ლურჯი ვერსია

როგორ მივიღოთ სტარტაპერული გამოცდილება სტარტაპში მუშაობის გარეშე?

27 ნოემბერი 2020

იდეები ყველას გვაქვს, მაგრამ რთულია გადაწყვიტო, ხარ თუ არა მზად ამ იდეების განსახორციელებლად. მაშინ, როცა სტარტაპის წარუმატებლობის შანსი 90%-ია, ბევრი თავს იკავებს რისკის გაწევისგან და იმ მომენტს ელოდება, როცა უფრო მეტად იქნება საკუთარ შესაძლებობებში დარწმუნებული.

აუცილებელი არაა, სამსახურიდან წამოხვიდე და შენი ოცნების პროექტზე დაიწყო მუშაობა, რათა სტარტაპერობაში გამოცდილება დააგროვო. ამისათვის სხვა, უფრო მარტივი და ბეევრად ნაკლებრისკიანი გზებიც არსებობს. მაგალითად, ჰაკათონებში მონაწილეობა.


რა არის ჰაკათონი და ვის შეუძლია მასში ჩართვა?

ჰაკათონი გულისხმობს რამდენიმე დღიან ღონისძიებას, სადაც გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებიან მოქმედი პროტოტიპის შექმნაში, რომელიც კონკრეტული ღონისძიების ფარგლებში განსაზღვრულ პრობლემას აგვარებს. გუნდები, ძირითადად, ადგილზევე იქმნება ხოლმე.

აუცილებელი არაა, დეველოპერი ან მონაცემთა მეცნიერი იყო, რათა ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო. პროტოტიპირება მხოლოდ კოდის წერას არ მოითხოვს. გუნდის წევრებს სხვა დავალებების შესრულებაც უწევთ, მაგალითად:

დიზაინის შემუშავება;

იდეების გენერირება;

კვლევა;

შენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ნებისმიერი როლი შეგიძლია აითვისო და ისე ჩაერთო შეჯიბრში. ჰაკათონებში მონაწილეობას, პირველი ადგილის მოპოვებისა და ფულადი პრიზის მოგების გარდა, ბევრი სხვა უპირატესობა აქვს. რაც ყველაზე მთავარია, ამ რამდენიმედღიანი კონცენტრირებული მუშაობისას სტარტაპერულ ცხოვრებაზე ბევრ მნიშვნელოვან გაკვეთილს ისწავლი. დასაკარგი, ფაქტობრივად, არაფერი გაქვს.

წინასწარ ჩამოაყალიბე, რა მიზნით მიდიხარ ჰაკათონზე და რისი წამოღება გინდა ყველაზე მეტად. ასე უფრო სწორად გაანაწილებ შენს დროსა და ყურადღებას შეჯიბრის მიმდინარეობისას. საინტერესო ხალხის გაცნობა უფრო პრიორიტეტულია თუ ახალი უნარების ათვისება? გუნდის მართვა უფრო გაინტერესებს თუ პრობლემების სწრაფად გადაჭრაზე მუშაობა? ჰაკათონებს მართლაც ბევრი უპირატესობა აქვს, ამ სტატიაში კი რამდენიმე ძირითადს მიმოვიხილავთ.


1. იდეების რეალობად ქცევა

ჰაკათონის მთავარი მიზანი პროტოტიპის შექმნაა. ღონისძიების ფარგლებში იდეალური სტრატეგიის გაწერის დრო არ გაქვს. მთავარია, შექმნა მუშა პროტოტიპი მინიმალურ დროში. აქ შენი თვალით ნახავ, რამდენის მოსწრება შეიძლება რამდენიმე საათიანი კონცენტრირებული, გუნდური მუშაობის შედეგად. სტარტაპერობაც ხომ სწორედ ესაა: შექმენი ის, რაც ხალხს სჭირდება სწრაფად და მინიმალური რესურსებით. გაუმჯობესებას ყოველთვის შეძლებ.


2. დროის სწორი განაწილება

შენ სულ რაღაც რამდენიმე დღე გაქვს იდეიდან ხელშესახებ პროტოტიპამდე. აქ დრო შენი ყველაზე ფასეული აქტივია. ჰაკათონში მონაწილეობა ისეთ სიტუაციაში გაგდებს, სადაც დედლაინი გაწერილია და ამ მხრივ ვეღარაფერს შეცვლი. ეს კარგი ვარჯიშია მოკლე დროში რაღაცების მოსწრებისთვის.


3. კრეატიულობის გამოღვიძება

რამდენჯერ მოგსვლია თავში იდეა, რომელზეც დიდი სიამოვნებით იმუშავებდი? ჰაკათონზე სრული თავისუფლება გაქვს, შექმნა ის, რისიც გჯერა. შეგიძლია თამამად დაიხურო ინოვატორის ქუდი და ისეთ რისკებზე წახვიდე, რომლებსაც შენს სამსახურში ვერ იზამდი.

ჰაკათონები შენში კრეატიულობას აღვიძებს. თანაც, შეიძლება პროექტი, რომელიც ჰაკათონზე დაიწყო, შენი მომავალი კომპანია გახდეს. GroupMe, ონლაინ საკომუნიკაციო პლატფორმა, TechCrunch-ის ჰაკათონზე შეიქმნა, ნახევარ წელიწადში კი ის სკაიპმა $85 მილიონად შეისყიდა. MIT-ის ჰაკათონზე შექმნილი პლატფორმა, WorkFlow, ეფლმა იყიდა. ფეისბუკი ყოველწლიურად აწყობს ჰაკათონებს, სადაც ბევრი ისეთი იდეა დაიბადა და შემდეგ წარმატებით დაინერგა ჩვენს ყოველდღიურობაში, რომელთა გარეშეც ფეისბუკი ფეისბუკი არ იქნებოდა. მაგალითად: ჩათის აპლკაცია, ვიდეოების ატვირთვის შესაძლებლობა, კომენტარებში ხალხის დათაგვა და კიდევ ბევრი სხვა.


4. გუნდური მუშაობა

ჰაკათონში მონაწილეობა გუნდურ მუშაობასაც მიგაჩვევს. აქ ყველას ერთნაირი პასუხისმგებლობა აკისრია და, რაც მთავარია, ყველამ ერთად უნდა იმუშავოს მიზნის მისაღწევად. გუნდთან მუშაობა მნიშვნელოვანი უნარია, რომელსაც მხოლოდ პრაქტიკაში თუ აითვისებ. თანაც, ჰაკათონზე ისეთ ადამიანებს გაიცნობ, რომლებიც შეიძლება შენი მომავალი სტარტაპის პარტნიორები აღმოჩნდნენ.

სწორი გუნდის შეკვრა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია სტარტაპის წარმატებისთვის. დიდი შანსია, შენს სანაცნობო წრეში ისეთი ადამიანები არ იყვნენ, ვისთან ერთადაც კომპანიას წამოიწყებდი. ჰაკათონებზე კი, ჩათვალე, რომ შენს გარშემო ყველა რაღაცის შექმნაზე ოცნებობს. აქ უნიკალური შანსი გაქვს, დაუახლოვდე საინტერესო ადამიანებს, რომლებსაც შენგან განსხვავებული უნარები აქვთ და თანაც, გამოსცადო მათთან მუშაობა.


5. მთავარი გამოცდილებაა

ყველაზე კარგი ჰაკათონში კი ის არის, რომ ის სულ რამდენიმე დღე გრძელდება. აქ მთავარია გამოცდილება და არა – საბოლოო პროდუქტი. ეს არაა ნამდვილი სტარტაპი, რომელზეც მინიმუმ ერთი წლის დახარჯვა გჭირდება, რათა შედეგები დაინახო. ჰაკათონზე რამდენიმე დღეში გადიხარ მთლიან გზას იდეიდან პროტოტიპამდე. აქ მთავარი არაა, გამოგივიდა თუ არა. მთავარია, რას წამოიღებ იქიდან. წამოღება კი, როგორც ვნახეთ, მართლაც ბევრი რამის შეგიძლია.


მედიალაბი გიწვევს იდეების გენერირების მარათონში

დაგარწმუნეთ ჰაკათონის უპირატესობებში? ახლა მედიალაბის გამოწვევა უნდა მიიღო!

ორი დღით გადმოერთე ყოველდღიური რუტინიდან და მიიღე გამოცდილება იდეების გენერირებისა და პრეზენტაციის მომზადების პროცესში. კონკურსის ფინალური ეტაპი მხოლოდ ვიდეოპრეზენტაციის მომზადებას მოითხოვს, ყოველგვარი პროტოტიპირების გარეშე.

გაეცანი ჩვენი კონკურსის წესებს!

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა