ჩვენს დროში თავბრუდამხვევი სისწრაფით იცვლება ციფრული სამყარო, ვითარდება ინფორმაციის გაზიარების, გაანალიზების, გაცვლისა და წვდომის ინსტრუმენტები. ეს ცვლილებები კი ახალ-ახალ შესაძლებლობებს უქმნის ნოვატორებსა და სტარტაპერებს.
მედიალაბი კიდევ ერთხელ გთავაზობს „იდეადრომს“, სტარტაპიდეების კონკურსს, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს − განურჩევლად პროფესიისა თუ ასაკის − ეძლევა საშუალება, შეეჭიდოს გლობალურ პრობლემებს, მიიღოს სტარტაპერობის გამოცდილება და მოიგოს ფულადი პრიზი.
შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად თავი მოუყარე ორ- ან სამწევრიან გუნდს, ერთად შეარჩიეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემა ქვემოთ ჩამოთვლილი თემებიდან, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და მითითებული ინსტრუქციის მიხედვით მოამზადეთ ერთწუთიანი ვიდეორგოლი თქვენი პროექტის შესახებ. პირველ ეტაპზე პროექტები შეფასდება წამოჭრილი პრობლემის აქტუალურობის, მისი გადაწყვეტის ეფექტურობისა და კომერციალიზაციის პოტენციალის მიხედვით.
„იდეადრომის“ შერჩეულ მონაწილეებს ჩაგიტარდებათ მედიალაბის ტრენინგები და უორკშოპები, სადაც მენტორები დაგეხმარებიან არჩეული პრობლემების ინოვაციური გადაწყვეტის მოძიებასა და ფინალური პრეზენტაციის მომზადებაში, რის შედეგადაც მოწვეული ჟიური საუკეთესო გუნდს გამოავლენს. გამარჯვებულს ფულადი ჯილდო გადაეცემა.
იდეადრომის თემები:
ციფრულ სივრცეში კომუნიკაციის გამარტივება (მაგალითად, სოციალური ქსელები და სხვა პლატფორმები)
საგანმანათლებლო გეიმინგი
ყალბი ინფორმაციისგან თავის დაცვა
ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა
„იდეადრომში“ მონაწილეობა უფასოა.
ღონისძიება ტარდება ჰიბრიდულად (ტრენინგები მოეწყობა მედიალაბში, ხოლო ფინალი − ონლაინრეჟიმში).
გუნდების პროექტებზე საავტორო უფლებები მონაწილეთა საკუთრებად რჩება და არ გადაეცემა მედიალაბს.