ლურჯი ვერსია

Agile დეველოპმენტის ფორმები: Kanban vs. Scrum

06 აგვისტო 2021

ერიკ რისის მიერ “წარმატებულ სტარტაპში” განხილულმა Lean მეთოდოლოგიამ პროდუქტის განვითარების მოდელში ეჯაილის (Agile) სახელით გაიდგა ფესვები და ეს მოდელი დღეს უპირატესობა კი არა, აუცილებლობაა.

ერთ და მეტწლიანი პროდუქტის განახლების ტრადიციული ციკლები შექმნა-ტესტირება-სწავლის რამდენიმე კვირიანმა ციკლებმა ჩაანაცვლა. ისევე, როგორც ერიკი გვთავაზობს კარგად დაცდილ ხერხებს Lean სტარტაპის სამართავად, Agile მოდელი დეველოპერთა მუშაობის სტილის გამართვაში გვეხმარება. თუმცა, ის მხოლოდ პროდუქტის ტექნიკურ განვითარებას არ ეხება. ის ერთნაირად ეფექტურია სტარტაპის განვითარების სხვა აქტივობებისთვის, მაგალითად, მარკეტინგული მიზნების განსახორციელებლად.

არსებობს ბევრი განსხვავებული მიდგომა, რომელიც Agile-ის პრინციპებს ეყრდნობა. მათგან ყველაზე ცნობილი კი, სკრამი (scrum) და კანბანია (Kanban).

როგორ მუშაობს ეს ორი მოდელი და რომელს უნდა მიანიჭო უპირატესობა?


მოკლედ ეჯაილის ფილოსოფიის შესახებ

სიტყვა “Agile” სწრაფ და მარტივ მოძრაობას ნიშნავს. მთელი მისი ფილოსოფიაც ამ ორი მახასიათებლის განვითარებიდან მომდინარეობს.

ეს არის პროექტის მართვისა და პროდუქტის განვითარების სტრუქტურიზებული და განმეორებადი მიდგომა, რომელსაც, სტარტაპებთან ერთად, ბევრი მსხვილი კომპანიაც იყენებს. ეჯაილ მოდელი ითვალისწინებს დღეისათვის დამახასიათებელი ცვლილებების სიხშირესა და სწრაფი მუშაობის ტემპს, რაც მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის დროული გათვალისწინების აუცილებლობითაა გამოწვეული. ასეთი პროდუქტები და სერვისები თანამედროვე აპლიკაციების სახელითაა ცნობილი და მათი შექმნის ზოგად პრინციპებს ამ სტატიაში შეგიძლია გაეცნო.

რაც შეეხება ეჯაილის კონკრეტულ მოდელებს, მათი ამომავალი იდეა (სწავლის ციკლის დაჩქარება) უცვლელია, თუმცა ყოველდღიურობაში მათ შორის განსხვავებები მაინც შეინიშნება.


სკრამი

სკრამის მოდელი ზუსტად იმეორებს ერიკ რისის მიერ შემუშავებულ სწავლების ციკლს (შექმნა-ტესტირება-სწავლა).

დეველოპერების გუნდი განსაზღვრულ ინტერვალებში მუშაობს. თითო ციკლი ორიდან ოთხ კვირამდე მერყეობს, რაც ნიშნავს, რომ ყველა მოცულობითი პროექტი პატარა პატარა ამოცანებად უნდა ჩაიშალოს. ამ მოდელში გუნდი სამ ნაწილად იყოფა:

1. პროექტის მენეჯერი, რომელიც მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის თანახმად ადგენს თითოეული ციკლის ამოცანების სიას (უფრო ვრცლად დროის სწორი განაწილებისა და პრიორიტეტების დასახვისთვის გაეცანი YC-ის პარტნიორის რჩევებს).

2. სკრამის მასტერი, რომელიც თვალყურს ადევნებს გუნდს და უზრუნველყოფს, რომ სკრამის ყველა პრინციპი დაცულია.

3. დეველოპერების გუნდი, რომლებიც თითოეულ ციკლში გაწერილი ამოცანების შესრულებაზე არიან პასუხისმგებელი.


სკრამის ციკლის ზოგადი სტრუქტურა

ყოველი ახალი ციკლი იწყება შეხვედრით, სადაც განიხილება და დეველოპერების გუნდს გადაეცემა დავალებები. საერთო დაფაზე (ფიზიკურ თუ ვირტუალურ) ოთხი კატეგორიაა გამოყოფილი:

1. გასაკეთებელი

2. პროგრესში

3. გადასახედი

4. გასაშვებად მზად

მომდევნო ორიდან ოთხი კვირის განმავლობაში, გუნდი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დავალება გადაიტანოს “გასაკეთებელიდან” “გასაშვებად მზად-ში”. ამის პარალელურად, სკრამის მასტერი ყოველდღიურად აწყობს მაქსიმუმ 15 წუთიან შეხვედრებს, რათა გუნდის წევრებმა პროგრესი და სხვადასხვა დაბრკოლებები განიხილონ. ყოველი ციკლის დასასრულს კი, კიდევ ერთი შეხვედრა ინიშნება, სადაც შესრულებული სამუშაოს ხარისხი ფასდება და მომდევნო სკრამის ციკლის უფრო ეფექტურად წარმართვის გეგმა ისახება. მას შემდეგ, რაც განახლებული პროდუქტი მომხმარებლების ხელში აღმოჩნდება, მათგან მიღებული უკუკავშირის მიხედვით პროექტის მენეჯერები მომდევნო ციკლებს გეგმავს.

განსაკუთრებული შემთხვევებისა და აღმოჩენების გარდა, პროდუქტის განვითარების ციკლებში შესული ამოცანები მისი დაწყებიდან დასრულებამდე უცვლელი რჩება. იმ შემთხვევაში კი, თუ ცვლილება აუცილებელი იქნება, ციკლის ბოლოს დათქმულ შეხვედრაზე ყველა ერთად განიხილავს, რა უნდა გააკეთონ მსგავსი ცვლილებების თავიდან ასარიდებლად.


კანბანი

კანბანი სწავლის ციკლის დაჩქარებაზე ისევეა კონცენტრირებული, როგორც სკრამი. თუმცა, სკრამისგან განსხვავებით, ეს მოდელი განგრძობითია და – უფრო თავისუფალიც.

ციკლებად დაყოფილი განახლებების მაგივრად, კანბანში პროდუქტი უწყვეტად ვითარდება, პატარ-პატარა ცვლილებებით.

აქ მთავარი მხოლოდ იმის განსაზღვრაა, რამდენი დავალება შეიძლება იყოს მიმდინარე დროის გარკვეულ მონაკვეთში. ეს ლიმიტი კი, გუნდის წევრების რაოდენობით დგინდება. მაგალითად, თუ შენს სტარტაპს მხოლოდ ორი დეველოპერი ყავს, ერთდროულად 3-4 ამოცანაზე მეტი რეკომენდებული არაა.

კანბანის დაფა ისევე გამოიყურება, როგორც სკრამის. განსხვავება მხოლოდ ამოცანების მოძრაობაშია. სკრამში დაფა ყოველი ციკლის დასაწყისში ივსება, ნელ-ნელა იცლება მომდევნო ციკლამდე და პროდუქტიც ბოლოს ახლდება. კანბანში კი, შესრულებული სამუშაო დაუყოვნებლივ აისახება პროდუქტზე და ძველ ამოცანას მომენტალურად ანაცვლებს ახალი.

უწყვეტი ხასიათის გამო, აქ არც ყოველდღიური შეხვედრებია აუცილებელი და არც – ზედამხედველის დანიშვნა. საერთო ჯამში, უფრო მოქნილ სისტემას ვიღებთ, სადაც მომენტალურად ისახება პრიორიტეტების გადალაგ-გადმოლაგება და ყველა სიახლეც ავტომატურად ისახება პროდუქტზე.


რომელია უკეთესი მოდელი?

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. არჩევანი პროდუქტისა და მუშაობის სტილიდან გამომდინარე უნდა გააკეთო. მეტიც, არც ისაა აუცილებელი, უცვლელად გადმოიტანო თითოეული მათგანის პრინციპები. სტარტაპების უმრავლესობა ეჯაილის მოდელების ჰიბრიდს იყენებს. შეგიძლია გყავდეს ზედამხედველი და გქონდეს ყოველდღიური მინი-შეხვედრები, მაგრამ ციკლურის მაგივრად, განგრძობითი სტრუქტურა გამოიყენო, ან პირიქით – ციკლური სტრუქტურა დანერგო ყოველგვარი ზედამხედველისა და შეხვედრების გარეშე.

ზოგადად, კანბანს უპირატესობას უფრო მეტად ის სტარტაპები ანიჭებენ, სადაც მუდმივად იცვლება სამუშაო და პრიორიტეტები. ეს შეიძლება იყოს სერვისის მიმწოდებელი კომპანიები, ან უბრალოდ ახალი წამოწყებები, სადაც ყველაფერი ზედმეტად ქაოსურია.

სკრამი კი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურის გამო, შედარებით დიდ გუნდებს უფრო ადგებათ. მოდელი ამარტივებს როლების გადანაწილებასა და ურთიერთშეთანხმებულ მუშაობას ისე, რომ სისწრაფე და ხარისხი არ დაიკარგოს.


პროექტის მენეჯმენტის პლატფორმა ეჯაილისთვის

ეჯაილზე მორგებული დეველოპმენტისთვის უამრავი პლატფორმა არსებობს და მათი შერჩევა იმაზეა დამოკიდებული, თუ ეჯაილის როგორ მოდელს იყენებ.

სიმარტივისა და კანბანისთვის განკუთვნილი მოხერხებული დაფის გამო, Trello-ს თითქმის ყველა იცნობს. შედარებით დიდი გუნდებისთვის კი, რომლებიც სკრამს ანიჭებენ უპირატესობას, JIRA უფრო მოსახერხებელი პლატფორმაა. სხვა არანაკლებ გავრცელებული პლატფორმებია Zeppel-ი, Sprintly და NTask-ი.

არჩევანის მრავალფეროვნება კარგია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ თავიდან რამდენიმე ვარიანტის გამოცვლა მოგიწევს. მიუხედავად ამისა, სჯობს შენს სტარტაპზე მორგებული პლატფორმის პოვნას დრო დაუთმო, ვიდრე მუდმივად რაღაც გიშლიდეს ხელს. ეჯაილის მთელი ფილოსოფია ხომ ასეთი ხარვეზების თავიდან არიდებაშია!

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

06 ნოემბერი

3 გაკვეთილი ყველაზე ამბიციური მიზნების მისაღწევად – სტივ ჯობსის, ილონ მასკის და პოლ გრაჰამის რჩევები

სტარტაპინდუსტრიაში გვყავს ადამიანები, რომელთა ისტორიები და გამონათქვამები ყველგან გვხვდება.