ლურჯი ვერსია

როგორ მუშაობს ყოველდღიური სერვისებისა და პროდუქტების საზიარო პლატფორმები

12 იანვარი 2021

ჩვენი ყოველდღიურობა ისეთი აპლიკაციების გარეშე, როგორიც Glovo და Bolt-ია, უკვე წარმოუდგენელი გახდა. განსაკუთრებით მათი ღირებულება პანდემიის პერიოდში გამოჩნდა. ორივე სერვისი გაზიარებული ეკონომიკის (sharing economy) მაგალითია, რომელიც უფრო და უფრო აქტუალური ხდება. იმდენად, რომ მომდევნო 12 წელში მოსალოდნელია ამ მოდელში ჩართული კომპანიების 2133%-იანი ზრდა. 2025 წლისთვის კი, ვარაუდობენ, რომ ბაზარი 335 მილიარდ დოლარად იქნება შეფასებული.

მეტიც, ყველაზე ძვირად შეფასებული სტარტაპების უმეტესობა სწორედ გაზიარებული ეკონომიკის მოდელზეა დაფუძნებული.


რა არის გაზიარებული ეკონომიკა?

მოკლედ რომ განვმარტოთ, გაზიარებული ეკონომიკა მოიცავს ტექნოლოგიურ პლატფორმებს (ძირითადად, აპლიკაციებს), რომელთა მეშვეობითაც მომხმარებლები ერთმანეთში ცვლიან სერვისებს ან პროდუქციას. მაგალითად, ტრანსპორტირება, პროდუქტების მიტანის სერვისი, ბინის გაქირავება და სხვა. დღეს სწორედ ასეთი პლატფორმები გამოირჩევიან პოპულარობით და ამის მიზეზი ძალიან მარტივია: მათი მეშვეობით სწრაფად და იაფადაა შესაძლებელი როგორც სერვისის მიღება, ისე მომსახურების გაწევა ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ.

პლატფორმები განსხვავდება შეთავაზებების, სტილისა და მიდგომის მიხედვით, თუმცა მათ მაინც გააჩნია ბევრი საერთო მახასიათებელი. ზემოთ მოცემული მოკლე განმარტება რომ ჩავშალოთ, უკეთ გამოჩნდება ამ მოდელის მამოძრავებელი ელემენტები:


ციფრული პლატფორმა ან აპლიკაცია

იმისათვის, რომ მომხმარებელი მიმწოდებელს დაუკავშირდეს, საჭიროა ციფრული პლატფორმა ტრანზაქციის უზრუნველსაყოფად. ძირითად შემთხვევებში, გვხვდება როგორც მობილური აპლიკაცია, ისე ვებ გვერდიც (მაგალითად, Airbnb-ი ან Glovo).

კომპანიების უმეტესობა იყენებს ხელოვნურ ინტელექტს დიდი რაოდენობით შეთავაზებების დასახარისხებლად და მომხმარებლის გამოცდილების (UX) გასაუმჯობესებლად.


შეფასების სისტემა

პლატფორმები ეყრდნობიან მომხმარებლებისგან მოგროვებულ შეფასებებს ხარისხის კონტროლისა და სანდოობის გაზრდისთვის. ყურადღება თუ მიგიქცევიათ, ყველა მსგავსი აპლიკაცია ითხოვს სერვისის მომწოდებლისა და პროდუქციის შეფასებას ტრანზაქციის ბოლოს. სწორედ ეს დეტალი უზრუნველყოფს დაბრუნებული კლიენტების მაღალ მაჩვენებელს. შეფასების სისტემა სერვისის მიმწოდებლების ერთგვარი ზედამხედველივითაა: დაბალი შეფასება პლატფორმიდან “გაძევებას” უდრის, რაც, რა თქმა უნდა, არავის აწყობს.


მომხმარებლები თანამშრომლებად

სხვა ტიპის კომპანიებისგან განსხვავებით, გაზიარებული ეკონომიკის პლატფორმები დამოკიდებულები არიან მათი მომხმარებლების მიერ გაწეულ სერვისებზე. ეს მომხმარებლები მათი ოფიციალური თანამშრომლები არ არიან. ისინი უბრალოდ იყენებენ პლატფორმას პირადი ინტერესებისთვის, ანუ ანაზღაურების მისაღებად და სწორედ ესაა გაზიარებული ეკონომიკის მთელი ხიბლიც. Airbnb-იმ, Uber-მა, Glovo-მ და თუნდაც Amazon-მა და Ebay-მ ბევრ ადამიანს მისცა შემოსავლის გენერირების აქამდე არარსებული შესაძლებლობა.

სამუშაო გრაფიკი თავისუფალია, გამომუშავებული თანხის ოდენობა – სამუშაო დროის შესაბამისი. მართალია, ამ გზით კომპანიები ბევრ თავის ტკივილს არიდებენ თავს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ‘თანამშრომლებს’ გაწევრიანებიდან ღილაკზე ერთი დაჭერა აშორებთ.


არანაირი საკუთრება

ახალბედა სტარტაპერებისთვის ასეთი პლატფორმის შექმნის ყველაზე მიმზიდველი ასპექტი ისაა, რომ მათ დამფუძნებლებს არანაირი საკუთრება არ გააჩნიათ. ანუ, უფრო სწორედ, ისინი არ ფლობენ გაქირავებულ თუ გამოყენებულ პროდუქციას და ხელსაწყოებს. არც ერთი გაქირავებული სახლი არაა Airbnb-ის მფლობელობაში. არც ერთი მანქანა არ ეკუთვნის Uber-სა და Glovo-ს. არც ერთ დასაქმებულთან არ თანამშრომლობს პირადად Upwork-ი ან Freelancer-ი. არც Glovo არიგებს სკუტერებს თავის თანამშრომლებზე.

მიმწოდებლები აზიარებენ, აქირავებენ ან იყენებენ თავიანთვე საკუთრებას. პლატფორმა, უბრალოდ, შუამავლის როლს თამაშობს მათსა და მომხმარებლებს შორის. მცირე საკომისიო თითოეული ტრანზაქციიდან და – სტარტაპი შემოსავალს, ფაქტობრივად, ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებაში იღებს. ყველა კმაყოფილია.

გამონაკლისია ისეთი აპლიკაციები, როგორიცაა, მაგალითად Bird-ი, ჩვენთვის კი – Scroll-ი. კომპანია ქალაქებში ანაწილებს და აქირავებს თავისივე მფლობელობაში მყოფ ელექტრონულ სკუტერებს. მიუხედავად იმისა, რომ აქ გაზიარება მხოლოდ ცალმხრივია, ანუ კომპანია მომხმარებლებს უზიარებს თავისივე საკუთრებას, ის მაინც გაზიარებული ეკონომიკის ნაწილია.


ცვლილება, რომელმაც გაზიარებული ეკონომიკა შესაძლებელი გახადა

ყველა რევოლუციას წინ უძღვის განვითარება. არც გაზიარებული ეკონომიკაა გამონაკლისი. სოციალურმა ქსელებმა ამ პროცესში დიდი როლი ითამაშა, რაზეც Airbnb-ის მაგალითზე უკვე ვისაუბრეთ. დღეს უცხოები იმდენად უცხოებად აღარ გვეჩვენებიან, როგორც ეს ადრე მიიჩნეოდა. ინტერნეტის მეშვეობით ერთმანეთის შესახებ დიდი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი და ჩვენც აღარ ვუფრთხით უცხოებს. ასეთი ცვლილება სოციალურ ურთიერთობებში აუცილებელი იყო იმისათვის, რომ გაზიარებულ ეკონომიკას ემუშავა. 20 წლის წინ ბევრად რთული იქნებოდა, ორი უცნობი დაგეთანხმებინა, რომ ერთმანეთისთვის რამდენიმე დღით ბინები გაეცვალათ. ან მისამართი და ტელეფონის ნომერი გაეზიარებინათ. დღეს ეს იმდენად ავტომატური პროცესია, ძალიან ცოტა თუ აქცევს ასეთ დეტალებს ყურადღებას.


გაზიარებული ეკონომიკის პრობლემები

გასაკვირი არაა, რომ გაზიარებული ეკონომიკის პლატფორმების ფართო ათვისებას ბევრი კითხვის ნიშანი და კრიტიკა მოჰყვა – განსაკუთრებით კი, რეგულატორებისგან. რადგან სერვისის მიმწოდებელს თუ საკუთრების გამქირავებელსა და მომხმარებელს შორის კონტრაქტი არ არსებობს, სახელმწიფო, ფაქტობრივად, ჯაჭვიდან ამოვარდნილია და შეიძლება ითქვას, რომ მის ადგილს კერძო კომპანიები იკავებენ. გასაკვირი არაა, რომ მთავრობებში ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. როცა Airbnb-ის საოპერაციო მოდელი რეგულატორებმა შეაფასეს, აღმოჩნდა, რომ ნიუ იორკში გაქირავებული სახლების 72% ამა თუ იმ რეგულატორულ კანონებს არღვევდა და მთავრობას წესით 33 მილიონი დოლარი უნდა აეღო გადასახადებში. Airbnb-იმ სხვადასხვა ქვეყნების განსხვავებული კანონმდებლობის გათვალისწინება თავიდან აირიდა და ეს მოვალეობა თავად სახლის პატრონებს დააკისრა. გაგიკვირდებათ და, არც თუ ისე ბევრმა მომხმარებელმა მიაქცია ამ ფაქტს ყურადღება.

ასეთი შემთხვევებისგან თავის არიდებაზე მუშაობა სახელმწიფო სტრუქტურებმა უკვე რამდენიმე წელია, რაც დაიწყეს. ჯერ კიდევ 2014 წელს, ბარსელონამ 30 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა კომპანიას რეგულაციების დარღვევის გამო. ბერლინის პოპულარულ უბნებში აკრძალულია ბინების მოკლე ვადით გაქირავება მთავრობასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

ნელ-ნელა უფრო და უფრო ხშირდება მსგავსი შეზღუდვები, თუმცა იმისათვის, რომ გაზიარებული ეკონომიკა სწორი მიმართულებით განვითარდეს, საჭიროა ახალი კანონპროექტების შემოღება. ამაზე სხვადასხვა მოწინავე ქვეყნები უკვე მუშაობენ.

ფაქტია, რომ გაზიარებული ეკონომიკა ჩვენი ყოველდღიურობიდან აღარ გაქრება. ახლა მთავარი ამოცანა ამ სისტემის წესრიგში მოყვანაა. ამ ახალ ტრენდს აყოლისთვის კი, უკეთესი დრო არ არსებობს…

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.


გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და გაწევრიანდი მედიალაბის აქსელერატორში!

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

03 აგვისტო

სოციალური მედიის თანამედროვე გამოწვევები და ციფრული კონსტიტუციონალიზმი

ინტერვიუ ედოარდო კელესტესტან. რომელია ის პრინციპები და ფასეულობები, რომლითაც ჩვენი საზოგადოება იხელმძღვანელებს ციფრულ ხანაში
03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
10 აგვისტო

5G - ახალი შესაძლებლობების სამყარო

სიახლეები საზოგადოებას ხშირად აშინებს, აბნევს და ეჭვებს უჩენს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ისეთი ინოვაციის დანერგვაში, როგორიც უსწრაფესი 5G ინტერნეტია, საზოგადოების ნაწილმა საფრთხე დაინახა და ამ შეგრძნებამ ისე მოიცვა, რომ კითხვის - „რა სარგებელს მოიტანს ეს უკანასკნელი?“ დასმაც არ ჩათვალა საჭიროდ და ბოლო თაობის ინტერნეტკავშირი უპირობო მტრად მიიღო.