ლურჯი ვერსია

8 წიგნი, რომელთა წაკითხვის შემდეგაც სტარტაპის წამოწყებაზე ფიქრს ვეღარ შეწყვეტ

26 თებერვალი 2021

როცა საქმე საქმეზე მიდგება, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად გიყვარს ან არ გიყვარს კითხვა. ბევრად მეტს კარგავ კონკრეტული წიგნის არწაკითხვით, ვიდრე მის წასაკითხად დროისა და ენერგიის გამოყოფით.

მთავარი კითხვა ის კი არაა, უნდა წაიკითხო თუ არა წიგნები სტარტაპერობაზე, არამედ ის, რომელ ავტორებსა და რჩევებს უნდა ენდო.

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ New York Times-ის, Forbes-ისა და სილიკონ ველის მიერ აღიარებული ბიზნეს ლიდერების წიგნებს მათთვის:

1. ვინც ეძებს ინსპირაციას;

2. ვინც ეძებს იდეებს;

3. ვინც უკვე მუშაობს პერსონალურ პროექტზე.


შერჩეული წიგნების ენა და მოძიება

ჩამოთვლილი წიგნებიდან ზოგიერთი ქართულადაც მოიძებნება, მაგრამ, სამწუხაროდ, უმეტესობა ნათარგმნი არაა. ამის გამო, ნუ შეიკავებ თავს მათი წაკითხვისგან – იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინგლისურს მაღალ დონეზე არ ფლობ. ეს წიგნები საკმაოდ მარტივი ენით წერია. ინგლისურის საშუალო დონეზე ცოდნაც სრულებით საკმარისი იქნება.

თითოეული მათგანი ხელმისაწვდომია ამაზონზე, თანაც საკმაოდ იაფად. თუ დროის ნაკლებობას განიცდი, ზოგიერთი მათგანის ადაპტირებული ვერსიაც არსებობს: blinkist.com-ი ის პლატფორმაა, სადაც უამრავი წიგნი კონსპექტადაა ქცეული. ამ წიგნებს შორის ჩვენს მიერ შემოთავაზებული ლიტერატურაც მოიძებნება და თითოეულს დავურთავთ შესაბამის ლინკსაც (blinkist-ით სარგებლობა ფასიანია, მაგრამ პლატფორმა ერთ კვირიანი უფასო მოხმარების შესაძლებლობას იძლევა).

შენიშვნა: ჩვენ არ ვიღებთ არანაირ ფინანსურ სარგებელს არც ამ ლინკებზე გადასვლით და არც შემოთავაზებული წიგნების გამოწერით.


მათთვის, ვისაც სტარტაპის წამოწყების ეშინია


1. Founders at work: Stories of startups’ early days – Jessica Livingston

ამაზონის ლინკი;

blinkist-ის ლინკი.

ჩვენს სიას იმ წიგნით ვიწყებთ, რომელიც მოთხრობებივით იკითხება. ოღონდ, მხატვრულისგან განსხვავებით, ის რეალურ ისტორიებს ეფუძნება და რეალური, წარმატებული, სტარტაპერების ინტერვიუებისგან შედგება.

წიგნი ჯესიკა ლივინგსტონმა დაწერა 2001 წელს, მაგრამ აქ თარიღს ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. ჯესიკა სტარტაპ აქსელერატორ Y Combinator-ის (YC) თანადამფუძნებელია. მეტიც, ის მეორე დამფუძნებლის, პოლ გრემის (რომელსაც ჩვენს სტატიებში ხშირად შეხვდები) ცოლია. ამჟამად ის YC-ის მიერ დაარსებულ სტარტაპ სკოლას უძღვება. მგონი, აღარაა საჭირო იმაზე საუბარი, რამდენმა სტარტაპმა მოწყვიტა ვარსკვლავები მის თვალწინ, მისი დახმარებით.

სწორედ ამ სტარტაპების განვლილ გზაზე გვიყვება ჯესიკა თავის წიგნში “დამფუძნებლების მუშაობისას: ამბები სტარტაპერების ადრეულ დღეებზე”. ეს წიგნი მხოლოდ სასიამოვნო საკითხავი არაა მათთვის, ვისაც ისედაც უყვარს ლიტერატურა. მისი მეშვეობით შესაძლებლობა გეძლევა კულისებს მიღმა შეიჭყიტო, სადაც აუცილებლად აღმოაჩენ, რომ სტივ ვოზნიაკი (ეფლის დამფუძნებელი) სტარტაპის დამფუძნებლად არ დაბადებულა. არც Paypal-ის, Hotmail-ის და Flickr-ის ავტორები.

მოკლედ, იმაზე ნათლად ვერაფერი დაგანახებს, რამდენად უმნიშვნელოა გამოცდილება ენთუზიაზმთან შედარებით, ვიდრე რეალური ისტორიები რეალურ წარმატებებზე.


2. Screw it let’s do it – Sir Richard Branson

ამაზონის ლინკი.

თუ წინა ლიტერატურა სხვადასხვა დამფუძნებლები საუბრობენ პირად გამოწვევებსა და გამოცდილებებზე, რიჩარდ ბრენსონის წიგნი მთლიანად რიჩარდ ბრენსონის თავგადასავალს ეთმობა. მაგრამ, ვინ არის რიჩარდ ბრენსონი და რატომ უნდა მოვუსმინოთ მას?

ჯერ კიდევ 70-იან წლებში, ანუ მანამ, სანამ სტარტაპერობა ტრენდად მიიჩნეოდა, რიჩარდმა ვენჩურ კაპიტალის კონგლომერატი დააარსა, რომელიც დღეს 400-ზე მეტ კომპანიას აკონტროლებს სხვადასხვა სფეროებიდან. პირადად მე, მისი რჩევებით დავინტერესდებოდი.

წიგნში “ჯანდაბას, მოდი გავაკეთოთ”, ბრენსონი იხსენებს თავის მოგზაურობას ნულიდან მილიარდ დოლარიან ორგანიზაციამდე და გვიზიარებს იმ იდეებს, რომლებმაც არც მოდუნების უფლება მისცა და არც – დაბრკოლებების შეშინების. ამ რჩევებს შორისაა: “დაიჯერე, რომ გამოგივა”; “თუ შენი არ სჯერათ, სცადე და სცადე მანამ, სანამ საპირისპიროს არ დაამტკიცებ” და “გულით უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ.” ჰო, ზოგადი და გავრცელებული რჩევებია, მაგრამ დამიჯერე, წიგნში ბევრად მეტ და უფრო ინტიმურ საიდუმლოს აღმოაჩენ.


3. Never too late to startup – Rob Kornblum

ამაზონის ლინკი.

თუ თვლი, რომ სტარტაპის წამოწყების ოქროს წლები გამოტოვე, მაშინ სწორედ ეს წიგნი დაგიმტკიცებს საპირისპიროს. სხვათა შორის, სტარტაპერობაზე გავრცელებულ 7 მითშიც ვახსენეთ, რომ, ვენჩურ კაპიტალისტების ჩათვლით, 22-25 წლებს სტარტაპის წამოწყების საუკეთესო პერიოდად მიიჩნევენ. სინამდვილეში, MIT-ის კვლევის თანახმად, წარმატებული სტარტაპერების საშუალო ასაკი 42 წელია. მაგრამ, თუ ეს სტატისტიკა საკმარისი არ იყო შენი ეჭვების დასამარცხებლად, იმედია, წიგნი “არასოდესაა გვიანი სტარტაპისთვის” დაგეხმარება ამაში.

“ანტრეპრენერობა ულტიმატური კარიერული ცვლილებაა შუა ასაკში.”

ვკითხულობთ წიგნის შესავალში. ნამდვილად დამაინტრიგებლად ჟღერს, თუმცა რობი ინტრიგაზე მეტს გვთავაზობს. უამრავ შუა ასაკის დამფუძნებლებთან წარმოებული ინტერვიუების კვალდაკვალ ის გაგიზიარებს ისეთ პრაქტიკულ რჩევებს, როგორებიცაა:

როგორ ვიპოვოთ კარგი სტარტაპიდეები;

როგორ დავიწყოთ სტარტაპი ისე, რომ არ მივატოვოთ სამსახური (ჯერ);

როგორ შევქმნათ კომპანია და შევინარჩუნოთ იდილია ოჯახში;

როგორ ზრდის გამოცდილება შენი წარმატების შანსებს;

როგორ მოვიძიოთ დაფინანსება.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს წიგნი, ერთის მხრივ, სტარტაპის შუა ასაკში წამოწყებაში დაგარწმუნებს, მეორეს მხრივ კი, გასწავლის – როგორ.

მასვე ეკუთვნის წიგნი “ანტრეპრენერის რაკეტის საწვავი: როგორ აყავთ სტარტაპერებს მსოფლიო დონის ტალანტები და როგორ ქმნიან კულტურას ბიზნესის ტრანსფორმაციისთვის” (როგორ მიყვარს ამხელა სათაურები). შეგიძლია სწორედ მისი ამ წიგნით გააგრძელო სტარტაპერობისთვის მზადება.


4. The $100 startup – Chris Guillebeau

ამაზონის ლინკი;

blinkist-ის ლინკი.

კრის გუილებო (იმედია, სწორად დავწერე მისი გვარი) მთელი ცხოვრებაა მოგზაურობს და მხოლოდ იმას აკეთებს, რაც უნდა. თანაც, ამაში მოგზაურობისთვის საჭირო ფულსაც შოულობს და სხვებსაც ეხმარება იგივეში. მეტიც, კრისი იმასაც ირწმუნება, რომ ამისათვის არც დიდი ინვესტიცია, არც ბიზნეს სკოლის დამთავრება და არც კონტაქტები არ გჭირდება. ერთადერთი, რასაც $100-იანი სტარტაპი მოითხოვს, ენთუზიაზმია.

1 500 მსგავსი მოგზაურ-სტარტაპერის ისტორიების გაანალიზების შემდეგ მან 50 გამორჩეული ქეისი აიღო და ამ წიგნში, გასაოცარ ისტორიებთან ერთად, იმ ღირებულ რჩევა-დარიგებებს მოუყარა თავი, რომლებიც დაგეხმარება ფულის შოვნაში უბრალოდ იმის კეთებით, რაც გიყვარს. სხვა სიტყვებით, კრისი გასწავლის, როგორ მოიზიდო მომხმარებლები და აყიდინო მათ შენი პროდუქტი. გასაკვირი არაა, რომ ეს წიგნიც New York Times-ის ბესტსელერია.

კრისის ნაწარმოები კიდევ ერთი რამით გამოირჩევა, რამაც განსაკუთრებით დამაინტერესა (სხვათა შორის, ერთი სული მაქვს როდის მოვა ჩემი მეგობრის დაბადების დღე, რომ ეს წიგნი ვაჩუქო). ის მიიჩნევს, რომ თუ იმას გავაკეთებთ, რაც გვიყვარს, მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არ შევქმნით უნიკალურ ღირებულებას, არამედ სხვებსაც გავუზიარებთ მას:

“გარდაქმენი შენი ფულის შოვნის გზა, აკეთე ის, რაც გიყვარს და შექმენი ახალი მომავალი” – ესაა წიგნის სათაურის გაგრძელება.

თუ რაღაცის კეთება განსაკუთრებით გიყვარს, რთულია ამ გზაზე თვალი დახუჭო. მითუმეტეს მაშინ, როცა თან გზამკვლევიც გაგაჩნია და იცი, რომ მინიმუმ 1 500 კაცს უკვე გაუკეთებია იგივე.


მათთვის, ვინც იდეების გენერირების ფაზაში გაიჭედა


5. Zero to one – Peter Thiel with Blake Masters

ამაზონის ლინკი;

blinkist-ის ლინკი;

ქართული თარგმანი: “ნულიდან ერთამდე”.

როგორც იქნა, წიგნი, რომელიც ქართულადაა ნათარგმნი. მისი შეძენა შეგიძლიათ ბიბლუსში, ან, მგონი, ყველა სხვა წიგნების მაღაზიაშიც.

“ნულიდან ერთამდე” რადიკალურად ეწინააღმდეგება სტარტაპიდეების გენერირების გავრცელებულ მიდგომას – არსებული პროდუქტების ახალი ვარიაციების შექმნას.

პიტერი თვლის, რომ წარმატებული კომპანიების ასლები უკვე მრავლად არსებობს და თუ ამ მიდგომას მიყვები, შენც ერთ-ერთი იქნები იმ მრავალთაგან. თუ შენი მიზანი ზედმეტად ამბიციურია, ერთ-ერთ ასლად ყოფნა დიდად არ გამოგადგება. წიგნის სათაურიც ამ იდეიდან მოდის: დაიწყე ნულიდან და გახდი ერთი, იმის მაგივრად, რომ დაიწყო არსებულიდან და გახდე ერთ-ერთი. მაგრამ, როგორ?

ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად “ნულიდან ერთამდე” უნდა წაიკითხო. ის გვიზიარებს სხვადასხვა ტექნიკებს უნიკალური იდეების გენერირებისთვის. თუმცა, აქვე მინდა შეგახსენო, რომ ასეთი სტარტაპების წილი წარმატებულ კომპანიათა შორის ძალიან ცოტაა (ანტრეპრენერისა და ყოფილი ვენჩურ კაპიტალისტის, ჯერონ პოლის, მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში სტარტაპიდეებზე, მან აღმოაჩინა, რომ 100 მოწინავე სტარტაპიდან მხოლოდ 16% ეფუძნებოდა უნიკალურ იდეას). თუმცა, სულ რომ თავიდან ბოლომდე უნიკალური იდეების მიგნება ვერ მოახერხო, პიტერის წიგნი იმაში მაინც დაგეხმარება, რომ მაქსიმალურად ორიგინალურ გადაწყვეტას მიაგნო.


მათთვის, ვინც ახლახანს შეაბიჯა (ან სულაც უკვე მუშაობს) სტარტაპსამყაროში

რადგან წარმატებული დამფუძნებლების ისტორიები გარაჟებში და სახლებში იწყება, და რადგან ყველგან (მათ შორის, ჩემს სტატიებშიც) გვესმის, რომ გამოცდილება იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც შემართება, ენთუზიაზმი და მოქმედება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცოდნა არ გჭირდება.

არ დაგავიწყდეს, მარკ ცუკერბერგი ჰარვარდში სწავლობდა, ისევე, როგორც ბილ გეითსი. თანაც, იმ დროს, სტარტაპერობა ისეთი პოპულარული არ ყოფილა, როგორიც დღესაა. ახლა კი, უამრავი კონკურენტი გყავს, რომლებიც ისე მუშაობენ შენს მსგავს იდეაზე, ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ გაქვს. თუმცა, სტარტაპერობის პოპულარიზაციას ძალიან კარგი სარგებელი მოჰყვა: შეიქმნა უამრავი ლიტერატურა სტარტაპერობაზე.

ნათქვამია, ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო. ეს გამოთქმა ამ ინდუსტრიასაც ეხება. თუ კომპასით იმოძრავებ, რომელიც სწორი მიმართულებისკენ მიგითითებს, უფრო სწრაფადაც მიაღწევ სამიზნე წერტილს და ამის შანსიც მეტი გექნება.

აქ იმ სამ წიგნს გაგიზიარებ, რომლებიც ყველა სტარტაპერს უნდა ედოს სახლში.


6. Lean Startup – Eric Ries

ამაზონის ლინკი;

blinkist-ის ლინკი;

ქართული თარგმანი: “წარმატებული სტარტაპი”.

ეს წიგნი დღეს უკვე ყველამ იცის – სულ ერთია, სტარტაპერი ხარ, თუ არა. საბედნიეროდ, ისიც ნათარგმნია ქართულ ენაზე, და “წარმატებული სტარტაპი” ჰქვია. წიგნის პოპულარიზაცია იმან გამოიწვია, რომ ერიკის აღწერილი მეთოდოლოგია სტარტაპის სამყაროში საოცრად შედეგიანი აღმოჩნდა და ღრმად გაიდგა ფესვები. ერთი სიტყვით, რთულია, იპოვო წარმატებული სტარტაპერი, რომელსაც “წარმატებული სტარტაპი” წაკითხული არ აქვს.

ერიკის წიგნიდან ამოღებულ რჩევებს ჩვენც გიზიარებთ ხოლმე სტატიების სახით. მაგალითად, ვირაჟის (ე.წ. პივოტის) ტიპებს ამ სტატიაში.

ავტორი სტარტაპზე მუშაობას სამ პროცესად ყოფს: 1. შექმენი; 2. შეაფასე; 3. ისწავლე. მთელი წიგნი კი, იმას ეთმობა, როგორ დავაჩქაროთ ეს პროცესი და მაქსიმალურად სწრაფად განვვითარდეთ, რათა ფულის გათავებას თუ სხვა პრობლემებს გავუსწროთ.

თუ ამ სიიდან მხოლოდ ერთის წაკითხვას აპირებ, მაშინ წაიკითხე “წარმატებული სტარტაპი”. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ სტარტაპის წამოწყებასთან დაკავშირებული ეჭვები და შიშები უკვე გადალახული გაქვს.


7. The hard thing about hard things – Ben Horowitz

სილიკონ ველის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული ბიზნესმენის, ბენ ჰოროვიცის, წიგნის გარეშე ეს სია სრული არ იქნებოდა. “რთული რამ რთულ რამეებზე” სტარტაპერობის ყველა გამოწვევას, პრობლემასა და სტრესის მიზეზებს ეთმობა – მათი თავიდან აცილების ხერხებთან ერთად. სათაურსვე ეტყობა, რომ წიგნი სავსეა იუმორითა და თავისუფალი ტონით, რაც კითხვის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

ეს წიგნი ღირებულია როგორც გამოცდილი სტარტაპერებისთვის (ვისაც “წარმატებული სტარტაპი” უკვე წაკითხული აქვს), ისე დამწყებებისთვისაც (თუნდაც “წარმატებული სტარტაპის” წაკითვამდე – ამ უკანასკნელის წაკითხვის საჭიროებაში რომ დაგარწმუნოს).


8. The founder’s dilemmas – Noam Wasserman

სათაურითაც მიხვდებოდი, რომ “დამფუძნებლის დილემები” იგივე თემას ეხება, რასაც ბენ ჰოროვიცის წიგნი. თუმცა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ნოამის გზამკვლევში იმ შეცდომებზეა ყურადღება გამახვილებული, რომლებსაც დამწყები სტარტაპერები ყველაზე ხშირად უშვებენ.

რა უპირატესობა გააჩნია ამ შეცდომების შესახებ ინფორმაციის მიღებას? ამ კითხვაზე პასუხი, მგონი, ისედაც ნათელია. წიგნი ისეთ კითხვებზე გაგცემს პასუხს, რომლებიც აუცილებლად გიტრიალებს თავში, თუ სტარტაპერობაზე არაფერი იცი: მარტო უნდა წამოიწყო ყველაფერი თუ თავიდანვე იპოვო თანადამფუძნებელი და ძირითადი გუნდი? როდისაა სწორი დრო ინვესტიციების მოსაზიდად? საიდან უნდა მოვიზიდო ინვესტიცია? და საერთოდ, რა არის პირველი ნაბიჯი სტარტაპის წამოწყებისკენ?

(სხვათა შორის, თუ სტარტაპზე მარტო მუშაობ, გირჩევთ, თანადამფუძნებლის პოვნაზე ფიქრი დაიწყო. ამის მიზეზებსა და სწორი პარტნიორის შერჩევის მეთოდებზე ვრცლად ამ სტატიაში წაიკითხე.)

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა