ლურჯი ვერსია

3 წესი გრძელვადიანი მიზნებისთვის საჭირო სიჯიუტის შესანარჩუნებლად

23 ივლისი 2021

ადამიანების 92% ვერასდროს აღწევს გრძელვადიან მიზანს.

სტარტაპების 90% კრახით მთავრდება.

შენც ხედავ ამ ორ სტატისტიკას შორის ურთიერთკავშირს?

ამტანობა, შემართება, მიზანდასახულობა, სიმტკიცე, სიჯიუტე… მენტალურ სიძლიერეს ყველა სხვადასხვა სახელით ვიხსენიებთ. რასაც არ უნდა ეძახდე შენ, ეს ის თვისებაა, რომელიც წარმატებულ სტარტაპერებს წარუმატებლებისგან გამოარჩევს.

ამერიკელი ჯარისკაცების მაგალითზე შენც დაგარწმუნებ მენტალური სიძლიერის შესაძლებლობებში, შემდეგ კი გაგიზიარებ სამ მნიშვნელოვან წესს ამ უნარის გამომუშავებისა და დიდი ხნით შენარჩუნებისთვის.


ნიჭი თუ ამტანობა?

ამტანობაზე საინტერესო კვლევა ამერიკის ჯარის აკადემიის კადეტებზე ჩატარდა. შვიდკვირიანი ინტენსიური ტრენინგის მიზანი სუსტი კანდიდატების გაცხრილვა და იმ მომავალი ჯარისკაცების გამოვლენაა, რომლებიც საოცრად სტრესული გარემოს გაძლებას ახერხებენ.

კვლევამ აჩვენა, რომ კადეტები, რომლებიც სტანდარტულზე მაღალ სიმტკიცეს ავლენდნენ, პროგრამის წარმატებით დასრულების 54%-ით უფრო მეტი შანსი ჰქონდათ. როგორც ანგელა დაქვორთი, ხსენებული კვლევის ავტორი, აღნიშნავს:

“რაც ვიცი, ის არის, რომ ნიჭი ამტანობას არ გმატებს… სხვათაშორის, ჩვენი მონაცემების მიხედვით, ამტანობა, ძირითადად, არაფერ შუაში ან საერთოდ უკუპროპორციულია ნიჭისა.”

ამ იდეას იზიარებს Y Combinator-ის უკვე კარგად ცნობილი თანადამფუძნებელი, პოლ გრეემი:

“თუ გამორჩეული ნიჭი და გამორჩეული შემართება იშვიათია, ადამიანები, რომლებსაც ორივე გააჩნიათ, კვადრატში უფრო იშვიათები არიან. უმრავლესობა ერთ მათგანში იქნება ძლიერი, მეორეში კი – სუსტი. მაგრამ, იმისათვის, რომ მართლა გამორჩეული იყო, ორივე გჭირდება.”

გამოდის, რომ არც შენი კრეატიულობა და არც შენი პროგრამირების ათწლიანი გამოცდილება არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მიაღწევ უგრძელვადიანესი სტარტაპმოგზაურობის ფინიშის ხაზს.

ეს კარგი ამბავია მათთვის, ვინც განსაკუთრებული ნიჭით არ არიან დაჯილდოებული. ამერიკელ ჯარისკაცებზე ჩატარებული კვლევა და პოლის სიტყვები მკაფიოდ უსვამს ხაზს ამტანობის უპირატესობას. და თუ ნიჭიერებას ვერაფერს უშველი, იმას მაინც წყვეტ თავად, რამდენად ამტანი გინდა, რომ იყო.


და მაინც, რას ვგულისხმობთ ამტანობაში?

ანგელა დაქვორთი ფსიქოლოგიის პროფესორია და ის წლებია, მენტალურ სიძლიერეს იკვლევს. ისევ და ისევ მის ნაშრომს რომ დავესესხოთ, წიგნ “სიმტკიცეში” ის შემდეგ განმარტებას გვთავაზობს:

“[ამტანობა ნიშნავს] მგზნებარებასა და მუდმივ შეუპოვრობას, რომლებიც მიმართულია გრძელვადიანი მიზნისკენ, ჯილდოსა და აღიარების მიმართ ყოველგვარი ინტერესის გარეშე.”

ამ სიტყვებზე პოლ გრეემის კიდევ ერთი ესსე მახსენდება. ის წარმატებულ სტარტაპერებს ამოუწურავად რესურსუნარიანად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ ეს სწორედ ის თვისებაა, რაც მათ წარუმატებლებისაგან გამოარჩევს.

როგორ უნდა გამოვიმუშავოთ გრძელვადიანი მიზნებისთვის საჭირო მენტალური სიძლიერე?


1. დაისახე მოკლევადიანი მიზნები, რომლებიც გრძელვადიან მიზანს ემსახურება

უმრავლესობას მაინც გვჭირდება პატარა ჯილდოები იმაში დასარწმუნებლად, რომ სწორ გზას ვადგავართ.

გრძელვადიანი მიზნები მარტივი დასასახია, მათი მიღწევა კი – ურთულესი პროცესი. იმისათვის, რომ გზიდან არ გადაუხვიო და მიზნიდან მიზანზე ხტუნაობაში არ გალიო სტარტაპისთვის ასმაგად მნიშვნელოვანი დრო, ჩაშალე შენი რამდენიმეწლიანი გეგმა (მაგალითად, YC-ში მოხვედრა, ევროპაში გასვლა, ან მსოფლიოს 10 მოწინავე სტარტაპთა სიაში მოხვედრა) ყოველკვირეულ ამოცანებად.

მიზნების დასახვის ყველაზე ეფექტურ მეთოდად OKR სისტემა მიიჩნევა. ეს არის მოდელი, რომელიც აერთიანებს პრიორიტეტების დასახვის სქემასა და შედეგების შეფასების სისტემას. OKR სისტემამ გუგლის წარმატება განაპირობა და, მგონი, ღირს, გადახედო. უფრო დეტალურად მის შესახებ ჩვენს სტატიაში იპოვი ინფორმაციას.

აქ კი, იმას დავამატებ, რომ სწორად დასახული ამოცანები ორი კრიტიკული ფაქტორის გამო ახერხებს ჩვენს მოტივირებას:

1. მკაფიო ფორმულირება;

2. სირთულე.

თუ გეგმა ბუნდოვანი, მარტივად განხორციელებადი, ან, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ორივე ერთადაა, მაშინ არაფერი გვაძლევს საკმარის მოტივაციას მისი რეალიზებისთვის.

ამ სტატიაში უკვე ბევრი კვლევა ვახსენე, მაგრამ კიდევ ერთს დავამატებ – მიზნების დასახვის თეორიის (Goal-setting Theory) ექსპერტების, ედვინისა და გარის მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში გამოჩნდა, რომ ადამიანების 90%, რომლებიც კონკრეტულ და რთულ დავალებებს ეჭიდებოდნენ, ბევრად მაღალ შედეგს დებდნენ, ვიდრე მარტივი და ბუნდოვანი პრობლემების გადაჭრისას.

OKR სისტემაც ამ პრინციპს ეფუძნება. კვირეული გეგმების გაწერისას მნიშვნელოვანია, გეგმა ისე შეადგინო, რომ მისი 60-70%-ის შესრულება შეძლო. თუ ყველაფერს ასწრებ, მაშინ საკუთარ თავს საკმარისად ბევრს არ თხოვ. თუ 60%-მდე ვერ ადიხარ, მაშინ ნამდვილად გჭირდება ამ სტატიის ბოლომდე ჩაკითხვა.


2. ნუ გაეკიდები ყველაფერს, რაც ბრწყინავს

დასახულ მიზანს მხოლოდ ის აღწევს, ვინც ყოველ ახალ შესაძლებლობაზე გზიდან არ უხვევს.

უკეთესი ვარიანტის გამოტოვების შიშით, ადამიანები ხშირად ყვებიან ხოლმე გეგმების შეცვლის ცდუნებას. ამის გამო ბევრი ერთდროულად სხვადასხვა სტრატეგიაზე მუშაობს და ელის, რომელი გაამართლებს. სტარტაპერებში ეს პრობლემა ღია ალტერნატივების ფენომენითაა ცნობილი და mvp-ზე უკვე დაიდო ამის შესახებ სტატია. ეს არასწორი პრაქტიკა მხოლოდ ენერგიის ფუჭი კარგვა არაა. ამ დროს იკლებს კონცენტრაციის წილი შენს გრძელვადიან მიზნებზე, საიდანაც მხოლოდ ერთის მიღწევას თუ ეყოფა მთლიანი სტარტაპის რესურსი (ესეც – კარგ ვარიანტში).

თუ წინასწარ დასახულ კონკრეტულ და რთულ მოკლევადიან მიზნებს მისდევ ერთი მიმართულებით, საკუთარ თავს უნდა ენდო იმაში, რომ ორიენტირი სწორად აიღე. რა თქმა უნდა, გამონაკლისია შემთხვევები, როცა ისეთ ინფორმაციას წააწყდი ან ისეთი მასშტაბური ცვლილება მოხდა შენს ინდუსტრიაში, რომ ვირაჟი (ე.წ. Pivot) ხდება საჭირო. უფრო დეტალურად, როგორ მიხვდე, როდისაა გეზის შეცვლა გამართლებული, გაეცანი ჩვენს სტატიას ერიკ რისის პრაქტიკულ რჩევებთან ერთად.

წინააღმდეგ შემთხვევაში, იმოქმედე პრინციპით:

“გაკეთებული სჯობს იდეალურს.”


3. მიუდექი შეცდომას, როგორც გაკვეთილს და არა – დანებების გასამართლებელ მიზეზს

ყველა წარმატებული სტარტაპის უკან წარუმატებელი პროექტები იმალება.

თუ ჩემი არ გჯერა, გადაიკითხე Slack-ის, LinkedIn-ის, ტვიტერისა და კიდევ რამდენიმე მოწინავე კომპანიის დაარსების ისტორიები. თითოეული მათგანი იმ გაკვეთილების წყალობით შეიქმნა, რომლებიც მათმა დამფუძნებლებმა შეცდომების დაშვებით მიიღეს.

იმის მაგივრად, რომ ნებისმიერი ზომის დაბრკოლება გადაულახავ ბარიერად მონათლო, სცადე კიდევ ერთხელ. სწორედ ამას გულისხმობდა პოლი ამოუწურავად რესურსუნარიან სტარტაპერში. სწორედ ამას გულისხმობს აგათა მგზნებარებასა და მუდმივ შეუპოვრობაში.

წარმატებას უცნაური თვისება აქვს. როცა გგონია, რომ მასთან ახლოს ხარ, ის შორს აღმოჩნდება ხოლმე. როცა გგონია, რომ ჯერ კიდევ დიდი გზა გაქვს გასავლელი, ისიც მაშინ გამოხტება არსაიდან:

“სწორი დროის შერჩევა, შეუპოვრობა და ათწლიანი მძიმე შრომა სხვებთან ერთ ღამეში ქცეულ ვარსკვლავად გამოგაჩენს.” – ბიზ სტოუნი, ტვიტერის თანადამფუძნებელი.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა