ლურჯი ვერსია

დამწყები სტარტაპერების 5 მცდარი შეხედულება

09 ივლისი 2021

რას ელი შენი პირველი სტარტაპისგან?

ამ კითხვაზე პასუხი ყველას თავისებურად წარმოუდგენია. პრინციპში, სწორი პასუხიც ყველასთან თავისებურია. თუმცა, არსებობს გარკვეული ჭეშმარიტებები, რომლებიც უნდა ნახო, რომ დაიჯერო.

მოლოდინებთან შეუსაბამო რეალობამ შეიძლება გაფიქრებინოს, რომ სტარტაპერობა შენთვის არაა ან რაღაცას არასწორად აკეთებ. ამის გამო რომ ხელი არ ჩაიქნიო შენს დიად მიზნებზე, სტარტაპცხოვრების ხუთ საიდუმლოს გაგანდობ:


1. პროგრესი არასდროს გახდება მარტივი

შეგიძლია მშვიდად იყო, სტარტაპში მუშაობა რუტინულობით არასდროს შეგაწუხებს.

ნუ გექნება იმის იმედი, რომ ერთ წელში ყველაფერი დალაგდება და გაწერილი გეგმის მუდმივი ცვლილება საჭირო აღარ იქნება. ყოველ გადაჭრილ დაბრკოლებას ახალი, უფრო რთული პრობლემები მოსდევს და ეს შენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა. როგორც ცნობილი ამერიკული ბიზნეს რეალითი შოუ “Shark Tank-ის” მონაწილე ინვესტორი, ლორი გრეინერი აღნიშნავს:

“ანტრეპრენერები ერთადერთი ადამიანები არიან, რომლებიც მუშაობენ კვირაში 80 საათი, რათა თავი აარიდონ კვირაში 40 საათიან მუშაობას.”


2. არასდროს გექნება საკმარისი დრო ყველაზე მნიშვნელოვანი დავალებების მოსწრებისთვისაც კი

დროის სწორი განაწილება ის უნარია, რომელიც ყველა სტარტაპერს სჭირდება.

“იმუშავე ჭკვიანურად და არა – ბევრიო”, ამბობენ YCombinator-ში. ამ გამოთქმას თავისი მიზეზი აქვს. სტარტაპის განვითარებასთან ერთად, გზად იმდენი საინტერესო შესაძლებლობა შემოგხვდება, რომ მათ შორის არჩევანის გაკეთება საოცრად გაგიჭირდება. ყველაზე ოპტიმალური ქმედებების იდენტიფიკაცია და მათი მიყოლა გადარჩენისთვის აუცილებელი პირობა ხდება.

დაუთმე დრო დროის მენეჯმენტს, თავიდან ამოიგდე “ვალდებულებები”, რომლებიც არც დიდად მნიშვნელოვანი არაა და რომც ეცადო, მაინც ვერ მოასწრებ. დარჩენილი გეგმები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგე და მშვიდი, რაციონალური გონებით მიჰყევი თითოეულს. დეტალურად დროის სწორ განაწილებაზე გაეცანი ჩვენს სტატიას, რომელიც Y Combinator-ის პარტნიორის, ადორა ჩენგის, რჩევებს ეხება.


3. შენი იდეა შეიცვლება

ვირაჟი, ე.წ. pivot, სტარტაპის მიმართულების რადიკალურ ცვლილებას გულისხმობს.

ამ დროს შეიძლება შეიცვალოს ბიზნეს მოდელი, სამიზნე აუდიტორია, ან, სულაც, მთლიანი იდეა. ერიკ რისი ვირაჟის ტიპებზე უფრო დეტალურად საუბრობს. აქ კი, იმას დავამატებ, რომ დამწყები სტარტაპერის თავში მობზუილე ახალი იდეა თითქმის არასდროს ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.

კონკურენტების კვლევისა თუ მომხმარებლებთან ინტერვიუების ფონზე ბევრ ისეთ დეტალს აღმოაჩენ, რომლებზეც თავიდან საერთოდ არ გიფიქრია. ამის გამო, არც მთლიანი იდეა უნდა გადააგდო და არც – ჯიუტად მისდიო მის პირვანდელ სახეს. აუცილებელია, გზადაგზა დახვეწო შენი ხედვა რეალური ფაქტების შესაბამისად.

სტარტაპების წარუმატებლობის ყველაზე აქტუალური მიზეზი ისეთი პროდუქტის შექმნაა, რომელიც არავის სჭირდება. თუ შენს სტარტაპში სწორ დროს სწორ ცვლილებებს არ შეიტან, შენც ამ სიაში ამოყოფ თავს.


4. დასაწყებად დიდი ფინანსები სულაც არ გჭირდება

ეს მცდარი შეხედულება ბევრს საერთოდ აკავებს სტარტაპის დაარსებისგან.

ჩვენი სტატიების კომენტარებში ხშირად მხვდება ხოლმე მსგავსი შენიშვნები და ყოველ ჯერზე წარმოვიდგენ, როგორ უჩინარდება პატარა წამოწყება ჯერ კიდევ წამოწყებამდე.

იმას არ ვამბობ, რომ კაპიტალი საჭირო არ არის. უბრალოდ, ამ პრობლემაზე ფოკუსირება შენს ყურადღებას რეალური პროდუქტის შექმნიდან არასწორი მიმართულებისკენ მიმართავს.

სტარტაპის საწყის ეტაპზე არც პროფესიონალი დეველოპერი გჭირდება და არც – მასშტაბური მარკეტინგული აქტივობები. პირიქით, ეს ორი მცდარ დასკვნებამდე მიგიყვანს.

შენი იდეის დასადასტურებლად და უნიკალური ღირებულების საპოვნელად პროდუქტი შეიძლება სულაც არ დაგჭირდეს. ამისათვის გაეცანი ჩვენს გზამკვლევს.

რაც შეეხება მომხმარებლების მოყვანას, თავდაპირველად სჯობს მთელი რესურსი ისეთ აქტივობებში ჩადო, რომლებსაც ფინანსები არ სჭირდება. ამ აქტივობების მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ ისინი მხოლოდ საწყის ეტაპზე თუ გამოგადგეა, რადგან მათი დიდ აუდიტორიაზე გამოყენება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. პირველი მომხმარებლების გულის მოგების უფასო და არამასშტაბირებად ტექნიკებზე Y Combinator-ის თანადამფუძნებლის, პოლ გრემის, რჩევებს გაეცანი.


5. წარმატებული სტარტაპების უკან წარუმატებელი პროექტები იმალება

ბევრი ადამიანი ერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ სტანდარტულ სამსახურს უბრუნდება. ისინი თვლიან, რომ თუ პირველი ბიზნესი ჩაუფლავდათ, საერთოდ უნდა შეეშვან ამაზე ოცნებას. სინამდვილეში, ასე ძალიან ცოტას უმართლებს.

სტარტაპერობა ბევრი დეტალისგან შედგება. გამოცდილება აქ ძალიან მნიშვნელოვანია და ამ გამოცდილებას პრაქტიკაზე უკეთ ვერაფერი მოგაწვდის. წარუმატებელი წამოწყებები ჩვენს ყურამდე, უბრალოდ, ვერ აღწევს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობს.

სანამ ლინკდინს შექმნიდა, რეიდ ჰოფმანი SocialNet-ზე მუშაობდა. პლატფორმა შეიქმნა როგორც პროფესიული, ისე სასიყვარულო პარტნიორების საპოვნელად. მარტივი მისახვედრია, რატომ დასრულდა კრახით ეს წამოწყება: ხალხმა ვერაფრით გაიგო, მაინც რისთვის უნდა გამოეყენებინათ SocialNet-ი. შემდეგ გაჩნდა ლინკდინი - ადგილი მხოლოდ და მხოლოდ ბიზნეს ურთიერთობებისთვის.

ევან ვილიამსი, ტვიტერისა და მედიუმის დამფუძნებელი, ერთ დროს პოდკასტების პლატფორმა ოდეოზე მუშაობდა. კომპანიის განვითარება მაშინ შეწყვიტეს, როცა ბაზარზე ეფლის iTunes გამოვიდა. ამას ევანისთვის ხელი არ შეუშლია, ორი სახელგანთქმული პროექტი წამოეწყო.

ამაზონმა თავის სერვისებს პროდუქტების სახლში მიწოდებაც დაამატა Webvan-ის სახელით. როცა გაფართოება მოინდომეს, პროექტი ჩაფლავდა. რამდენიმე წლის შემდეგ ის დაუბრუნდა ამ იდეას და უკვე HDS-ის სახელით გამოჩნდა ბაზარზე.

კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. პრინციპში, ყველასი. როგორც პოლ გრემი ამბობს, წარმატებული სტარტაპერი ისაა, ვინც ამოუწურავი რესურსუნარიანობით ხასიათდება.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა