ლურჯი ვერსია

სტარტაპის დაფინანსების 7 გზა

27 აპრილი 2022

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გენიალურია შენი ბიზნეს იდეა, თუ საკმარისი დაფინანსების მოპოვებას ვერ შეძლებ, რადგან ეს სტარტაპის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია. კაპიტალის მოპოვების არაერთი გზა არსებობს, მათი ნაწილი შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ხშირად, დამსახურებული აღიარებითა და დიდი ფინანსური მოგებით სრულდება.

ამ სტატიაში სტარტაპის დაფინანსების 7 ვარიანტს განვიხილავთ.


1. პირადი ინვესტიცია

შენი პირველი ინვესტორი, თავად უნდა იყო. თუ ამისთვის ნაღდი ფული არ გაქვს, აქტივებზე არსებული გირაო უნდა გამოიყენო. ამით პოტენციურ ინვესტორს მიანიშნებ, რომ პროექტისადმი სერიოზულად ხარ განწყობილი, მზად ხარ რისკისთვის და გაქვს გრძელვადიანი ვალდებულება.

ამასთან, შენი გარემოცვა – მეგობრები თუ ოჯახის წევრები შესაძლოა დამფინანსებლებად იქცნენ, თუმცა არ დააყოვნებენ და სტარტაპში წილის მიღების სურვილით მალევე მოგმართავენ. ამერიკელი ანტრეპრენერი, Skooba Design-ისა და Hotdog Yoga Gear-ის დამფუძნებელი გვაფრთხილებს, რომ ეს წინადადება არ უნდა განვიხილოთ და ასახელებს რამდენიმე მიზეზს, რომელთა გამოც ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად ბიზნესის დაწყებას საშიშ იდეად მიიჩნევს. პირველ რიგში, შესაძლოა საქმის ცუდად განვითარებას ურთიერთობის გაფუჭებაც მოჰყვეს, რადგან იშლება ზღვარი პირად სივრცესა და ბიზნესს შორის…


2. სარისკო კაპიტალი

ვენჩურული კაპიტალისტების ინტერესის არეალი ტექნოლოგიებზე გადის. ისინი აფინანსებენ მაღალი პოტენციალის მქონე კომპანიებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომუნიკაციები და ბიოტექნოლოგია. მათი მოლოდინები მოგებასთან დაკავშირებით იმდენად დიდია, რამდენადაც მათ მიერ გაწეული სამსახური. გამოცდილ ინვესტორებს გარდა ფინანსური დახმარებისა შეუძლიათ მთავარი – დაგეხმარონ ბაზარზე თავის დამკვიდრებაში.

BDC-ის სარისკო კაპიტალის გუნდი, რომელიც მხარს უჭერს პერსპექტიულ, ბაზარზე სტრატეგიულად პოზიციონირებულ კომპანიებს, ძირითად, ფოკუსირებულია ისეთ ინტერვენციებზე, როდესაც კომპანიას ბაზარზე დასამკვიდრებლად დიდი ოდენობის დაფინანსება სჭირდება.


3. ანგელოზები

ანგელოზი ინვესტორები – ასე უწოდებენ პირებს, რომლებიც ინვესტირებას სტარტაპებსა ან ახლადდაფუძნებულ კომპანიებზე ახორციელებენ. მათი ინტერესი კომპანიიდან წილის მიღებაა.

სტარტაპებში ინვესტირება წაახალისა ისეთი კომპანიების წარმატებულმა ისტორიებმა, როგორებიცაა: Uber, WhatsApp და Facebook. დღეს „ანგელოზებს“ აქვთ ამბიცია დადონ დიდი ფსონი უფრო დიდი შემოსავლის იმედით.

ანგელოზის ინვესტიცია $25,000-დან $100,000-მდე მერყეობს, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა მეტისთვისაც მზად იყვნენ.

დაფინანსების გაცემამდე ისინი კარგად სწავლობენ როგორც კომპანიის საქმიანობას, ისე მათ მფლობელებს. აი, რაზე ამახვილებენ ყურადღებას:

  • დამფუძნებლების ცოდნა თუ გამოცდილება, საქმისადმი ერთგულება, ვალდებულების გააზრება და გუნდურობა;

  • მკაფიოდ გააზრებული ბიზნეს გეგმა;

  • საინტერესო ტექნოლოგია თუ ინტელექტუალური საკუთრება;

  • კომპანიის მომავლის გონივრული შეფასება

ანგელოზი ინვესტორების მოსაძებნად მრავალი გზა არსებობს, მათ შორის:

  • AngelList

  • Angel investor networks

  • Venture capitalists and investment bankers

  • Crowdfunding საიტები, როგორიცაა Kickstarter და Indiegogo

„ანგელოზებამდე“ მისასვლელი უმოკლესი გზა მათ მეგობრებთან დაახლოებაა ისინი დიდ პატივს სცემენ კონტაქტებს. ამიტომ სანამ ინვესტორის მოძებნას დაიწყებთ, გაიფართოვეთ წრე ლინკდინზე.


4. Crowdfunding

Crowdfunding-ი – ესაა ბევრი ხალხისგან ფულის მოგროვების მეთოდი. კომპანიის ან პროექტის დასაწყებად საჭირო კაპიტალის მოსაპოვებლად, დიდი ჯგუფები მცირე ინდივიდუალურ ინვესტიციებს ახორციელებენ. ასეთი კამპანიის შექმნა შეუძლია ნებისმიერს – ფიზიკურ პირს, საქველმოქმედო ორგანიზაციასა თუ კომპანიებს.

ყველაზე პოპულარული Crowdfunding საიტებია:

Kickstarter

Indiegogo

Crowd Supply

Crowdfunder

SeedInvest

Crowdcube

Fundly

GoFundMe

iFundWomen

პროექტში ჩართვა არც ისე რთულია:

რეგისტრირდები crowdfunding საიტზე, სადაც აღწერ შენს კომპანიას და წერ თანხის ოდენობას, რომლის მოზიდვასაც ცდილობ.

ის, ვისაც შენი ბიზნესის თემატიკა აინტერესებს, დიდი შანსია შენი პროდუქტითაც დაინტერესდეს და თანხა ჩაგირიცხოს. როგორც წესი, ამას მინიმალური საჩუქრის სანაცვლოდ აკეთებენ. მაგალითად, შენი პროდუქტი, ფასდაკლება, განსაკუთრებული სერვისი და ა.შ.

წარმატებული crowdfunding კამპანიის გასაღები არის დამაჯერებელი ამბავი შენი კომპანიის შესახებ. იქვე, არ უნდა დაგავიწყდეს შემოწირულებისთვის ჯილდოს გაცემის პირობა. სტარტაპები ამ გზით ათასობით დოლარს აგროვებენ.


5. სტარტაპ აქსელერატორები

ეს არის ბიზნეს პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს ზრდაზე ორიენტირებულ სტარტაპებს განათლების, მენტორობისა თუ დაფინანსების გზით. ინკუბაციის ფაზა შეიძლება გაგრძელდეს ორ წლამდე. პროდუქტის მომზადების შემდეგ, ბიზნესი ტოვებს პროექტს და იწყებს დამოუკიდებლად მუშაობას.

ბიზნეს ინკუბატორები ძირითადად ფოკუსირებულია ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა: ბიოტექნოლოგია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მულტიმედია ან სამრეწველო ტექნოლოგიები.

კვლევების მიხედვით, გამოიკვეთა ევროპის 10 ქვეყანა, რომელიც აქსელერატორთა სიუხვით გამოირჩევა. აქ ინვესტორები ყველაზე კეთილშობილები ხდებიან, ანტრეპრენერებს კი წარმატება გარანტირებული აქვთ.


6. სტარტაპ სესხი

საქართველოში, ანტრეპრენერებს ბანკები ბიზნესის დასაწყებად, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობენ.


საქართველოს ბანკი

40 000 ლარამდე ბიზნეს სესხს უზრუნველყოფის გარეშე გასცემს.

40 000 ლარზე (ეკვ. სხვა ვალუტაში) მეტი მოცულობის სესხის აღების შემთხვევაში – უძრავი ქონება, ძირითადი საშუალებები, საბანკო გარანტია, დეპოზიტი და სხვ.

შესაძლებლობა გექნება ისარგებლო შენს ბიზნესზე და შემოსავლების სტრუქტურაზე მორგებული მოქნილი დაფარვის გრაფიკით:

1. ფიქსირებული გრაფიკი ყოველთვიური გადახდებით;

2. საშეღავათო პერიოდი ძირზე და/ან სარგებელზე;

3. სეზონური შემოსავლების მქონე ბიზნესისთვისა თუ აგრომეურნეობისთვის რევოლვირებადი საკრედიტო ხაზი საბრუნავი საშუალებების და საოპერაციო საქმიანობის დასაფინანსებლად.


TBC ბანკი

15,000 ლარამდე სტარტაპ სესხს უზრუნველყოფის და თანამონაწილეობის გარეშე გასცემს, რაც მთავარია, გადახდის ინდივიდუალურ გრაფიკით. ამასთან, TBC ბანკი ანტრეპრენერებს ბიზნესის შესაბამის სფეროში მათ საჭიროებებზე მორგებულ სესხებს სთავაზობს.


7. საგრანტო პროექტები

პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ 2016 წელს შეიქმნა. მისი მიზანია ინოვაციური ბიზნეს იდეების ხელშეწყობა და ანტრეპრენერების მხარდაჭერა. საინვესტიციო დაფინანსება 100 000 ლარამდეა.

პროგრამა ორი კომპონენტისგან შედგება: ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური. სააგენტო მაღალტექნოლოგიურ კომპონენტს ახორციელებს და აფინანსებს პროექტებს შემდეგი მიმართულებებით: ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, ბირთვული ფიზიკა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რობოტიკა, ნახევარგამტარები.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

მარიამ ელიაშვილი

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა