ლურჯი ვერსია

რაზე უნდა ჩამოყალიბდე, სანამ ლოგოს შექმნას დაიწყებ

28 სექტემბერი 2021

რა გახსენდება პირველად გუგლის, ტვიტერის ან თუნდაც ნეტფლიქსის სახელის გაგონებისას? ვიცი, თვალწინ მათი ლოგო წარმოგიდგება. სწორედ ეს არის საბაზრო ბრძოლაში სტარტაპის მიერ აღმართული დროშა, რომლითაც ამოგიცნობენ და დაადგენენ, ვინ ხარ შენ.

დასაბამიდან იყო სიტყვა, ბერძნულად – ლოგოსი. რაც გვაფიქრებს, სამყაროს შექმნაც ლოგოთი ხომ არ დაწყებულა?!

მოდი, ხუმრობას თავი დავანებოთ და საკითხს სერიოზულად მივუდგეთ. არ არსებობს დიდი ბრენდი ლოგოს გარეშე. თუმცა, ჩვენთვის მოსაწონი ფერადი და მარტივად დასამახსოვრებელი ესკიზებით შემოფარგვლა საკმარისი არაა.

ლოგო კომპანიის იდეოლოგიის, მიზნებისა და მისიის გრაფიკული გამოსახულებაა. ამიტომ ვნახოთ, რისი ცოდნაა აუცილებელი მის შესაქმნელად. თუ პირველმა მარკეტინგულმა სვლამ – ლოგომ – არ გაამართლა, მაშინ რა გაამართლებს?


რა საჭიროა ლოგო?

უმნიშვნელოა, ერთი ნახვით სიყვარულის გჯერა თუ არა.

პირველი შთაბეჭდილება ურთიერთობის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჩათვალე, რომ ლოგო ის პროფილის სურათია, რომელსაც ონლაინ გაცნობის აპლიკაციისთვის გამოიყენებდი.

მან მომხმარებლებს შენი ბრენდის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს და თან მიახვედროს, რამდენად შეესაბამება მათ ინტერესებს. სწორედ ლოგო წყვეტს, შეაჩერებენ თუ არა სტარტაპზე ყურადღებას. ყურადღების შესანარჩუნებლად რომ ხარისხიანი პროდუქტი და გამორჩეული მომსახურებაა საჭირო, ეს სხვა სტატიისთვის იყოს.

ალბათ, მიხვდი კიდევაც, რომ ლოგო არის არა უბრალოდ ილუსტრაცია, არამედ ბრენდის ნაწილი. წარმატებული ბრენდინგის საიდუმლო კი მომხმარებლისთვის შენი ამბის მარტივად და გასაგებად მიწოდებაში იმალება. 2020-2021 წლებში ჩატარებულმა კვლევებმაც აჩვენა:

  • მარკეტოლოგთა 89% მიიჩნევს, რომ მთავარ მიზანს ბრენდის ცნობადობა წარმოადგენს.

  • ბრენდის იდენტიფიკატორთა 75% კი სწორედ ლოგოებზე მოდის.

  • ამავდროულად, მომხმარებლების 60% გაურბის ბრენდს,რომლის ლოგოც უცნაური ან ნაკლებად მომხიბვლელია. განურჩევლად იმისა, თუ რამდენად კარგი გამოხმაურება აქვს მიღებული კომპანიის პროდუქტს.

ასე რომ, თანმიმდევრულობა გადამწყვეტია. ფერების, შრიფტის ზომის თუ სხვა ელემენტების დადგენამდე ქვემოთ მოცემულ სავარჯიშოებს მიჰყევი და ვებსაიტით დაწყებული სავიზიტო ბარათებით დამთავრებული, შენ მიერ წარმოებულ ყველა პროდუქტზე გამოსახე ისეთი ლოგო, რომელიც მომხმარებელზე შთაბეჭდილებას მოახდენს, კომპანიის შესახებ მოუყვება და სხვა კონკურენტებისგან გამოარჩევს.


როგორ შევქმნათ ლოგო?

გასაგებია, რომ ლოგოს საფუძვლად ბრენდის იდეოლოგია უდევს და მშენებლობაც საფუძვლის ჩაყრით უნდა დავიწყოთ. მაგრამ, საკითხავია: როგორ?


შეიცანი სტარტაპი შენი

შენ ყველაზე კარგად იცი, თუ რა იდეის მატარებელია შენივე სტარტაპი. სინამდვილეში, საფუძველი უკვე ჩაყრილია, უბრალოდ, მთავარი “სამშენებლო მასალის” გამოსაკვეთად რამდენიმე კითხვას უნდა გასცე პასუხი:


1. რატომ, უფრო ზუსტად კი, რა მიზნის მისაღწევად წამოიწყე სტარტაპი?

ყველაფერი იდეით იწყება და შენც უნდა გაიხსენო, რა იყო ის თავდაპირველი მიზანი, რამაც გადაგაწყვეტინა სტარტაპის გაშვება. მის ხასიათსა და ბუნებას სწორედ უეცრად მოვლენილი ფიქრი აყალიბებს.

ბრენდის იდენტობის დადგენა კი, უბრალოდ, დიზაინის ფარგლებს სცდება და ზოგადად კომპანიის არსთან, ფუნქციასთანაა გადაჯაჭვული.

პირველ რიგში, ადექი და ყველაფერი დაწერე, რაც ზემოთ მოცემულ კითხვაზე პასუხად მოგაფიქრდება. შემდეგ კი ეცადე, ყველაზე მთავარი ჩაატიო ერთ წინადადებაში, რომელიც იწყება სიტყვებით: “ჩემი სტარტაპის მიზანია…”


2. რა ღირებულებები და ხედვა გამოძრავებს?

თუკი პირველ კითხვაზე პასუხი წარსულში მოიძებნებოდა, ამ შემთხვევაში თვალი მომავლისკენ უნდა გეჭიროს. მიეცი შენს თავს უფლება, იოცნებო. წარმოიდგინე საკუთარი კომპანია, როგორი გინდა, რომ იყოს? რა უნდა შესთავაზოს მომხმარებლებს და როგორ დაახასიათებდნენ ეს უკანასკნელნი შენს სტარტაპს?

ამავდროულად არსებულ ღირებულებათა სისტემა მიწაზე მყარად დგომასა და რეალობის აღქმაში დაგეხმარება, რომ მომავლის ხედვა, უბრალოდ, ფანტაზიის ნაყოფად არ დარჩეს.

3. რითი ხარ გამორჩეული?

არჩევანი ყოველთვის არსებობს და მომხმარებლის დარწმუნება, რომ შენი მომსახურება სხვებს ამჯობინოს, არცთუ ისე მარტივია. ამასთან წარმატებული კონკურენტების მიბაძვა არაფერში გამოგადგება. გამოცდილ კომპანიებს მათსავე თამაშში ვერ დაამარცხებ, თუ საკუთარ ხმას არ შეიძენ.

დაადგინე, რა გამოგარჩევს სხვებისგან და დატოვე შენი კვალი. ინდივიდუალიზმი ყოველთვის მიმზიდველია.


4. რა ემოცია უნდა დაეუფლოს მომხმარებელს შენი ლოგოს დანახვისას?

მნიშვნელოვანია გაერკვე, რა შეგრძნებების გამოწვევა გსურს საკუთარ მომხმარებელში. თუნდაც უმსხვილესი ინტერნეტ მაღაზიის, ამაზონის ლოგოს დავაკვირდეთ. შავად დაწერილ კომპანიის სახელს ქვემოდან მრუდი ნარინჯისფერი ისარი გასდევს, რომელიც ერთი მხრივ, გვიღიმის, რითიც მეგობრული ატმოსფეროს არსებობაზე მიგვანიშნებს და მომხმარებლის ნდობას იმსახურებს.

მეორე მხრივ კი, “a” და “z” ასოებს აკავშირებს. ეს იდეალურად გამოხატავს კომპანიის ლოზუნგს, რადგან ამ პლატფორმაზე “a”-დან “z”-მდე (from “a” to “z”) ყველაფერი მოიძებნება.


5. რომელი სამი სიტყვა აღწერს შენს ბრენდს ყველაზე უკეთ?

ზოგჯერ გრძელი სიტყვა მართლაც მოკლედ ითქმის და მსგავსი შეზღუდული არჩევანის გაკეთებისას იბადება ჭეშმარიტება.

სოციალური ქსელი Pinterest-ი, რომლის მთავარ დანიშნულებას ფოტოების მოძიება და შეგროვება წარმოადგენს, ლოგოს სახით წითელ ფონზე თეთრად გამოსახულ “P” ასოს გვთავაზობს. ეს უკანასკნელი ჭიკარტს მოგაგონებს, რადგანაც კომპანიის სლოგანიც შენი ინტერესების “მიმაგრებასა” და სხვებისთვის გაზიარებისკენ მოგიწოდებს. ფერთა ეს შეხამება კი სწორედ სამი სიტყვის – სიყვარულის, ვნებისა და ცნობისმოყვარეობის სიმბოლოდ გვევლინება.

სტარტაპის იდენტობის ვერბალურად ჩამოყალიბება და პასუხების სისტემურად ჩამოწერა აუცილებელია. ამავდროულად, საკითხისთვის უფრო მასშტაბურად შეხედვაც არ დაგავიწყდეს. თუ, მაგალითად, დასახულ მიზანს ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება და ინოვაციური მომსახურების შეთავაზება წარმოადგენს, შეგიძლია ფურცელზე მეტად განზოგადებული სიტყვები – თანამედროვე და პროგრესული – მოინიშნო.

ეს ინფორმაცია სტარტაპის ბუნების დადგენასა და, საბოლოოდ, ისეთი ლოგოს შემუშავებაში დაგეხმარება, რომელიც შენი ბრენდის ხასიათს ზუსტად გადმოსცემს.


შეიცანი აუდიტორია შენი

ლოგო მომხმარებლებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა. ის გარკვეულ მესიჯს უგზავნის სამყაროს და მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა, რომელთათვისაც შეტყობინება იყო განკუთვნილი, მისი გაგება შეძლონ.

მარტივად რომ ჩამოვაყალიბოთ, უნდა იცოდე რის თქმას აპირებ და ვის ეუბნები. თუ ზემოთ განხილულ საკითხთა დასადგენად მთავარი კითხვა იყო – რატომ? ამჯერად გვაინტერესებს – ვისთვის? ვინ არის ის ხალხი, რომელთათვისაც სტარტაპს ქმნი და რა სურთ მათ?

აუცილებელია, შეისწავლო სამიზნე აუდიტორია, მათი ინტერესები და ამ გზით იპოვო შენი ხმის ტონი (tone of voice), რომლითაც საკუთარ მომხმარებელს მიმართავ. აწ უკვე გამოძებნილი საერთო ენის ლოგოს მეშვეობით გადათარგმნა კი, შეგიძლია, კარგ დიზაინერს მიანდო.


მოიხმე მუზა

როცა ბრენდის იდენტობა და მისი სამიზნე აუდიტორია უკვე დადგენილია, შემოქმედებითი პროცესების დაწყებისა და შესაბამისად, ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს ჩართვის დრო დგება.

შთაგონების წყაროს პოვნა რთული ამოცანაა, რომლის სწავლებაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თუმცა, მუზის მოხმობისკენ მიმავალი გზის გაკვალვას არაფერი უდგას წინ.

ლოგოს შექმნაში ე.წ. ბრეინსტორმინგი დაგეხმარება.

პირველ რიგში, ჩამოწერე ყველა იდეა, რაც კი მოგაფიქრდება, განურჩევლად იმისა, ცუდია თუ – კარგი. აქ ცენზურა დაუშვებელია, რადგანაც ყველაზე უარესი აზრიც, შეიძლება, რაღაც დიადის დასაბამი გახდეს,

შემდეგ ეტაპზე, სტარტაპის ხასიათის – მიზნის, სამომავლო ხედვისა და უნიკალურობის გამომხატველი სიტყვები გამოიყენე. თანაც, მომხმარებლის როლი მოირგე და შეეცადე, მისი თვალით აღიქვა შენივე ბრენდი.

და, რაც მთავარია, პროცესში ჩართე ყველა – ბიზნეს პარტნიორები, თანამშრომლები, თუ მეგობრები. ბრეინსტორმინგის ეფექტურობა სწორედ განსხვავებულ იდეათა გაჟღერებაშია.


გადახედე კონკურენტებს

მართალია, ზემოთ მიმბაძველობა დავგმეთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სხვების შეცდომებზე სწავლის უფლება არ გაქვს. პირიქით, ზუსტად უნდა იცოდე, რა მდგომარეობაა ბაზარზე, რა მიდგომამ გაამართლა და რისგან უნდა აირიდო თავი.

ამ გზით კონკურენტების გამოცდილებას შენს სასარგებლოდ გამოიყენებ და თამაშშიც მეტად გათვითცნობიერებული ჩაერთვები. მაგალითად, თუ შეამჩნევ, რომ ყველა შენი მეტოქე შედარებით ტრადიციულ, მონოქრომულ ლოგოებს იყენებს, შეეცადე, რაიმე სიახლე შემოიტანო და მომხმარებელს მკვეთრ ფერებში წარმოდგენილი მოდერნისტული ლოგო შესთავაზო.


ტექნიკური დეტალები

ლოგოს შექმნისას შენს სტარტაპს ვიზუალს სძენ, ამიტომაც არასტანდარტულად ფიქრი გარდაუვალია. მაგრამ, არსებობს გარკვეული ტექნიკური დეტალები, რომლებსაც საქმიანად უნდა მიუდგე. შეარჩიო შესაბამისი სტილი (კლასიკური, თანამედროვე ან, თუნდაც, ვინტაჟური), ფონტი, ლოგოს ტიპი, რომელიც 7 ძირითად სახედ იყოფა. სურვილის შემთხვევაში, აურიო ისინი ერთმანეთში და საინტერესო სინთეზი შემოგვთავაზო.

ისიც უნდა გადაწყვიტო, გსურს თუ არა, რომ ლოგო, ასე ვთქვათ, აღწერილობითი ხასიათის იყოს და მომხმარებელს ინფორმაციას აწვდიდეს შეთავაზებული პროდუქტის შესახებ. Burger King ცალსახად გვეუბნება, რა პროდუქტსაც ყიდის, მაშინ როცა მაკდონალდსის ლოგოზე ბურგერებზე რაიმე მინიშნებას ვერ იპოვი.

597 კომპანიის მაგალითის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ არააღწერილობითი ტიპის ლოგოებთან შედარებით, აღწერილობითი ლოგოები მართლაც ზრდის წარმატების შანსს, განსაკუთრებით კი ახალი, ჯერ კიდევ უცნობი სტარტაპების შემთხვევაში.

აუცილებლად უნდა დაადგინო ფერთა პალიტრა, რომლის გამოყენებასაც გეგმავ. ყოველი ფერი გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია. მაგალითად, თუ ლურჯი სიმშვიდესთან ასოცირდება, სტაფილოსფერს მეტად ენერგიული განწყობა შემოაქვს.

კარგი ლოგოს უნიკალურობა მის სიმარტივეში ჩანს, ის დასამახსოვრებელია და, ამასთანავე, დროსაც უძლებს. თუმცა, საუკეთესოთა საიდუმლო არა, უბრალოდ, დიზაინში, არამედ ვიზუალური ელემენტებით გადმოცემულ სათქმელშია. სწორედ ლოგომ უნდა მითხრას, ვინ ხარ შენ.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ელენე ჯანელიძე

რეკომენდაციები

10 ნოემბერი

Tiktok: ამომავალი სოციალური მედიის მთავარი ხრიკები

როცა გვეგონა, რომ სოციალური ქსელების სივრცე ინდუსტრიის გიგანტებს უკვე საფუძვლიანად ჰქონდათ ათვისებული, გამოჩნდა ახალი აპლიკაცია, რომელმაც სულ მალე საყოველთაო ყურადღება დაიმსახურა.
20 ნოემბერი

რა არის სიტყვიერი (Word of Mouth) მარკეტინგი და როგორ ვისარგებლოთ ამ მოდელით?

სოციალურმა ქსელებმა კიდევ უფრო წინ წამოწია კლიენტების მოზიდვის უფასო მექანიზმი: ხალხის მიერ შენს კომპანიაზე ხმის გავრცელება. 
18 დეკემბერი

შთამაგონებელი საახალწლო კამპანიები და მარტივად შესრულებადი იდეები შენი სტარტაპისთვის

ახალი წელი ახლოვდება, ბრენდებისთვის კი, ამაზე უკეთესი პერიოდი არ არსებობს შთამაგონებელი კამპანიების გასაშვებად