ლურჯი ვერსია

როგორ უნდა შევარჩიოთ სტარტაპის ძირითადი წევრები და სად ვიპოვოთ ისინი

12 თებერვალი 2021

ცუდი თანამშრომელი კომპანიას ძვირად უჯდება, მაგრამ სტარტაპისთვის ის დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს. ამას სტატისტიკაც მოწმობს: CB Insights-ის თანახმად, სტარტაპის წარუმატებლობის მიზეზებიდან, არასწორი გუნდი მესამე ადგილს იკავებს.

მსხვილ კომპანიებში ახალი თანამშრომლების აყვანა სტანდარტიზებული პროცესია: აარჩიე კანდიდატებიდან ყველაზე გამოცდილი, მიეცი გაწერილი სამუშაო და დაუნიშნე შესაბამისი ხელფასი. სტარტაპი ამ საკითხს სხვანაირად უნდა მიუდგეს. თქვენ ძირითადი გუნდის წევრები აგყავთ და არა – უბრალო თანამშრომლები. გუნდის ძირითად წევრებს კი, ბევრად მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ, ვიდრე უბრალოდ მათთვის მიცემული დავალების შესრულებაა.


სანამ გუნდის შეკვრას დაიწყებდე...

სტარტაპი ბევრი რამით განსხვავდება ბიზნესისგან, მაგრამ ამ ორს ერთი მთავარი საერთო მაინც გააჩნიათ (რაც ხშირად გვავიწყდება ხოლმე): სტრუქტურის არსებობის აუცილებლობა.

სანამ გუნდის ახალ წევრებს შემოიერთებთ, ჯერ დამფუძნებლებს შორის ურთიერთობა და ფუნქცია-მოვალეობები კარგად უნდა დაალაგოთ. თუ ჯერ არ გყავს თანადამფუძნებელი, აუცილებლად გაეცანი ჩვენს სტატიას იმის შესახებ, თუ რატომ უნდა მოიძიო იგი და, რა თქმა უნდა – როგორ.

ჩამოწერეთ თქვენი სტარტაპის გასამართად საჭირო მოვალეობები, შემდეგ კი, გადაანაწილეთ ისინი როგორც თანადამფუძნებლებზე, ისე – პოტენციურ თანამშრომლებზე. ასე ბევრად ნათელი და მკაფიო წარმოდგენა შეგექმნებათ იმის თაობაზე, თუ რა გამოცდილების და რამდენი ადამიანი გჭირდებათ კომპანიაში.

ძირითადი მიმართულებები, რომლებიც საწყის ეტაპზე აუცილებლად დაგჭირდებათ, მარკეტინგი, კლიენტებთან ურთიერთობა და პროდუქტის განვითარებაა. თუმცა, სტარტაპის ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება დაგჭირდეთ ისეთი ‘დეპარტამენტებიც’, როგორიცაა ფინანსები და ზოგადი საბაზრო კვლევა და განვითარება. ‘დეპარტამენტებში’ კი, ამჯერად, გუნდის შესაბამისი წევრები მოიაზრებიან.

ასევე გაეცანი: სტარტაპის ძირითადი წევრები: ჰიპსტერი, ჰასლერი და ჰაკერი.


ძირითადი გუნდის მთავარი მახასიათებლები

მას შემდეგ, რაც მოვალეობებს განსაზღვრავთ და ახალი წევრების რაოდენობაზე შეჯერდებით, უკვე შეგიძლიათ მათ მოძიებაზე ზრუნვა დაიწყოთ. ამაზე ცოტახანში ვისაუბრებთ, მანამდე კი ის მთავარი მახასიათებლები გავიაროთ, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება კანდიდატების შერჩევისას.


შემართებისა და კომპეტენციის ბალანსი

სტარტაპში არც სამუშაო მოვალეობებია დეტალურად გაწერილი და არც – დღიური გრაფიკი. იმისათვის, რომ თქვენი გუნდის წევრები ამ ქაოტურ და სტრესულ გარემოს გაუმკლავდნენ, მათ საკმარისი შემართება დასჭირდებათ.

სტანდარტულ სამსახურში კომპეტენციას უმაღლესი მნიშვნელობა ენიჭება. თქვენი წამოწყებისთვის კი, ნაკლებად სტანდარტული მიდგომა გჭირდებათ – კომპეტენციისა და შემართების სწორი ბალანსი.

თუ ადამიანი დიდ გამოცდილებას არ ფლობს თავის მიმართულებაში, მაგრამ მაღალ მოტივაციასა და დიდ ინტერესს გამოხატავს როგორც პროფესიის, ისე თქვენი სტარტაპიდეის მიმართ, მისთვის შანსის მიცემა ცუდი აზრი ნამდვილად არაა. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მთავარი, რასაც კადრში ყურადღება უნდა მიაქციოთ, თვითშეგნების დონეა.

ჰარვარდის ბიზნეს მიმოხილვაში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, თვითშეგნება მნიშვნელოვან როლს თამაშობს შესრულებული სამუშაოს ხარისხში. აქ მოვიაზრებთ ადამიანის უანრს, ობიექტურად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები, ძლიერი და სუსტი მხარეები.

არასრული კომპეტენციის, მაგრამ მაღალი შემართებისა და თვითშეგნების მქონე ადამიანი სწორედ ისეთი კადრია, როგორიც გჭირდებათ: თქვენს თანამშრომლებს განვითარების ისეთივე პოტენციალი უნდა გააჩნდეთ, როგორიც თქვენს სტარტაპს. ამ კუთხით შეაფასეთ თითოეული კანდიდატი: აქვთ თუ არა მათ განვითარების ისეთივე პოტენციალი, როგორიც შენი სტარტაპისთვის წარმოგიდგენია?

მაღალი კომპეტენციის მქონე პირი, რომელსაც მხოლოდ ანაზღაურება აინტერესებს, არც გვიანობამდე იმუშავებს ფორს მაჟორულ სიტუაციაში და არც მისგან დამოუკიდებელ საქმეებში ჩაერევა. სხვადასხვა როლების მორგება კი, სტარტაპში, ყველას უწევს რაღაც ეტაპზე და ამას შემდეგ კრიტერიუმამდე მივყავართ:


ადამიანი ქამელეონები

ორგანიზაციაში, სადაც, დაახლოებით, 5-6 თანამშრომელია, ერთ კაცს ბევრი სხვადასხვა როლის მორგება უწევს. სტარტაპს ისეთი ხალხი სჭირდება, რომლებსაც მოვალეობების ცვლა და ახალი უნარების სწრაფად ათვისება მარტივად გამოსდით.

მაგალითად, მარკეტინგის მიმართულებით აყვანილ კადრს ქოფირაითერის, დიზაინერის სოციალური მედია მენეჯერისა და მარკეტოლოგის დავალებების შეთავსება მოუწევს, პროგრამისტს კი, რაღაც ეტაპზე, მომხმარებლის ინტერფეისსა და კარგი გამოცდილების შექმნაში (UI/UX) გარკვევა დასჭირდება.

სტარტაპის საწყის ეტაპზე ყველა როლისთვის თითო კადრის აყვანის არც საკმარისი რესურსია და არც – საჭიროება. ყურადღება მიაქციეთ, რამდენად აქვს შერჩეულ კანდიდატს ლავირების უნარი და მრავალმხრივი ინტერესები. სწორედ ამიტომ ანიჭებენ სტარტაპებში სტუდენტებს უპირატესობას, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით.


თავსებადობა

დაკვირვებით გაეცანით კანდიდატების მიზნებს, სურვილებს, ამბიციებს, სამომავლო გეგმებსა და ხედვას – როგორც პირადი ცხოვრების, ისე სამყაროს შესახებაც. ეს წარმოდგენას შეგიქმნით მათ თავსებადობაზე არა მარტო სტარტაპის დამფუძნებლებთან, არამედ თავად სტარტაპის მიზნებთანაც. ორივე კი, ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტიანი მუშაობისა და სწორი მიმართულებით ზრდა-განვითარებისთვის.

თუმცა, ნუ აურევთ თავსებადობას ერთფეროვნებაში. თუ ყველა ერთნაირად აზროვნებს, მუშაობის ერთი სტილი და ერთნაირი შეხედულებები აქვს, მაშინ თავს გამოქვაბულში ამოყოფთ, სადაც თქვენივე აზრები ექოსავით დაგიბრუნდებათ უკან და ახალს ვერაფერს მოისმენთ. ასეთ გარემოში კრეატიულობისა და ახალი უნარების ათვისების ადგილი არაა. სტარტაპის გუნდის წევრები ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან თავსებადი უნდა იყვნენ, ფაზლის ნაწილებივით.


ლიდერები

და ბოლოს, არ დაგავიწყდეს, რომ ძირითადი გუნდის წევრებს სამომავლოდ მათზე დაქვემდებარებული კადრების აყვანა და მათი მართვა მოუწევთ. ამიტომ, ყურადღება მიაქციე მათი კომუნიკაციისა და მენეჯმენტის უნარებსაც. თუ საწყის ეტაპებს წარმატებით გაივლით და ზრდის ფაზაში გადახვალთ, კადრების მომდევნო ნაკადი სწორედ ძირითადმა გუნდმა უნდა დააკვალიანოს. საბედნიეროდ, თქვენ ამისათვის ნაკლებად გეცლებათ.


ბოლო რჩევა: აიყვანე ნელა, გააგდე სწრაფად

Zappos-ი ტანსაცმლის უმსხვილესი ამერიკული ონლაინ მაღაზიაა. კომპანიაში ერთი ძალიან უცნაური შეთავაზება არსებობს: თუ ახალი თანამშრომელი სამსახურს პირველივე კვირაში დატოვებს, მას 2 000 დოლარს აძლევენ.

ასეთ ხელგაშლილობას საკმაოდ პრაქტიკული მიზეზი გააჩნია: Zappos-ში ამ გზით სწრაფად და უმტკივნეულოდ იშორებენ შეუფერებელ კადრებს.

რა თქმა უნდა, თქვენ ასეთი შეთავაზებისკენ არ გიბიძგებთ. ეს მაგალითი, უბრალოდ, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტოქსიკური თანამშრომლებისგან სწრაფად გათავისუფლება. მითუმეტეს, სტარტაპისთვის, სადაც თითოეულ წევრს უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის კომპანიის განვითარებაში. ასე რომ, ნუ შეუშინდებით არასწორად შერჩეული გუნდის წევრების დათხოვნას.


ახლა კი, სად ვიპოვოთ შესაფერისი კადრები?

უკვე გავიარეთ ის მთავარი კრიტერიუმები, რასაც კადრების შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჯერ კიდევ აქ ხართ? ძალიან კარგი. ახლა იმაზე გადავიდეთ, თუ სად ვიპოვოთ ეს ადამიანები.


დაიწყე მათგან, ვისაც იცნობ

გაუზიარე შენი პროექტის იდეა მეგობრებს, კოლეგებსა და ნაცნობებს და ჰკითხე, იცნობენ თუ არა ისეთ ადამიანებს, ვინც შენი საჭირობებისთვის იდეალური იქნება. თუ გასაუბრებამდე გეცოდინება მათი მუშაობის ეთიკა და ხასიათი, ეს კადრების შერჩევის პროცესს ბევრად გაგიმარტივებს.

თუმცა, ფრთხილად იყავი. საქმე არ დაიწყო მეგობართან მხოლოდ იმიტომ, რომ ის შენი მეგობარია. სტარტაპერებზე გავრცელებულ არასწორ შეხედულებებში ჩვენ უკვე გავუსვით ხაზი იმ მცდარ მოსაზრებას, რომ მეგობრებთან ბიზნესის დაწყება საუკეთესო ვარიანტია.


ლინკდინი და დასაქმების საიტები

თუ შენი სანაცნობო წრე სასურველი კანდიდატების პოვნაში ვერ გეხმარება, შეგიძლია ინტერნეტ სივრცეს მიაკითხო. პირველ რიგში, დაათვალიერე ლინკდინის პროფილები და შეეხმიანე იმ ადამიანებს, რომლებსაც შესაბამისი გამოცდილება გააჩნიათ. ეს შეიძლება იყოს როგორც პროფესიული მიმართულება, ისე სტარტაპში მუშაობის გამოცდილებაც (რაც ნიშნავს, რომ ის სტარტაპისთვის სახასიათო გამოწვევებისთვის მზადაა).

ასევე, შეგიძლია გამოიყენო ისეთი დასაქმების საიტებიც, როგორებიცაა jobs.ge; hr.ge და ახლად შექმნილი ქართული ‘ფრილენს’ პლატფორმა dsgn.ge-ც. განაცხადში გარკვევით ახსენი, რომ საქმე სტარტაპს ეხება და კარგად ჩამოაყალიბე შენი მოლოდინებიც. ნუ დასჯერდები სტანდარტულ ტექსტებს. გახსოვდეს, შენ სტარტაპერს ეძებ და არა – უბრალო თანამშრომელს.


უნივერსიტეტები

თუ ეძებ მოტივირებულ ახალგაზრდებს განვითარების პოტენციალით, უნივერსიტეტებზე უკეთეს ადგილს ამისათვის ვერ შეარჩევ. სტუდენტების მოტივაცია მაღალია, რადგან მათ საკუთარი თავის გამოცდა აინტერესებთ და პირველი სამსახურიც ყოველთვის უფრო სახალისოა, რადგან სიახლეს წარმოადგენს. შეეხმიანე უნივერსიტეტების დასაქმების დეპარტამენტებს და სთხოვე, განაცხადი სტუდენტებს მეილით დაუგზავნონ. რა თქმა უნდა, შესაბამის ფაკულტეტზე მყოფ სტუდენტებთან.


საბოლოო ჯამში, ალბათ გამოცდილი კადრებისა და დამწყებების თავმოყრა მშვენიერ გარემოს შექმნის სტარტაპის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ასეთ სივრცეში ენთუზიაზმი მაღალია შეცდომების რაოდენობა კი – გაცილებით ნაკლები.

სტარტაპის გუნდის შეკვრა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა და შესაბამისი მიდგომაც სჭირდება. გაითვალისწინეთ თქვენი ინდივიდუალური საჭიროებები და მხოლოდ ამის შესაბამისად მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება. ნუ შეუშინდებით გარისკვას – თუ გუნდის ახალმა წევრმა არ გაამართლა, ყოველთვის შეძლებთ სხვის მოძიებას.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

06 ნოემბერი

3 გაკვეთილი ყველაზე ამბიციური მიზნების მისაღწევად – სტივ ჯობსის, ილონ მასკის და პოლ გრაჰამის რჩევები

სტარტაპინდუსტრიაში გვყავს ადამიანები, რომელთა ისტორიები და გამონათქვამები ყველგან გვხვდება.