ლურჯი ვერსია

5 სოციალური ქსელი, რომლებიც ყველა სტარტაპმა უნდა გამოიყენოს

09 მარტი 2021

მსგავსი სტატია News Feed-ში რომ შემხვედროდა, შეიძლება, არც წამეკითხა. ვიფიქრებდი: “ისედაც ხომ ვიცი, რომელი სოციალური ქსელი რისთვის უნდა გამოვიყენო-მეთქი?”. თუმცა, რაც უფრო ღრმად ვიკვლევ კონკრეტულ საკითხს, მით უფრო ვრწმუნდები, რომ რეალურად ძალიან ცოტა ვიცი ( სოკრატეს არ ვბაძავ, მაგრამ ეგრე გამოვიდა). ვეცდები, რომ ამაში შენც დაგარწმუნო.

ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავ ფეისბუკის, ინსტაგრამის, ლინკდინისა და ტიკ ტოკის მუშაობის პრინციპებს, კონტენტის განთავსების წესებსა და მათ ალგორითმებზე გამარჯვების იმ ჭკვიანურ ხრიკებს, რომლებიც პირადი გამოცდილებიდან ავითვისე. სულ ბოლოს კი, ახალ პლატფორმა Clubhouse-საც გაგაცნობ, რომლის შესახებ ბევრმა ჯერ არც კი იცის. ეს იმას ნიშნავს, რომ პლატფორმაზე გასაწევრიანებლად და პოპულარობის მოსაპოვებლად სწორედ ახლაა იდეალური დრო.

სანამ დეტალებზე გადავალ, მოდი, სოციალურ მედიაში რეგისტრირებული მომხმარებლების მსოფლიო და საქართველოს სტატისტიკას გადავხედოთ. ასე უკეთ გამოჩნდება, რატომ შევაჩერეთ ზემოთ აღნიშნულ პლატფორმებზე არჩევანი და რატომ გირჩევთ შენც იგივეს.


სოციალურ მედიაში რეგისტრირებული მომხმარებლები

მსოფლიო დონის მარკეტინგული ორგანიზაციები (We Are Social-ი, Hootsuite-ი და Datareportal-ი) ყოველწლიურად ძალიან საინტერესო ანგარიშებს აქვეყნებენ, რომლებშიც განხილულია მსოფლიოში მიმდინარე ციფრული ტრენდები. მე პირადად, ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ამ კვლევაში საქართველოცაა მოხსენიებული, რადგან სოციალური მედიის შესახებ სტატისტიკებით დიდად განებივრებულები არ ვართ.


მსოფლიოს სტატისტიკა

2021 წლის იანვრის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით სოციალურ მედიაში 4.20 მილიარდი აქტიური ანგარიშია შექმნილი. მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 13%-ითაა გაზრდილი (490 მილიონით). გამოდის, რომ პანდემიის პერიოდში ყოველდღიურად 1.3 მილიონი ახალი მომხმარებელი რეგისტრირდებოდა.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ, გლობალურად, 16-დან 64 წლამდე ადამიანების 45% კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში ეძებს – თვეში მინიმუმ ერთხელ მაინც. ასეთი მონაცემები განაპირობებს ახალ ტრენდს სოციალურ მედიაში, რომელიც ბუმის ბავშვებზე (55-64 წლის ადამიანები) გათვლილ მარკეტინგს უკავშირდება.

მსოფლიოში 5 ყველაზე გამოყენებადი სოციალური პლატფორმების სია კი, ასე გამოიყურება (რიცხვები მოცემულია მილიონებში):


მარკეტინგული კომპანია Hootsuite-ს კვლევის თანახმად, მომხმარებელთა 27.5% სოციალურ ქსელებს პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად იყენებს. თუმცა, უმეტესობისთვის მთავარი მიზანი მიმდინარე მოვლენებისა და სიახლეების გაცნობა, გასართობი კონტენტით განტვირთვა, ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარება, საკუთარი აზრის დაფიქსირება და ნაცნობ თუ უცნობ ხალხთან დაკავშირებაა.

ალბათ შენც ხვდები, რომ თუ მარკეტინგული სტრატეგიის შექმნისას ამ ყველაფერს გაითვალისწინებ, მხოლოდ მაშინ შეძლებ, პროდუქტების მოძიებაზე ორიენტირებულ 27.5%-ს გასცდე. სწორედ ამ მიდგომას ეყრდნობა ჩვენს სტატიაში თავმოყრილი რჩევები.


საქართველოს სტატისტიკა

2021 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში 3.10 მილიონი სოციალური მედიის მომხმარებელია რეგისტრირებული, რაც მთლიანი მოსახლეობის 77.8%-ს შეადგენს. თუმცა, აქვე იმასაც გეტყვი, რომ ამ სტატისტიკაში უნიკალური მომხმარებლების რაოდენობა არ იგულისხმება, რადგან ზოგიერთ ადამიანს რამდენიმე ანგარიში აქვს შექმნილი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სოციალურ ქსელებში მოსახლეობის 96% მობილური მოწყობილობებით შემოდის. სწორედ ამიტომ, თუ სტარტაპი გაქვს ან მარკეტინგის მიმართულებით მუშაობ, შენი კონტენტი შესაბამის ფორმატებს აუცილებლად მოარგე. მე პირადად გირჩევ, რომ ვიდეოებიც და ფოტოებიც კვადრატული ან ვერტიკალური იყოს, რადგან Feed-ში უფრო შესამჩნევი იქნება, ვიდრე ჰორიზონტალური კონტენტი.

საქართველოში 4 ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის სია, რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით, ასე გამოიყურება:

Facebook-ი – 2.80 მილიონი (51,7% ქალი, 48,3% მამაკაცი).

Instagram-ი – 1.20 მილიონი (57,4% ქალი, 42,6% მამაკაცი).

LinkedIn-ი – 390 ათასი ( 60% ქალი, 40% მამაკაცი).

Twitter-ი – 68 ათასი (27,8% ქალი, 72,2% მამაკაცი).

სამწუხაროდ, კვლევაში Tik Tok-ის მონაცემები შეყვანილი არ არის, თუმცა, ჩემი ვარაუდით, Twitter-სა და LinkedIn-ზე მეტი მომხმარებელი პლატფორმას ნამდვილად ეყოლება.


საქართველოში პოპულარული სოციალური ქსელები


Facebook

იმაზე საუბარს არ დავიწყებ, რამდენად პოპულარული ქსელია ფეისბუკი. არც მისი შექმნის ისტორიას მოგიყვები და აღარც სტატისტიკით მოგაწყენ თავს, დასაწყისშიც საკმარისი იყო. ახლა უფრო შინაარსობრივ ნაწილზე გადავალ: რატომ უნდა გამოიყენო ეს პლატფორმა შენი სტარტაპისთვის?

პირველ რიგში იმიტომ, რომ N1-ია რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით. მეორე მხრივ, ფეისბუკის სარეკლამო პლატფორმის დახმარებით (Ads Manager), შეგიძლია ზუსტად შენს სამიზნე აუდიტორიას მისწვდე. მთავარია სწორად განსაზღვრო მიზანი: ჩართულობა (Engagement) გინდა, მეტი შეტყობინების მიღება, მომხმარებლების ვებ-გვერდზე გადაყვანა, ბრენდის ცნობადობის გაზრდა თუ მონაცემების (ელ-ფოსტა, საკონტაქტო ნომერი) შეგროვება? გახსოვდეს, რომ უნივერსალური რეკლამის ფორმა არ არსებობს.


პოსტების რაოდენობა

პირადი გამოცდილებით გირჩევ, რომ კვირაში მინიმუმ 1 პოსტი მაინც დადო, მაქსიმუმ – 7. იდეალურ შემთხვევაში, 3 ან 4. ყურადღება მიაქციე კონტენტის ხარისხს. შექმენი რუბრიკები და გადაანაწილე კონკრეტულ დღეებზე. მაგალითად:

ორშაბათს დადე საგანმანათლებლო კონტენტი (რჩევები, ფაქტები ნიშურ ინდუსტრიაზე და ა.შ.);

ოთხშაბათს შენს სტარტაპზე მოგვიყევი და გაგვაცანი გუნდის წევრები, გვანახე, რა ხდება შიდა სამზარეულოში;

პარასკევს გაყიდვადი პოსტით კონკრეტული სერვისი ან პროდუქტი შემოგვთავაზე;

კვირას გასართობი კონტენტი გამოიყენე (მიმები, სასაცილო ისტორიები სამუშაო პროცესიდან და ა.შ).


როდის უნდა დაპოსტო?

ინტერნეტში უამრავ სტატიას შეხვდები, სადაც დეტალურად გიხსნიან, რომ ამა და ამ დროს უნდა დაპოსტო. თუმცა, მე გირჩევ, რომ ასეთ ზოგად მონაცემებს არ ენდო. უბრალოდ გადადი ფეისბუკის ანალიტიკაში, სადაც დეტალურად ნახავ, რომელ დღეებში და რა დროსაა აქტიური შენი აუდიტორია. აი, დეტალური ინსტრუქცია:

1. ეწვიე ვებ-გვერდს https://analytics.facebook.com/

2. Get Started > Try the Demo > ზედა მარცხენა კუთხეში აირჩიე ფეისბუკის გვერდი

3. Setting-ში შეცვალე დროის ზონა (Time Zone) და დააყენე თბილისზე (GMT+04:00) Asia/Tbilisi

4. გადადი Overview-ში, ოდნავ ჩამოსქროლე და ასეთი დიაგრამაც დაგხვდება. რაც უფრო მუქია კვადრატი, მომხმარებლები დროის მოცემულ მონაკვეთში მით უფრო აქტიურები არიან და – პირიქით.


Instagram

Instagram-ის ალგორითმი სულ ახლახანს შეიცვალა და თუ ამ წესებს არ გაითვალისწინებ, დიდი ალბათობით, შენი კონტენტი რეკომენდაციებში ვერ მოხვდება. 3 მთავარი პუნქტი, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება, ასე გამოიყურება:

Reels;

ინსტაგრამის ფუნქციების გამოყენება;

თანმიმდევრულობა.


Reels

ეს ინსტაგრამის ახალი ფუნქციაა, რომელიც Tik Tok-ის ანალოგია. მისი საშუალებით შეგიძლია მოკლე (მაქსიმუმ 30 წამიანი) ვიდეოები შექმნა. თუ კვირაში მინიმუმ 1 რილს მაინც არ ატვირთავ, ალგორითმი შენს მთლიან კონტენტს დასჯის და სხვა პოსტებზე დაბალი ჩართულობა გექნება. იდეალურ შემთხვევაში, კვირაში 4-7 რილი უნდა დადო. გირჩევ, რომ ვიდეო ფორმატით შენი პროდუქტის ან სერვისის შესახებ მოგვიყვე. გარდა ამისა, აუდიტორიას რაღაც ახალი ასწავლე. შეგვახედე, რა ხდება კადრს მიღმა, ვინ ქმნის შენს სტარტაპს. არ დაგავიწყდეს ტრენდული მუსიკის გამოყენება და რილების ინსტაგრამ სთორიში და ფიდზე გაზიარება.


ინსტაგრამის ფუნქციების გამოყენება

ალგორითმი პრიორიტეტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგანიჭებს, თუ ინსტაგრამზე დიდ დროს ატარებ და აპლიკაციის თითოეულ ფუნქციას იყენებ: Reels, IGTV, პოსტები, ჰეშთეგები, ლოკაციის მითითება, ფილტრები, სთორები, მომხმარებლების შეტყობინებებზე პასუხის გაცემა და ლაივები. იდეალურ შემთხვევაში, მთლიანი კვირის კონტენტ-გეგმა ასეთი უნდა იყოს: 8-10 სთორი, 3 პოსტი, 4-7 Reels და 1-3 IGTV. ალბათ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დიდ დროს წაიღებს. მართალი ხარ. ამიტომ ეცადე, რომ მინიმუმი მაინც გააკეთო.


თანმიმდევრულობა

ატვირთე პოსტები ზუსტად ერთსა და იმავე დროს. განრიგის შესადგენად შეგიძლია Facebook-ის Creator Studio გამოიყენო. გაითვალისწინე, რა დროს არის შენი აუდიტორია აქტიური. ამისთვის გადადი ინსტაგრამზე და შედი: Settings > Insights > Total Followers და სულ ბოლოში ჩამოსქროლე.


Tik Tok

Tik Tok-ი თავდაპირველად თაობა Z-ის (1996-2015 წლებში დაბადებულები) გასართობი აპლიკაცია იყო და მას სერიოზულად არავინ უყურებდა. პანდემიის პერიოდში სიტუაცია შეიცვალა: 2020 წელს მომხმარებლების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა და პლატფორმაზე, ნელ-ნელა, სხვადასხვა კომპანიებიც გამოჩნდნენ.


როგორ უნდა მოხვდე For You-ზე, ანუ რეკომენდაციებში

Tik Tok-ზე მაქსიმუმ 1 წუთიანი ვიდეოების განთავსება შეგიძლია, თუმცა მარკეტინგული ორგანიზაცია Socialbakers-ი გვირჩევს, რომ 15-16 წამიანი კონტენტი შევქმნათ.

უფრო ხანგრძლივი ვიდეოები ნაკლებ ჩართულობას იწვევს, რადგან მათ იშვიათად უყურებენ ბოლომდე. შესაბამისად, მაყურებელი პირველივე 5 წამში უნდა დააინტრიგო. ეცადე, თავიდანვე ცხადი იყოს, რა სარგებელს მიიღებს ხალხი შენი ვიდეოს ყურებით. გახსოვდეს, რომ კონტენტი 4 სახის უნდა იყოს: შთამაგონებელი, გასართობი, საგანმანათლებლო და დამარწმუნებელი.

შექმენი გამოწვევები, ე.წ Challenges. შეიმუშავე რაიმე კონცეფცია, რომლის მიხედვითაც მომხმარებლებმა ვიდეოები უნდა გადაიღონ, მოგნიშნონ და კონკრეტული ჰეშთეგი გამოიყენონ. აუცილებლად დააწესე რაიმე საჩუქარი, რათა მეტი მოტივაცია მისცე აუდიტორიას. შეგიძლია ნიშურ ინფლუენსერებსაც დაუკავშირდე და კოლაბორაცია შესთავაზო.

აუცილებლად უპასუხე კომენტარებს და დღეში მინიმუმ 45 წუთი მაინც სქროლე ტიკტოკი. სოციალური ქსელების ალგორითმებს უყვართ, როცა აპლიკაციებში დიდ დროს ვატარებთ.

ტიკტოკის ალგორითმებზე უფრო დეტალურად გაეცანი ამ სტატიას, სადაც განვიხილავთ, როგორ მოახერხა პლატფორმამ 3 წელში თითქმის მილიარდიანი აუდიტორიის მოგროვება და კონკრეტულად რას ენიჭება უპირატესობა ტიკტოკზე პოპულარობის მოპოვებისთვის.


LinkedIn

LinkedIn-ი საქმიანი სოციალური ქსელია, სადაც შედარებით ოფიციალური უნდა იყო. რამდენიმე რჩევას მოგცემ:


შექმენი გვერდი

გადადი LinkedIn Pages განყოფილებაში და დააჭირე Create your Page-ს. აირჩიე კატეგორია და შეიყვანე შენი სტარტაპის მონაცემები. არ დაგავიწყდეს ლოგოს ატვირთვა და მოკლე, ადვილად დასამახსოვრებელი აღწერის (tagline) დაწერა, რომელიც უშუალოდ პროდუქტს/სერვისს უკავშირდება.


შექმენი უნიკალური, მაგრამ პლატფორმაზე მორგებული კონტენტი

როგორ იყენებენ ამ პლატფორმას და რა ტიპის კონტენტს აზიარებენ შენი კონკურენტები?. ეცადე, რომ მათგან განსხვავებული იყო. LinkedIn-ის სტატისტიკის მიხედვით, სურათიან პოსტებზე 98%-ით მეტი კომენტარი იწერება, ვიდრე მხოლოდ ტექსტურ პოსტებზე. კარგად მუშაობს კოლაჟებიც, რომლებიც 3-4 ფოტოსგან შედგება. არ გამოიყენო სტოკები და, რაც მთავარია, – არ დაგავიწყდეს ვიდეოები! ამ პლატფორმაზე უფრო მეტი ყურადღება შენს სტარტაპზე გაამახვილე: რა ეტაპზეა, რა მიღწევები აქვს, ვინ ქმნის მას და რას აკეთებთ ყოველდღიურად იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ.


აჰყევი LinkedIn-ის ალგორითმს

ალგორითმი 3 საკითხს ითვალისწინებს: პირადი კავშირები, ინტერესის შესაბამისობა და ჩართულობის ალბათობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, მისი მიზანია ხალხს ისეთი კონტენტი აჩვენოს, როგორიც მათ დააინტერესებთ თავიანთი გამომწერებისგან. ასე რომ, შემდეგში, როცა შენს თანამშრომლებზე პოსტს დადებ, ამის შესახებ მათაც აცნობე და გამოიყენე უნიკალური ფუნქცია “Notify employees of post”. თუ მოიწონებენ ან დააკომენტარებენ, პოსტი მათი ყველა გამომწერის ფიდში აღმოჩნდება.

აუცილებლად დაწერე მოკლე ტექსტები, გრძელი პოსტების შემთხვევაში კი პარაგრაფები და ე.წ bullet point-ები გამოიყენე. ჩართულობის გასაზრდელად და უკუკავშირის მისაღებად, ჩაატარე გამოკითხვები LinkedIn Polls-ის დახმარებით. კომენტარებს და მესიჯებს სწრაფად უპასუხე და კონტენტში 2-3 რელევანტური ჰეშთეგიც არ დაგავიწყდეს. სხვათაშორის, LinkedIn-ზე ლაივში გასვლა და სთორების დადებაც შეგიძლია.


Clubhouse

Clubhouse უახლესი სოციალური მედიის ქსელია, რომელმაც პოპულარობა ილონ მასკის ტვიტის შემდეგ მოიპოვა. აპლიკაცია მსოფლიოს მასშტაბით უკვე 10 მილიონჯერაა გადმოწერილი და საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

პლატფორმა მხოლოდ აუდიო კომუნიკაციისთვისაა განკუთვნილი, რომლის დახმარებითაც ონლაინ სასაუბრო ოთახების შექმნა და მომხმარებლებთან საუბარი შეგიძლია.


როგორ უნდა დარეგისტრირდე?

აპლიკაციაში მოსახვედრად აწ უკვე რეგისტრირებული მომხმარებლისგან მოწვევა დაგჭირდება, რაც Clubhouse-ს კიდევ უფრო ექსკლუზიურს ხდის. ის მხოლოდ IOS მოწყობილობებზეა ხელმისაწვდომი, თუმცა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკვე ანდროიდის დეველოპერიც დაიქირავეს. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის შეეძლებათ ანდროიდის მომხმარებლებს აპლიკაციაში რეგისტრაცია.


როგორ მუშაობს პლატფორმა?

რეგისტრაციის დროს ირჩევ ინტერესებს, რომელთა მიხედვითაც პლატფორმა სასაუბრო ოთახებს გთავაზობს. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გამოიწერო შენთვის საინტერესო ადამიანები, რათა მათი ოთახებიც ამოგიგდოს.

აპლიკაციის დახმარებით სტარტაპის ცნობადობის ამაღლება შეგიძლია. შექმენი ნიშური ოთახები, რომლებშიც შენს სფეროში ცნობილ ექსპერტებს მოიწვევ და მათთან ერთად ისაუბრებ. გარდა ამისა, მოუსმინე მომხმარებლებს და მიიღე მათგან უკუკავშირი პროდუქტსა თუ სერვისზე. Clubhouse-ში ინვესტორებთან დაკავშირებაც მარტივია – შეუერთდი ბიზნეს საუბრებს, ისაუბრე შენი სტარტაპის პოტენციალსა და უპირატესობებზე. ეს არის პლატფორმა, რომლის დახმარებითაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრ საჭირო ადამიანს გაიცნობ.

აუცილებელი არ არის, რომ ყველა სოციალურ არხში პოზიციონირდე. შეგიძლია 1-2 პლატფორმა აირჩიო, თუმცა ხარისხიანი კონტენტი შექმნა. ყველაფერი ინდუსტრიასა და შენს სურვილზეა დამოკიდებული.

იმედი მაქვს, ეს რჩევები შენი სტარტაპის განვითარებაში დაგეხმარება. გამიხარდება, თუ კომენტარებში უკუკავშირს გამიზიარებ. წარმატებებს გისურვებ!

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ

მარიამ კერესელიძე

რეკომენდაციები

10 ნოემბერი

Tiktok: ამომავალი სოციალური მედიის მთავარი ხრიკები

როცა გვეგონა, რომ სოციალური ქსელების სივრცე ინდუსტრიის გიგანტებს უკვე საფუძვლიანად ჰქონდათ ათვისებული, გამოჩნდა ახალი აპლიკაცია, რომელმაც სულ მალე საყოველთაო ყურადღება დაიმსახურა.
20 ნოემბერი

რა არის სიტყვიერი (Word of Mouth) მარკეტინგი და როგორ ვისარგებლოთ ამ მოდელით?

სოციალურმა ქსელებმა კიდევ უფრო წინ წამოწია კლიენტების მოზიდვის უფასო მექანიზმი: ხალხის მიერ შენს კომპანიაზე ხმის გავრცელება. 
18 დეკემბერი

შთამაგონებელი საახალწლო კამპანიები და მარტივად შესრულებადი იდეები შენი სტარტაპისთვის

ახალი წელი ახლოვდება, ბრენდებისთვის კი, ამაზე უკეთესი პერიოდი არ არსებობს შთამაგონებელი კამპანიების გასაშვებად