ლურჯი ვერსია

გააუმჯობესე მომხმარებლებთან ურთიერთობა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით

08 ოქტომბერი 2021

კაცობრიობის განვითარებასთან ერთად ტრანსფორმირდა ბიზნეს ურთიერთობებიც, თუმცა უცვლელი დარჩა დებულება – მომხმარებელი ყოველთვის მართალია. სწორედ ის წყვეტს შენი სტარტაპის ბედს და ყოველი კმაყოფილი მომხმარებელი გამარჯვებისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს ნიშნავს.

თანამედროვე გამოწვევების გადალახვა ისევ თანამედროვე მეთოდების გამოყენებითაა შესაძლებელი. ასე რომ, შენ მიერ მოწოდებული სერვისის დახვეწა ხელოვნური ინტელექტის გარეშე შეუძლებელია.

მაგრამ, მაინც რა გზები არსებობს მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად და როგორ უნდა მიუსადაგო ისინი შენს სტარტაპს? ეს სტატია ამ კითხვებზე ამომწურავ პასუხს გაგცემს.


AI-ის გამოყენების გზები უკეთესი გამოცდილებისთვის

კარგი გამოცდილების შეთავაზება შენი სტარტაპის უმთავრეს მიზანს უნდა წარმოადგენდეს, რადგანაც მომხმარებელთა 95% ბრენდზე არჩევანს სწორედ მომსახურების სერვისზე დაყრდნობით აკეთებს.

გამოცდილების გაუმჯობესების საუკეთესო გზა კი ხელოვნური ინტელექტის საქმეში ჩართვა და მის ხელსაწყოთა საშენოდ გამოყენებაა:


1) ჩეთბოტები

მომხმარებელს უჩნდება კითხვა, თუმცა დატვირთული გრაფიკი შენს სტარტაპზე დიდი დროის დახარჯვის შესაძლებლობას არ აძლევს. სწრაფი და ეფექტური რეაგირება გადამწყვეტია.

ჩეთბოტი, იგივე ციფრული ასისტენტი, მომსახურების სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ეს ციფრული მეგობრები სტარტაპზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ და ხშირად დასმულ კითხვებზე მყისიერ პასუხს იძლევიან.

ჩეთბოტები მომხმარებელთა მომართვების 80%-ს უმკლავდებიან, რაც შენი გუნდის რესურსების ჭკვიანურად გადანაწილებაში შეგიწყობს ხელს

პირველი ქართული ჩეთბოტი კიბერ გალაკტიონი იყო. მალევე გამოჩნდნენ სხვებიც. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ციფრული თანამშრომელი, უნა, ილიაუნის ვებგვერდზე შესულ სტუდენტებსა თუ აბიტურიენტებს ეხმარება.

ფრიდა კი რადიო თავისუფლების ვირტუალური ასისტენტია. ის კომუნიკაბელურია, არც იუმორის გრძნობა აკლია, რადიოს ისტორიას კარგად იცნობს და ამასთან მსოფლიოში პირველი ჩეთბოტია, რომელმაც ახლად გავრცელებულ კორონავირუსზე დაიწყო საუბარი.


2) საუბრის ანალიზი (NLU)

ჩეთბოტები ყველაფერს ჩვენ მაგივრად ვერ გააკეთებენ, ადრე თუ გვიან მომხმარებელთან გასაუბრება მოგიწევს. ეს კი ცალკე ხელოვნებაა. უნდა მიხვდე, ადამიანი მეორე ხაზის ბოლოს გაღიზიანებულია თუ პირიქით, შეთავაზებულმა პროდუქტმა სრულებით დააკმაყოფილა და პასუხი შესაბამისად უნდა შეარჩიო.

ხელოვნური ინტელექტი ამჯერადაც გვიწვდის დახმარების ხელს. ალბათ, არაერთხელ გაგიგონია, რომ, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შენი საუბარი იწერება.

ქოლ ცენტრში განხორციელებული ზარების, ჩათებისა თუ ელ. ფოსტის მიმოწერის ანალიზის შედეგად AI კომპანიის წარმომადგენელსა და მომხმარებელს შორის მიმდინარე საუბარს ამუშავებს. NLU (Natural Language Understanding) ადგენს, რამდენად უკმაყოფილოა კლიენტი, საჭიროა თუ არა სიტუაციის განმუხტვა და პრობლემის გადაჭრის ეფექტურ გზებს გთავაზობს.

ამის საუკეთესო მაგალითია BEAT (Behavioural and Emotion Analytics Tools). აპლიკაცია შენს თანამშრომლებს მომხმარებელთა უკუკავშირიდან მთავარი ინფორმაციის ამოღებაში დაეხმარება, რაზე დაყრდნობითაც წარმატებულ კომუნიკაციას განაგრძობ.


3) საუბრის კონვერტორი (Speech to Text)

ხშირად, ტექსტის აკრეფას ვერ ვახერხებთ და გვინდა, რომ სისტემას სიტყვიერად მივმართოთ, ან პირიქით, ხმაურიან ადგილას ყოფნისას გამოგზავნილი ხმოვანი ჩანაწერის მოსმენა არ შეგვიძლია. ამ დროს მხსნელად Speech to Text გვევლინება.

საუბრის ტექსტად გადაყვანისას ადამიანის მიერ წარმოთქმული სიტყვების ანალიზი ხდება, რის შედეგადაც ის ენის ხასიათსა და კონტექსტზე დაყრდნობით ტექსტურ შეტყობინებად იქცევა.

თუ არ იცოდი, ისიც უნდა გითხრა, რომ უკვე ქართულენოვანი Speech to Text სისტემაც არსებობს. ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე სტარტაპმა Pulsar AI პროგრამას ქართული ენა ასწავლა. ასე რომ, მათ ჩეთბოტ ბრუნოსთან მესენჯერში ქალაქობანას თამაშისას შეგიძლია ვოისი ნებისმიერი ადგილიდან გააგზავნო, შენს ხმას მაინც ამოიცნობს.


4) ობიექტის ამოცნობა

მგონი, ბენ ფრანკლინის დამოწმება არ დამჭირდება და ისედაც ვთანხმდებით, რომ დრო ფულია. მომხმარებელთა 50% სოციალური მედიის საშუალებით დასმულ კითხვაზე პასუხს არაუმეტეს ერთ საათში მოელის, მაგრამ მხოლოდ სწრაფი რეაგირება სერვისის გაუმჯობესებისთვის არაა საკმარისი.

თუ ჩემსავით შენც არაერთხელ მოგიწია ადგილზე მისვლა, რადგან პლატფორმა არ იყო მზად სრულყოფილი ონლაინ მომსახურებისთვის, მიხვდები, რატომაა მნიშვნელოვანი ობიექტის ამოცნობის მოდელის შექმნა.

ის ფოტო-ვიდეო მასალებიდან საგნების იდენტიფიცირებას ახდენს. ასე რომ, მომხმარებელს შეუძლია ატვირთოს პირადობის სურათი, შემდეგ სელფი გადაიღოს და იდენტობის დადასტურება უკვე ხელოვნურ ინტელექტს მიანდოს.

ონლაინ ბანკინგის აქტიური მომხმარებლებისთვის ეს ყველაფერი უცხო არ იქნება, ვინაიდან საქართველოში სერვისი ასევე იმ ინოვაციურმა სტარტაპმა Pulsar AI-მ შემოიტანა, ზემოთ რომ ვახსენე.


5) ტექსტის ოპტიკური ამოცნობა (OCR)

მთავარია ეს ფუნქცია წინაში არ აგვერიოს. ამჯერად ფოტოაპარატით ან სკანერით მოცემულ სურათზე აღბეჭდილი ტექსტის ამოცნობასა და ელექტრონულ ფორმატში გადაყვანაზეა საუბარი.

OCR დოკუმენტებიდან ტექსტს კითხულობს და მნიშვნელოვან ინფორმაციას ამოკრებს, რის შედეგადაც მისი ჩასწორებისა თუ დამუშავების საშუალება გიჩნდება. გარდა ამისა, პროგრამა შეძლებს შესაბამისი ველების ავტომატურად შევსებას, თუ სწორედ ასეთი იყო სერვისის თავდაპირველი მიზანი.

მსგავსი თავისუფლად მისაწვდომი უფასო სისტემაა ტესერაქტი (Tesseract), რომელიც არამხოლოდ ქართულ, არამედ ძველქართულ ანბანსაც ამოიცნობს და მისი გამოყენება Google Doc-ით არის შესაძლებელი.

ალბათ, თვითონაც კარგად იცი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის გეტყვი, როგორ უნდა გამოიყენო მოცემული ფუნქცია. ჯერ Google Drive-ზე ტვირთავ დასკანერებულ ტექსტს, PDF დოკუმენტის ან სულაც სურათის სახით და შემდეგ Google Doc-ის ფორმატში გადაყვანისას უკვე ამოცნობილი ტექსტი გამოჩნდება.


6) მანქანური სწავლება

წინასწარმეტყველების უნარი არავის გვაწყენდა, განსაკუთრებით კი მათ, ვინც სტარტაპ სამყაროს უერთდება. მართალია, მომავლის ზუსტად განჭვრეტა მიუღწეველი მიზანია, მაგრამ ხელოვნურ ინტელექტს მაინც შეუძლია ჯადოსნური ბროლის ბურთის მაგივრობა გაგვიწიოს.

დაგროვილ მონაცემთა ზღვა რაოდენობა AI-ის პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. მანქანური სწავლებაც ხომ ხელახალი დაპროგრამების გარეშე, წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით სისტემისათვის გაუმჯობესების ავტომატური უნარის მინიჭებას გულისხმობს.

ასე რომ, მანქანური სწავლება პროგნოზირებად ანალიტიკას მოახმარე, რაც რისკების ანალიზისა თუ საბოლო გადაწყვეტილებათა დამტკიცების ავტომატიზაციაში, პროდუქტზე მოთხოვნის გაზრდის, ფასების დაცემისა თუ სხვა ფაქტორების წინასწარმეტყველებაში გამოიხატება. შედეგად კი გამოიტანე მეტად აწონ-დაწონილი გადაწყვეტილება და შესთავაზე მომხმარებელს ის, რაც მას სურს.

ამ მხრივ კვლავ სტარტაპ Pulsar AI-ის სენტიმენტ ანალიზატორია საინტერესო. ადამიანები ხომ მუდმივად აფასებენ სხვადასხვა მოვლენას, ის კი დიდი მოცულობის შეფასებებს აანალიზებს. ადგენს პოზიტიური, ნეგატიური თუ სულაც ნეიტრალური დამოკიდებულება დაიმსახურა პროდუქტმა, ბრენდში შეტანილმა ცვლილებებმა და ა.შ. რაც სამომავლო დასკვნების გამოტანაში დიდ როლს თამაშობს.


ადამიანის ხელი

შარშანდელთან შედარებით, მომხმარებლების 59%-ს უფრო მაღალი მოლოდინები აქვს შემოთავაზებული სერვისის მიმართ. მოთხოვნის მაჩვენებელი გაზრდილია, როგორც არასდროს და მუდმივად განვითარებადი AI მისი დაკმაყოფილების ახალ-ახალ გზებს გვთავაზობს.

თუმცა მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მთავარი მიზანი არა ადამიანური ურთიერთობის ჩანაცვლება, არამედ დახვეწაა.

ზემოთ ჩამოთვლილი ხელსაწყოები შენი მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაში ხელს შეგიწყობენ, მაგრამ არ ღირს მისი გადაღლა სრულად ავტომატიზებული სერვისით. სტარტაპს აუცილებლად უნდა ეტყობოდეს ადამიანი ხელი, რადგანაც ადამიანი ადამიანის გარეშე არაფერია.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ელენე ჯანელიძე

რეკომენდაციები

10 ნოემბერი

Tiktok: ამომავალი სოციალური მედიის მთავარი ხრიკები

როცა გვეგონა, რომ სოციალური ქსელების სივრცე ინდუსტრიის გიგანტებს უკვე საფუძვლიანად ჰქონდათ ათვისებული, გამოჩნდა ახალი აპლიკაცია, რომელმაც სულ მალე საყოველთაო ყურადღება დაიმსახურა.
20 ნოემბერი

რა არის სიტყვიერი (Word of Mouth) მარკეტინგი და როგორ ვისარგებლოთ ამ მოდელით?

სოციალურმა ქსელებმა კიდევ უფრო წინ წამოწია კლიენტების მოზიდვის უფასო მექანიზმი: ხალხის მიერ შენს კომპანიაზე ხმის გავრცელება. 
18 დეკემბერი

შთამაგონებელი საახალწლო კამპანიები და მარტივად შესრულებადი იდეები შენი სტარტაპისთვის

ახალი წელი ახლოვდება, ბრენდებისთვის კი, ამაზე უკეთესი პერიოდი არ არსებობს შთამაგონებელი კამპანიების გასაშვებად