ლურჯი ვერსია

5 AR/VR პლატფორმა, რომლებსაც მართლა იყენებენ

16 ოქტომბერი 2020

ყველა ელოდა, რომ ვირტუალური რეალობის (VR) სათვალეები თამაშების ინდუსტრიაში დიდ აფეთქებას გამოიწვევდა, თუმცა რეალური სურათი სულ სხვანაირი აღმოჩნდა.

ამ ინდუსტრიაში იმედგაცრუების ყველაზე კარგი მაგალითი მარკ ცუკერბერგია. მან 2014 წელს ორ მილიარდ დოლარად შეისყიდა კომპანია Oculus-ი და განაცხადა, რომ ძალიან მალე შეძლებდა მიილიარდი მომხმარებლის ვირტუალურ რეალობაში გადაყვანას. ოთხი წლის შემდეგაც კი, VR-ის მომხმარებელთა რაოდენობა 200 მილიონს ვერ სცდებოდა.

აუგმენტური და ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებს გზად ბევრი გაუთვალისწინებელი დაბრკოლება დახვდა, რომლებსაც მოკლედ ამ სტატიაში შეგიძლია გაეცნო. თუმცა, მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ტექნოლოგია ნელ-ნელა თითქმის ყველა სფეროში გამოჩნდა. მედიცინიდან ჯადოსნურ ზღაპრებამდე, სასკოლო პროგრამებამდე და ვირტუალურ ტრენინგებამდე, ამ სტატიაში თავმოყრილი AR/VR სტარტაპები ყველაზე შთამბეჭდავი და იმედისმომცემი მაგალითებია.


1. რენტგენული ხედვის სათვალეები

მედიცინის ინდუსტრიაში გაფართოებულმა რეალობამ ყველაზე დიდი გავლენა იქონია. Statista-ს მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში, ექიმების სამუშაო განაკვეთის 35% აუგმენტური და ვირტუალური რეალობების გამოყენებით ხორციელდებოდა. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ფართო ათვისებისკენ მიმავალ გზას კვალავს, ექიმებს რენტგენული ხედვის უნარს ანიჭებს.

Augmetics-ი ამერიკული კომპანიაა, რომელიც აუგმენტური რეალობის ტექნოლოგიაზე 2014 წლიდან მუშაობს. მათი პროდუქტი, Xvision, სპეციალურად ხერხემლის ოპერაციებისთვისაა განკუთვნილი. სპეციალური სათვალეების მეშვეობით, ქირურგი ოპერაციის დროს პირდაპირ ხედავს პაციენტის ხერხემლის რენტგენს. ეს მას პროცედურის ზუსტ წარმოებაში ეხმარება, რადგან, სათვალის მეშვეობით, 3D მოდელში ხერხემალთან ერთად ექიმის ხელთ არსებული სამუშაო იარაღიც ჩანს.

Xvision-ის ტექნოლოგიით ხერხემლის ოპერაცია პირველად 2020 წლის ივნისში ჩატარდა. როგორ მუშაობს ტექნოლოგია, ამის ნახვა მათ ვებ გვერდზეა შესაძლებელი. პროექტის გარშემო დიდ იმედებს ამყარებენ და მათ უკვე მოზიდული აქვთ 25 მილიონი დოლარის ინვესტიციები.


2. VR სათვალეები პაციენტებისთვის

მედიცინის სექტორში გაფართოებული რეალობა, ექიმებთან ერთად, პაციენტების ცხოვრებაშიც პოულობს გამოყენებადობას. ამ მიმართულებით ერთ-ერთი საინტერესო სტარტაპია Vivid Vision-ი, რომლის ვირტუალური რეალობის სათვალეები ზარმაცი თვალის სამკურნალოდ გამოიყენება.

მხედველობის ეს პრობლემა ბავშვობაში ყალიბდება და ცალი თვალით ცუდ ხედვაში ვლინდება. Vivid Vision-ი ვირტუალური რეალობის პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სხვადასხვა თამაშებით ზარმაცი თვალის ‘გამოფხიზლებას’ უწყობს ხელს.

თუ Xvision-ი შედარებით ახალი პროდუქტია ბაზარზე, Vivid vision-ი უკვე 400 კლინიკაში გამოიყენება.


3. გაცოცხლებული ზღაპრები სახალისო კითხვისთვის

როგორც გაფართოებული რეალობების მიმოხილვისას აღვნიშნეთ, მხატვრული ნაწარმოებები ამ ტექნოლოგიის გამოყენების კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა. ტაბლეტით, სმარტფონით, ან VR სათვალეებით გაცოცხლებული მოთხრობები ამ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ტრენდულ მიმართულებად დამკვიდრდა.

აუგმენტური რეალობის აპლიკაცია Wonderscope-ი ამის კარგი მაგალითია. პროექტი კომპანია Within-ს ეკუთვნის, რომელიც, ძირითადად, ვირტუალური რეალობის ტექნიკაზე მორგებულ სიუჟეტებზე მუშაობს: სათავგადასავლო ნაწარმოებებზე, დოკუმენტურ და საშინელებათა ჩვენებებზე, სავარჯიშო პროგრამებზე… მოკლედ, ყველაფერზე, რაც შეიძლება ვირტუალურ რეალობაში საინტერესო გამოდგეს.

Wonderscope-ი გამონაკლისს წარმოადგენს. მისთვის უბრალო პლანშეტი ან სმარტფონიც საკმარისია და მომხმარებლის თვალწინ არსებული რეალობა წამში ჯადოსნურ სამყაროდ იქცევა. პროექტმა გასაოცარ წარმატებას მიაღწია: Kidscreen-ის 2020 წლის დაჯილდოვებაზე მან “საუკეთესო სასწავლო აპლიკაციის” წოდება მოიპოვა, 2019 წელს კი ფილმისა და ტელევიზიის ხელოვნების ბრიტანული აკადემიის (BAFTA) ჯილდოც მიიღო. ონლაინ გაზეთმა WIRED აპლიკაცია “AR განათლების მომავლად” მოიხსენია.

Wonderscope-ში უკვე რამდენიმე სიუჟეტია ხელმისაწვდომი, რომელთაგან ზოგი ბავშვებს ხმამაღლა კითხვისკენ მოუწოდებს, ზოგი ისტორიას ასწავლის, ზოგი კი – კოსმოსის შესახებ უყვება. ამ ეტაპზე, აპლიკაციის გადმოწერა მხოლოდ Apple-ის მაღაზიიდანაა შესაძლებელი და ის iPad-ზე ან iPhone 6-დან ზევით ყველა სმარტფონზე მიდის, რომელსაც IOS 11 უყენია.


4. შერეული რეალობის სათვალეები სკოლებში

არანაკლებ საინტერესო სტარტაპია ასევე განათლებაზე ორიენტირებული შერეული რეალობის კომპანია Zspace. Wonderscope-ისგან განსხვავებით, კომპანია შერეული რეალობის ტექნოლოგიის სკოლებში დანერგვაზე მუშაობს. ის სასწავლო დაწესებულებებს სპეციალური ლეპტოპებითა და ვირტუალური რეალობის სათვალეებით ამარაგებს, რომელთა წყალობითაც ბავშვებს ლამის ხელში უჭირავთ გული და ფილტვები ანატომიის გაკვეთილზე, მარსი და იუპიტერი კი - ასტრონომიის. პროექტის მნიშვნელოვან უპირატესობად ისიც ითვლება, რომ მოსწავლეები ერთად ხედავენ ვირტუალურ ობიექტებს, რაც კოლაბორაციის შესაძლებლობას იძლევა. ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ახალისებს გაკვეთილებს Zspace-ის სათვალეები.


5. ვირტუალური ტრენინგები

მედიცინისა და განათლების გარდა, გაფართოებული რეალობა სამსახურის ტრენინგებსაც მოედო. Strivr-ი ამ მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ის სილიკონ ველიდან ოპერირებს და 2015 წლიდან მას 50 მილიონი დოლარის ინვესტიციები აქვს მოზიდული.

კომპანიის მიერ შემუშავებული სატრენინგო პროგრამა ვირტუალური რეალობის სათვალეებზეა გათვლილი. Strivr-ის მეშვეობით, სხვადასხვა სფეროს (ჯანდაცვის, მომხმარებელთა სერვისის, სპორტის…) წარმომადგენლები ერთი ოთახიდან მთელ რიგ “პრაქტიკულ” მეცადინეობებს გადიან, რაც ბევრად უკეთ ამზადებს მათ რეალური შემთხვევებისთვის.

Strivr-ის ყველაზე მსხვილი პროექტი ჰიპერმარკეტ Walmart-ის სამუშაო პერსონალის მომზადება იყო: 2019 წელს მათ პროგრამაში მონაწილეობა მილიონზე მეტმა მომსახურე პერსონალმა გაიარა.


გაფართოებული რეალობების ისტორიისა და მთავარი გამოწვევების შესახებ ამ სტატიაში შეგიძლია წაიკითხო. ტექნოლოგიის გარშემო არსებული დაბრკოლებების მიუხედავად, ზემოაღნიშნული კომპანიები თვალსაჩინო მაგალითებია იმისა, რომ გაფართოებული რეალობის გამოყენებითობა იზრდება. რაც უფრო მოიმატებს მსგავსი სტარტაპების რაოდენობა, მით უფრო ნათელი გახდება ამ ტექნოლოგიის მომავალიც.


გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

შემდეგ კი, გაეცანი:

როგორ მიხვიდე სტარტაპ იდეამდე, რომლებიც მილიონებს მოგიტანს.

რა განსხვავებაა ვირტუალურ, აუგმენტურ და შერეულ რეალობებს შორის.

უკვე წარმატებული ანტრეპრენერების შეცდომები, რომლებიც მათ შედევრების შექმნაში დაეხმარა

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

03 აგვისტო

სოციალური მედიის თანამედროვე გამოწვევები და ციფრული კონსტიტუციონალიზმი

ინტერვიუ ედოარდო კელესტესტან. რომელია ის პრინციპები და ფასეულობები, რომლითაც ჩვენი საზოგადოება იხელმძღვანელებს ციფრულ ხანაში
03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
10 აგვისტო

5G - ახალი შესაძლებლობების სამყარო

სიახლეები საზოგადოებას ხშირად აშინებს, აბნევს და ეჭვებს უჩენს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ისეთი ინოვაციის დანერგვაში, როგორიც უსწრაფესი 5G ინტერნეტია, საზოგადოების ნაწილმა საფრთხე დაინახა და ამ შეგრძნებამ ისე მოიცვა, რომ კითხვის - „რა სარგებელს მოიტანს ეს უკანასკნელი?“ დასმაც არ ჩათვალა საჭიროდ და ბოლო თაობის ინტერნეტკავშირი უპირობო მტრად მიიღო.