ლურჯი ვერსია

რა არის DevOps-ი და რატომაა მისი ინტეგრაცია შენი სტარტაპისთვის კრიტიკული?

24 დეკემბერი 2021

თანამედროვე სამყაროში ყოველდღიურად უამრავ სიახლეს ვეცნობით. არსებული პროდუქტებისა თუ ინფორმაციების სტრატეგიული შერწყმაც ერთგვარი ინოვაციაა, რაც თავისმხრივ ავითარებს სამყაროს და ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის. ამ მიდგომის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი არის DevOps-ი. ის რამდენიმე სფეროს თანაკვეთის შედეგად მიღებული პროფესიაა.

ამ სტატიაში მოგიყვები ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ზოგადად DevOps-ზე და გაიგებ, თუ რატომ სჭირდება სამყაროს მისი სწორი და სწრაფი განვითარება.


რა არის DevOps-ი?

და მაინც, რა არის DevOps-ი? თუ პროგრამირებას, ტესტირებას, ინფრასტრუქტურის აღქმას, კიბერუსაფრთხოებას და ეჯაილ კულტურის შეგრძნებას ერთმანეთში აურევ, შედეგად მიიღებ DevOps-ს – ინოვაციურ მიდგომას, რომელიც უამრავ კომპანიას უმარტივებს ყოველდღიურობას და ეხმარება საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებაში.

წარმოიდგინე, ხმარობ აპლიკაციას, რომელსაც მსოფლიოში კიდევ მილიონობით ადამიანი იყენებს. შენ გარკვეული პერიოდი შეჩვეული ხარ კონკრეტულ ინტერფეისსა და ფუნქციონალს, თუმცა, როდესაც კომპანია გადაწყვეტს, რომ პროგრამული განახლება საჭიროა, ეს ყველაფერი ძალიან რბილად უნდა მოხდეს. ისე, რომ შენ და კიდევ დანარჩენმა სამყარომ ვერც კი გაიგოთ ცვლილებების შესახებ. სწორედ ამ ყველაფრის ცენტრი არის DevOps-ი, რომლის მეშვეობითაც ბიზნესს უმარტივდება ოპერაციების შეუმჩნევლად და ხარისხიანად ჩატარება. ასე ნარჩუნდება მომხამრებლის სიმშვიდე და შესაბამისად – რაოდენობა.

ერთი სიტყვით, DevOps-ი პროგრამული უზრუნველყოფის გლუვ და შეუმჩნეველ განახლებაზეა პასუხისმგებელი.


როგორ მუშაობს DevOps-ი?

ამ გამოსადეგი მოდელის მიხედვით საოპერაციო და დეველოპმენტის გუნდები აღარ მუშაობენ ცალცალკე. ისინი ერთად გადიან პროგრამის ჩამოყალიბების ეტაპებს კოდის წერიდან ტესტირებამდე და საოპერაციო დეტალებამდე. ამ მიდგომით ფართოვდება სამუშაო სპექტრი და ჩქარდება პროცესი.

თავის მხრივ, DevOps დისციპლინა ორიენტირებულია განყოფილებებს შორის უკეთესი ურთიერთქმედების დამყარებაზე და დატვირთვის უფრო თანაბრად გადანაწილებაზე. მაგალითად, დეველოპერებს შეუძლიათ გარკვეული ერთეულის ტესტირების ინტეგრირება ყოველდღიურ რუტინაში, ხოლო სისტემურ ადმინისტრატრატორებს შეუძლიათ დამოუკიდებლად აღმოფხვრან ზოგიერთი ხარვეზი, რომლებიც დახარისხების დროს იჩენს თავს. DevOps-ის წარმატებული დანერგვა კომპანიის ბიზნეს პროცესებში შესაძლებლობას იძლევა:

  • შემცირდეს ბაზარზე გასვლის დრო;

  • მოხდეს წარუმატებლობისა ან ახალი წარმოების მინიმიზაცია;

  • შემცირდეს შესწორებებს შორის საჭირო დრო;

  • გაუმჯობესდეს დახარისხების სიხშირე და საიმედოობა;

  • შემცირდეს დახარისხების საშუალო დრო.


რა უპირატესობები აქვს DevOps-ს?

ის კომპანიები, რომლებიც DevOps მიდგომა იყენებენ, გაცილებით სწრაფი და ხარისხიანი მუშაობის სისტემა აქვთ, ვიდრე სხვა დანარჩენს. ამ მიდგომის საშუალებით, შიდა სამუშაო სივრცეში ინოვაციის ჩამოყალიბების მეტი შანსია, რადგან სპეციფიკური გუნდური კოლაბორაციით უამრავი სიახლე მიმოიცვლება. DevOps-ის მთავარი უპირატესობებია:


სიჩქარე

ბაზარი მუდამ განიცდის ცვლილებას და კომპანიის მიზანია, რომ არ ჩამორჩეს ტემპს და შეინარჩუნოს მუდამ მზარდი პოლიტიკა. DevOps-ის გამოყენების შემთხვევაში ცვალებად ბაზრებთან სწრაფი ინტერაქცია უფრო ხელშესახები ხდება. ეს დეველოპერებისა და საოპერაციო გუნდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


სწრაფი მიწოდება

განახლების მაღალი სიხშირე და ტემპი მომხმარებელთა დადებითი დამოკიდებულების პირდაპირპროპორციულია. რაც უფრო სწრაფადაა პრობლემების მოგვარება შესაძლებელი, მით უფრო სწრაფად კმაყოფილდება მომხმარებლის საჭიროებები. ამ უპირატესობის მოსაპოვებლად კომპანიები იყენებენ “უწყვეტი მიწოდების” (Continuous Delivery) პრაქტიკას, რომლის მეშვეობითაც სრულად ხდება პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატიზაცია (უფრო დეტალურად უწყვეტ მიწოდებაზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებ).


სანდოობა

პროდუქტის განახლებისას აუცილებელი ყურადღება უნდა მიექცეს ინფრასტრუქტურული ცვლილებების ხარისხსს, რათა მომხმარებელს გაუჩნდეს სანდოობის გრძნობა სწრაფი ტემპისა და დადებითი გამოცდილებების ხარჯზე. მონაცემების დამუშავებით, აღრიცხვითა და შემდეგ ანალიზით კომპანიები იგებენ, რა გავლენას ახდენს პროდუქტის ცვლილებები მომხმარებელზე. მიღებული ინფორმაცია მათ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში მეტი სანდოობის მოპოვებაში ეხმარება. ეს პრაქტიკა DevOps კულტურაში მონიტორინგის სახელითაა ცნობილი და ძალიან ფართოდ გამოიყენება.


მასშტაბირება

პროექტის ინფრასტრუქტურისა და განვითარების პროცესების მასშტაბურად მართვით შესაძლებელია რთული და ცვალებადი სისტემების ეფექტური ავტომატიზაცია და რისკების თანმიმდევრული აღმოფხვრა. ამ მიდგომაში არსებობს DevOps-ის გავრცელებული პრაქტიკა “Infrastructure as Code”, რომლის დროსაც ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა და მართვა ხდება კოდისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ტექნიკის გამოყენებით, როგორიცაა ვერსიის კონტროლი და უწყვეტი ინტეგრაცია. ასე ტესტირებისა და წარმოების გარემო მეტად ეფექური ხდება და მარტივად მასშტაბირებადი.


გაუმჯობესებული კოლაბორაცია

ორგანიზაციაში კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაზრდა DevOps-ის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ასპექტია. DevOps ინსტრუმენტების გამოყენება და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების პროცესის ავტომატიზაცია აყალიბებს თანამშრომლობას სამუშაო პროცესებისა და პასუხისმგებლობების ერთგვარი გაერთიანებით. ამის საფუძველზე გუნდები ადგენენ ძლიერ კულტურულ ნორმებს, ინფორმაციას მარტივად იაზრებენ და უმარტივდებათ კომუნიკაცია. ეს კი ხელს უწყობს კომპანიის თითქმის ყველა დეპარტამენტს, საჭიროებებს ბევრად სწრაფად მოერგონ და მაქსიმალური სიჩაქრით შეაფასონ და აღმოფხვრან კონკრეტული პრობლემები.


უსაფრთხოება

ორგანიზაციებს შეუძლიათ დინამიურად და მასშტაბურად აკონტროლონ და განახორციელონ კონკრეტული ოპერაციები. ინფრასტრუქტურა, რომელიც აღწერილია კოდით, შესაძლებელია მანიპულირდეს მარტივად და ავტომატიზირებულად. ეს აადვილებს ორგანიზაციებს რესურსებთან დაკავშირებული ცვლილებების მართვას და უსაფრთხოების ზომების დაცვას.


რამდენად ეფექტურია DevOps?

DevOps ინდუსტრიის დადებით გავლენებზე უკვე წლებია ბიზნეს საზოგადოება საუბრობს. არ აქვს მნიშვნელობა რა ზომისა თუ პრინციპების მქონე კომპანიაა, ამ ტექნოლოგიის გამოყენებამ ყველას წარმატება მოუტანა. DevOps-ის უპირატესობის განსამტკიცებლად უამრავი სტატისტიკური მონაცემი არსებობს. მაგალითად, ჯერ კიდევ 2015 წელს, მაღალკვალიფიციურმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა აჩვენეს 168-ჯერ სწრაფი მაჩვენებელი 60-ჯერ ნაკლები დაშვებული შეცდომის ხარჯზე.

ეს მხოლოდ მცირედია, რაც DevOps-ის მკაფიო უპირატესობაზე მეტყველებს. სწორედ ამ სტატისტიკების შემდეგ კომპანიები ყოველდღიურად ცვლიან შიდასამსახურეობრივ პოლიტიკას და ამით საკმაოდ მნიშვნელოვან მოგებაზეც გადიან. ისინი ამსუბუქებენ თანამშრომლების სამუშაოს ჯანსაღი მენეჯმენტის მეშვეობით.

ახლა კი, უფრო დეტალურად განვიხილოთ DevOps-ის გამოყენების უპირატესობები IT პროექტებისთვის.


საერთო ბიზნესის ოპტიმიზაცია

DevOps-ის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, პატრიკ დებოისი აღიარებს, რომ ამ ინდუსტრიის ყველაზე დიდი ბიზნეს სარგებელი არის ის, რასაც ის გვთავაზობს. DevOps-ი კომპანიებს მთელი საოპერაციო სისტემის ოპტიმიზაციისკენ უბიძგებს. ეს შესაძლებლობას აძლევს ორგანიზაციებს, უფრო მეტად ფოკუსირდნენ და მოერგონ მონაცემთა ბაზას კლიენტებთან და ბიზნეს მიზნებთან უკეთესი თანხვედრისთვის.


სამუშაო ხარისხის გაუმჯობესება

DevOps-ის ტექნიკა საშუალებას აძლევს კომპანიის პერსონალს, იყოს უფრო ორგანიზებული და ეფექტური. ამ ტექნოლოგიით წარუმატებლობის შანსი სამჯერ ნაკლებია, ვიდრე აქამდე არსებული მიდგომებით იყო შესაძლებელი.

ამას გარდა, უსაფრთხოების სისტემის მოწესრიგებას ნაკლები დრო და მეტი ყურადღება ეთმობა, რის გამოც დეველოპერებსა და საოპერაციო პერსონალს 50%-ით ნაკლები რესურსის ჩადება უწევთ საქმეში.

რუტინული, ე.წ შავი სამუშაოს შესრულება თითქმის ყველა პროექტის დასრულების თარიღს უმატებს დღეებს. DevOps-ის საშუალებით კი 22%-ით ნაკლები დრო იკარგება უსარგებლო სამუშაოებზე.

არ არსებობს პროექტი შეცდომების გარეშე, ეს ყოველივე კი დროულ რეაგირებას საჭიროებს. სტანდრტულ მიდგომებთან შედარებით, DevOps ტექნოლოგიით 24-ჯერ უფრო სწრაფად არის შესაძლებელი წარუმატებლობის შემდგომი აღდგენითი სამუშაოები.


დასაქმების უკეთესი პერსპექტივა

DevOps-ის ცოდნა და დანერგვა თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში აუცილებელია ეფექტური მენეჯერებისა და თანამშრომლების დაქირავებისთვის. ჯერ კიდევ 4 წლის წინ, DevOps-ში IT სფეროს 60% ეძებდა სამსახურს. ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება. თუმცა, რადგანაც ეს ინდუსტრია ძალიან კომპლექსურია და მოითხოვს სხვადასხვა სახის სიღრმისეულ ცოდნას, დარგის ექსპერტები უმკაცრესად ირჩევენ სასურველ კანდიდატურას.

ყველაფერთან ერთად, ის კომპანიები, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ კვალიფიციური DevOps ინჟინრებით და ზოგადადაც ეს სისტემა საკმაოდ გამართული ჰქონდათ, აქტიურად არეკლამებდნენ საკუთარ თავს, როგორც საუკეთესო დამსაქმებელ კომპანიას. პრინციპში, ეს სიმართლეც არის.


ცხოვრება DevOps-ის გარეშე

რა მოხდება თუ კომპანიები არ გამოიყენებენ DevOps-ს ან არასწორად ჩამოაყალიბებენ? ასეთი კომპანიების რიცხვი ნამდვილად დიდია. როგორც ორგანიზაციული განვითარების კომპანია Gartner-ი განმარტავს, 2020 წლამდე DevOps-ის ინიციატივების 75%-მა პროცენტმა ვერ მიაღწია მიზანს. ეს განპირობებული იყო როგორც არასწორი მენეჯმენტით, ასევე გარშემო არსებული პრობლემებით. რატომ არის DevOps ტექნოლოგიის სწორად დანერგვა ასეთი მნიშვნელოვანი კომპანიებისთვის და რა მოხდება თუ დაინტერესების მაჩვენებელი დაიკლებს?


მაღალი კონკურენტუნარიანობა

ციფრული კომპანიის წარმატება დღეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად და სწრაფად შეუძლია მას ადაპტირება უახლეს მეთოდოლოგიებთან და ინოვაციებთან. DevOps-ის გამოყენების გარეშე კომპანიას საგრძნობლად უმცირდება განვითარების შანსები. კონკურენტები შეძლებენ, მიიღონ რთული ბიზნეს გადწყვეტილებები ბევრად მალე, ვიდრე სტანდარტული ტექნოლოგიის მქონე კომპანია.


შეცდომების მაღალი ფასი

კომპანიები, რომლებიც უარს ამბობენ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ზრდიან საკუთარი კომპანიის დასასრულის მოახლოების რისკს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა Knight Capital-ში მოხდა, სადაც პროგრამულმა შეცდომამ 440 მილიონ დოლარიანი ზარალი გამოიწვია 1 საათზე ნაკლებ დროში.

კიდევ ერთი მაგალითია Amazon-ის AWS-ს გათიშვა, რომელიც გამოიწვია ადამიანის უყურადღებობამ. შემთხვევით, თანამშრომელმა გამორთო უამრავი სერვერი და დამხმარე ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი. უფრო მეტიც, ამ პრობლემის გადასაჭრელად ამაზონს ოთხ საათზე მეტი დასჭირდა და საბოლოოდ 150 მილიონი დოლარი იზარალა.

ეს შემთხვევები ადასტურებს, თუ რამდენად მომგებიანია ინოვაციური პრაქტიკისა და მეთოდოლოგიების მიღება. აუცილებელია სწორი განვითარების სტრატეგიის გაწერა, რათა გადაწყვეტილებები გონივრულად იქნეს მიღებული.


კომპანიებისა და DevOps-ის ურთიერთობა

რატომ არ გამოსდით ორგანიზაციებს DevOps ტექნოლოგიის დანერგვა? ამის უამრავი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. მაგალითად: სწრაფი ინტეგრაციის სურვილი, გადაწყვეტილების მიღების არაგონივრულობა, შიდაორგანიზაციული სტრუქტურის შეცვლის მობილიზების დაბალი ხარისხი და ა.შ

ახლა გაგაცნობ იმ საკვანძო პრობლემებს, რასაც კომპანიები უშვებენ DevOps-ის ინტეგრირებისას.


სილო (Silos)

DevOps-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ცალკეულ განყოფილებებს შორის კომუნიკაციის გამარტივებაა. სილო არის განყოფილება ან თანამშრომელთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს დამოუკიდებლად კომპანიის სხვა ნაწილებთან ურთიერთობის გარეშე.

თუ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება სხვადასხვა ადამიანთა შორის, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური მიზნები, პროდუქტის მიწოდება და ინტეგრაცია საკმაოდ გართულება. თუ პერსონალი ერთმანეთისგან სრულად განსხვავდება და ვერ ახერხებს გუნდურ მუშაობას, ეს კომპანიას მხოლოდ აზარალებს. შეუძლებელია ეფექტური თანამშრომლობის მიღწევა გარემოში, სადაც გუნდი ერთ საერთო მიზანს არ ემსახურება კონკრეტული ხედვით.

კომპანიებმა უნდა ასწავლონ თავიანთ პერსონალს DevOps-ის მიდგომა. თითოეული წევრისადმი სწორი განათლების მიცემით, Agile მიდგომებითა და DevOps პროცედურებით სამუშაო სისტემა მეტად სუფთა და მოწესრიგებული გახდება.


ინსტრუმენტების არასწორი გამოყენება

DevOps მეთოდების მხარდასაჭერად და ეფექტური შიდაკომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანია Cloud-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტების (Git, Docker და Kubernetes) სწორი გამოყენება. ყურადღება უნდა გამახვილდეს DevOps-ის გამოყენების სტატისტიკურ მონაცებზე, რომლის მიხედვითაც აშკარაა თუ რატომ სჭირდებათ ესა თუ ის ხელსაწყო კომპანიებს.


ჩვეულ ყოველდღიურ პროცესებზე ცვლილებების შეუსრულებლობა

როდესაც კომპანია ემზადება მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებებისთვის, აუცილებელია პერსონალის სათანადო გადამზადება და შემზადება ამ სიახლის მიმართ. ორგანიზაციები, რომლებიც ამ ეტაპს საკმარის რესურსს არ უთმობენ, მოულოდნელად განიცდიან მარცხს და ძირითადად, შეცდომას დაბალი რგოლის თანამშრომლებში ეძებენ.

ამ ყველაფრის მობილიზირება დროულად უნდა მოხდეს. სათითაოდ, თითოეულ დეპარტამენტში, ინდივიდუალურად უნდა გატარდეს კონკრეტული შემეცნებითი ღონისძიებები და როდესაც პერსონალი ცვლილებისთვის მზად იქნება, კომპანიას თავისუფლად შეეძლება ნაბიჯის გადადგმა.


ხელით კონტროლირებად პროცესებზე დამოკიდებულება

ყველაფრის ხელით კეთება მიუღებელია თანამედროვე ბიზნესში. სამყაროს განვითარებასთან ერთად, ბიზნესის უსაფრთხოებისთვის ავტომატიზაცია გარდაუვალი და აუცილებელი პროცესია. The Second Watch აცხადებს, რომ კომპანიების 78%-ს აქვს განყოფილებები, რომლებიც მართავენ ოპერაციებსა და დეველოპმენტს ხელით.

ეს მიდგომა უამრავი მიზეზის გამოა არასწორი. სარგებლი მიღების მიზნით, კომპანიებმა ნდობის ღრმა დონე (Deep level of trust) უნდა დანერგონ იმ ინსტრუმენტების მიმართ, რომლებიც დაამატეს თავიანთ პროცესებში.


მიკრომენეჯმენტი

კომპანიის შიდა სიმშვიდისთვის წვრილი პასუხისმგებლობების სწორი და ადეკვატური გადანაწილება აუცილებელია. მენეჯმენტისთვის ზედმეტი დროის ხარჯვაა ძალიან პატარა ასპექტებისს გულდასმით შესწავლა. ასე თანამშრომლებს მოტივაცია უქვეითდება.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა მეტი დამოუკიდებლობა. მაგალითად, დეველოპერებს უნდა შეეძლოთ, გადაწყვიტონ, რა დაჯდება კონკრეტული პროექტი. რა ინსტრუმენტები იქნება საჭირო? მოცემული ავტონომია მაქსიმალურად გაზრდის მოტივაციისა და შემოქმედებითობის ხარისხსს და შესაძლებელი იქნება წვრილი გადაწყვეტილების მიღება იმ პირების მიერ, ვინც საუკეთესოდ ერკვევა სფეროში.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

გიგი მეფარიშვილი

რეკომენდაციები

06 ნოემბერი

3 გაკვეთილი ყველაზე ამბიციური მიზნების მისაღწევად – სტივ ჯობსის, ილონ მასკის და პოლ გრაჰამის რჩევები

სტარტაპინდუსტრიაში გვყავს ადამიანები, რომელთა ისტორიები და გამონათქვამები ყველგან გვხვდება.