ლურჯი ვერსია

როგორ შევივსოთ და ვმართოთ ენერგია ჩვენი ცხოვრების უკეთ სამართავად

26 მარტი 2021

რამდენიმე თვის წინ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტის შესახებ წავიკითხე და კიდევ ერთხელ დავაფასე, რომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობ. როგორც აღმოჩნდა, 100 წლის წინ სრულ განაკვეთზე მომუშავე ადამიანების გრაფიკი ბევრად აღემატებოდა 8 საათს. ინდუსტრიალიზაციის პერიოდში კი, კეთილმა უფროსებმა დასაქმებულები დაინდეს და სამუშაო დრო 8 საათამდე შეამცირეს. სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ 10-დან 6-მდე დაწესებულ ყოველდღიურ რუტინას.

წარმოგიდგენია? მაშინდელი მენეჯერები ადგნენ და თქვეს, ხალხს ზედმეტად დიდხანს ვამუშავებთ, ცოტა დავინდოთ და დღეში მხოლოდ 8 საათი ვამუშაოთო. თუმცა, ტექნოლოგიური განვითარების წყალობით, ამ ერთ საუკუნეში სამუშაოს ფორმებმა დიდი ცვლილება განიცადა. დღეს ბევრი ამ 8-საათიან რეჟიმსაც აკრიტიკებს. ალბათ ამიტომაა, ფეხის ათრევით რომ ვიწყებთ ჩვენი დიდი წინაპრების მიერ განსაზღვრულ სამუშაო დღეს. ეს რეჟიმი განსაკუთრებით რთულია მათთვის, ვინც საღამოობით გვერდით პროექტზე ან მომავლის სტარტაპზე მუშაობს. ამ ყველაფერს დიდი ენერგია სჭირდება, თანაც ცხოვრება ხომ მხოლოდ მუშაობა არ არის? არც ჩვენ ვართ სმარტფონები, დენის წყარომ რომ რამდენიმე წუთში დაგვმუხტოს. მაშინ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ გადავიწვათ?

აქტიური ცხოვრება და სწორი კვება, ვაშლი და C ვიტამინი…?!

არა! ამ სტატიაში რაღაც უფრო საინტერესო გელის, რაც მენტალური ენერგიის შეგროვებასა და სწორად გამოყენებაში დაგეხმარება.

ცოტას დაგასპოილერებ და დასაწყისშივე გაგიმხელ იმ რამდენიმე, ძალიან მაგარ, თემას, რომელზეც მალე დაწვრილებით წაიკითხავ:

ენერგიის შესავსებად

  • იოგა და სუნთქვითი ვარჯიშები
  • Deep work
  • შხაპის მაგიური ძალა
  • მარტივი მოძრაობების ხელოვნება
  • Offline is a new luxury

ენერგიის სამართავად

  • ABCDE მოდელი
  • პომოდოროს ტექნიკა
  • დროული სწავლების მეთოდი
  • 52/18 პრინციპი
  • 2 წუთის წესი

ახალი გამოწვევებისთვის ენერგიის შესავსებად


იოგა და სუნთქვითი ვარჯიშები

სიმართლე გითხრა, იოგა ყოველთვის დროის ფუჭ კარგვად მიმაჩნდა და არასდროს მესმოდა ადამიანების, ვინც ყოველ დღე მოკეცილ პოზიციაში უცნაურ ბგერებს გამოსცემდნენ. ცოტა რომ გავიზარდე და სტრესის გემო ვიგრძენი, თავის საშველად რაღაც-რაღაცების კითხვა დავიწყე. ერთ დღესაც მივხვდი, რომ იოგასა და მედიტაციაზე ბევრს ვკითხულობდი და იმ “მოკეცილ” ხალხსაც აღარ აღვიქვამდი უცნაურად. უფრო დიდი შესავალი რომ არ გამომივიდეს, მოკლედ გეტყვი, რომ ეს აუცილებლად უნდა სცადო!

იოგა მხოლოდ ენერგიის შევსების საშუალება არ არის. ის გვეხმარება მეხსიერების გაუმჯობესებაში, გარკვეული შიშებისა თუ ნეგატიური ემოციების დამარცხებაში, სტრესის შემცირებასა და კრეატიულად აზროვნების უნარის განვითარებაში.

უკანასკნელ წლებში, მეცნიერებმა მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე დაყრდნობით აღმოაჩინეს, რომ მედიტაცია მნიშვნელოვნად ამარტივებს ინფორმაციის დამუშავების პროცესს. ეს ე.წ. ბეტა ტალღების შემცირების ხარჯზე ხდება, რაც პირდაპირ კავშირშია სტრესის მოხსნასთან, კონცენტრაციის გაუმჯობესებასთან და ემოციურ რელაქსაციასთან. აღნიშნული შედეგი მედიტაციის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგაც კი მიიღწევა.

ილუსტრაციაზე ჩანს ბეტა ტალღების (აღნიშნული ფერადი ტონებით) აქტივობა მედიტაციამდე და მის შემდეგ.

მედიტაციის კიდევ ერთი საინტერესო “გვერდითი ეფექტი” არის ის, რომ ამ დროს მჭირდო კავშირი მყარდება თავის ტვინის “მე” ცენტრთან (პრეფრონტალური ქერქი), რომელიც აღძრავს შიშისა და მღელვარების განცდებს. როდესაც ვმედიტირებთ, ჩვენ ცნობიერად ვუკავშირდებით თავის ტვინის “მე” ზონას და მას საკუთარი კონტროლის ქვეშ ვაქცევთ.

ადამიანებს, რომლებიც ხშირად მედიტირებენ, შიშისა და ნერვიულობის დროს შეუძლიათ რაციონალურობის შენარჩუნება და უარყოფითი განცდების, მათ შორის სტრესის, მარტივად მართვა.

თუ ამ ყველაფრის შემდეგაც თვლი, რომ მედიტაციისთვის ჯერ მზად არ ხარ, მოდუნებისა და ძალების აღდგენის კიდევ ერთი საუკეთესო საშუალებაა სწორი სუნთქვა.

ისედაც ლოგკურია, თუმცა კვლევებიც მოწმობს, რომ ცუდი პოზა ორგანიზმს სწორ სუნთქვაში ხელს უშლის. უზუსტობა არ იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ ეს თითქმის ყველა კომპიუტერს მიჯაჭვულ ადამიანს ეხება. არასწორი სუნთქვა ორგანიზმში ჟანგბადის თანაბარ განაწილებას უშლის ხელს. ეს კი, სტრესისა და დაღლილობის შეგრძნებას იწვევს. ამის საპირისპიროდ, მშვიდი და სწორი სუნთქვა აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მეხსიერებას და ამშვიდებს გონებას.

თუ სუნთქვის ტექნიკებზე აქამდე არაფერი გსმენია, ერთ-ორ მარტივ სავარჯიშოს გაგიზიარებ:


30 წამის ვარჯიში

შეისუნთქე ღრმად. 30 წამის განმავლობაში, ნელ-ნელა ამოისუნთქე ჰაერი მთლიანად და შემდეგ შეიკავე სუნთქვა, სადამდეც შეძლებ. გაიმეორე ეს ვარჯიში რამდენჯერმე. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ 1 წუთამდე მოახერხე სუნთქვის შეკავება, მაშინ საუკეთესო ფორმაში ყოფილხარ.


ცერა-ნეკის ვარჯიში

ცერა თითით დახურე მარჯვენა ნესტო და ღრმად ჩაისუნთქე მარცხენა ნესტოთი. რამდენიმე წამი შეიკავე სუნთქვა, ნეკა თითით დახურე მარცხენა ნესტო, გახსენი და ამოისუნთქე მარჯვენა ნესტოთი. ამის შემდეგ, მარჯვენა ნესტოთი ჩაისუნთქე და რამდენჯერმე გაიმეორე პროცესი. გაითვალისწინე, რომ ამ დროს თვალები დახუჭული უნდა გქონდეს.


1 საათის წესი

დააყენე ტაიმერი ისე, რომ ყოველ ერთ საათში დარეკოს და, თითოეული შეხსენებისას, სამჯერ ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე. შეგიძლია, ტაიმერი უგულებელყო და ეს მეთოდი მაშინ გამოიყენო ხოლმე, როცა თავს ზედმეტად დაღლილად ან დასტრესილად გრძნობ. მე ხშირად მეხმარება ხოლმე გონების გაწმენდაში.


მარტივი და განმეორებადი მოძრაობები

მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ხელით მუშაობასთან დაკავშირებული აქტივობა ამცირებს არტერიულ წნევას, არეგულირებს გულისცემას და სუნთქვას. რამდენად უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, მტვერსასრუტით იატაკის მოწმენდას ან უჯრების დალაგებას ადამიანის ტვინზე რეკრეაციული ეფექტი აქვს, რადგან მარტივი და განმეორებადი მოძრაობების შესრულება სხეულს განტვირთვაში ეხმარება.

ხელით მუშაობის გარდა, რელაქსაციის კიდევ ერთი გამოცდილი საშუალება ვარჯიშია. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური აქტივობა ბევრისთვის დამღლელ პროცესთან ასოცირდება, ჰარვარდის მკვლევრების თქმით, ვარჯიში ამცირებს სხეულში არსებული სტრესის ჰორმონების (ადრენალინი და კორტიზოლი) დონეს და ასტიმულირებს ენდორფინების (ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი და ე.წ. ბედნიერების ჰორმონი) გამომუშავებას. სხვათაშორის, სხეულზე ანალოგიური ეფექტი აქვს მუსიკასა და ცეკვას. უფრო კონკრეტულად, მუსიკის მოსმენა ჩვენში აღძრავს ემოციებს, ცეკვა კი ამ ემოციების გარეთ გამოტანაში გვეხმარება.

მნიშვნელობა არ აქვს რამდენად კარგად გამოგდის რომელიმე. უბრალოდ, ჩართე საყვარელი სიმღერა და Dance like no one’s watching!


გრილი შხაპი, თბილი შხაპი

ადრე გაღვიძება ნამდვილი სასჯელია, განსაკუთრებით, თუ ცუდად გეძინა. თუმცა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. აზრზე მოსვლასა და დღის ენერგიულად დაწყებაში გრილი შხაპი დაგეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ გრილი წყალი არც ისე სასიამოვნოა, ის ძალიან სწრაფად აფხიზლებს გონებასა და სხეულს, ასევე, გვავსებს ენერგიით და გვანიჭებს შრომისუნარიანობას (გაითვალისწინე, რომ ახლადგაღვიძებული სხეული გრილი წყლის ნაკადს თანდათანობით უნდა შეაჩვიო).

გამოფხიზლება იქით იყოს და თბილი საწოლიდან წამომხტარს წყლის სიგრილე რომ დაგივლის მთელს სხეულში, ამაზე ცუდი რაღა უნდა მოხდეს დღის მანძილზე. ამიტომ, თუ სადმე პატარა პრობლემას წააწყდები, გაიხსენე შენი დილა და, უბრალოდ, გაიღიმე!

რაც შეეხება დამღლელი სამუშაო დღის დასასრულს, გაინებივრე თავი თბილი აბაზანით.

თბილი წყალი ბუნებრივი რელაქსატორია და შეუძლია დღის განმავლობაში მიღებული სტრესისგან გაგათავისუფლოს. თბილი წყლის ნაკადი ადუნებს დაღლილ კუნთებს და გადაღლილ გონებას. დამატებითი ეფექტისთვის აბაზანას შეგიძლია დაამატო რამდენიმე დამამშვიდებელი ეთერზეთი ან ზღვის მარილი.


Offline is a new luxury

ენერგიის აღდგენა ბევრი სხვადასხვა გზით შეიძლება, მათ შორისაა ინდივიდუალური მექანიზმები, რომლებიც ზოგად ჯგუფებზე არ მოქმედებს და უნივერსალური, შეუცვლელი მეთოდები, მაგალითად – ძილი.

სიმართლე გითხრა, ახლა ჩემთვის ვფიქრობდი, საერთოდ ამას რატომ ვწერ-მეთქი. 3 წლის ბავშვმაც ხომ იცის, რომ ძილი კარგია? მაგრამ, მთელი პარადოქსიც ეგაა. გვირჩევნია უზომოდ ბევრი ვიწუწუნოთ დაღლილობის გამო, ვიდრე ნორმალურად გამოვიძინოთ.

ჰოდა, თუ შენც გიჭირს დროულად დაძინება, ეს რჩევა აუცილებლად გამოგადგება.

Offline is a new luxury – ეს მხოლოდ ტრენდული გამოთქმა არაა!

სატელეფონო აპლიკაციების უკანასკნელი კვლევების მიხედვით, დასტურდება, რომ თითოეული ჩვენგანი სმარტფონს დღის მანძილზე საშუალოდ 110-ჯერ ვამოწმებთ, საღამოს პერიოდში კი ყოველ 6 წამში ვანთებთ ლოქსქრინს.

მეეერე?

მერე ის, რომ ნებისმიერი ტექნიკა: მობილური, კომპიუტერი, პლანშეტი, ტელევიზორი და ა.შ. აღჭურვილია ე.წ. ლურჯი ეკრანით (Blue Screen). ამ ტიპის ეკრანებს აქვთ სპეციფიკური გამოსხივება, რომელიც თვალის ნერვების გავლით ადამიანის თავის ტვინზე ზემოქმედებს. კერძოდ, ზღუდავს მელატონონის გამომუშავებას, რომელიც ძილის ჰორმონის სახელითაა ცნობილი. დანარჩენს შენითაც მიხვდები.

ექიმები გვირჩევენ, რომ დაძინებამდე 1 საათით ადრე თავი ავარიდოთ ლურჯი ეკრანების გამოსხივებას. ეს მშვიდ ძილს შეუწყობს ხელს, რასაც ყოველ დილით აუცილებლად იგრძნობ.


Deep Work

“Deep work-ი” შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც “ღრმა მუშაობა”. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც გონება კონკრეტულ საქმეზეა კონცენტრირებული. სრულ მობილიზებას ტვინი თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურ ზღვრამდე მიჰყავს, რაც აზროვნების ჩარჩოებს საგრძნობლად აფართოვებს.. კონცეფციის ფუძემდებლად შვედი ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი, კარლ იუნგი, მიიჩნევა, თუმცა, თავად ტერმინი მას არ ეკუთვნის.

ისტორია ასე დაიწყო: 1922 წელს კარლ იუნგმა შვეიცარიის ერთ-ერთ პატარა სოფელ ბოლინგენში ქვის ორსართულიანი სახლის აშენება გადაწყვიტა, რომელსაც კოშკად მოიხსენიებდა. სახლი დიდი კომფორტით არ გამოირჩეოდა, თუმცა, გარესამყაროსგან განცალკევებით შექმნილი სიმყუდროვე მოაზროვნეს მუშაობის პროცესს უმარტივებდა და რამდენჯერმე ზრდიდა მის პროდუქტიულობას. მისივე თქმით, სიახლის აღმოჩენას არა ზედაპირული მუშაობა, არამედ საქმეში მთლიანად ჩაძირვა ბადებდა.

ფაქტია, ამ საკითხის მიმართ იუნგის შეხედულებამ გაამართლა, რადგან მისი ნააზრევი საუკუნის შემდეგაც აქტუალურია. თუმცა, რა იყო რეალურად წარმატების მიზეზი? ქვის სახლი, ბოლინგენის ტბის ხედი თუ შვეიცარიის ჰაერი?

არც ერთი!

წარმატების მთავარი გასაღები Deep work პრინციპი იყო, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, აფართოვებს აზროვნების ჩარჩოებს და წარმოადგენს მენტალური ენერგიის წყაროს. ამაში რომ დაგარწმუნო, კიდევ ერთ ისტორიას გაგიზიარებ.

მაიკროსოფტის აღმასრულებელი დირექტორი, ბილ გეითსი, წელიწადში ორჯერ საკუთარ თავს იზოლაციის კვირეულებს უწყობს, რასაც "ფიქრის კვირებს" უწოდებს. ამ დროს გეითსი თავის ტბისპირა აგარაკზე მიდის (სულ მარტო) და როგორც თავად ამბობს, მხოლოდ კითხულობს და ფიქრობს. ცნობილია, რომ სწორედ “ფიქრის კვირების” განმავლობაში დაწერა მან ცნობილი ნაშრომი “Internet Tidal Wave”.


აშკარად ყველაფერი მარტივდება, როდესაც ერთ კონკრეტულ საქმეზე კონცენტრირდები გარესამყაროსგან მოწყვეტით და პროდუქტიულობას მეილებზე პასუხის გაცემით ან სქროლვით არ კლავ.

მთავარი კითხვა – როგორ გამოვიყენოთ ღრმა მუშაობა პრაქტიკაში, რათა შევივსოთ და პროდუქტიულად გამოვიყენოთ ენერგია?

აიღე კალენდარი და მონიშნე დღეები, როცა შენს ჩვეულ გარემოს ახლით ჩაანაცვლებ. იპოვე ადგილი, სადაც მაქსიმალურად ფოკუსირდები საქმეზე და ყურადღებას არაფერი გაგიფანტავს. შეცვლილი გარემო დადებითად აისახება შენს ცნობიერებაზე და აგავსებს მენტალური ენერგიით. რამდენიმე დღიანი ტექნოლოგიური “გამოთიშვა” კი, რამდენჯერმე გაზრდის შენს პროდუქტიულობას და დაგეხმარება მეხსიერების გაუმჯობესებაში.


შევსებული ენერგიის სწორად სამართავად

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის კვლევებით დადასტურდა, რომ მილენიალებში (თაობა Y, 1981-1996) სტრესის დონე ყველა გამოკვლეულ წინამორბედ თაობას აჭარბებდა. ამის გამო, მათ “გადამწვარი თაობის” ზედმეტსახელი შერჩათ.

წლების შემდეგ “ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა” პრინციპით, ახალმა, Z თაობამ (1997+) გადამწვარ წინამორბედებს აჯობა. მათში სტრესის დონე 2-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მილენიალებში. მიზეზი ბევრია, მაგრამ, ძირითადად, ეს ფენომენი დაკავშირებულია დროისა და ენერგიის არასწორ მენეჯმენტთან.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, რატომ უნდა ვიწვალოთ ენერგიის შევსებაზე, თუ მას ჩვენი მიზნებისთვის ვერ გამოვიყენებთ და ისევ გავფანტავთ? სწორედ ამიტომ, აქვე გთავაზობ იმ უმარტივეს ტექნიკებს, რომლებიც უკვე კარგად დაცდილია და ჩვენს გადამწვარ თაობაშიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს.


ABCDE მოდელი

დონ მარკლენდმა, რომელიც MoneySolver-ის გაყიდვების მენეჯერია, ერთ-ერთ სტატიაში დროის მენეჯმენტის პირად ტაქტიკაზე ისაუბრა.

“ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს აუდიტორიასთან წარდგენა. ერთ-ერთი პრეზენტაციის დროს, რომელსაც ათობით მულტიმილიონერი ესწრებოდა, მკითხეს, თუ როგორ ვახერხებდი რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულებას. ჩემი პასუხი იყო მარტივი და გულწრფელი:

ჩვენ ყოველთვის გვაქვს დრო და თუ არ გვაქვს, მხოლოდ იმიტომ, რომ არ გვინდა, გვქონდეს. ყოველთვის, როცა ვამბობთ “არ მცალია”, ვგულისხმობთ “ეს ჩემთვის საკმარისად პრიორიტეტული არ არის”. ჩემი საიდუმლო კი შესასრულებელი დავალებებისთვის პრიორიტეტების მინიჭებაა, რაც პროცესების სწორად წარმართვაში მეხმარება.”

რა თქმა უნდა, მარკლენდის სიტყვების წაკითხვის შემდეგ, გამიჩნდა კითხვა – როგორ?

პასუხი ისაა, რომ “მენეჯმენტის გურუ” ზუსტად შენნაირი და ჩემნაირი ადამიანია, რომელიც არანაირ ღვთიურ ნიჭს არ ფლობს. მან უბრალოდ კარგად იცის რამდენიმე ხრიკი.

ABCDE მოდელი სწორედ ერთ-ერთი მათგანია, რაც სამუშაოს ჭკვიანურად დაგეგმის სქემას წარმოადგენს. ის 5 საფეხურისგან შედგება: A, B, C, D, და E.

თუ ამ მოდელის პრაქტიკაში გამოყენებას გადაწყვეტ, მოგიწევს კარგად დაფიქრდე და შეაფასო შენ მიერ შესასრულებელი დავალებების საჭიროება.

A – აერთიანებს დავალებებს, რომლებიც ყველაზე პრიორიტეტულია. მათი შესრულება უნდა გვაახლოებდეს დასახულ მიზანთან, ვერ შესრულება კი – ხელს გვიშლიდეს წარმატების მიღწევაში.

A ტიპის ამოცანა შეიძლება იყოს მაქსიმუმ სამი. შესაბამისად, თუ შენი “პირველხარისხოვანი” დავალებების რაოდენობა სამზე მეტია, მათი შემცირება მოგიწევს.

B – აერთიანებს A-სთან შედარებით ნაკლებპრიორიტეტულ ამოცანებს, თუმცა, მაინც მნიშვნელოვანს. აუცილებლად გახსოვდეს, რომ B ტიპის დავალებებზე მუშაობა მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყო, როდესაც ყველა A-ს დაასრულებ.

C – ამ განყოფილებაში შეგიძლია ისეთი ამოცანები გააერთიანო, რომელთა არ/ვერ შესრულება შენს საქმეს ზიანს არ მიაყენებს. ეს შეიძლება იყოს კოლეგებთან ლანჩზე წასვლა და სამომავლო გეგმების განხილვა, ძველი საქმიანი პარტნიორების მოკითხვა, ან უბრალოდ კომპიუტერის არასაჭირო ფაილებისგან გასუფთავება.

D – აქ ერთიანდება საქმეები, რომლებიც შეგიძლია სხვას გადააბარო. ისინი იმდენად უმნიშვნელოა, რომ შენს ჩარევას არ საჭიროებს და დროის დაზოგვის შესაძლებლობას გაძლევს.

E – ყველაფერი, რაც არ უნდა გააკეთო! სამუშაო პროცესში ბევრი რამ, უბრალოდ, ყურადღებას გვიფანტავს და მათ კეთებას უფრო მეტი უარყოფითი შედეგი მოაქვს, ვიდრე დადებითი. დაზოგე დრო და დაივიწყე არაფრისმომტანი საქმეები.


პომოდოროს ტექნიკა

პომოდორო, ანუ პომიდორი? გაგიკვირდება და დიახ, სახელი სწორედ პომიდორს უკავშირდება.

დროისა და ენერგიის მენეჯმენტის ეს მეთოდი იდეალურია, თუ ყურადღება ადვილად გეფანტება და ტვინი სწრაფად გთხოვს შესვენების აღებას.

სქემა შედგება 5 ეტაპისგან (პომიდვრისგან).


  • პომიდორი 1 – აირჩიე მომდევნო ორი საათის საქმე (შეგიძლია, ამისათვის ABCDE მეთოდში გაწერილ სიას გადახედო).
  • პომიდორი 2 – დააყენე ტაიმერი 25 წუთზე.
  • პომიდორი 3 – იმუშავე დროის ამოწურვამდე შეუჩერებლად (უმჯობესია, თუ ამ დროს სოციალურ ქსელებს გამოეთიშები).
  • პომიდორი 4 – შეისვენე 5 წუთით.
  • პომიდორი 5 – ამ პროცესის 4-ჯერ გამეორების შემდეგ, აიღე შედარებით დიდი, 25-30 წუთიანი, შესვენება.

52/18

თუ 25 წუთში ერთხელ შესვენების აღება საშენო არ არის, მაშინ შეგიძლია მოდელი “52/18” სცადო. ალბათ მიხვდებოდი და, ამ ტექნიკის მიხედვით, 52 წუთი შეუჩერებლად მუშაობ, შემდეგ კი, 18 წუთით ისვენებ (და არა – პირიქით!).

ცნობილია, რომ გონება პროდუქტიულობის მაქსიმუმს მუშაობის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ აღწევს. ყოველი 55 წუთის შემდეგ კი ტვინი ნელ ფაზაში გადადის, როდესაც ვგრძნობთ დაღლილობას და გონება გვეფანტება.

52/18-ის პრინციპი მუშაობა-შესვენების პერიოდების იდეალური თანაფარდობაა. ასე შენს ტვინს გადახურებისგანაც დაიცავ და უმაღლესი პროდუქტიულობით 32 (52–20) წუთის განმავლობაში მუშაობასაც შეძლებ.

დღის მანძილზე 3-4 ასეთი ციკლით ბევრ მნიშვნელოვან დავალებას მოიტოვებ უკან.


დროული სწავლების მოდელი

კითხვა კარგი რამეა. განსაკუთრებით, დღეს, როდესაც ნებისმიერ თემაზე ზღვა ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია. თუმცა, ზოგჯერ კითხვა შეიძლება ცუდიც იყოს.

ამერიკის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანები, რომლებიც დროის კონკრეტულ მონაკვეთში მხოლოდ ერთ ამოცანაზე არიან ორიენტირებულები, გაცილებით მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევიან, ვიდრე ისინი, ვინც ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა დავალებაზე მუშაობენ.

როგორც ჩანს, ტვინს ბევრად უადვილდება შესწავლილის გადამუშავება და კონცენტრირება, როდესაც მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს და ინფორმაციასაც ერთი კონკრეტული თემის შესახებ იღებს. დროული სწავლების მოდელის თანახმად, დროის კონკრეტულ მონაკვეთში ინფორმაცია მხოლოდ იმ თემის ირგვლივ უნდა მიიღო, რომელზეც მუშაობ (იკითხო სტატიები, უყურო ვიდეოებს და ა.შ.). ეს მიდგომა ბევრი აქამდე უცნობი მასალის აღმოჩენაში დაგეხმარება, რაც საქმის კეთებას გაგიმარტივებს.

გაათავისუფლე გონება ზედმეტი ინფორმაციისგან. საინტერესო ფაქტების კითხვა ყოველთვის შეგიძლია, მაგრამ ჯერ სჯობს, საქმე დაასრულო.


2 წუთის წესი

ABCDE მოდელი, პომოდოროს ტექნიკა და 52/18-ის პრინციპი მოცულობით სამუშაოებს ეხება. აი, იმ წვრილ-წვრილ საქმეებს რაღა ვუყოთ, რომლებიც ყველაზე მეტად გვაბეზრებს თავს და ხშირად, სულაც, გვავიწყდება ხოლმე? აქ ისეთ მარტივ დავალებებს ვგულისხმობ, როგორებიც მეილების გაგზავნა და კითხვარის თუ რეპორტის შევსებაა.

არსებობს მარტივი და ძალიან პირდაპირი წესი: თუ კონკრეტულ საქმეს 2 წუთი ან ნაკლები სჭირდება, შეასრულე იმწამსვე!

ნუ მოიტოვებ ასეთ დავალებებს დღის ბოლოსთვის. მათი მოშორება გონებას გისუფთავებს და უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის ადგილს ათავისუფლებს. ჩემი რჩევა იქნებოდა, დღის გეგმის გაწერისასვე გააგზავნო ის მეილი, უპასუხო იმ თანამშრომელს და მოამზადო კითხვები იმ შეხვედრისთვის. შემდეგ კი, ღრმა მუშაობა და – საღამოც შენს განკარგულებაში დარჩება მეგობრებთან ერთად განტვირთვისთვის!

დამატებითი რჩევები დროის მენეჯმენტზე: 6 რჩევა პროკრასტინაციის დასამარცხებლად

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

დავით დობორჯგინიძე

რეკომენდაციები

06 ნოემბერი

3 გაკვეთილი ყველაზე ამბიციური მიზნების მისაღწევად – სტივ ჯობსის, ილონ მასკის და პოლ გრაჰამის რჩევები

სტარტაპინდუსტრიაში გვყავს ადამიანები, რომელთა ისტორიები და გამონათქვამები ყველგან გვხვდება.