ლურჯი ვერსია

შედეგების მონიტორინგის სისტემა შენი ნებისმიერი წამოწყების წარმატებისთვის

05 იანვარი 2021

თუ კარგად ორგანიზებული ადამიანი ხარ კარგად ორგანიზებული სტარტაპით, მაშინ ეს სტატია შენთვის არაა. ეს უფრო ჩემნაირი ქაოტური ხალხისთვისაა საინტერესო, ვისაც გეგმის დასახვა და ამ გეგმის მიყოლა უჭირთ.

საუბარი OKR სისტემაზე გვაქვს, რომელიც შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც: მისწრაფებები და სამიზნე შედეგები (Objectives and Key Results). პროგრესისთვის თვალყურის დევნების ეს მექანიზმი პირველად Intel-ში შეიმუშავეს. პოპულარულობა კი, მას შემდეგ მოიპოვა, რაც გუგლის დაფმუძნებლებმა წარმატებით დანერგეს თავიანთ კომპანიაში და დღემდე სამაგალითოდ იყენებენ მას.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა გუგლი სულ რაღაც ერთი წლის იყო და მისი არსებობა ცოტამ თუ იცოდა, ჯონ დოერი, მილიარდერი ინვესტორი, მათთან შეხვედრაზე შევიდა და პრეზენტაცია ქვემოთ მოცემული სლაიდით დაიწყო (რა თქმა უნდა, იქ წარდგენილი ინგლისურ ენაზე იყო):

პრეზენტაცია წარმატებით დასრულდა და ეს ზუსტად ვიცით, რადგან მას დასახული სამიზნე შედეგების მიღწევა მოჰყვა:

“...მას შემდეგ ყოველი წლის მეოთხედში გუგლის თითოეული თანამშრომელი წერდა თავის მისწრაფებებსა და სამიზნე შედეგებს. ისინი ქულებით აფასებებდნენ საბოლოო სურათს და ყველასათვის სანახავად აქვეყნებდნენ. ოღონდ, ეს ბონუსებისა თუ დაწინაურებებისთვის არ გამოიყენება. ეს ცალკე მდგომი მოდელია და ბევრად აღმატებულ მისიას ასრულებს – აჩენს კოლექტიური ვალდებულების გრძნობას უმაღლესი შედეგების მისაღწევად.” – ყვება ჯონ დოერი.

მის კომენტარში აღნიშნულ დეტალებს ცოტახანში განვიხილავთ, მაგრამ მანამდე მოკლედ ავხსნათ, როგორ მუშაობს OKR სისტემა.

ჯონის სლაიდი მხოლოდ კარგი ისტორიისთვის არ მომიყვანია. ის OKR სისტემის ყველაზე მარტივი და ნათელი მაგალითია.


როგორ მუშაობს მისწრაფებებისა და სამიზნე შედეგების სისტემა?

ფორმულა მარტივია და ერთ წინადადებაშიც შეგვიძლია გამოვხატოთ:

“მე მივაღწევ [მისწრაფება], [სამიზნე შედეგის]-ის თანახმად.”

მოდელი გულისხმობს ერთი ფართო მისწრაფების დასახვას, შემდეგ კი იმ თვლადი სამიზნე შედეგების განსაზღვრას, რომლებიც გამოაჩენს, რამდენად მივუახლოვდით ჩვენს მისწრაფებას.

ისევე, როგორც კომპანიის ორგანიზაციაა ჩაშლილი დამფუძნებლიდან მენეჯმენტის გუნდამდე და თანამშრომლებამდე, ასეა OKR სისტემის შემთხვევაშიც. ეს ნიშნავს, რომ მთავარ მისწრაფებაზე მიბმული სამიზნე შედეგები სხვების მისწრაფებებია, რომლებიც დამატებით სამიზნე შედეგებად იშლება.

საბოლოოდ, დაახლოებით ასეთ სურათს ვიღებთ:

როგორც მაგალითიდან ვნახეთ, მისწრაფება ხშირად აბსტრაქტული და ოდნავ ბუნდოვანიც შეიძლება იყოს – განსაკუთრებით კი, ადრეულ სტადიაზე მყოფი სტარტაპისთვის. ამიტომაა აუცილებელი თვლადი სამიზნე შედეგის შემუშავება. ეს სწორედ ის დეტალია, რომლის მიხედვითაც შეფასდება, რამდენად მივუახლოვდით ჩვენს აბსტრაქტულ მისწრაფებას.


კიდევ ერთი ისტორია გუგლიდან

გუგლის ერთ-ერთმა წევრმა, სუნდარ პიჩარმა, 2008 წელს საუკეთესო ვებ ბრაუზერის შექმნა გადაწყვიტა. ასე მოევლინა მსოფლიოს Google Chrome-ი. მაგრამ, როგორ უნდა გაზომო საუკეთესო ბრაუზერი? სუნდარმა სამიზნედ მომხმარებელთა რაოდენობა აირჩია და სამი წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ამ საზომს იყენებდა პროგრესის შესაფასებლად. პირველ წელს 20 მილიონი მომხმარებლის მოყვანა იყო გეგმაში. მან 10 მილიონზე ნაკლები მოიზიდა. მომდევნო წელს ზღვარი 50 მილიონამდე გაზარდა და წლის ბოლოს 37 მილიონამდე ავიდა. წინა წელთან შედარებით, უკეთესი შედეგია. აი, მესამე წელს კი, მიზნად 100 მილიონი მომხმარებლის მოყვანა დაისახა და მოლოდინს გადააჭარბა კიდეც – აგრესიული მარკეტინგული სტრატეგიისა და მთლიანი ენერგიის სრული ფოკუსირების წყალობით, სუნდარმა 111 მილიონი მომხმარებელი მოიყვანა.

სუნდარ პიჩარის მიზანი და საზომი გასაგებია, მაგრამ ეს საკმარისი არაა. გრძელვადიანი გეგმა შემადგენელ ნაწილებად უნდა ჩაიშალოს. ლამის, ყოველკვირეულ გეგმად. მაგალითად, თუ წლიური მიზანი 20 მილიონი მომხმარებელი იყო, ყოველთვიური ამოცანები სტრატეგიული კამპანიების გაშვებას, სისტემის ოპტიმიზაციას, კლიენტებთან ინტერვიუებსა და სხვა კომპონენტებს მოიცავდა. ეს ამოცანები შესაბამის დეტალზე პასუხისმგებელ პირებზე ნაწილდება, რომლებიც, თავის მხრივ, ყოველკვირეულ და, თუნდაც, ყოველდღიურ სამიზნე შედეგებს იწესებენ.


OKR სისტემის მთავარი მახასიათებლები და მათი მნიშვნელობა


OKR სისტემა იწერება წლის მეოთხედისა და მთლიანი წლისთვის

წლის მეოთხედის მისწრაფებების ცოდნა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფოკუსირებულ მუშაობას ნიშნავს. რაც შეეხება წლიურ გეგმებს, კარგი იქნება, თუ მიზანს ადრე დაისახავ. თუმცა, პროგრესის მიხედვით, წლიური გეგმა შეიძლება შეიცვალოს კიდეც. ამიტომაა კარგი პრაქტიკა ყოველი კვარტლის ბოლოს საბოლოო მისწრაფების შემოწმება.

თავდაპირველად შეგიძლია თვიური ან სულაც კვირეული გეგმებით დაიწყო – მითუმეტეს, თუ სტარტაპის განვითარების ადრეულ ეტაპზე ხარ. რაც უფრო დახვეწ ამ მოდელით მუშაობას და ალღოსაც აუღებ, უფრო გრძელვადიან მისწრაფებებს ამოიღებ მიზანში.


OKR სისტემა იწერება მთლიანი კომპანიის, ცალკეული დეპარტამენტებისა და კონკრეტული ინდივიდების დონეებზე

კომპანიის მისწრაფება საერთო მიზანს გამოხატავს. სწორედ ამ მიზნ(ებ)ის ჩაშლა ხდება დეპარტამენტების მისწრაფებებად, შემდეგ კი – კონკრეტული ინდივიდებისა. მაგალითად, თუ კომპანიის მიზანია შემოსავლის 10%-ით გაზრდა წლის ბოლოს, მარკეტინგის დეპარტამენტის მისწრაფებაა კომპანიის ცნობადობისა და მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა; პროდუქტის მწარმოებლების კი – უფრო დახვეწილი და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტის შექმნა და ა.შ.


სამიზნე შედეგი ამბიციური უნდა იყოს

სტანდარტული მოდელის თანახმად, წარმატებას სამიზნე შედეგების 60-70%-იანი შესრულება განსაზღვრავს. თუ 30%-ს ვერ ცდები, მაშინ ან ზედმეტად რთული მიზანი დაისახე, ან დროა, პროდუქტიულობის გაზრდაზე დაიწყო მუშაობა. თუ 100%-იან შედეგს აღწევ, მაშინ საკმარისად ამბიციური არ ყოფილხარ. გაზარდე მოლოდინები, შენ ამისთვის მზად ხარ.


მისწრაფებებისა და სამიზნე შედეგების რაოდენობა შეზღუდულია

მისწრაფებების რაოდენობა 5-ს არ უნდა აღემატებოდეს, თითოეული მათგანისთვის სამიზნე შედეგებისა კი – 4-ს. მიზეზი მარტივია: მაქსიმალურად კონცენტრირებული სამუშაო გრაფიკი. ზედმეტად ბევრ სხვადასხვა მისწრაფებაზე მუშაობა ზედმეტ სტრესს იწვევს და ვერც ვერაფერს ასწრებ ეფექტიანად. წლის ერთ კვარტალში სულ რაღაც 12 კვირაა. 12 მისწრაფება რომ განსაზღვრო, რამდენად კარგად შეძლებ რომელიმეს შესრულებას?


აუცილებელია, მთლიანი ორგანიზაცია იყენებდეს ამ სისტემას

მენეჯმენტის გუნდიდან რიგით თანამშრომლამდე, ყველას უნდა ჰქონდეს გაწერილი თავისი მისწრაფებები და სამიზნე შედეგები. ყველა მათგანი უნდა აფასაბდეს რეალურ შედეგებს და წერდეს შესაბამის ქულებს (100%-იანი, ან 1-10 შეფასებით). ამის მიზეზი მარტივია: თუ მარკეტინგის მენეჯერის მისწრაფებას რომელიმე ქოფირაითერი ან დიზაინერი არ ითვალისწინებს, შედეგის მიღწევა საეჭვო ხდება. არ დაგავიწყდეს, ერთის სამიზნე შედეგი მეორეს მისწრაფებაა და ასე უკანასკნელ ამოცანამდე. თუ ერთმანეთზე გადაბმული და ურთიერთშეთანხმებული არ იქნება მიზნები, მაშინ იგივე ქაოსში ბრუნდები, რომელშიც მანამდე იყავი.


მოდელი მუშაობს როგორც ზემოდან ქვემოთ, ისე – ქვემოდან ზემოთაც

ჯონ დოერის პრეზენტაციაში წერია, რომ მისწრაფებათა 60% ქვემოდან ზემოთ, ანუ თანამშრომლებიდან მენეჯმენტისკენ უნდა მოდიოდეს. ისინი უკეთ ერკვევიან როგორც თავიანთ სპეციალობაში, ისე – შესაძლებლობებშიც. შესაბამისად, როცა კომპანიის მთავარი მისწრაფება მეტ-ნაკლებად განსაზღვრულია, ხშირად თანამშრომლებმა უკეთ იციან, რა იქნება საჭირო ამ მისწრაფებების მისაღწევად და ვის რისი გაკეთება შეუძლია ამისთვის. სწორედ ასე წარმოიშვა Gmail-ი. ასე შეიქმნა Google Chrome-იც, რომელიც უკვე განვიხილეთ. ასე რომ, ყურადღებით მოუსმინე შენს კოლეგებს.


აუცილებელია, ყველა ხედავდეს ყველას მისწრაფებებსა და სამიზნე შედეგებს

ეს ავტომატურად გამომდინარეობს წინა მახასიათებლიდან. ერთის მხრივ, შეთანხმებული მოძრაობისთვის ყველამ უნდა იცოდეს, ვინ რაზე მუშაობს. მეორეს მხრივ – ის ფაქტი, რომ სხვები შენს პროგრესს ხედავენ, დამატებით მოტივაციას ქმნის.

თანაც, სანამ თანამშრომელთან ან უფროსთან რაიმე შეთავაზებით მიხვალ, შეგიძლია წინასწარ შეიქმნა წარმოდგენა იმის შესახებ, რამდენად საინტერესო იქნება ეს შეთავაზება მისთვის. თუ შენი იდეა მათ მისწრაფებების მიღწევაში დაეხმარება, იღბალი შენს მხარეს ყოფილა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გიჩნდება შესაძლებლობა, დროულად მიაწოდო იდეა მომდევნო კვარტალში გასათვალისწინებლად.


რომელი პლატფორმა გამოვიყენო OKR სისტემის დასანერგად?

შეგიძლია, ისევ Asana-თი ან მისი ალტერნატივით ისარგებლო. თუმცა, არსებობს ისეთი ციფრული ასისტენტებიც, რომლებიც კონკრეტულად OKR სისტემისთვისაა შექმნილი – მაგალითად Gtmhub-ი.

როცა პირველად ავითვისეთ OKR სისტემა ჩვენს სტარტაპში რამდენიმე წლის წინ, სულ ხუთი კაცი ვიყავით გუნდში და საკმაოდ მარტივად დავიწყეთ – ვიყიდეთ დიიდი ფურცლები, ჩამოვკიდეთ თვალსაჩინო ადგილას და იქვე გავწერეთ მისწრაფებები და სამიზნე შედეგები თითოეულისთვის. შემდეგ ნელ-ნელა დავიწყეთ ამ ყველაფრის Gtmhub-ზე გადატანა. თუ პატარა გუნდში ოპერირებთ, ეს კარგი დასაწყისია. ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, მაგრამ OKR სისტემის ათვისებას და სწორ შემუშავებას დრო სჭირდება. მსუბუქად დაწყება ზედმეტ სტრესს აგარიდებს თავიდან და დანებების სურვილიც არ გაგიჩნდება.


რაში მჭირდება ამ სისტემის ათვისება?

სტარტაპერებში ხშირია მცდარი შეხედულება, რომ მთავარი მოვალეობა ყოველ დღეს ადგომა და იმ დღის საქმეების შესრულებაა. ბევრი მიიჩნევს, რომ გაურკვევლობაში ოპერირებას გეგმების გაწერა არ სჭირდება. მაგრამ, თუ არ იცი, რისკენ მიისწრაფვი, გაგიჭირდება ყოველდღიური გეზის განსაზღვრა. ერთი წლის შემდეგ შეიძლება აღმოაჩინო, რომ ერთ ადგილას დგახარ. ეს მხოლოდ სტარტაპებს არ ეხება. OKR სისტემა არანაკლებ გამოსადეგია მსხვილი კომპანიებისთვის, ფრილანსერებისთვის, ან თუნდაც პირადი მისწრაფებებისთვის: მიზნების დასახვაში და შემუშავებული გეგმის მიყოლაში სწორედ ეს მოდელი დამეხმარა და დღემდე წარმატებით ვიყენებ მას.

ფოკუსი ძალიან მნიშვნელოვანია. რასაც არ უნდა ქმნიდე, როგორი გაურკვევლობითაც არ უნდა იყოს მოცული შენი ყოველდღიური დავალებები, გრძელვადიანი მიზნის შემუშავება და მასზე ფოკუსირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია განუმეორებელი წარმატებისთვის.

მეტიც, ეს მოდელი პროგრესის ობიექტურად შეფასებაში დაგეხმარება. მაგალითად, იმის მაგივრად, რომ შენი მისწრაფება პლატფორმაზე ახალი ფუნქციების გაშვება იყოს და წარმატება ამ ამოცანის შესრულება-არშესრულებით შეაფასო, მიზნად დაისახე მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა. სწორედ ამ მისწრაფებას მიებმება ახალი ფუნქციების გაშვება, მათ ეფექტიანობას კი მომხმარებელთა ზრდის მაჩვენებლით შეაფასებ. შედეგად, უფრო მნიშვნელოვან მისწრაფებაზე იქნები კონცენტრირებული, შენს დეველოპერს კი მეტი მოტივაცია ექნება, რადგან მისი ნამუშევრის ეფექტიანობა პირდაპირ აისახება შედეგებზე.


როგორ ავირჩიო მიზნები?

ერიკ რისის წიგნი “წარმატებული სტარტაპი”, ალბათ, გაგონილი გექნება. წიგნის მიხედვით შეიქმნა სერიები სხვადასხვა მიმართულებით, რომელთა რედაქტორიც,ისევ და ისევ, ერიკ რისია. ერთ-ერთი მათგანია “წარმატებული ანალიტიკა”. ამ წიგნში სტარტაპის 5 ეტაპია მოცემული:

1. ემპათია – როცა პოტენციურ მომხმარებლებთან ინტერვიუებით არკვევ, ქმნი თუ არა ღირებულ პროდუქტს.

2. წებოვნება – როცა აკვირდები, ნამდვილად მოიხმარენ თუ არა შენს პროდუქტს და რამდენად ხშირად ბრუნდებიან მის გამოსაყენებლად.

3. ვირუსული გავრცელება – როცა მომხმარებლები ხმას ავრცელებენ შენი პროდუქტის შესახებ და მომხმარებელთა რაოდენობა ორგანულად, მარკეტინგული ხარჯის გარეშე, იზრდება.

ასევე გაეცანი: სიტყვიერი მარკეტინგი – უფასო მარკეტინგული სტრატეგია საუკეთესო შედეგებისთვის.

4. შემოსავალი – როცა პროდუქტსა და ბაზარს შორის თავსებადობა ნაპოვნია და ახლა ყურადღება შემოსავლის საუკეთესო მოდელის შემუშავებასა და მის გაზრდაზე გადადის.

5. მასშტაბი – როცა სტარტაპი სტაბილურ კომპანიად ყალიბდება და უკვე გაფართოვებაზე ზრუნვაა პრიორიტეტი.

რომელ სტადიაზეა შენი სტარტაპი? ამის მიხედვით უნდა გადაწყვიტო, რა მიზანი უნდა დაუსახო საკუთარ თავსა და გუნდს. თუ ჯერ კიდევ არ გიპოვნია მომხმარებლების სწორი ბაზარი, შემოსავლების გაზრდაზე ორიენტირება ნაადრევი და რესურსის ტყუილი ხარჯვაა. ემპათიის სტატიაზე მისწრაფება სწორი პროდუქტის პოვნა უნდა იყოს, სამიზნე შედეგები კი – n-რაოდენობის მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია, მათი საჭიროებების გაგება და პროდუქტში შესატანი ცვლილებების იდენტიფიცირება. ამას ცვლილებების იმპლემენტაცია მოჰყვება, რომლის ეფექტიანობაც მომხმარებლების რაოდენობის მაჩვენებლითა და მათი ჩართულობით განისაზღვრება. წებოვნების სტადიაზე ყურადღება იმას ენიჭება, თუ რამდენ დროს ხარჯავენ მომხმარებლები შენს პლატფორმაზე, ან ბრუნდებიან თუ არა ისინი სერვისის მისაღებად. როცა სწორი საზომი ერთეულებით აფასებ პროგრესს, უკეთ აფასებ, რა ტემპით მოძრაობ და რამდენად სწორია არჩეული მიმართულება.


OKR სისტემის დეტალური პრეზენტაცია

OKR სისტემაზე მშვენიერი პრეზენტაციაა ხელმისაწვდომი, რომელსაც რიკ კლაუ, Google Ventures-ის პარტნიორი წარადგენს. თუ გინდა, სიღრმისეულად შეისწავლო ეს მოდელი და კარგი მაგალითებიც ნახო, გირჩევ, ამ ვიდეოს უყურო. ამ სტატიასთან ერთად, ეს დაგეხმარება გუნდისთვის OKR სისტემის მარტივად ახსნაში.

გისურვებთ წარმატებებს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

შემდეგ კი, გაეცანი:

რა არის ვირაჟი და როგორ მივხვდეთ, როდისაა ის საჭირო.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

06 ნოემბერი

3 გაკვეთილი ყველაზე ამბიციური მიზნების მისაღწევად – სტივ ჯობსის, ილონ მასკის და პოლ გრაჰამის რჩევები

სტარტაპინდუსტრიაში გვყავს ადამიანები, რომელთა ისტორიები და გამონათქვამები ყველგან გვხვდება.