ლურჯი ვერსია

რატომ უნდა გახსოვდეს კონკურენცია, ანუ სამესიჯო აპლიკაციების ბრძოლა პირველობისთვის

04 მაისი 2021

თუ დამწყები სტარტაპერი ხარ, შეგიძლია კონკურენციაზე დიდად არ ინერვიულო. პირველ რიგში, თავად სტარტაპის განმარტებიდან გამომდინარე, შენი კონკურენტების რაოდენობა საკმაოდ დაბალია (თუ არა, მაშინ გირჩევ გაეცნო ჩვენს სტატიას ბიზნესსა და სტარტაპს შორის განსხვავებაზე). მეორეს მხრივ, შენს შესახებ ალბათ ბევრმა არც კი იცის, მითუმეტეს – კონკურენტუნარიანმა მსხვილმა კომპანიებმა, რომლებსაც ისედაც ბევრი თავის ტკვილი გააჩნიათ.

ამის საპირისპიროდ, თუ უკვე ჩამოყალიბებული და საქვეყნოდ ცნობილი კომპანია ხარ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მზარდი წამოწყებების უგულებელყოფის ფუფუნება გაგაჩნია. ცხოვრებაშიც ხომ ასეა: გაუმჯობესების შეწყვეტა ნიშნავს, რომ ვიღაც აუცილებლად გაგასწრებს. ეს იმ შემთხვევებზეც ვრცელდება, როცა უმჯობესდები, მაგრამ სრულიად სხვა მიმართულებით.

ამ სტატიაში მიმოვიხილავ იმ პრობლემებს, რომლებიც WhatsApp-ს დაატყდა თავს და ხალხს სხვა სამესიჯო აპლიკაციებისკენ უბიძგა. შემდეგ კი, განვიხილავ Telegram-სა და სულ ახალ Signal-ს შორის არსებულ ძირეულ განსხვავებებს – ანუ, რომელს რატომ უნდა მიანიჭო უპირატესობა.


საწყისები

ალბათ უკვე გეცოდინება, რომ WhatsApp-ი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა. მას 2 მილიარდი თვიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს და ამ მაჩვენებლით ფეისბუკის მესენჯერსაც უსწრებს (რომელსაც 1.3 მილიარდი კაცი მოიხმარს თვიურად). სოციალური მედიის გიგანტი ამ ფაქტზე დიდად არ ნერვიულობს, პირიქით. ცუკერბერგმა WhatsApp-ი ჯერ კიდევ 2014 წელს შეიძინა 19 მილიარდ დოლარად და, როგორც ჩანს, ინვესტიცია არც თუ ისე ურიგო გამოდგა. თუმცა, ეფლის მიერ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ WhatsApp-ს სახელი ნამდვილად გაუფუჭა.

ეფლის ახალი პოლიტიკის წყალობით, კომპანიამ დაიწყო კონფიდენციუალურობის ლეიბლების გამოქვეყნება. ანუ, იმ მონაცემებისა, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციები მათ მომხმარებლებზე ინახავენ. WhatsApp-ის დაფა კი, არც თუ ისე საიმედოდ გამოიყურებოდა:

ხალხი ფეისბუკს დიდი ხანია, მონაცემებზე აღარ ენდობა. WhatsApp-ი ბევრად საიმედო ალტერნატივა იყო მისი ორმხრივი დაშიფვრის (End-to-end encryption) წყალობით. თუმცა, WhatsApp-ის მიერ შენახულ მეტადატას ფეისბუკის მიმართ უნდობლობაც დაემატა და ხალხმა სასწრაფოდ დაიწყო სხვა სამესიჯო აპლიკაციებზე გადასვლა.

ერთი შეხედვით, ტელეგრამი ყველაზე ლოგიკური არჩევანია. სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ ტელეგრამი WhatsApp-ზე ნაკლებ მონაცემებს ინახავს ჩვენს შესახებ, მისი კონფიდენციალურობის სისტემა ამ უკანასკნელს ჩამოუვარდება.

თუმცა, ტელეგრამი ბაზარზე ერთადერთი არჩევანი არაა.


Telegram vs. Signal

როცა საქმე კონფიდენციალურობას ეხება, ორმხრივი დაშიფვრის მექანიზმი დღეს არსებული საკომუნიკაციო აპლიკაციების მთავარი მოთხოვნაა. ალბათ გაგიკვირდება, თუ გეტყვი, რომ ტელეგრამი ამ მხრივ პირველთა სიაში არ ვარდება.

WhatsApp-ში ყველა შენი მიმოწერა დაშიფრულია და მათი წაკითხვა არავის შეუძლია (პლატფორმის მიმართ კრიტიკა მხოლოდ ზემო სურათში მოცემული მონაცემების შენახვას ეხება). ტელეგრამის შემთხვევაში კი, ორმხრივად დაშიფრულია მხოლოდ ის მიმოწერა, რომელიც “საიდუმლო ჩატის” (secret chat) მეშვეობითაა გაგზავნილი. ყველაფერი დანარჩენი ქლაუდზე ინახება და ხელმისაწვდომია. მეტიც, “საიდუმლო ჩატის” ფუნქცია ჯგუფურ მიმოწერებზე საერთოდ არ მუშაობს.

ტელეგრამს ორი მთავარი უპირატესობა გააჩნია. 1. პლატფორმაზე შეგიძლია გიგანტური ჯგუფები შექმნა და ამ ჯგუფების სამართავად საჭირო ისეთი ფუნქციები გამოიყენო, როგორიცაა გამოკითხვები, განცხადებები და სხვ. 2. პლატფორმას ბევრად მეტი და სახალისო ემოჯიები გააჩნია, ვიდრე WhatsApp-ს ან სიგნალს.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, თუ შენი პირადი მიმოწერა დიდად არავის უნდა აინტერესებდეს და თუ აპლიკაციას ჯგუფების შესაქმნელად და გასართობად ეძებ, მაშინ ტელეგრამი შენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მართალია, მესიჯები დაშიფრული არაა, მაგრამ ტელეგრამის მიერ მომხმარებელთა შესახებ შენახული მონაცემები შენს კონტაქტებსა და შენს საიდენტიფიკაციო ნომერს არ სცდება.

თუმცა, როცა საქმე კონფიდენციალურსა და ბევრ ფუნქციონალს შორის არჩევანს ეხება, ყველა მეორესკენ საერთოდ არ იხრება. მითუმეტეს, დღევანდელ სამყაროში, სადაც მონაცემები უფრო და უფრო ძვირფასი პროდუქტი ხდება.

სიგნალი რამდენიმე წლის წინ, 2015 წელს გამოჩნდა ბაზარზე და პოპულარობა მხოლოდ ბოლო პერიოდში მოიპოვა. ფუნქციონალით იგი ისეთი დატვირთული არაა, როგორც 2013 წელს გამოსული ტელეგრამი. თუმცა, კონფიდენციალურობის კუთხით, მას ჯერჯერობით კონკურენტი არ გააჩნია.

სიგნალი იგივე ორმხრივი დაშიფვრის მექანიზმს იყენებს, რასაც WhatsApp-ი. თუმცა, ამას ემატება ის მონაცემები, რომლებსაც სიგნალი მომხმარებლებზე ინახავს – უფრო სწორედ, არ ინახავს. პლატფორმას მხოლოდ ჩვენს მობილურ ნომრებზე მიუწვდება ხელი და ეს უკანასკნელიც კი არაა მომხმარებლის ანგარიშთან დაკავშირებული. სხვა სიტყვებით, ინდივიდუალური მომხმარებელი კომპანიისთვის მაინც ანონიმური რჩება.


მოკლედ რომ შევაჯამოთ

WhatsApp-ი ორმხრივ დაშიფვრას იყენებს, თუმცა ინახავს ინფორმაციას ჩვენს კონტაქტებზე, ადგილმდებარეობაზე, შესყიდვებზე, აქტივობაზე და ა.შ. მეორეს მხრივ, ტელეგრამი მხოლოდ კონტაქტებსა და ჩვენს ანგარიშზე ფლობს ინფორმაციას, თუმცა “საიდუმლო ჩატის” ფუნქციის გარდა, მიმოწერები დაშიფრული არაა. ეს განსაკუთრებით საგულისხმობა ჯგუფური მიმოწერებისთვის, სადაც სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობები, მაგალითად პროტესტი და მსგავსი იგეგმება.

ბოლოს კი, გვყავს სიგნალი, რომელიც დღეს ორივე პლატფორმას ჩამოუვარდება მომხმარებელთა რაოდენობით, თუმცა მაჩვენებლი დროსთან ერთად იზრდება. სიგნალი იყენებს ორმხრივი დაშიფვრის მექანიზმს ყველანაირი მიმოწერისთვის და, ამასთან ერთად, მხოლოდ მობილურის ნომრის მონაცემებს ინახავს. ყველაფერი დანარჩენი ისეთივე მიუწვდომელია, როგორც თავად მიმოწერები.

მართალია, სიგნალზე გადასვლის მთავარი დაბრკოლება შენი სამეგობრო წრის გადაყვანაა, თუმცა დღეს, როცა ადამიანები რამდენიმე საკომუნიკაციო აპლიკაციას ერთდროულად იყენებენ, ეს არც თუ ისე დიდ გამოწვევად ჩანს.

თუ გავითვალისწინებთ, რამდენნაირი გზით შეუძლიათ ჩვენი მონაცემების გამოყენება, კონფიდენციალურობა და მონაცემების დაცულობა ყოველდღიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

03 აგვისტო

სოციალური მედიის თანამედროვე გამოწვევები და ციფრული კონსტიტუციონალიზმი

ინტერვიუ ედოარდო კელესტესტან. რომელია ის პრინციპები და ფასეულობები, რომლითაც ჩვენი საზოგადოება იხელმძღვანელებს ციფრულ ხანაში
03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
10 აგვისტო

5G - ახალი შესაძლებლობების სამყარო

სიახლეები საზოგადოებას ხშირად აშინებს, აბნევს და ეჭვებს უჩენს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ისეთი ინოვაციის დანერგვაში, როგორიც უსწრაფესი 5G ინტერნეტია, საზოგადოების ნაწილმა საფრთხე დაინახა და ამ შეგრძნებამ ისე მოიცვა, რომ კითხვის - „რა სარგებელს მოიტანს ეს უკანასკნელი?“ დასმაც არ ჩათვალა საჭიროდ და ბოლო თაობის ინტერნეტკავშირი უპირობო მტრად მიიღო.