ლურჯი ვერსია

რა განსხვავებაა სტარტაპსა და ბიზნესს შორის და რატომაა ამის ცოდნა აუცილებელი

27 აპრილი 2021

დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც გაგჩენია კითხვა, თუ რა განსხვავებაა სტარტაპსა და სტანდარტულ ბიზნესს შორის. როდესაც ბიზნეს იდეის განხორციელება გინდა, მნიშვნელოვანია, დაფიქრდე იმაზე, თუ რა სახის მეწარმე ხარ: სტარტაპის თუ ტრადიციული ბიზნესის?

ამ სტატიის შედეგად მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს შენი წამოწყებისთვის შესაფერისი სტრატეგიის იდენტიფიცირებას. უფრო კარგად გეცოდინება, თუ რა უნდა იყოს ადრეული მოლოდინები, როგორ უნდა გაიზარდო, ვისთან უნდა გქონდეს პარტნიორული ურთიერთობები და, საბოლოოდ, როგორ მიაღწიო წარმატებას.

Snapchat-ი, Airbnb-ი, Uber-ი – დღეს ისინი გიგანტი კომპანიებია, თუმცა სანამ ტრადიციული წარმატებული ბიზნესების სიაში ჩაეწერებოდნენ, მათ სტარტაპებად მოიხსენიებდნენ. ალბათ, სიტყვა „სტარტაპი“ ინტერნეტსივრცეში, განსაკუთრებით კი – ბიზნესის სოციუმში, ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადია. ის გვხვდება არა მარტო სტატიებსა და სოციალურ ქსელებზე განთავსებულ პოსტებში, არამედ პოდკასტებში, ინტერვიუებსა და ყოველდღიურ დიალოგებშიც. თუმცა, სტარტაპსა და ტრადიციულ ბიზნესს შორის გამყოფი ხაზი არც თუ ისე მკაფიოა.

მათ შორის განსხვავება, ხშირ შემთხვევაში, კომპანიის ზრდის სტრატეგიას უკავშირდება. ეს ორი ტიპის კომპანია ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული მეთოდებით ფუნქციონირებს და ამიტომ მნიშვნელოვანია, კარგად გესმოდეს, რომელ მათგანს ახორციელებ სინამდვილეში.

ამ სტატიაში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებ. ჩამოვთვლი იმ მახასიათებლებს, რომლებიც ერთმანეთისგან განასხვავებს სტარტაპსა და ტრადიციულ ბიზნესს. სანამ სტატიის კითხვას გააგრძელებ, შეგიძლია ჯერ შენი სტარტაპცოდნა შეამოწმო ჩვენი პატარა ტესტის მეშვეობით და უფრო დეტალურად გაეცნო ტერმინის განმარტებასაც. წარმატებები!


სტარტაპი vs ბიზნესი

ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ სტარტაპი ახალდაწყებული ბიზნესია, რომელიც ხალხის გარკვეული კატეგორიისთვის შეიქმნა. დიახ, სიტყვის პირდაპირ თარგმანს თუ დავეყრდნობით, ასეა. თუმცა, სტარტაპი, რეალურად, სულ სხვა რაღაცას ნიშნავს.

სტარტაპი არის ორგანიზაცია, რომელიც მასშტაბირებადი ბიზნეს მოდელის შექმნას ისახავს მიზნად. ამასთან, სტარტაპერები ცდილობენ, რომ მიზანს მიაღწიონ სწრაფად და თანაც ისე, რომ მნიშვნელოვნად იმოქმედონ არსებულ ბაზარზე. ამისთვის კი, იყენებენ ინოვაციურ, მომავალზე გათვლილ სტრატეგიებს.

ფაქტობრივად, სტარტაპის მუშაობის მთლიანი პროცესი ეფუძნება კვლევების, ბევრი ძიებისა და ექსპერიმენტების საშუალებით იმ კოზირის პოვნას, რომელიც მათ ბიზნესს გაზრდის და მაქსიმალურ მოგებას მისცემს.

მეორეს მხრივ, ტრადიციული ბიზნესი არის ორგანიზაცია ან სამეწარმეო გაერთიანება, რომელიც უკვე არსებულ ბაზარზე შედის და ცდილობს, თავისი პოზიციები გაიმყაროს. ბიზნესის მფლობელი სხვა, მსგავსი კომპანიების მიერ შემუშავებულ მეთოდებს ეყრდნობა და დიდად არ საჭიროებს დამატებით კვლევას. მისი მთავარი ამოცანა კონკურენტებისგან კლიენტების წამოყვანა და სტაბილური შემოსავლის გენერირებაა.

აქედანვე ჩანს, რამდენად განსხვავდება სტარტაპისა და ტრადიციული ბიზნესის ყოველდღიური გამოწვევები და მათი გამკლავების მეთოდები. მოკლედ რომ შევაჯამოთ, სტარტაპი ინოვაციურ იდეაზე მუშაობს და მისი მიზანი ამ იდეის სისწორისა და მომგებიანობის ვალიდაციაა. ბიზნესი კი, არსებულ ბაზარზე ოპერირებს და მისი მიზანი საკმარისი მოგების სტაბილური გენერირებაა.

თუმცა, ამ ფუნდამენტური განსხვავების გარდა, არსებობს ბევრი პროცესი, რომლებიც ამ ორი ტიპის კომპანიისგან სხვადასხვა მიდგომებს საჭიროებს.


რისკი

ახალი კომპანიის წამოწყებისას, რისკი ყოველთვის არსებობს. მიუხედავად ამისა, როდესაც ერთმანეთს ვადარებთ ტრადიციულ კომპანიასა და სტარტაპს, ამ უკანასკნელთან ბევრად მეტ და ბევრად სარისკო დაბრკოლებას ვაწყდებით.

სტარტაპერის ამოცანა ისეთი მომსახურების ან პროდუქტის შექმნაა, რომელიც ბაზარზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს. ამისათვის საჭიროა ბევრი კვლევა, ტესტირება და ცვლილებები. რა თქმა უნდა, არის იმედი, რომ შედეგი წარმატებული იქნება, თუმცა, სამწუხაროდ, უმეტესწილად ეს არ ხდება. უფრო ზუსტად, სტარტაპების 90% კრახს განიცდის.

სტარტაპერებს წარმოუდგენლად ბევრი გამოწვევა აქვთ, მითუმეტეს, რომ არ არსებობს ჯადოსნური წარმატების ფორმულა. შეიძლება ითქვას, რომ მათი ბედი გამართლებაზეა დამყარებული.

ერთ-ერთი წარუმატებელი სტარტაპის, Yik Yak-ის მიზანი ანონიმური ჩატის შექმნა იყო. 2013 წელს მობილური ტელეფონების ბუმის დროს ბევრი ინოვაციური აპლიკაცია იქმნებოდა. უნივერსიტეტის სტუდენტებში მალევე გავრცელდა Yik Yak-ი, თუმცა მისი წარმატება ისევ დაეცა Snapchat-ის გამოსვლის შემდეგ. მაშინ სტარტაპი $400 მილიონი ღირდა, თუმცა 2017 წელს ყველას დაავიწყდა ეს აპლიკაცია და მალევე გაქრა კიდეც ბაზრიდან.

ტრადიციული ბიზნესის წამოწყებასთანაც უამრავი რისკია დაკავშირებული. დაწყებიდან პირველ წელს კომპანიების დაახლოებით 20% წარუმატებლობას განიცდის. თუმცა ისინი უკვე ჩამოყალიბებულ ბაზარზე იდგამენ ფეხს. სტარტაპერებისგან განსხვავებით არ ქმნიან ინოვაციურ ბიზნეს მოდელს. ეს ამცირებს რისკს და ამარტივებს ბიზნესის მართვის პროცესს.


დაფინანსების წყაროები

ბიზნესის წამოწყებისას, ყველაზე დიდი თავისტკივილი პირველად დაფინანსებაზე (Seed Funding) ფიქრია. რა თქმა უნდა, ყველა მეწარმეს უნდა, რომ ჩადებული თანხა დაიბრუნოს და კარგი მოგებაც ნახოს. ბიზნესისა და სტარტაპისთვის – ორივესთვის ყველაზე დიდი გამოწვევა დაფინანსების მოძიებაა. თუმცა, ინვესტიციის მოზიდვის გზები ერთმანეთისგან საგრზნობლად განსხვავდება.

სტარტაპები, როგორც წესი, დაფინანსებას ვენჩურ კაპიტალისტებისგან და სხვადასხვა აქსელერატორებისგან (მაგალითად, ჩვენგან) ელიან. ერთის მხრივ, ასეთი ინვესტორები ერთბაშად მეტი თანხის გაცემაზე არიან თანახმა, მეორეს მხრივ კი, სტარტაპებს მენტორებადაც ევლინებიან. სანაცვლოდ ისინი კომპანიის წილს ყიდულობენ, მათი წარმატების შემთხვევაში კი ათჯერ და ბევრად მეტ მოგებას ნახულობენ. იმისათვის, რომ სტარტაპმა დაფინანსების მოძიება შეძლოს, მან პოტენციური ინვესტორები იმაში უნდა დაარწმუნოს, რომ მისი იდეა ფულის გარისკვად ღირს.

მეორე მხრივ, ტრადიციული ბიზნესის მფლობელები, როგორც წესი, იღებენ პატარა ბიზნესისთვის ხელმისაწვდომ სესხს. ტრადიციული ბანკები და ონლაინ განმსესხებლები სთავაზობენ მსგავს ბიზნესს მცირე რაოდენობის კაპიტალს, მოგვიანებით კი, პროცენტს იღებენ დაფინანსების სანაცვლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ბიზნესის მფლობელს მიღებულზე მეტის 'დათმობა' უწევს საკუთარი კაპიტალიდან, ის კომპანიაზე სრულ მფლობელობას ინარჩუნებს და მოგების გაყოფა არავისთან უწევს.


მოსალოდნელი მოგება

სტარტაპერებმა, როგორც ჩვეულებრივი ბიზნეს მოდელის ხელმძღვანელებმა პირველ რიგში უნდა იფიქრონ ფულის გამომუშავებაზე და მოგების ნახვაზე. თუ წამოიწყებ სტარტაპს და პირველ წელს საერთოდ ვერ გამოიმუშავებ მოგებას, არ ხარ გამონაკლისი. შენი ბიზნესი სტარტაპების 99%-ს შორისაა. მსგავსი შედეგი იმიტომ აქვს სტარტაპებს, რომ ისინი ფოკუსირებულნი არიან ბაზრის ნორმის დარღვევაზე და განვითარების სწრაფ ტემპზე. ხშირ შემთხვევაში კი, ეს პროცესი ბევრ დროს მოითხოვს.

თუმცა, სტარტაპების უნიკალურობა და მიმზიდველობა სწორედ მასშტაბირების შესაძლებლობიდან მომდინარეობს. მაგალითად, როდესაც WhatsApp-ი ფეისბუკმა 19 მილიარდ დოლარად შეიძინა, მას მხოლოდ 55 თანამშრომელი და ას მილიონამდე მომხმარებელი ჰყავდა.

ტრადიციული ბიზნესი გრძელვადიან, სტაბილურ ზრდას არჩევს. აშკარაა, რომ ტრადიციულ ბიზნესში ინვესტირების ჩადება უფრო გონივრული გადაწყვეტილებაა. ისინი ნაკლებად განიცდიან წარუმატებლობას და უფრო მარტივად გამოიმუშავებენ ფულს.

როგორც უკვე ვახსენე, საბოლოოდ, სტარტაპის მთავარი მიზანი მაინც მასშტაბური ბიზნეს მოდელის აღმოჩენაა, რომელიც ავტომატიზირებული იქნება. თუ შენი სტარტაპი ტრადიციულ ბიზნესად იქცა, ეს იმას ნიშნავს, რომ იპოვე ის მოდელი, რომელსაც ეძებდი.


განსხვავებული მიზნები

რა არის ამ ორი განსხვავებული ტიპის ბიზნესის მიზანი? რა საკვირველია, ნებისმიერ ბიზნესს უნდა, რომ ბაზარზე დარჩეს. თუმცა, ყველას ინდივიდუალური განზრახვა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება, ვისთვის და რამხელა ფინანსებთან იქნება დაკავშირებული ბიზნესი მომავალში. ტრადიციული ბიზნესის მიზანია, შექმნას გრძელვადიანი კომპანია, რომელიც ამ სფეროში დიდი ხნით დარჩება. როგორც დასაწყისში ვახსენე, მათი ამოცანა სტაბილური შემოსავლის გენერირებაა და იმდენად ზრდაზე არაა ფოკუსირებული, როგორც ეს სტარტაპის შემთხვევაში ხდება ხოლმე.

აი, სტარტაპები კი, ორნაირად აგრძელებენ არსებობას (რა თქმა უნდა, თუ გადარჩნენ):

1. ისინი პატარა წამოწყებიდან მასიურ კომპანიებში გადაიზრდებიან და მთელ მსოფლიოს მოიცავენ, როგორც ეს ფეისბუკის შემთხვევაში ვნახეთ;

2. მათ მსხვილი კომპანიები ყიდულობენ და საკუთარ პოზიციებს ამყარებენ, როგორც ეს ფეისბუკის აწ უკვე შვილობილი კომპანიის, ინსტაგრამის შემთხვევაში მოხდა.

მეორე ვარიანტის კიდევ ერთი კარგი მაგალითია კომპანია AdRoll-ი. ის ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მარკეტინგული პროექტია. სწორედ მისი დახმარებით აწარმოებენ მკვლევრები მობილურის მომხმარებლის ქცევის ანალიზს და 'თვალთვალს'. 2014 წელს, $70 მილიონიანი ინვესტიციის შედეგად, კომპანიამ სწრაფი ზრდა განიცადა და ისინი უკვე $100 მილიონამდე მოგებაზე გადიან.


ბიზნეს მოდელი

სტარტაპის დაწყება არის პროცესი, როდესაც დამფუძნებლები ცდილობენ მოიძიონ და დაადასტურონ სასურველი ბიზნეს მოდელი. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ ისინი იდეის ხორცშესხმას. სტარტაპის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ინოვაციურობა. განსაკუთრებით, ამას თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებით ცდილობენ. მაგალითისთვის, თუ რაიმე კომპანია ტრადიციული ბიზნესია, მაშინ ის სხვა მსგავსი ბიზნესებივით ფუნქციონირებს. სტარტაპის შემთხვევაში კი, მომსახურებას ან წარმოებას ინოვაციური ხასიათი აქვს და ბაზარზე სიახლეს წარმოადგენს.

სემ უოლტონმა დაიწყო Ben Franklin-ის მაღაზიების შეძენა 5 წლიან იჯარაზე ხელმოწერით. ამის შემდეგ ის პარტნიორობდა დაბალი ფასის მიმწოდებლებთან, რითიც შეამცირა კონკურენტები. მაღაზიამ კი ამ მოდელით ფულის გამომუშავება პირველივე დღიდან დაიწყო.

თუ Facebook-ი იმავე გზას გაჰყვებოდა, მაშინ ცუკერბერგი ადრევე შესთავაზებდა მომხმარებელს მაღალხარისხიან პროდუქტს. თუმცა, Facebook-ის ბიზნეს მოდელი ჰიპოთეზაზე, ვარაუდზე იყო დამყარებული და ამ ვარაუდების დადასტურება/გაქარწყლებას დრო დასჭირდა. მხოლოდ ამ პროცესის შემდეგ დაიწყო მარკმა ბიზნეს მოდელის ამუშავება. რასაკვირველია, რაც უფრო მეტი 'ვარაუდით' წარმართავ ბიზნესს მით უფრო მეტად გჭირდება იღბალი.


და მაინც, რაში დაგვჭირდება ეს ინფორმაცია?

საბოლოო ჯამში, სტარტაპის დამფუძნებლებს უნდა გახსოვდეთ, რომ ბიზნეს მოდელი მთავარი კომპონენტია წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად. დიახ, დრო სჭირდება იმის გადამოწმებას, თუ როგორ მუშაობს, თუმცა ბიზნესი მხოლოდ მომსახურების სფერო არაა. გამოწვევაა ასევე სწორი ფასის დადება, პოზიციონირება, დიფერენცირება და პროდუქტის მიწოდების სწორი ფორმა.

როგორც ხედავ, სტარტაპსა და ტრადიციულ ბიზნესს შორის განსხვავება იმაზე მეტია, ვიდრე ყურით მოგიკრავს. სტატიის წაკითხვის შემდეგ ახალმა მეწარმემ, ან უბრალოდ დაინტერესებულმა პირმა იცი განსხვავება ამ ორი ტიპის ბიზნესს შორის. შეგიძლია გაარჩიო, რომლის დაწყება არის შენთვის უფრო მოსახერხებელი. უკვე იცი, რომელს და რატომ ანიჭებ უპირატესობას. ყველაზე მთავარი, კომპანიის დაარსებაზე ფიქრისას, გეცოდინება, სტარტაპია თუ სტანდარტული ბიზნესი.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ელენა თავართქილაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა