ლურჯი ვერსია

როგორ სწავლობს ილონ მასკი?

26 ივლისი 2022

ილონ მასკმა პროგრამირების სწავლა 10 წლის ასაკში დაიწყო, როცა მას პირველი კომპიუტერი აჩუქეს. 12 წლისამ შექმნა პირველი კომერციული პროდუქტი – თამაში Blast Star-ი – რომელიც 500 დოლარად გაყიდა.
მას შემდეგ არ გაჩერებულა.
Zip2, X.com, SpaceX, Tesla, OpenAI… მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის კომპანიების ჩამონათვალსა და მიღწევებს ამ სტატიაში გაეცნობი. თანაც, მასკის პროექტები სხვადასხვა მიმართულებას უმიზნებს, ხელოვნური ინტელექტიდან კოსმოსურ მოგზაურობამდე და თვითმავალ მანქანებამდე. მარტივი არ არის ამდენი სფეროს ათვისება, თუ გავითვალისწინებთ, რომ მასკი პროდუქტის ტექნიკურ განვითარებაში აქტიურადაა ჩართული:
“ხალხს ჰგონია, რომ ძალიან დიდ დროს ვუთმობ მედიასა და ბიზნეს ამბებს. სინამდვილეში, ჩემი დროის 80% ინჟინერიასა და დიზაინში მიდის.”
ერთია, რომ საქმის ალღო და კარგი გუნდის შეკვრის უნარი გქონდეს, რათა მსოფლიოს ოთხი მოწინავე პროექტი დააარსო. სულ სხვაა თავად ქმნიდე პროდუქტს. როგორც ამბობენ, წარმატებული ადამიანების მეთოდების შესწავლა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა წარმატებისკენო და გასაკვირი სულაც არ არის, რომ Reddit-ის ფორუმზე ერთ-ერთმა ფანმა მასკს ჰკითხა:
“... თითქოს რაღაც გზა გაქვს ნაპოვნი, რომლის მეშვეობითაც იმაზე მეტ ინფორმაციას იტევ თავში, ვიდრე სხვა ადამიანები. როგორ ახერხებ ამას?”
ჩვენც ამაზე პასუხი გვაინტერესებს.


ცოდნის ხე


“ადამიანების უმეტესობას იმაზე მეტის სწავლა შეუძლია, ვიდრე ჰგონიათ. ისინი საკუთარ თავს ცდის შანსსაც კი არ აძლევენ.”
სანამ კონკრეტულ რჩევაზე გადავა, ილონ მასკი ჯერ ამ ფაქტს უსვამს ხაზს. პირადად მე ეს მომენტი ხშირად მიგრძნია. თითქოს, პირველ რიგში, საკუთარი თავის უნდობლობა და წარუმატებლობის შიში უნდა გადალახო, რათა შენი გონება ბოლომდე გახსნა. შემდეგ ის უკვე მზად იქნება, თავისი სრული პოტენციალი გამოავლინოს და ილონ მასკსაც მალე დაეწევი (ოღონდ, შენთვის საინტერესო სფეროში). რატომაც არა?


ნაბიჯი I: გაზარდე ცოდნის ხე


ნებისმიერი სახის ცოდნა ხედ რომ წარმოვიდგინოთ, პირველი და უმთავრესი საფეხური ფესვებისა და მსხვილი ღეროების კარგად ზრდა იქნება. ფაქტობრივად, მასკის რჩევა ამით შემოიფარგლება: დაიწყე ნულიდან და მხოლოდ შემდეგ გადადი დეტალებზე. თუ რაიმე საკითხის საძირკველს კარგად არ იცნობ, ცალკეული დეტალების დაზეპირება ბევრს ვერაფერს მოგცემს. მაგრამ, როცა კარგად გესმის ამ საკითხის ძირითადი ელემენტები, აღარაფრის დაზეპირება აღარ გჭირდება. ცოდნა დიდ ხედ იქცევა, სადაც ერთ ფაქტს ისევე ბუნებრივად მოსდევს მეორე, როგორც ხის ტანს – ღეროები.


ნაბიჯი II: დააკავშირე მომიჯნავე ხეების ფოთლები ერთმანეთთან


მეორე მომენტი, რასაც მასკი სწავლაზე საუბრისას აღნიშნავს, ლოგიკურად მოსდევს პირველს:
“ვერ დაიმახსოვრებ იმას, რისი დაკავშირებაც არ შეგიძლია.”
მუდმივად უნდა ეძებო კავშირები სხვადასხვა გაკვეთილებს შორის. ასე არა მარტო სწავლის პროცესს გაიმარტივებ, არამედ შეიძლება რაღაც ახალ და საინტერესოსაც წააწყდე, მაგალითად: სტარტაპის იდეას. ილონ მასკის რჩევები იმ სიმართლესავითაა, ცხვირწინ რომ გვიდევს და ვერ ვამჩნევთ: ისწავლე თანმიმდევრულად, რათა მთლიანად აითვისო კონკრეტული საკითხი და მუდმივად ეძებე კავშირები მიღებულ ცოდნაში.
აქვე პრაქტიკული ხრიკიც იმალება: ისწავლე მხოლოდ ისეთი რაღაცები, რაც გამოგადგება, ან გაინტერესებს.
ჩვენ სულსწრაფები ვართ. განსაკუთრებით, როცა საქმე სწავლას ეხება. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ვიცოდეთ, რაც შეიძლება მალე. ამიტომ ხშირად ვახტებით საძირკველს და ვიწყებთ სადღაც… შუიდან. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ეს რაღაც, შუიდან ნასწავლი, მართლა ვიცით?


ახლებური სკოლა


ილონ მასკს შვიდი შვილი ჰყავს. როცა საქმე მათთვის სკოლის შერჩევას ეხებოდა, ისევ თავისაზე შეაჩერა არჩევანი.
“სკოლები ისე არ მუშაობდნენ, როგორც ვთვლიდი, რომ უნდა ემუშავათ.” – ამბობს მასკი ერთ-ერთ ინტერვიუში. ისიც ადგა და ბავშვების ერთ-ერთ იმდროინდელ მასწავლებელთან, ჯოშ დანთან, ერთად სკოლა Ad Astra “გახსნა”.
Ad Astra ლათინურად ნიშნავს “ვარსკვლავებამდე”. აქ ილონ მასკის შვილებს SpaceX-ის თანამშრომელთა რამდენიმე ბავშვი შეუერთდა. სკოლა ორ ძირითად პრინციპს ეფუძნება, რაც მსოფლიო ინოვატორის სწავლის მიდგომიდან მომდინარეობს.
იმის მაგივრად, რომ ბავშვებს კონკრეტული საკითხები დააზეპირებინონ, Ad Astra-ში მათ პრობლემის გადაჭრის გზების პოვნას ასწავლიან.
“ტრადიციული მეთოდია, ბავშვს განცალკევებულად აუხსნა, რა არის სახრახნისი და რა არის ქანჩი. ეს ძალიან რთულია. ბევრად უკეთესი გზაა მათ მანქანის ძრავის დაშლა შესთავაზო. ამისათვის სახრახნისი დაგჭირდება და აქვე აუხსნი, რომ ეს ინსტრუმენტი სწორედ ამისთვის გამოიყენება. შემდეგ ქანჩი და ა.შ. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება: ხელსაწყოს ფუნქცია და საჭიროება აშკარა ხდება.”
ნამდვილად საინტერესო მიდგომაა. მეორე პრინციპად ამას კლასების არარსებობა ემატება, რაც Ad Astra-ს ყველა არსებული სკოლისგან გამოარჩევს. ილონ მასკი მიიჩნევს, რომ ბავშვები ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით უნდა დაჯგუფდნენ და არა – ასაკის. შედეგად, ისინი უფროსების მიერ შექმნილ ჩარჩოებს კი არ ერგებიან, არამედ თავად იძლევიან მიმართულებას, რომლის განვითარებაშიც მასწავლებლები ეხმარებიან.
სკოლის დაარსებიდან ექვსი წლის თავზე, Ad Astra გადაკეთდა Astra Nova-დ, რომელიც ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა. ის ღიაა “10-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის ყველა კონტინენტიდან და დარეგისტრირება აქ შეგიძლიათ.

აშკარაა, რომ მასკის სწავლის მეთოდი საკმაოდ ეფექტურია. მგონი, ღირს მისი რჩევების გათვალისწინება და Astra Nova-თვის თვალის დევნებაც არ იქნებოდა ურიგო. იქნებ, მალე დიდებისთვისაც გაიხსნას მსგავსი სასწავლი კურსები.

ანა მიქატაძე