ლურჯი ვერსია

როგორ ავარჩიოთ ციფრული მარკეტინგის კურსი და ეფექტიანია თუ არა უცხოენოვანი ტრენინგები ქართული ბაზრისთვის?

13 მაისი 2022

ახლა რომ გუგლში ჩაწერო ფრაზა „ციფრული მარკეტინგის კურსი“, 20-მდე ვებგვერდს მაინც ამოგიგდებს. ფერად-ფერად საიტებზე კი კარგისა და ცუდის გარჩევა რთულია. მეტიც – ბევრი მათგანი ყალბი აღმოჩნდება. არჩევანის გაკეთებისას, რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინო, რომელთაც ქვემოთ გაგიზიარებ. მთავარი კი, სანამ პროფესიას დაეუფლები არის ის, რომ ზუსტად გქონდეს გადაწყვეტილი ახალი საქმიანობის სწავლა – იყო მზად გამოწვევებისთვის და გქონდეს საკმარისი დრო. აქვე ვეცდები, ენთუზიაზმი კიდევ აგიმაღლო და ციფრული მარკეტინგის შესაძლებლობები დაგანახო.


რატომ უნდა ისწავლოს ციფრული მარკეტინგი სტარტაპერმა?

თანამედროვე სამყარო გაციფრულებისკენ მიექანებაა და ბიზნესიც ფეხს უწყობს სიახლეებს. ტრადიციული მარკეტინგი ნელ-ნელა უკანა ფონზე ინაცვლებს და ასპარეზი ციფრულ მარკეტინგს ეთმობა. დღეს, გაგიჭირდებათ ისეთი წარმატებული კომპანიის პოვნა, რომელსაც ფეისბუქიც არ აქვს. . რეალურად, ის ყველაზე პოპულარული პლატფორმაა, რომელსაც მთელ მსოფლიოში, B2B და B2C მარკეტოლოგების 94% იყენებს. 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ფეიქბუქზე 3.1 მილიონი ადამიანია რეგისტრირებული, რაც ნიშნავს, რომ კომპანიების სამიზნე აუდიტორიის აბსოლუტური უმრავლესობა აქაა.

ამერიკაში, ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში, 2020 წელთან შედარებით, ციფრულ რეკლამაზე ხარჯები14,3 პროცენტით გაიზარდა.

ციფრული მარკეტინგი არ არის უბრალოდ ახალი პროფესია. მისი ცოდნა სჭირდებათ სტარტაპერებსა და ანტრეპრენერებს. ის გამოგიმუშავებს ლიდერულ უნარებს, გასწავლის სამიზნე აუდიტორიის „აზრების წაკითხვას“, მოლაპარაკების გზებს პოტენციურ პარტნიორებთან, დაგეხმარება სწორად დაგეგმო სტრატეგიები და შენი პროდუქტი მათთვის უფრო მიმზიდველი კუთხით წარმოაჩინო.

სწორედ ამიტომ ითვლება, რომ ციფრული მარკეტინგი მომავლის საქმიანობაა.

რა უნდა გაითვალისწინო ონლაინ სასწავლო კურსის არჩევისას


1. შეამოწმე სანდოობა

გამომდინარე იქედან, რომ დღეს, ტრენინგების დიდი ნაწილი ონლაინ სივრცეში ტარდება, ხშირია თაღლითური ქმედებები.

ბევრ საიტზე, რეგისტრაციისას ავტომატურად გთხოვენ საბანკო რეკვიზიტების მითითებას ან წინასწარ თანხის ჩარიცხვას. სანამ ამას გააკეთებ, გადაამოწმე კომპანიის სანდოობა. დარწმუნდი, რომ აღნიშნული სასწავლო დაწესებულება რეალურად არსებობს, დაკომპლექტებულია კვალიფიციური მენეჯერებით და ჰყავს კმაყოფილი კურსდამთავრებულები.


2. გაიცანი ლექტორი

თუ ვებგვერდზე არ არის ლექტორის პორტფოლიო, შეგიძლია, მოითხოვო ინფორმაცია მისი სამუშაო გამოცდილების შესახებ ან თავად მოიძიო ის. დარწმუნდი, რომ ნამდვილად შეძლებს შენთვის სასურველი ცოდნის გაზიარებას. თუკი სასწავლო ორგანიზაცია მალავს, არ ასაჯაროებს ინფორმაციას მათი ლექტორის შესახებ, შესაძლოა ეს მის არაპროფესიონალიზმზე მიუთითებდეს და მის ლექციებზე დასწრება, რესურსების უშედეგო ფლანგვა აღმოჩნდეს.


3. გაეცანი სილაბუსს

სასწავლო დაწესებულებისგან მოითხოვე სილაბუსი და კომპეტენტურ პირთან გადაამოწმე, რამდენად თანმიმდევრულად არის აწყობილი ის. მოიცავს ყველა საჭირო ელემენტს იმისთვის, რომ კურსის დასრულების შემდეგ ამ სფეროში დასაქმება შეძლო? რამდენად მორგებულია სამუშაო ბაზარს? იმის გათვალისწინებით, რომ ციფრული მარკეტინგი მუდამ განვითარებადი სფეროა, შეამოწმე, როდის განახლდა კურიკულუმი და რამდენად თანხვედრაშია არსებულ ტრენდებთან.


4. გაიგე, გთავაზობს თუ არა კარიერულ წინსვლაში მხარდაჭერას

ხშრად, სასწავლებლები კურსის დასრულების შემდეგ,ყოფილ სტუდენტებთან კავშირს სრულიად წყვეტენ. მეორე ნაწილი კი მათ განვითარებას მუდმივად თვალს ადევნებს. მეტიც – აქტიურად არიან ჩართულნი კურსდამთავრებულების წინსვლაში. შეამოწმე, გთავაზობს თუ არა სასწავლებელი ტრენინგებს ან პრაქტიკებს პარტნიორ კომპანიაში. მნიშვნელოვანია, თუ წარმატებულ კურსდამთავრებულებს რეკომენდაციას უწევენ და დასაქმებაში ეხმარებიან. უმჯობესია არჩევანი იმ სასწავლებელზე გააკეთო, რომელიც მსგავს პირობებს გთავაზობს.


5. გაიზიარე კურსდამთავრებულების შთაბეჭდილებები

სასწავლო დაწესებულებების ვებგვერდებზე ნახავ ბლოგებს წარმატებული კურსდამთავრებულების ისტორიების შესახებ. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს არც ისე ობიექტურია. უმჯობესია, ინფორმაცია სამეგობრო წრეებში მოიძიო ან აზრი შესაბამის ფეისბუქ ჯგუფებში იკითხო. გაარკვიე, დასაქმდენენ თუ არა ახალი პროფესიით, რამდენად ამომწურავი ცოდნა მიიღეს. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, ზრუნავს თუ არა სასწავლებელი კურსდამთავრებულთა დასაქმებაზე. ყოფილი სტუდენტების გამოკითხვით, რელევანტური მოლოდინები გაგიჩნდება და გეცოდინება, რა შედეგი შეიძლება მოგიტანოს აღნიშნული კურსის გავლამ.


6. გადაამოწმე, ითვალისწინებს თუ არა პროგრამა სერთიფიკატის გაცემას და ხომ არ აქვს რაიმე წინაპირობა

შესაძლოა, სერთიფიცირებული კურსი უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე კურსი, რომლის დასრულების შემდეგაც, სერთიფიკაცი არ გაიცემა. მიუხედავად ამისა, სამომავლოდ უკეთესი იქნება, თუ კურსს ავტორიტეტულ დაწესებულებაში გაივლი, რომლის სერტიფიკატი შენს რეზიუმეს დაამშვენებს. ამასთან, გადაამოწმე, ყველა კურსდამტავრებულზე გაიცემა სერთიფიკატი თუ არის რაიმე წინაპირობა. მაგალითად, მინიმალური ქულა, რომელიც კურსის განმავლობაში უნდა დააგროვო ან დამატებითი საფასური.


ციფრული მარკეტინგი საქართველოში

საქართველოში მარკეტინგი ისე არ მუშაობს, როგორც, პირობითად, ამერიკაში. შესაბამისად, უცხოური სასწავლო კურსის გავლით შესაძლოა მიიღო ტექნიკური ცოდნა, რომელსაც ქართულ ბაზარზე ვერ გამოიყენებ. ამაზე უფრო ვრცალდ კომპანია „მეამას“ ციფრული მარკეტინგის ჰედი, გიორგი კალანდია გვესაუბრა:

„უცხოურ სასწავლო კურსებზე შესაძლოა ყველა ის ტექნიკური დეტალი ისწავლებოდეს, რომლის შესაძლებლობასაც ციფრული მარკეტინგი გვაძლევს, მაგრამ უნდა გაითვალისწინო, რომ უცხოელი პროფესიონალების პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა განსხვავებულია ჩვენგან. ნებისმიერ ქვეყანას თავისი მარკეტინგული მიდგომები აქვს, რაც ნაწილობრივ განპირობებულია აუდიტორიით. მაგალითად, შეიძლება რომელიმე ქვეყანაში დიჯიტალ მარკეტინგის სტრატეგია იწყებოდეს SEM-ით და შემდეგ რემარკეტინგი და რეთარგეთინგი ერვებოდეს საქმეში. ჩვენთან კი ყველაფერი პირიქითაა. ხალხი მეტად აქტიურია სოც ქსელებში, ვიდრე გუგლში.

ამას გარდა, ქართულ ენაზე რეკლამის გაშვებასთან დაკავშირებით, გარკვეული შეზღუდვები გვხვდება, რომლის თავიდან აცილებასაც ხრიკების ცოდნა სჭირდება. ეს გამოცდილება ამერიკელ ციფრულ მარკეტერს არ აქვს.

ამიტომ რეალური, გამოსადეგი ცოდნის შესაძენად მნიშვნელოვანია ლექტორმა იცოდეს, როგორ მუშაობს ციფრული მარკეტინგი საქართველოში. მხოლოდ ტექნიკური ნაწილის შესწავლა საკმარისი არაა.“


შეჯამება

ახლა სწორედ ის დროა, ციფრული მარკეტინგის კურსის ძებნა დაიწყო. მით უფრო, თუ საკუთარი ბიზნესის დაწყებას გეგმავ ან პირველი ნაბიჯებს დგამ. უკვე იცი, რომ სანამ ვინმეს შენს დროსა და რესურსებს დაუთმობ, ბევრი დეტალი უნდა გაითვალისწინო. დასამშვიდებლად იმასაც გეტყვი, რომ ციფრული მარკეტინგის კურსების ხანგრძლივობა დიდი არ არის, საშუალოდ, 1-დან 3 თვემდე გრძელდება.

საქართველოში, ციფრული მარკეტინგის მენეჯერის ანაზღაურება კი საშუალოდ, 1500 ლარია.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

მარიამ ელიაშვილი

რეკომენდაციები

10 ნოემბერი

Tiktok: ამომავალი სოციალური მედიის მთავარი ხრიკები

როცა გვეგონა, რომ სოციალური ქსელების სივრცე ინდუსტრიის გიგანტებს უკვე საფუძვლიანად ჰქონდათ ათვისებული, გამოჩნდა ახალი აპლიკაცია, რომელმაც სულ მალე საყოველთაო ყურადღება დაიმსახურა.
20 ნოემბერი

რა არის სიტყვიერი (Word of Mouth) მარკეტინგი და როგორ ვისარგებლოთ ამ მოდელით?

სოციალურმა ქსელებმა კიდევ უფრო წინ წამოწია კლიენტების მოზიდვის უფასო მექანიზმი: ხალხის მიერ შენს კომპანიაზე ხმის გავრცელება. 
18 დეკემბერი

შთამაგონებელი საახალწლო კამპანიები და მარტივად შესრულებადი იდეები შენი სტარტაპისთვის

ახალი წელი ახლოვდება, ბრენდებისთვის კი, ამაზე უკეთესი პერიოდი არ არსებობს შთამაგონებელი კამპანიების გასაშვებად