ლურჯი ვერსია

როგორ ვიმუშაოთ და ვმართოთ დისტანციურად – პრაქტიკული რჩევები

23 თებერვალი 2021

დღეს სამსახური, უნივერსიტეტი, სკოლა, და მსგავსი დაწესებულებები ერთი სახელის ქვეშ მოექცა – სახლი. მარტივად ჟღერს არა? თავიდან ამ ადგილების დახურვამ ბევრი ჩვენგანი გაახარა. თუმცა, შემდეგ, უამრავმა პრობლემამ იჩინა თავი.

ამ სტატიაში დაგეხმარებით ფასდაუდებელი პასუხის მიგნებაში კითხვაზე – როგორ ვიმუშაოთ დისტანციურად? თანაც, დამოუკიდებლად მუშაობასთან ერთად, გაგიზიარებთ ისეთ რჩევებსაც, რომლებიც საოცრად გაგიმარტივებთ გუნდურ მუშაობას თუ თანამშრომლების მენეჯმენტს.


პანდემიის დადებითი და უარყოფითი მხარეები

როგორ ხედავს ქართველი მომხმარებელი პოსტკორონულ პერიოდს? ამ საკითხით კრეატიული სააგენტო McCann Tbilisi-ც დაინტერესდა და საზოგადოებრივი აზრის საინტერესო სტატისტიკა შემოგვთავაზა:

6-დან 1 ლოქდაუნის პერიოდში ახალი ჰობით დაკავდა.

5-დან 1 თვლის, რომ პანდემია შთაგონების წყაროდ იქცა.

10-დან 3 ადამიანი მიიჩნევს, რომ კრიზისი ბევრ ინოვაციას მისცემს დასაბამს.

COVID-19-თან დაკავშირებით კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო სტატისტიკა არსებობს. მათ შორის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ადამიანების 57%-ის თქმით, მსოფლიო სამუდამოდ შეიცვალა. თუმცა, მხოლოდ უკეთესობისკენ – არა.

ISET-ის მიერ ჯერ კიდევ მაისში ჩატარებული კვლევის თანახმად (რომელშიც 350 საქართველოს მოქალაქე მონაწილეობდა), გამოკითხულთა 24%-მა დაკარგა სამსახური. ამ ადამიანების დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს, ოდესმე დაუბრუნდება თუ არა სამუშაოს.

2020 წლის სექტემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამერიკელი ახალგაზრდების 25% აცხადებს, რომ, კორონავირუსის გავრცელების გამო, თავად ან მათმა ახლობლებმა დაკარგეს სამსახური.

უმუშევრობის საშუალო მაჩვენებლების ზრდის მიზეზი მხოლოდ ეკონომიკური კრიზისი არ ყოფილა. ადამიანებს არ ჰქონდათ დისტანციურად მუშაობის საკმარისი გამოცდილება – არც საქართველოში და არც სხვაგან.

პანდემიამდე დისტანციურ რეჟიმში მომუშავეთა მაჩვენებელი მხოლოდ 20%-ს შეადგენდა. ამერიკული კვლევითი ცენტრის, PewResearchCenter-ის, მიერ, 2020 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, ეს მაჩვენებელი 71%-ს გაუტოლდა. მეტიც, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (54%) ამბობს, რომ სიამოვნებით გააგრძელებდნენ ონლაინ მუშაობას პანდემიის დასრულების შემდეგაც.

გაჩნდა კითხვაც: როგორ ვაქციოთ სახლი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ სამუშაო ადგილად, ისე, რომ შევინარჩუნოთ სახლსა და სამსახურს შორის მანამდე არსებული ბალანსი?


რჩევები დასაქმებულებს


შექმენი ოფისი სახლში

თუ შენც ჩემნაირი ხარ, მაშინ არ გამიკვირდება, თუ სახლიდან მუშაობის დროს ყოველ 15 წუთში ერთხელ ყავის მომზადების სურვილი გიჩნდება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ როცა ოფისში იყავი, რამდენიმე საათი გადაბმულად მუშაობა შეგეძლო. თუმცა, არც ამდენი კოფეინია სასარგებლო და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, პროდუქტიულობის მაქსიმუმის მისაღწევად მინიმუმ 20 წუთია საჭირო. ასეთი ტემპით რომ გავაგრძელოთ, მეც და შენც განწირულები ვართ არაპროდუქტიულობისთვის.

საბედნიეროდ, ყველაფერი არც ისე ცუდადაა. დისტანციურად მუშაობის თითქმის ერთი წლის თავზე გამოსავალი ვიპოვე და აუცილებლად გაგიზიარებ:

ნაბიჯი 1: გადააწყე ოთახი.

ნაბიჯი 2: ესტუმრე საკანცელარიო მაღაზიას.

ნაბიჯი 3: შემოუშვი ოთახში სუფთა ჰაერი.

ნაბიჯი 4: აუცილებლად შეასრულე სამივე მითითება!

ვერც კი წარმოიდგენ, რამდენად ზრდის პროდუქტიულობას კარგი სამუშაო გარემო.

კომფორტული სამუშაო სივრცის მოსაწყობად, მაგიდა, რბილი სავარძელი, რამდენიმე საკანცელარიო ნივთი და ინტერიერის მინიმალური ცვლილება დაგჭირდება. მთელი ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ სამუშაო სივრცე დაგეხმარება კონცენტრაციის მოკრებაში, საკანცელარიო ნივთები კი, მუშაობის პროცესსაც გაგიმარტივებს და თავს ოფისში გაგრძნობინებს.

რაც შეეხება სუფთა ჰაერს, საერთაშორისო კორპორაცია World Green Building Council-ის კვლევის მიხედვით, სუფთა ჰაერი 11%-ით ზრდის პროდუქტიულობას მუშაობისას. დამეთანხმები, არც ისეთი ურიგო მაჩვენებელია.


მოიცილე ყველაფერი, რაც ყურადღებას გიფანტავს!

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ერთი დავალებიდან მეორეზე გადასვლა პროდუქტიულობას 40%-ით ამცირებს. ახლა კი წარმოიდგინე სახლი, ტელევიზორი, ოჯახის წევრები, რომლებიც განუწყვეტლივ მესენჯერით გირეკავენ...

ვფიქრობ, სჯობს ვენდოთ მსოფლიოს წამყვან ფსიქოლოგებს, უბრალოდ გავთიშოთ ყველა მოწყობილობა და ვკონცენტრირდეთ(მსგავს რჩევებს პროდუქტიულობის ქურდებისგან თავის დასაცავად ჩვენს ამ სტატიაში გაეცანი).


შეადგინე განრიგი და დღის რეჟიმი

სამუშაო დღის სტრუქტურირება და შესასრულებელი დავალებებისთვის განრიგის შექმნა პრიორიტეტების სწორად განაწილებაში დაგეხმარება და დროსაც დაგიზოგავს.

შექმენი დღის, კვირის, თვის გრაფიკი და მიჰყევი გეგმას. თუ წინა რჩევაში ნაყიდი საკანცელარიო ნივთებიდან ერთი დიდი თეთრი ფურცელი დაგრჩა, გააკარი სამუშაო მაგიდის წინ და მონიშნე დღის მიზნები.

საქმის წარმატებით კეთებაში, სამუშაო გრაფიკის გარდა, დალაგებული დღის რეჟიმიც დაგეხმარება. შეიძლება ახლა ფიქრობ, რომ ამ რჩევაში არაფერია ღირებული, მაგრამ როცა ერთ ღამეში საყვარელი სერიალის მთელ სეზონს უყურებ, დილას კი არაფრის თავი გექნება, მაშინ გაგახსენდება ჩემი სიტყვები.

შენიშვნის მოცემას არ ვაპირებ, მეც ასე ვარ. თუმცა, კვლევებს თუ დავუჯერებთ, რეგულარული ძილისა და კვების რეჟიმი და სამუშაო დღის ერთი და იგივე დროს დაწყება რამდენჯერმე ზრდის პროდუქტიულობის ხარისხს და ამცირებს მუშაობისგან გამოწვეულ სტრესს.

ასევე გაეცანი: როგორ შევადგინოთ სასიამოვნო სამუშაო გრაფიკი მარტივად.


ჩაერთე ონლაინ სივრცეში

საჭირო პროგრამული ინსტრუმენტების გარეშე დისტანციურად მუშაობა არ არის კარგი იდეა. ჩამოტვირთე აპლიკაციები, რომლებიც ონლაინ მუშაობას გაგიმარტივებს და გააციფრულე შენი სამუშაო სივრცე. თუ ისეთი ონლაინ პლატფორმების გამოყენება ჯერ არ გიცდია, როგორებიცაა: Zoom-ი, Google Drive-ი, Hubstaff-ი, Slack-ი, ან ცდამ წარუმატებლად ჩაიარა, ნუ იდარდებ. დარწმუნებული ვარ, თანამშრომლებში ან მეგობრებში აუცილებლად გამოიძებნება ადამიანი, ვინც სამუშაო პროგრამების ათვისებაში დაგეხმარება. და ასეც რომ არ იყოს, ინტერნეტში ძალიან ბევრი ვიდეო გაკვეთილია, საიდანაც ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებ. უბრალოდ დაგუგლე: How to use…


დაისვენე!

დასვენება წარმატებული სამუშაო დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

მუშაობა კარგია, თუმცა, ის ადამიანის ისეთი ძირითადი მოთხოვნილება სულაც არ არის, როგორებსაც ბიოლოგიის გაკვეთილზე გვასწავლიდნენ. აი, კვებას, სუნთქვას, ძილს, ურთიერთობებს და მსგავსებს ვგულისხმობ.

ჩემთვის დასვენების საუკეთესო საშუალება თუნდაც ნახევარი საათით გარეთ გასვლა და მეგობრებთან ერთად სეირნობაა, ან სულაც მარტო. დასვენება გვეხმარება მთელი დღის მანძილზე დაგროვებული ემოციების გადამუშავებაში და ძალების აღდგენაში. ახლობელ ადამიანებთან კომუნიკაცია და ამბების გაზიარება კი ამცირებს სტრესს, გვეხმარება მშვიდ ძილში და ახალი დღის ენერგიულად დაწყებაში.


რჩევები მენეჯერებს

დისტანციურად მუშაობა ინოვაციურად ჟღერს და ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს. თუმცა, გამოცდილებამ აჩვენა, რომ სწორი დროითი და საკომუნიკაციო მენეჯმენტის გარეშე, შესაძლოა, დიდ პრობლემად იქცეს.

ქვემოთ განხილული რჩევები სწორედ ეფექტიანი მენეჯმენტის თავისებურებებს შეეხება, რაც დადებითად მოქმედებს ადამიანების პროდუქტიულობასა და შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.


შექმენი სამუშაო კალენდარი

ხშირად ჩნდება კითხვა, როდის ან საიდან დაიწყო საქმის კეთება? როგორ გააკონტროლო მუშაობის პროცესი და შექმნა გამართული უკუკავშირის სისტემა?

სამუშაო კალენდარი დისტანციური პროცესების მართვის ყველაზე ეფექტიანი მეთოდია. მასში გაწერილია კონკრეტულ პერიოდში შესასრულებელი გეგმა, სამუშაოსთვის საჭირო თანამშრომლების სია და გრაფიკი. (გრაფიკი მოიცავს გუნდის წევრებთან შეხვედრის დროს, დავალებების შესასრულებლად განსაზღვრულ ვადებს და სხვ.)

შექმენი შენი სამუშაო კალენდარი სასურველი გრაფიკის შესაბამისად, გაუზიარე გუნდს და მკაცრად გააკონტროლე მასზე დატანილი პროცესები.

სამუშაო კალენდრის 3 ძირითადი მოდელი არსებობს, რომელთაგან შენთვის შესაფერისი იმის მიხედვით უნდა შეარჩიო, თუ რა ინტენსივობითაა თანამშრომლებთან კომუნიკაცია საჭირო:

1. 30-დღიანი მოდელი – მოიცავს ყოველთვიურ შეხვედრას მთლიან გუნდთან, სადაც განიხილება ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, იდეა და უკუკავშირი ანგარიშის წარდგენასთან ერთად (საჭიროების შემთხვევაში).

2. ყოველდღიური მოდელი – წინა მოდელისგან განსხვავებით, ყოველდღიური შეხვედრები ხანმოკლეა (დაახლოებით 15 წუთი). ეს შეიძლება იყოს სამუშაო დღის დასაწყისში ან ბოლოს. მსგავსი ტიპის შეხვედრებისას მენეჯერები გუნდს დღიურ სამოქმედო გეგმას უზიარებენ.

3. ყოველკვირეული მოდელი – ეს, ფაქტობრივად, 30-დღიანისა და ყოველდღიური მოდელების შუალედური ვარიანტია. თუ სამუშაო მუდმივ უკუკავშირს არ საჭიროებს, მაშინ უმჯობესია, ზედმეტად არ მოცდეთ არც შენ და არც შენი თანამშრომლები.


გააციფრულე ოფისი

ოფისში მუშაობა ამარტივებს კომუნიკაციასა და ინფორმაციის მიმოცვლას გუნდის წევრებთან. თუმცა, ისეთი ოპერაციების შესრულება, რომლებიც ადრე მარტივად გვეჩვენებოდა, დისტანციურად მუშაობის პერიოდში დიდ პრობლემად იქცევა.

თანამშრომლებთან უწყვეტი კომუნიკაციის შესანარჩუნებლად ციფრული სივრცე საუკეთესო საშუალებაა.


Hubstaff

Hubstaff-ი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პლატფორმაა, რომელიც მენეჯერებს შესაძლებლობას აძლევს დააკვირდნენ მუშაობის პროგრესს, გააკონტროლონ პროექტების მსვლელობა და გუნდის წევრების ჩართულობა.


Google Drive

Google Drive-ი არის მეხსიერების საცავი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საჭირო დოკუმენტაციის ონლაინ სივრცეში ატვირთვა და გუნდის წევრებთან გაზიარება.

არსებობს რამდენიმე სტანდარტული პაკეტი:

15 GB-მდე მოცულობის ინფორმაციის შენახვა: უფასო

100 GB-მდე მოცულობის ინფორმაციის შენახვა: თვეში $ 1.99

1 TB-მდე მოცულობის ინფორმაციის შენახვა ფასი: თვეში $ 9.99


Slack

ოფისში თანამშრომლებთან დიალოგის დასაწყებად თავის გვერდით მიტრიალებაც საკმარისია, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ დისტანციურად ვმუშაობთ?

Slack-მა დისტანციური კომუნიკაციის პრობლემა დიდი ხნის წინ გადაჭრა. თუმცა, დღეს ის ბევრად მეტმა დააფასა. აპლიკაციის გამოყენებით შეგიძლია შექმნა ორგანიზებული “ჩეტბოქსები” გუნდის წევრებთან უსწრაფესი კომუნიკაციისა და საჭირო ფაილების მიმოცვლისთვის.


Zoom-ი ან Google meet-ი

ორივე მათგანი ვიდეოკომუნიკაციის პლატფორმაა, რომელთა გამოყენებით, ნებისმიერ დროს შეგიძლია გუნდის წევრებთან ონლაინ შეხვედრების ორგანიზება. ისინი ეკრანის გაზიარების საშუალებასაც იძლევა, რაც დისტანციურ რეჟიმში პრეზენტაციების წარდგენის შესაძლებლობას ქმნის.


შეინარჩუნე პირისპირ კომუნიკაცია

მაღალი რგოლის მენეჯერებს დღის მანძილზე ძალიან ბევრ თანამშრომელთან ურთიერთობა და რჩევების გაცემა უწევთ. ეს დიდ დროით რესურსს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, მმართველები ამჯობინებენ ტექსტური თუ საფოსტო შეტყობინებების გაგზავნას. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ტექსტის კითხვისას არ ჩანს საუბრის ტონი, ემპათია, სხეულის ენა. ეს კი, ხშირად, მისკომუნიკაციის მიზეზი ხდება.

გამოცდილმა მენეჯერებმა იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირადი კომუნიკაცია თითოეულ თანამშრომელთან. ამ გზით ისინი გუნდის წევრებს აგრძნობინებენ, რამდენად ღირებულია თითოეული მათგანის წვლილი მთლიან პროექტში. ეს კი, საგრძნობლად ზრდის როგორც პასუხისმგებლობის განცდას, ისე მათ ჩართულობასა და მოტივაციას. ამას გარდა, პირდაპირი კომუნიკაცია ამარტივებს ინფორმაციის მიმოცვლას და ამცირებს მისკომუნიკაციის შემთხვევებს.

ამიტომაა აუცილებელი, პანდემიის პირობებშიც შევინარჩუნოთ კომუნიკაცია თანამშრომლებთან. ნუ შემოიფარგლები მშრალი შეტყობინებების გაგზავნით. უბრალოდ, შეხვედრების ოთახი წინა პუნქტში განხილული Zoom-ით, Google Meet-ითა და მსგავსი აპლიკაციებით ჩაანაცვლე.


ნუ იქნები პროდუქტიულობის მკვლელი

ალბათ, ეს ტერმინი პირველად გესმის, მაგრამ დიდი შანსია, რომ ერთხელ მაინც ყოფილიყავი პროდუქტიულობის მკვლელი.

მუშაობის პროცესი ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც დიდ გონებრივ რესურსს საჭიროებს. ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას, მაღალი პროდუქტიულობის ფაზის მისაღწევად, მინიმუმ 20 წუთი სჭირდება. სამწუხაროდ, გამღიზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებით, ტვინი ძალიან მარტივად „გვაგდებს“ ამ ფაზიდან.

დარწმუნდი, რომ შეხვედრაზე ყველა საჭირო ინფორმაცია გააზიარე, რადგან გუნდის ნებისმიერ წევრთან გაგზავნილმა თითოეულმა შეტყობინებამ, ელ. ფოსტამ, თუ სატელეფონო ზარმა, შესაძლოა მათ პროდუქტიულობის მინიმუმ 20 წუთი დააკარგვინოს.

სასარგებლო რჩევა: ჩაინიშნე ყველა კომენტარი და ერთიანად გაუგზავნე თანამშრომლებს, დაახლოებით ერთი და იმავე დროს. ან, უბრალოდ, დაელოდე მომდევნო შეხვედრას!

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

დავით დობორჯგინიძე

რეკომენდაციები

06 ნოემბერი

3 გაკვეთილი ყველაზე ამბიციური მიზნების მისაღწევად – სტივ ჯობსის, ილონ მასკის და პოლ გრაჰამის რჩევები

სტარტაპინდუსტრიაში გვყავს ადამიანები, რომელთა ისტორიები და გამონათქვამები ყველგან გვხვდება.