ფუნქცია დღევანდელი მომხმარებლებისთვის ზედმეტად პრიორიტეტულია.

სიახლეების მოყვარულმა ახალი ფუნქციაც შეიძინა, რომლის მეშვეობითაც შეუძლია შენი შინაური ცხოველისთვის ფლეილისთი შეადგინოს, განურჩევლად იმისა, გყავს ძაღლი, კატა თუ სულაც თუთიყუში. თუმცა, არც ამაზე შეჩერებულა და აუდიო წიგნების გამოცემა დაიწყო, სადაც კლასიკურ ნაწარმოებებს ცნობილი ადამიანები გვიკითხავენ.

Spotify-მ წესები შეცვალა.

შესაძლოა, ეფლი, ამაზონი და გუგლი მანქანური სწავლების თვალსაზრისით უკეთეს ტექნოლოგიებსაც ფლობდნენ, მაგრამ პერსონალიზებული სერვისების შემოთავაზებისკენ პირველი ნაბიჯები Spotify-მ გადადგა და როგორც სიახლის შემომტანი, უპირატესობას ფლობს, დაგროვილ მონაცემთა აურაცხელი რაოდენობა კი მის კონკურენტუნარიანობას აძლიერებს.

თუ გაინტერესებს, როგორ მიაგნო შენს პროდუქტსა და მომხმარებელს შორის იდეალურ თავსებადობას ამ შვედური სტარტაპის მსგავსად, გაეცანი ჩვენს პრაქტიკულ გზამკვლევს.

Spotify-მ მომხმარებლებს მოუსმინა, თითოეულს აგრძნობინა, რომ გამორჩეულია და ფავორიტობა დაიმსახურა. ამიტომაც, არ გაგიკვირდეს, თუ მომხმარებლების მიერ სხვა პლატფორმების ღალატის მაუწყებელ “ტვიტებს” გადააწყდები.


კულისებს მიღმა

მაინც, როგორ გვიცნობს Spotify ასე კარგად?

ყველაფერი ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების დამსახურებაა.

ყოველწუთიერად ათეულობით მილიონი ადამიანი უსმენს მუსიკას. Spotify-ს მსგავსი პლატფორმები მომხმარებლების შესახებ აგროვებენ მონაცემთა ზღვას, რომელიც შედგება მათ მიერ შერჩეული სიმღერების, საკვანძო სიტყვების, ფლეილისთის მონაცემების, გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და სხვა დეტალებისგან. ამ მონაცემების გადამუშავებით AI ალგორითმი შესაბამის ცოდნას იღებს, რაც, ისევ და ისევ, სერვისის გაუმჯობესებას ემსახურება. მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, Spotify სამი მოდელის კომბინაციას იყენებს:

  • კოლაბორაციული ფილტრაცია (Collaborative Filtering);

  • ბუნებრივი ენის დამუშავება (Natural Language Processing – NLP);

  • აუდიო მოდელები (Audio Models).


კოლაბორაციული ფილტრაცია (Collaborative Filtering)

მარტივად რომ ვთქვათ, ამ დროს მომხმარებელთა ქცევის ერთმანეთთან შედარება ხდება. დაახლოებით ამავე მეთოდს იყენებს ინტერნეტ ტელევიზიის უმსხვილესი ქსელი ნეტფლიქსი, როდესაც მაყურებლის რჩეულ ფილმთა რეიტინგებზე დაფუძნებით გასცემს რეკომენდაციებს სხვა მაყურებლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ Spotify შეფასების ასეთ სისტემას არ შეიცავს, ის ითვალისწინებს თითოეული მსმენელის გამოხმაურებას, თუ რამდენჯერ ჩართო ან შეინახა კონკრეტული სიმღერა, დაათვალიერა შემსრულებლის გვერდი და ა.შ., რაც მას მსგავსი გემოვნების მქონე მომხმარებლისთვის სწორი შეთავაზების გაკეთებაში ეხმარება.


ბუნებრივი ენის დამუშავება (Natural Language Processing – NLP)

Spotify ასევე თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მნიშვნელოვან მიმართულებას, ბუნებრივი ენის ტექსტების კომპიუტერულ დამუშავებას (NLP) იყენებს.

ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს ე.წ. მეტამონაცემებს, ბლოგ პოსტებს, დისკუსიებს მუსიკოსთა შესახებ, სტატიებს სიმღერებსა და არტისტებზე, რომლებიც ინტერნეტში მოიძიება. შეისწავლის, თუ რა ტერმინებს გამოიყენებენ და განსაზღვრავს კონკრეტულ სიტყვას, ფრაზას ან ტექსტს. მაგალითად, ყველასთვის საყვარელი პოპ-ჯგუფ ABBA-ს სინგლი “Dancing Queen” ხასიათდება სიტყვით “მხიარული”, ხოლო “Mamma mia”, როგორც – “მშვიდობიანი”. გამოდის, რომ თითოეული შემსრულებელი და სიმღერა გარკვეულ საკვანძო სიტყვებთან ასოცირდება, რომლებიც ყოველდღიურად განიცდის ცვლილებას.

NLP აღიქვამს არა მარტო ინგლისურ, არამედ ლათინურიდან წარმოშობილ ენებსაც, არარელევანტურ ინფორმაციას კი ცხრილავს.


აუდიო მოდელები (Audio Models)

ხანდახან, მასებისთვის უცნობი შემსრულებლის მიერ ახალი სიმღერის გამოშვებისას, NLP მხსნელად ვერ გვევლინება, რადგანაც სოციალურ მედიაში ჯერ კიდევ არ მოიპოვება მასზე რაიმე ინფორმაცია.

სწორედ ამ დროს ერთვება საქმეში აუდიო მოდელი, რომლის დახმარებითაც დაუმუშავებელი აუდიო ტრეკებიდან მონაცემთა ამოღება-ანალიზი ხორციელდება. ამ მონაცემებზე დაყრდნობით კი, კოლაბორაციული ფილტრაცია თავისი წილი სამუშაოს შესრულებას უდგება.

შედეგად, რეკომენდაციებში გხვდებიან ამომავალი ვარსკვლავები, რომლებიც კონკრეტულად შენს ფლეილისთში საპატიო ადგილს ნამდვილად იმსახურებენ.

ასევე გაეცანი: Tiktok-ის მთავარი ტექნიკური ხრიკები, რომელთა წყალობითაც მან ინსტაგრამს გაუსწრო აქტიურ მომხმარებლებში.

Spotify დღემდე არ ჩერდება. თითოეულ ჩვენგანზე მორგებული სერვისის უზრუნველსაყოფად და ჩვენი მოლოდინების გადასაჭარბებლად, ის გამუდმებით ვითარდება და ციფრულ რევოლუციას ფეხს უწყობს.

ასე რომ, არაა გამორიცხული, ახლო მომავალში გადააწყდე ჩემს ფეისბუკ პოსტს: “Spotify მართლაც კარგია.”

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ელენე ჯანელიძე

რეკომენდაციები

03 აგვისტო

სოციალური მედიის თანამედროვე გამოწვევები და ციფრული კონსტიტუციონალიზმი

ინტერვიუ ედოარდო კელესტესტან. რომელია ის პრინციპები და ფასეულობები, რომლითაც ჩვენი საზოგადოება იხელმძღვანელებს ციფრულ ხანაში
03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
10 აგვისტო

5G - ახალი შესაძლებლობების სამყარო

სიახლეები საზოგადოებას ხშირად აშინებს, აბნევს და ეჭვებს უჩენს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ისეთი ინოვაციის დანერგვაში, როგორიც უსწრაფესი 5G ინტერნეტია, საზოგადოების ნაწილმა საფრთხე დაინახა და ამ შეგრძნებამ ისე მოიცვა, რომ კითხვის - „რა სარგებელს მოიტანს ეს უკანასკნელი?“ დასმაც არ ჩათვალა საჭიროდ და ბოლო თაობის ინტერნეტკავშირი უპირობო მტრად მიიღო.