ლურჯი ვერსია

ილონ მასკის ყველა სტარტაპი ერთ სტატიაში

15 ივლისი 2022

ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია, მაგრამ სახლიც კი არ გააჩნია. ვინ არის?

მართალია, ილონ მასკი. ნებისმიერი ინოვატორი ხომ უნდა გამოირჩეოდეს რაღაც უცნაურობით.

სამაგიეროდ, მასკი ფლობს თვითმფრინავს, ერთი კომპანიიდან მეორე კომპანიაში გადასვლისას რომ ბევრი დრო არ დაკარგოს. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ მსოფლიოს ოთხ მოწინავე პროექტზე ერთდროულად მუშაობს.

მისი სახელი უკვე დიდი ხანია, მომავალთან ასოცირდება. თვითმავალი მანქანებიდან დაწყებული მარსის კოლონიზაციით დამთავრებული, სამეცნიერო ფენტეზის მწერლებსაც შეშურდებათ მასკის კრეატიული გეგმების. მას მართლაც სჩვევია ოცნებებში გადავარდნა, რასაც ხშირად მოჰყოლია ვერშესრულებული დაპირებები და ხალხის უკმაყოფილება. ყველაფერი იდეალური ვერ იქნება, თუმცა იდეალურისკენ სწრაფვა ის თვისებაა, რის გამოც ილონ მასკი ამ სტატიის მთავარ გმირად იქცა.


“უბრალოდ ვცდილობდი, გამოსადეგი ვყოფილიყავი.” – ამბობს მასკი, როცა სტენფორდის უნივერსიტეტიდან წამოსვლასა და პირველი სტარტაპის, Zip2-ის, შექმნას იხსენებს. ეს ჯერ კიდევ 1995 წელს, ინტერნეტის (dotcom bubble-ის) პირველი აფეთქებისას მოხდა. ილონისა და მისი ძმის მიერ შექმნილი ონლაინ პლატფორმა, რომელმაც The New York Times-სა და სხვა ბეჭდურ გაზეთებს გაციფრულების შესაძლებლობა მისცა, წარმატებით გაიყიდა. მასკს აქედან 37 მილიონი დოლარი დარჩა და ინოვაციური პროექტებიც დომინოს ქვებივით მიეწყვნენ ერთმანეთს. ყოველი მორიგი წამოწყება მისი თავდაპირველი მიზანის ერთგული რჩება.

ამ ადამიანის სტარტაპებში მარტივად შეიძლება ჩაიკარგო. ზოგი დააარსა და შემდეგ სხვას მიანდო; ზოგი შეისყიდა და განვითარების თავისებური მიმართულება მისცა; ზოგს აქტიურად უდგას სათავეში და თავად მუშაობს პროდუქტის ტექნიკურ განვითარებაზე.

რითი გამოირჩევიან ილონ მასკის პროექტები და რა მნიშვნელობას ანიჭებს მათ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული სტარტაპერი?


SpaceX

Zip2-ის გაყიდვიდან აღებული ფულით ილონ მასკმა X.com-ი, ელექტრონული ფოსტით გადახდის აპლიკაცია, შექმნა. სტარტაპი მომდევნო წლებში მის კონკურენტს შეუერთდა და ყველასათვის ნაცნობ PayPal-ად გადაკეთდა. ცნობილი ამბავია, რომ ილონ მასკმა ამ პროექტიდან აღებული 180 მილიონი დოლარი სამ პროექტში, SpaceX-ში (100 მლნ.), Tesla-სა (70 მლნ.) და SolarCity-ში (10 მლნ.) გადაანაწილა და თავად ქირის ფულის სესხება დასჭირდა.

რატომაა ეს ისტორია აღსანიშნავი? SpaceX-ი რაკეტების მწარმოებელი პირველი კერძო კომპანიაა. დაახლოებით წარმოგიდგენია, რამხელა იქნება კოსმოსური მოგზაურობის ბაზარზე გასვლის ფინანსური, ინტელექტუალური, თუ ემოციური ხარჯი, რისკებზე რომ არაფერი ვთქვათ? მასკმა ეს უკანასკნელი რესურსებით გაბედა.

ინოვაციების უდიდესი წილი სტარტაპებზე მოდის. არსებული პროდუქტის დახვეწა და განვითარება მსხვილი კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევისა და გადარჩენის ერთადერთი შანსია. როგორც ილონ მასკი აღნიშნავს, კოსმოსში მოგზაურობა, სადაც მყარად ფესვგადგმული NASA დომინირებდა, არც თუ ისე ჩქარი ტემპით მიიწევდა წინ.

“ვთვლიდი, რომ SpaceX-ის წარმატების შანსი 10%-ზე ნაკლები იყო და მე ეს ალბათობა მივიღე… ცოტათი მაინც რომ წავსულიყავით წინ და შემდეგ დავმარცხებულიყავით, იქნებ ვინმე მოსულიყო და გზა გაეგრძელებინა.”

საბოლოოდ, ეს “ვინმე” ისევ მასკი აღმოჩნდა და დღეს SpaceX-ი მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირად შეფასებული კერძო კომპანიაა 100 მილიარდ დოლარიანი ღირებულებით (ტიკტოკის დამაარსებელი კომპანია ByteDance-ის შემდეგ).

2008 წელს კომპანიამ მეოთხე ცდაზე წარმატებით გაუშვა Falcon 1-ი – კერძო კომპანიის მიერ დედამიწის ორბიტაზე გაგზავნილი პირველი რაკეტა. რამდენიმე თვეში მათ NASA-სგან ერთი მილიარდ დოლარიანი შეკვეთა მიიღეს.

SpaceX-ის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა რაკეტის ხელმეორედ გამოყენებაა, რაც წარმოუდგენლად ამცირებს კოსმოსური მოგზაურობის ხარჯებს. შეადარე ერთმანეთს სამსახურში ერთი და იმავე მანქანით სიარული ყოველ ჯერზე ახალი მანქანის აწყობას.

როცა საქმე პლანეტებს ეხება, მასკი არც დედამიწას ივიწყებს. ამას SpaceX-ის შვილობილი კომპანია, Starlink-ი, ემსახურება. პროექტი მთელი დედამიწის მასშტაბით ინტერნეტის უწყვეტ მიწოდებას ემსახურება და მის შესახებ ვრცლად ამ სტატიაში წაიკითხავ.


Tesla

მანქანების მწარმოებელი კომპანია Tesla ილონ მასკის ყველაზე ცნობილი წამოწყებაა. მისი საბაზრო ღირებულება ერთ ტრილიონ დოლარს სცდება, რითაც ის თავის ცხრა უმსხვილეს კონკურენტს ერთად აღებულს უსწრებს.

თავად დამფუძნებლის მიერ, შვიდი Tesla-ს მოდელია შემუშავებული, რომელთაგან ოთხი აქტიურადაა წარმოებაში ჩაშვებული.

“ხალხს ჰგონია, რომ ძალიან დიდ დროს ვუთმობ მედიასა და ბიზნეს ამბებს. სინამდვილეში, ჩემი დროის 80% ინჟინერიასა და დიზაინში მიდის.” – ამბობს ილონ მასკი.

მშვენიერი. მსოფლიოს რამდენიმე მოწინავე სტარტაპის ერთდროულად დაარსება და მართვა არ კმარა, პროდუქტიც თავად უნდა შექმნას.

Tesla-ს მთავარი ამოცანა ენერგოეფექტური მანქანების წარმოებაა. ამასთან, კომპანია ხელს უწყობს მანქანების გაზიარების სისტემის დანერგვას ნაკლები ხარჯისა და მეტი კომფორტისთვის. ამას ემატება მისი შვილობილი კომპანიის, SolarCity-ს აქტივობებიც, რომელიც Tesla-მ 2016 წელს შეისყიდა. ეს უკანასკნელი მზის ენერგიის შენახვისა და გამოყენების პროდუქტებს აწარმოებს, რაც ისევ და ისევ ბუნებრივი რესურსების დაზოგვას ემსახურება.


OpenAI

მაშინ, როცა თითქმის ყველა მოწინავე სტარტაპერი, მეცნიერი, თუ ტექ-ენთუზიასტი ხელოვნური ინტელექტის უპირატესობებზე საუბრობს და ხალხში გავრცელებული ეჭვების გაქარწყლებას ცდილობს, ილონ მასკი დღემდე აქტიურად გვახსენებს AI-სთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს.

პარადოქსულად შეიძლება ჩანდეს, თუმცა სწორედ იმიტომ დააარსა AI კომპანია, რომ მის წარმოდგენაში ყველაზე დიდ საფრთხეს ავარიდოთ თავი.

ხელოვნური ინტელექტი თავისთავად საშიში არ არის. ის უბრალოდ ინოვაციური ხელსაწყოა ადამიანის ხელში, რომელსაც ჩვენი შესაძლებლობების წარმოუდგენელი განვითარება შეუძლია. სხვა სიტყვებით, თავად ტექნოლოგიის კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ იმის, ვის ხელშიც ეს ტექნოლოგია შეიძლება აღმოჩნდეს. ილონ მასკიც სწორედ ამას უფრთხის და თავის კომპანიაზე საუბრისას ამბობს:

“OpenAI-ც იმიტომ დავაარსეთ, რომ AI ტექნოლოგიის დემოკრატიზაცია და ფართო გავრცელება უზრუნველვყოთ, რათა ის არ კონცენტრირდეს რამდენიმე ადამიანის ხელში.”

დღეს ის OpenAI-ს საქმიანობებში ჩართული არ არის, თუმცა მაინც მის ნიშანდობლივ წამოწყებად ითვლება და აქვე ვიტყვი, რომ ეს ჩემი საყვარელი პროექტია მასკის კომპანიებიდან.

GPT-3, ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) საუკეთესო სისტემა, რომელიც გაგვაჩნია, სწორედ OpenAI-ს ეკუთვნის. დეტალებს რომ არ ჩავეძიოთ, ტექნოლოგიას შეუძლია სტატიების, მოთხრობებისა და ლექსების დაწერა, ჩვეულებრივი ტექსტის კოდის ენაზე გადათარგმნა (მაგალითად, ეტყვი, რომ საიტის მარჯვენა კუთხეში წითელი ღილაკის დასმა გინდა და ის ამ ბრძანებას Java-ში დაგიწერს) და ტექსტური აღწერილობის ვიზუალურად გამოხატვა (მაგალითად, ‘დამიხატე წითელი მრგვალი ღილაკი’).


Neuralink

მოდი, კიდევ უფრო ღრმად შევტოპოთ სამეცნიერო ფენტეზის სივრცეში და გავიცნოთ Neuralink-ი – კომპანია, რომელიც ტვინში ჩანერგილი პატარა მოწყობილობის მეშვეობით ჩვენს ფიქრებს პირდაპირ დაუკავშირებს კომპიუტერს. დაივიწყე კლავიატურა, მაუსი და მსგავსი შუამავლები. გაიფიქრე კომენტარი ამ სტატიაზე და ის ავტომატურად გამოჩნდება ჩვენს ფეისბუკ გვერდზე.

გონების ტექნიკასთან პირდაპირ დაკავშირებას მხოლოდ ილონ მასკი არ ცდილობს. ზოგი სტარტაპი საერთოდ არ საჭიროებს ინპლანტს. ისინი ისეთ ჩაფხუტზე თუ ხელის სამაჯურზეც კი მუშაობენ, რომლის მოხსნა-გაკეთებაც თავისუფლადაა შესაძლებელი. მასკის ინპლანტებით გატაცება არაინვაზიურ დანადგარებზე ბევრად უკეთესი შედეგის მოლოდინს უნდა მივაწეროთ. მიზანი ამ შემთხვევაშიც საკმაოდ კეთილშობილურია: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დახმარება. მიუხედავად ამისა, Neuralink-ი და მსგავსი ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიები ყველაზე მეტად იწვევენ ხალხში უნდობლობას.

ჯერ-ჯერობით, კომპანიამ მხოლოდ მაიმუნზე ჩაატარა ექსპერიმენტი, რაც ილონ მასკმა წარმატებულად გამოაცხადა. დაპირებების მიუხედავად, ადამიანებზე კლინიკური ექსპერიმენტები ჯერ არ დაწყებულა.


The Boring Company

ილონის სხვა წამოწყებებს თუ შევადარებთ, ეს უკანასკნელი მართლაც საკმაოდ მოსაწყენი სტარტაპია. The Boring Company მიზნად ისახავს ამერიკის მასშტაბით გვირაბების გაჭრას სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილებისთვის. მისი ერთ-ერთი სამომავლო პროექტი, Hyperloop-ი, 1100 კილომეტრ/საათში გადაადგილებასაც კი მოიაზრებს.

ამ ეტაპზე კომპანიას დიდი მიღწევები არ აქვს, თუმცა, ილონ მასკის თქმით, Hyperloop-ის ტესტირება წელს უნდა დაიწყოს.


თითქოს შეუძლებელი უნდა იყოს ამდენი მიმართულებით სამყაროს განვითარება. თუმცა, ერთი ადამიანი მაინც ვიცით, ვინც აშკარად ახერხებს ამას. რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო, რა მეთოდს მიმართავს ილონ მასკი, როცა საქმე ახალი რაღაცების შესწავლას და დროის სწორ განაწილებას ეხება? ამაზე ვრცლად მომდევნო სტატიაში ვისაუბროთ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

03 აგვისტო

სოციალური მედიის თანამედროვე გამოწვევები და ციფრული კონსტიტუციონალიზმი

ინტერვიუ ედოარდო კელესტესტან. რომელია ის პრინციპები და ფასეულობები, რომლითაც ჩვენი საზოგადოება იხელმძღვანელებს ციფრულ ხანაში
03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
10 აგვისტო

5G - ახალი შესაძლებლობების სამყარო

სიახლეები საზოგადოებას ხშირად აშინებს, აბნევს და ეჭვებს უჩენს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ისეთი ინოვაციის დანერგვაში, როგორიც უსწრაფესი 5G ინტერნეტია, საზოგადოების ნაწილმა საფრთხე დაინახა და ამ შეგრძნებამ ისე მოიცვა, რომ კითხვის - „რა სარგებელს მოიტანს ეს უკანასკნელი?“ დასმაც არ ჩათვალა საჭიროდ და ბოლო თაობის ინტერნეტკავშირი უპირობო მტრად მიიღო.