ლურჯი ვერსია

3 სტარტაპი, რომლებიც არაინვაზიური მეთოდით ტექნიკის გონებით მართვის შესაძლებლობას იძლევიან

25 მაისი 2021

ტექნოლოგიური სივრცის რევოლუციონერები თურმე კარგა ხანია, რაც აუგმენტურ და ვირტუალურ რეალობებს აღარ კმარდებიან. ტექნიკასთან ჩვენი ურთიერთობა, მაქსიმალური ეფექტიანობისთვის, კიდევ უფრო უშუალო უნდა იყოს. რატომ არ შეიძლება ყოველგვარი მოძრაობის და, საერთოდაც, ხმის ამოღების გარეშე ვაკონტროლებდეთ მაუსსა და კლავიატურას, ვარჩევდეთ ახალ ავეჯს სახლისთვის, ვურეკავდეთ მეგობრებს და ვცვლიდეთ სატელევიზიო არხებს?

ქვემოთ განხილული სამი სტარტაპი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს და ილონ მასკის ტვინში ჩამონტაჟებული ჩიპების მაგივრად, სრულიად სხვა, უფრო უსაფრთხო ტექნოლოგიას გვთავაზობს. საბოლოოდ, თითოეული მათგანის მიზანი შეზღუდული უნარების მქონე პირების, მაგალითად, პარალიზებული პაციენტების, დახმარებაა. მაგრამ, სანამ საკმარისად დახვეწენ ტექნოლოგიას, ჯერ კიდევ ბევრი გზა აქვთ გასავლელი.


ტვინის იმპლანტებიდან არაინვაზიურ დანადგარებამდე

ადამიანის ტვინის პირდაპირ დაკავშირება კომპიუტერულ დანადგართან ჯერ კიდევ 1970 წლიდან იყო მკვლევარების საყვარელი გასართობი. განსხვავება მათ მიღწევებსა და დღევანდელ გასაოცარ პროექტებს შორის ისაა, რომ მაშინ ტვინში ოპერაციის მეშვეობით ‘ჩამონტაჟებულ’ ჩიპებზე მუშაობდნენ, დღეს კი — არაინვაზიურ დანადგარებზე. ეს უკანასკნელნი თავზე ჩამოცმულ/მიმაგრებულ მოწყობილობებს წარმოადგენენ, რომლებიც ტვინიდან მომავალ სტიმულს აღიქვამენ და ამ სტიმულის შესაბამისად რეაგირებენ. თავადაც, მიხვდებით, რომ ამ აპარატებსა და ტვინში ჩამონტაჟებულ ჩიპებს შორის განსხვავება ძაალიან დიდია.

სხეულში ჩიპების ჩამაგრება ხალხში ყოველთვის შიშისა და უნდობლობის განცდას იწვევდა. როცა ვიგებთ, რომ ეს საჭირო საერთოდ არაა და, მეტიც, შესაბამის ვორკშოპებზე ამ ტექნოლოგიის საკუთარ თავზე დატესტვაც შეგვიძლია, ყველაფერი იცვლება.


მუშაობის პრინციპი

მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია: როცა ჩვენ კონკრეტული ამოცანის შესრულებშესრულება, მაგალითად, არხის გადართვა გვინდა, პირველ რიგში ჩნდება აზრი. ამ აზრს ტვინი ხელის ნერვულ დაბოლოებებს ელექტრონული სიგნალის სახით გადასცემს, რასაც ხელში პულტის აღება და ღილაკზე თითის დაჭერა მოჰყვება. გონებით მართვადი მოწყობილობები სწორედ ამ ელექტრონულ სიგნალს აფიქსირებენ და ჩვენს მაგივრად ასრულებენ მიღებულ ბრძანებას.

არაინვაზიური დანადგარი, ჩიპისგან განსხვავებით, თავზე გარედან მაგრდება. ტვინიდან წამოსულ სიგნალებს ის ელექტროენცეფალოგრამის (EEG) მეშვეობით აფიქსირებს. მას ისედაც ფართოდ იყენებდნენ სამედიცინო დაწესებულებებში, თუმცა ტექნოლოგიის მოუსვენარმა ენთუზიასტებმა ელექტროენცეფალოგრამი სულ სხვა დონეზე აიყვანეს; ხელოვნური ინტელექტი, კერძოდ კი – მანქანური სწავლების ალგორითმები, სისტემას დახვეწაში და კონკრეტულად შენი ტვინიდან წამოსული ბრძანებების უკეთ შესრულებაში უწყობს ხელს.


წამყვანი სტარტაპები


Neurable

სტარტაპ Neurable-ის ჩაფხუტი წამებში აფიქსირებს, რაზე ფიქრობ და დაუყოვნებლივ ასრულებს კიდეც. ის მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს აკონტროლოს ფიზიკური ობიექტები ან შეასრულოს სხვადასხვა ოპერაციები ციფრულ სამყაროში ვირტუალური სათვალეების თანხლებით.


NextMind



კომპანიამ თავისი ტექნოლოგია ჰელსინკის Slush შოურუმზე წარადგინა. ეს EEG-ის ისეთი მოწყობილობაა, რომელსაც გიგანტური ჩაფხუტი არაფერში სჭირდება.

ტელევიზორის არხების გადართვასთან ერთად NextMind-ის მოწყობილობით შეგიძლია მცირე შეტყობინებებიც გაგზავნო და ახლობლებსაც დაურეკო. ვირტუალური რეალობის სათვალეების თანხლებით კი, ისეთი მარტივი თამაშები, როგორიც უცხოპლანეტელების აფეთქებაა, არც განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს და არც შემაშფოთებელ ტვინის ოპერაციას — მთავარია, ფიქრის უნარი შეგწევდეს.


CTRL-labs


აქ საქმე კიდევ უფრო რთულადაა. CTRL-labs-ის მოწყობილობა ტვინთან პირდაპირ კავშირს არ საჭიროებს და ის პირდაპირ ხელზე მაგრდება. გონებიდან წამოსულ ელექტრონულ იმპულსებს ის ხელის ნერვული დაბოლოებებიდან იღებს, შედეგი კი იგივეა — გაუნძრევლად, უსიტყვოდ, საჭირო დავალებების შესრულება.

პ.ს. 01:15 წუთზე თუ გადაახვევ, ნახავ, როგორ ასრულებს მოწყობილობა ბრძანებებს ხელის გაუნძრევლად.


სამედიცინო დანიშნულება

მართალია, ამ ეტაპზე EEG მოწყობილობებით, ძირითადად, უცხოპლანეტელებთან ომი, ტელევიზორის არხების გადართვა და მარტივი მესიჯების გაგზავნაა შესაძლებელი, მაგრამ ამ ტექნოლოგიის უმთავრესი ამოცანა ჩვენთვის დამატებითი კომფორტის შექმნა სულაც არაა. ეს შეიძლება გვერდით უპირატესობად დავინახოთ, ყველაფერი კი უფრო მწვავე პრობლემების მოსაგვარებლად კეთდება.

პარალიზებული და სხვა შეზღუდული უნარების მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხი ამ ტექნოლოგიის წყალობით წარმოუდგენლად დაიხვეწება. მხედველობის აღდგენა, ხალხთან კომუნიკაციის შესაძლებლობა მათთვის, ვისაც ამის უნარი არ შესწევს, პარკინსონის მკურნალობა, ხელისა თუ ფეხის პროთეზის შეუფერხებლად გამოყენება… ეს მცირე ჩამონათვალია იმ მასობრივი პრობლემებისა, რომელთა აღმოფხვრისკენაც ილტვიან ამ მიმართულების მეცნიერები.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

03 აგვისტო

სოციალური მედიის თანამედროვე გამოწვევები და ციფრული კონსტიტუციონალიზმი

ინტერვიუ ედოარდო კელესტესტან. რომელია ის პრინციპები და ფასეულობები, რომლითაც ჩვენი საზოგადოება იხელმძღვანელებს ციფრულ ხანაში
03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
10 აგვისტო

5G - ახალი შესაძლებლობების სამყარო

სიახლეები საზოგადოებას ხშირად აშინებს, აბნევს და ეჭვებს უჩენს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ისეთი ინოვაციის დანერგვაში, როგორიც უსწრაფესი 5G ინტერნეტია, საზოგადოების ნაწილმა საფრთხე დაინახა და ამ შეგრძნებამ ისე მოიცვა, რომ კითხვის - „რა სარგებელს მოიტანს ეს უკანასკნელი?“ დასმაც არ ჩათვალა საჭიროდ და ბოლო თაობის ინტერნეტკავშირი უპირობო მტრად მიიღო.