ლურჯი ვერსია

როგორ დავიცვათ თავი სტარტაპის წარუმატებლობის 90%-იანი რისკისგან

06 აპრილი 2021

შენი შეშინება არ მინდა, მაგრამ თუ სტარტაპი წამოიწყე, დიდი შანსია, საბოლოო პროდუქტამდე ვერც მიაღწიო. უფრო ზუსტად, 90%-იანი შანსი.

ამას იმიტომ გეუბნები, რომ დაბრკოლებების თავიდან არიდების ყველაზე ეფექტური გზა მათ შესახებ ინფორმაციის ქონაა. ეს სტატიაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

კვლევითმა ორგანიზაცია CBinsights-მა 2019 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა სტარტაპების წარუმატებლობის 20 მთავარი მიზეზი. აქ ამ სიის ტოპ ხუთეულს განვიხილავთ და მათი თავიდან არიდების მეთოდებსაც შემოგთავაზებთ.


1. საჭიროების არ არსებობა – 42%

გაგიკვირდება და, წარუმატებლობებზე საუბრისას, ყველაზე ხშირად, ბაზარზე პროდუქტის საჭიროების არ არსებობა სახელდება. გამოკითხულ ექს-დამფუძნებლებს შორის ერთ-ერთი ამ საკითხს ასე წარმოაჩენს:

“გვქონდა მაგარი ტექნოლოგია, მაგარი მონაცემები, მაგარი რეპუტაცია, მაგარი გამოცდილება, გვყავდნენ მაგარი მრჩევლები და ასე შემდეგ, მაგრამ რაც გვაკლდა იყო ტექნოლოგია ან ბიზნეს მოდელი, რომელიც მასშტაბურ მტკივნეულ საკითხს აგვარებდა.”

გულდასაწყვეტია იმის მოსმენა, რომ ამდენი შრომა, დრო და ენერგია გამოუსადეგარი პროდუქტის შექმნაში დაიხარჯა. არადა, საჭიროების ვალიდაცია სტარტაპმოგზაურობის პირველი ეტაპია.

ბევრი უგულებელყოფს პოტენციური მომხმარებლების კვლევასა და მინიმალურად სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის (MVP) მოდიფიკაციას რესპოდენტთა პასუხების შესაბამისად. მსოფლიოს მოწინავე აქსელერატორი, YCombinator-ი, სტარტაპის დამფუძნებლების მთავარ მოვალეობად ორ ამოცანას გამოარჩევს: მომხმარებლებთან ინტერვიუები და პროდუქტის შექმნა. თავადაც მიხვდები, რომ ეს ორი ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირშია.

იმისათვის, რომ სტარტაპთა 42%-ის შეცდომა არ გაიმეორო, იდეის გაჩენის დღიდან მისი საჭიროების ვალიდაციაზე უნდა იზრუნო. თუ შენი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, ყოველთვის შეგიძლია იდეის მოდიფიკაცია. ჩემი სტატია პროდუქტსა და მომხმარებელს შორის თავსებადობის პოვნაზე აუცილებლად დაგეხმარება იმაში, რომ თავიდანვე სწორად მიუდგე სტარტაპერობის პროცესს.


2. ფულის გათავება – 29%

დიდი შანსია, სტარტაპი შენი პირველი გამოცდილება იყოს ფინანსების მენეჯმენტში. როცა ერთბაშად დიდი რაოდენობის თანხა გაქვს, მომავალი კი ბურუსითაა მოცული, ფულის არასწორი განაწილება საკმაოდ რეალური რისკია.

პროექტის საწყის სტადიაზევე შემოსავლების გენერირების მიზნით, ბევრი მარკეტინგში იმაზე მეტ რესურსს დებს, ვიდრე გამართლებულია. დიდი თანხები იხარჯება სამომავლო ინვესტორებისთვის მომზადებაშიც. მაგრამ, მაშინაც კი, თუ დამფუძნებლები ასეთი იმპულსური გადაწყვეტილებებისთვის ზედმეტად ჭკვიანები არიან, პროდუქტსა და მომხმარებელს შორის თავსებადობის პოვნას, შესაძლოა, ძალიან დიდი დრო დასჭირდეს. რადგან ამ პროცესის ვადების განსაზღვრა შეუძლებელია, აუცილებელია თანხების მაქსიმალურად მინიმალური გახარჯვა.

ფინანსების სამართავად დღეს ბევრი დამხმარე რესურსი და პლატფორმა არსებობს. ასეთია ქართულ ბაზარზე ოპერირებადი სტარტაპი კერნელი. მათი კალკულატორების მეშვეობით, სტარტაპებსა და მცირე ბიზნესებს მარტივად შეუძლიათ ხარჯების გამოთვლა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. პლატფორმა მიზნად ისახავს, მოიცვას ყველა საჭირო სერვისი ფინანსური პრობლემების თავიდან ასარიდებლად. ამიტომ, გირჩევ, თვალი ადევნო მათ განვითარებას.


3. არასწორი გუნდი – 23%

სტარტაპის წარმატებისთვის სწორი გუნდი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მომხმარებელზე მორგებული გამართული პროდუქტი. თუ კომპანიის ძირითადი წარმომადგენლების კვალიფიკაციები არ ემთხვევა პროდუქტის საჭიროებებს, თუ მათი ენთუზიაზმი საკმარისად ძლიერი არაა და თუ ერთმანეთში კომუნიკაცია ვერ დგება, მაშინ სტარტაპი წარუმატებლობისთვისაა განწირული.

გუნდის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ის ფაქტი, რომ ინვესტორთა უმრავლესობა სწორედ მათ ანიჭებს ყველაზე დიდ მნიშვნელობას.

იმისათვის, რომ არ შეცდე და პროექტისთვის და შენი საჭიროებებისთვის შეფურებელ ადამიანებზე არ შეაჩერო არჩევანი, გადახედე ჩემს სტატიებს თანადამფუძნებლის პოვნასა და ძირითადი გუნდის წევრების შერჩევაზე.


4. კონკურენტების გამოჩენა – 19%

ყველა მხრიდან გვესმის, რომ სტარტაპზე მუშაობისას ყველაზე ნაკლებად უნდა გვეშინოდეს კონკურენტების. ეს მართლაც ასეა, რადგან კონკრეტულ ინოვაციურ იდეაზე მხოლოდ ხელზე ჩამოსათვლელი კომპანია მუშაობს ერთდროულად. თანაც, მათზე ნერვიულობაზე მნიშვნელოვანი საჭიროების პოვნაა (გაიხსენე მიზეზი პირველი).

კონკურენტების პრობლემა მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როცა შენი იდეა აჟიოტაჟის ქვეშ ექცევა და მსგავსი სტარტაპები სოკოებივით იწყებენ გამოჩენას. ეს ის მომენტია, როცა კონკურენტების შესწავლა, მათი უპირატესობების იდენტიფიცირება და ათვისება, ხოლო მათი შეცდომების გათვალისწინება და თავიდან არიდება ხდება საჭირო.

რადგან კომპანიის საწყის ეტაპზე კონკურენტებს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ ასე უნდა დარჩეს. აუცილებელია, თვალი ადევნო ბაზრის განვითარებასა და ცვლილებებს. ამ გზით ნაკლები შანსია, პოტენციური კონკურენტები გამოგრჩეს და უკეთაც დაიცავ თავს მათგან.

აქვე ერთი პრაქტიკული რჩევა: პოლ გრემი, YCombinator-ის თანადამფუძნებელი, თავის ერთ-ერთ ესსეში სარისკო კონკურენტების იდენთიფიკაციის ხრიკს გვიზიარებს. როცა ის თავისი წამოწყების კონკურენტ სტარტაპებს აღმოაჩენდა, პირველი, რასაც აკეთებდა, ამ კომპანიების მიერ ძიებადი თანამშრომლების მოთხოვნების წაკითხვა იყო. ეს მარტივი მეთოდი პოლს იმის შეფასებაში ეხმარებოდა, რამდენად სწორად უდგებოდნენ სხვა სტარტაპები პროექტს. ეძებდნენ თუ არა ისინი შესაფერის დეველოპერებს? რას უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებდნენ, პროდუქტის შექმნას თუ მარკეტინგს? ამ კითხვებზე პასუხს ის არსებული თანამშრომლებისა და მოთხოვნადი კადრების კვალიფიკაციებში პოულობდა. იგივე შემიძლია გირჩიო შენც.


5. ფასთან დაკავშირებული პრობლემები – 18%

ბაზარზე არსებულმა ნებისმიერმა პროდუქტმა ოქროს შუალედი უნდა დაიჭიროს, როცა საქმე მის ფასს ეხება: ერთის მხრივ, პროდუქტი საკმარისად ძვირი უნდა იყოს იმისათვის, რომ კომპანიის ხარჯები დაფაროს; მეორეს მხრივ, პროდუქტი საკმარისად იაფი უნდა იყოს იმისათვის, რომ სამიზნე აუდიტორიამ მისი შეძენა შეძლოს (და მიზანშეწონილად მიიჩნიოს). ფასთან დაკავშირებული პრობლემები მაშინ იჩენს თავს, როცა კომპანია ამ ორიდან რომელიმეში ზღვარს სცდება.

კომპანიის ხარჯების უგულებელყოფა ავტომატურად იწვევს წაგებაში გასვლასა და სტარტაპის დახურვას. ზედმეტად მაღალი ფასების დაწესება კი, იწვევს კლიენტების ნაკლებობას, წაგებაში გასვლასა და სტარტაპის დახურვას.

როგორც ხედავ, პროდუქტის საჭიროების ვალიდაციის, პროდუქტის შექმნისა და შესაფერისი ბიზნეს მოდელის პოვნაც კი არაა იმ რისკების დასასრული, რომლებიც შენს წარმატებას საფრთხეს უქმნის.

პროდუქტსა თუ სერვისზე არასწორი ფასის დადების 18%-იანი შანსი არც თუ ისე ცოტაა ამ რისკის უგულებელსაყოფად. ნამდვილად მოსალოცი ამბავია, რომ აქამდე შეინარჩუნე შენი წამოწყება და დასანანი იქნება, თუ ასეთი უმნიშვნელო დეტალი შენს წარმატებაზე უარყოფითად იმოქმედებს. ამიტომ გირჩევ, რომ დეტალურად გამოიკვლიო ბაზარზე არსებული შეთავაზებები და შენი სამიზნე აუდიტორიის ფინანსური შესაძლებლობები, შემდეგ კი აუცილებლად გაიარო კონსულტაცია ფინანსების სფეროში ჩახედულ ადამიანებთან. წარმატებები!

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა