ლურჯი ვერსია

როგორ ზღუდავენ ქვეყნები ინტერნეტზე წვდომას და რა გზები არსებობს თავის დასაძვრენად?

15 მარტი 2022

როგორ წარმოგიდგენია ცხოვრება საყვარელი სოციალური მედია არხებისა და, საერთოდაც, ინტერნეტის გარეშე? რას იტყოდი, სახელმწიფო რომ გიწყვეტდეს, რომელი ვებგვერდების ნახვა შეგეძლოს და რომლის – არა? ეს სცენარი რუსეთის მოსახლეობისთვის უკვე რეალობაა და ის ერთადერთი ქვეყანა არ არის.

ჯერ კიდევ უკრაინასთან ომის დაწყებამდე, რუსული მთავრობა ეტაპობრივად მიიწევდა ინტერნეტის გამოყენების მონიტორინგისა და ცენზურისკენ. დაახლოებით ისე, როგორც ეს ჩინეთში ხდება. როდესაც ტექნოლოგიურმა გიგანტებმა (ეფლი, ნეტფლიქსი, უბერი) რუსეთში ოპერირების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ გააკეთეს განცხადება, პუტინისთვის ეს იმაზე ხელსაყრელი აღმოჩნდა, ვიდრე ისინი ელოდნენ.

“მომისმინეთ, ერთადერთი სივრცე, სადაც რუსებს შეუძლიათ უკრაინაზე და ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე საუბარი, ფეისბუკია. არ შეგიძლიათ, უბრალოდ ადგეთ და წვდომა გაგვითიშოთ.” – წერდა ლონდონში გადაბარგებული ანდრეი სოლდატოვი ფეისბუკზე. ანდრეი ჟურნალისტია და ის დიდი ხანია, აკვირდება და აშუქებს, თუ როგორ ზღუდავს პუტინი ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას.

ფეისბუკმა და ტვიტერმა თავად ვერ მოასწრეს რუსეთისგან გამოთიშვა. პუტინმა ეს მათ მაგივრად გააკეთა.

სად გვხვდება მსგავსი აკრძალვები ინტერნეტზე, როგორ ახერხებენ სახელმწიფოები ერთი შეხედვით უკონტროლო სივრცეში შემოჭრას და რა გზები არსებობს ამ კონტროლისგან თავის დასაძვრენად?


ქვეყნები ყველაზე მაღალი ინტერნეტ-ცენზურით

არცერთი ონლაინ ცენზურის რუკა არ იქნება სრულყოფილი ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის გარეშე სიის სათავეში. არ არსებობს ისეთი კონტენტი, რომელიც მკაცრი კონტროლის ქვეშ არაა მოქცეული.

მომხმარებლებს არ შეუძლიათ გამოიყენონ დასავლური სოციალური მედია, გამოიყენონ ზრდასრულებისთვის შექმნილი კონტენტი, ან მიმართონ ტორენტებსა თუ VPN-ს (VPN-ზე ვრცლად ცოტა ხანში). ორივე ქვეყანაში ყველა პოლიტიკური მედია ძლიერი ცენზურის ქვეშაა. აქ არ ფუნქციონირებს ისეთი სოციალური მედია პლატფორმები, როგორებიცაა ფეისბუკი და ტვიტერი. მოქალაქეები იძულებულები არიან, გამოიყენონ ის სერვისები, რაც საზღვრებს შიგნით შეიქმნა (და, სავარაუდოდ, კონტროლდება კიდეც). მაგალითად, WeChat-ი ჩინეთში.

იგივე გვხვდება ირანშიც. ქვეყანა ბლოკავს VPN-ებს (ნებადართულია მხოლოდ მთავრობის მიერ დამტკიცებული VPN-ები, რაც მათ თითქმის უსარგებლოს ხდის), მაგრამ მთლიანად არ კრძალავს ტორენტების გამოყენებას. სოციალური მედია არხებიც მზარდი შეზღუდვების ქვეშ იმყოფება.

თურქმენეთი, ბელორუსია და არაბეთის გაერთიანებული საემიროები ინტერნეტ-ცენზურის კუთხით 2020 წელს უკვე „ყველაზე ცუდ ქვეყნებად“ სახელდებოდნენ. წელს მათ შეუერთდნენ ყატარი, სირია და ტაილანდი. ყველა ეს ქვეყანა კრძალავს პორნოგრაფიას, ახორციელებს ძლიერ ცენზურას პოლიტიკურ მედიაში, ზღუდავს სოციალურ მედიას (აკრძალვები ასევე დაფიქსირდა თურქმენეთში) და ზღუდავს VPN-ების გამოყენებას. ტაილანდში ცენზურის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა.


როგორ მუშაობს ინტერნეტის მონიტორინგი და ცენზურა

ინტერნეტი ბევრი ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესისგან შედგება. იმისათვის, რომ მან იმუშაოს, ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე კომუნიკაცია უწყვეტად უნდა მიმდინარეობდეს. თუ ვინმეს კონკრეტული აქტივობის დაბლოკვა უნდა, ის უბრალოდ უნდა ჩაერიოს ინტერნეტ კომუნიკაციაში. იმის მიხედვით, თუ რა ტექნოლოგიასა და ძალაუფლებაზე მიუწვდება ხელი, კონტროლი შეიძლება სუსტი, ან მასშტაბური იყოს.

ინტერნეტის ცენზურა ორი საფეხურისგან შედგება:

1. “მიუღებელი” აქტივობის აღმოჩენა, რაც ინტერნეტის კონტროლის სახელითაა ცნობილი;

2. “მიუღებელი” აქტივობის დაბლოკვა.

მოდი, განვიხილოთ ინტერნეტ-ცენზურის სამი გზა, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება:


შენი მოწყობილობების დაბლოკვა

ეს მეთოდი ყველაზე გავრცელებულია სკოლებსა და სამუშაო სივრცეებში. მათ, ვინც კომპიუტერებს მართავენ, შეუძლიათ სპეციალური პროგრამა დააყენონ და მისი მეშვეობით კონკრეტულ პლატფორმებსა თუ აპლიკაციებზე წვდომა შეზღუდონ ან საერთოდ დაბლოკონ ისინი. ამას საქართველოშიც ვხვდებით: სხვადასხვა ორგანიზაციებში საოფისე კომპიუტერიდან ფეისბუკზე წვდომა შეუძლებელია. მიზეზი მუშაობის დროს პროკრასტინაციის თავიდან არიდებაა.


ლოკალური ინტერნეტის გაფილტვრა

ეს მეთოდიც, ისევ და ისევ, სკოლებსა და სამუშაო სივრცეებშია გავრცელებული. ლოკალური ქსელის, მაგალითად WiFi-ს, მართვა ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ შენი აქტივობების მონიტორინგი და სხვადასხვა პლატფორმებსა თუ აპლიკაციებზე წვდომის შეზღუდვა.


ინტერნეტის სერვისის მწარმოებლებით (ISP) წვდომის შეზღუდვა

თუ წინა ორი მაგალითი კერძო პირებს ეხებოდა, ISP-ის კონტროლის მეშვეობით ინტერნეტ-ცენზურა უკვე სახელმწიფოების შესაძლებლობებს წარმოაჩენს.

ყველა ქვეყანას თავისი ინტერნეტის სერვისის მწარმოებელი, იგივე ISP-ი ჰყავს. ზოგიერთი ხელისუფლების ორგანოები სწორედ მათ მოუწოდებენ, რეგულარულად ამოწმონ და შეზღუდონ წვდომა ინტერნეტზე.


ინტერნეტ-ცენზურისგან თავის დაძვრენის გზები

გახსოვს ინტერნეტ-ცენზურის ორი საფეხური? ზოგადად, თუ შენს ინტერნეტ-აქტივობაზე ინფორმაცია მიუწვდომელია, ამ აქტივობის შეზღუდვაც ვერ მოხერხდება. სწორედ ამიტომაა ასეთი პოპულარული სხვადასხვა დაშიფვრის მეთოდები.


DNS-ის შეცვლა და დაშიფვრა

როდესაც რაღაც ვებგვერდზე შესვლას ცდილობ, შენი მოწყობილობა ე.წ. DNS-ს (დომენის სახელის სისტემას) ეკითხება, სად არის ეს ვებგვერდი. როგორც წესი, DNS-ი ISP-ის ეკუთვნის. ცენზურის დროს, ISP-ი DNS-ს ისე მართავს, რომ კონკრეტული ვებგვერდის მისამართის მაგივრად, ის არასწორ ინფორმაციას იძლევა. შედეგად, შენი მოწყობილობა ვებგვერდს ვერ უკავშირდება.

თუ ინტერნეტ-ცენზურა მხოლოდ DNS-ზეა დამოკიდებული, მაშინ ამ უკანასკნელის გამოცვლა პრობლემას წარმატებით მოაგვარებს. ამ შემთხვევაში, DNS-ის ახალ პროვაიდერს მაინც ექნება წვდომა შენს აქტივობებზე. თუმცა, არსებობენ ისეთი DNS პროვაიდერებიც, რომლებსაც კონფიდენციალურობის მკაცრი პოლიტიკა აქვთ. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია OpenDNS-ი და Google DNS-ი. მათ მიერ წარმოებულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მეტის გასაგებად, გაეცანი ამ სტატიას.


VPN-ის გამოყენება

ვირტუალური პირადი ქსელი, იგივე VPN-ი, შესაძლებლობას გაძლევს, დაშიფრო შენი ინტერნეტ-აქტივობა ისე, რომ უცხო პირმა მისი კონტროლი (და, შესაბამისად, დაბლოკვა) ვერ შეძლოს. ეს ინტერნეტ-ცენზურასთან საბრძოლველად ყველაზე გავრცელებული მეთოდია. რუსეთში დღევანდელ მოვლენებს VPN-ით სარგებლობის 600%-იანი ზრდა მოჰყვა.

თუმცა, VPN-ის მწარმოებელ კომპანიას მაინც შეუძლია შენი აქტივობების გაშიფვრა. სწორედ ამიტომაა ეს მეთოდი ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში უშედეგო.

Tor-ის ბრაუზერის გამოყენება

Tor-ის ბრაუზერი სპეციალურადაა იმისთვის შექმნილი, რომ შენი ყველა ინტერნეტ-აქტივობა ანონიმური იყოს. ის ფაქტობრივად ყველანაირი თაღლითური შემოტევისგან გიცავს, თუმცა სწორედ ამიტომ, ხშირად საკმაოდ ნელია ხოლმე და მომხმარებლები, რომლებსაც ანონიმურობა დიდად არ ადარდებთ, Tor-ს ნაკლებად იყენებენ.


გლობალური გადაწყვეტა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციიდან ვკითხულობთ:

“ყველას აქვს მოსაზრებისა და გამოხატვის თავისუფლება; ეს უფლება მოიცავს ინფორმაციის მოძიების, მიღებისა და გაზიარების თავისუფლებასაც ნებისმიერი მედიით, საზღვრებს გარეშე.”

ეს ინტერნეტსაც ეხება. მისი მიზანიც ხომ სწორედ ეს იყო: World Wide Web (www.), იგივე მსოფლიო ქსელი. არავინ ელოდა, რომ სახელმწიფოები მაინც შეძლებდნენ და ვირტუალურ სივრცეზეც დააწესებდნენ კონტროლს.

ერთ-ერთი დიდი პროექტი, რომელიც ამ კონტროლს უპირისპირდება, ცნობილი ანტრეპრენერის, ილონ მასკის Starlink-ია. Starlink-ი სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი იქნება. რაც ნიშნავს, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ბევრად რთული პროცესი იქნება, ვიდრე ზემოთაა აღწერილი. უფრო დეტალურად Starlink-ის შესახებ კი მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

03 აგვისტო

სოციალური მედიის თანამედროვე გამოწვევები და ციფრული კონსტიტუციონალიზმი

ინტერვიუ ედოარდო კელესტესტან. რომელია ის პრინციპები და ფასეულობები, რომლითაც ჩვენი საზოგადოება იხელმძღვანელებს ციფრულ ხანაში
03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
10 აგვისტო

5G - ახალი შესაძლებლობების სამყარო

სიახლეები საზოგადოებას ხშირად აშინებს, აბნევს და ეჭვებს უჩენს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ისეთი ინოვაციის დანერგვაში, როგორიც უსწრაფესი 5G ინტერნეტია, საზოგადოების ნაწილმა საფრთხე დაინახა და ამ შეგრძნებამ ისე მოიცვა, რომ კითხვის - „რა სარგებელს მოიტანს ეს უკანასკნელი?“ დასმაც არ ჩათვალა საჭიროდ და ბოლო თაობის ინტერნეტკავშირი უპირობო მტრად მიიღო.