ლურჯი ვერსია

როგორ გამოიყენა Uber-მა მარტივი ბიზნეს გეგმა ტაქსის ინდუსტრიის დასაპყრობად?

01 დეკემბერი 2021

Uber-ის შესახებ ყველას გვსმენია. კომპანიამ 400 წლიანი ინდუსტრია შეარყია, ტაქსის გამოძახების სერვისი ფაქტობრივად ახლიდან გამოიგონა და ამ ცვლილებებით ისტორიაში ჩაეწერა.

ტაქსის გამოძახების მობილური აპლიკაციიდან საკვების მიწოდებისა და გლობალურ სატრანსპორტო კომპანიამდე – Uber-ი, აღმასვლის პარალელურად, ებრძოდა კონკურენტებს, მუდმივ გამოწვევებს მძღოლებისა თუ მომხმარებლების მხრიდან, შიდა დაპირისპირებებსა და არეულობას, მაგრამ პირველობა არც ერთხელ არ დაუთმია.

მოდი, ვისაუბროთ Uber-ზე.


ყველაფერი დაიწყო პარიზში

პარიზში მხოლოდ სიყვარულის ისტორიებს კი არა, დიდ სტარტაპ იდეებსაც ედება საფუძველი. 2008 წელს LeWeb-ის ყოველწლიური კონფერენციიდან ღამით გამოსულმა ტრევის კალანიკმა და გარეტ კემპმა ტაქსი ვერაფრით დაიჭირეს. ზამთრის სიცივემ გააჩინა კითხვა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა – რა იქნებოდა, მანქანის მობილურით გამოძახება რომ შეგვეძლოს?

თავიდან UberCab-ად ცნობილი სტარტაპი 2010 წელს სულ სამი მანქანის გამოყენებით ნიუ იორკში გაიტესტა. ოფიციალური გაშვება კი სან-ფრანცისკოში შედგა. სახელი მალევე შეცვალეს Uber-ით, რითიც საკუთარი თავის, როგორც უბრალო ტაქსის კომპანიად რეკლამირება აიცილეს.

მართალია, საქართველოში მას ვერ შეხვდები, მაგრამ დღეს Uber-ის სერვისი 80-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიარდზე მეტი მგზავრობა აქვს დასრულებული, ყოველთვიურად კი, მხოლოდ აშშ-ში, დაახლოებით, 40 მილიონი გამოძახება მისდის.


მომხმარებელი ირჩევს Uber-ს

ძალიან მოკლე დროში კომპანიამ ტიპურ ტაქსის სერვისებს გადაუჯოკრა და ბაზარზე ლიდერობა მოიპოვა. ამ შთამბეჭდავი წარმატების უკან კი არაერთი მიზეზი დგას:


მოსახერხებელი სერვისი

Uber-მა მომხმარებელს მოსახერხებელი და მარტივი სერვისი შესთავაზა. ქუჩაში საათობით დგომა ცარიელი ტაქსის გამოჩენის მოლოდინში ან სატელეფონო ხაზზე ოპერატორთან დაკავშირების უშედეგო მცდელობები დავიწყებას მიეცა. მანქანის გამოსაძახებლად, უბრალოდ, აპლიკაციის გადმოწერაა საკმარისი.


პირველობა

ახლა, როცა Bolt და Yandex არსებობს, შესაძლოა ამ სერვისში განსაკუთრებული ვერაფერი აღმოაჩინო. მაგრამ, არ დაგავიწყდეს, Uber-ი იყო პირველი სტარტაპი, რომელმაც მსოფლიოს მსგავსი ინოვაციური მომსახურება გააცნო.

შექმნა რაღაც სრულიად ახალი და განსხვავებული, დანარჩენები კი მის მიერ გაკვალულ გზას დაადგნენ. სტარტაპ სამყაროში რომ საკუთარი ხმის პოვნა აუცილებელია, ისედაც კარგად იცი.

გაიგე მეტი: იპოვე შენი სტარტაპის უნიკალური ღირებულება


მომხმარებლის ინტერესები

Uber-მა ამოიცნო საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები, შეისმინა ხალხის მოთხოვნა და მათი ინტერესები წინა პლანზე გადმოწია.

მრავალი ვარიანტიდან შეგიძლია შენზე მორგებული მანქანა შეარჩიო, თვალი ადევნო, როგორ მოემართება შენკენ, გადაიხადო საკრედიტო ბარათით, მობილური ტელეფონიდან ან თუნდაც ნაღდი ფულით. ის გაწვდის მაღალი ხარისხის მომსახურებას ხელმისაწვდომ ფასებში.

მოკლედ, პოზიტიური გამოცდილების მისაღებად ყველანაირ კომფორტს გთავაზობს.


სწრაფი და შეუზღუდავი მომსახურება

ერთი შეხედვით ამ საკითხის წინა კატეგორიასთან გაერთიანება შეგვეძლო, მაგრამ Uber-ის ფავორიტობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სისწრაფეა.

ტაქსის კომპანიების უმრავლესობის მარცხი სწორედ დაგვიანებულ მომსახურებას მიეწერება. სხვებისგან განსხვავებით, Uber-ი თითოეულ გამოძახებაზე სწრაფად რეაგირებს. მომხმარებლების მოცდის დრო მინიმუმამდეა დაყვანილი, რასაც UberPool უწყობს ხელს. ეს არის აპლიკაციის ფუნქცია, რომელიც დამგზავრების საშუალებას გაძლევს.

თან, ეს დროული სერვისი 24 საათიან რეჟიმშია ხელმისაწვდომი. მსოფლიოს 900-მდე ქალაქში, დაახლოებით, 4 მილიონი მძღოლია დასაქმებული, რომლებიც მზად არიან წვეულებიდან გვიან ღამით გამოსულ მომხმარებელს მიაკითხონ.


მგზავრების უსაფრთხოება

წარსულში მომხდარმა რამდენიმე ინციდენტმა კომპანიას უსაფრთხოებაზე ყურადღება გაამახვილებინა. დღეს Uber-ი ყველა პოტენციურ მძღოლს, ავტომობილის ისტორიის გარდა, ნასამართლობის ცნობის წარდგენას სთხოვს.

სამსახურში აყვანა კრიმინალური ისტორიის გამოკვლევის შედეგად ხდება და ეს მონაცემები ყოველწლიურად მოწმდება, რომ მგზავრმა თავი მაქსიმალურად დაცულად იგრძნოს.


Uber-ი იყენებს AI-ს

Uber-ი მობილური აპლიკაციაა და ხელოვნური ინტელექტის გარეშე მისი წარმოდგენა შეუძლებელია. ალბათ, არაერთხელ მოგნდომებია მძღოლისთვის მესიჯის მიწერა, თუნდაც მისამართის დასაზუსტებლად. მაგრამ, მისგან პასუხის მიღება უსაფრთხოების წესების დარღვევა იქნებოდა.

კომპანიამ One-Click Chat-ის ფუნქცია შემოგვთავაზა: მომხმარებლის მესიჯი ავტომატურად ეგზავნება მანქანური სწავლების პლატფორმა Michelangelo-ს, რომელიც ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) გამოყენებით მონაწერს აანალიზებს და სავარაუდო პასუხებს შეიმუშავებს. მძღოლი კი რომელიმე მათგანს ირჩევს და თითის ერთი დაჭერით მგზავრს ეხმაურება.

აპლიკაციის ჭკვიანი ალგორითმი ასევე საცობების მონიტორინგს აწარმოებს. გადატვირთული მოძრაობისა და მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში, მეტ მძღოლს მოუწოდებს საჭესთან დაჯდომისკენ. ამავდროულად, ფასებსაც შესაბამისად ზრდის, რაც ცნობილია, როგორც Surge Pricing.

ბედნიერი მომხმარებელი რომ წარმატების განუყოფელი ნაწილია, ამაზე პოლ გრემის 7 ფაქტორიც მეტყველებს. ყველას ინტერესების გასათვალისწინებლად კომპანიამ სპეციალური სისტემა შეიმუშავა, რომელიც მგზავრს მძღოლის შეფასების უფლებას აძლევს და – პირიქით. ბიზნესის დახვეწაში პირდაპირი გამოხმაურების როლი შეუცვლელია.


Uber-ი არ ჩერდება

მხოლოდ მგზავრების გადაყვანის სერვისით შემოფარგვლის შემთხვევაში ინვესტორების დაინტერესება რთული ამოცანაა. Uber-ი ნელ-ნელა გაფართოვდა და დღეს ის მრავალფეროვან სერვისებს გვთავაზობს. მანქანის დაქირავება რამდენიმე საათით, მძღოლით ან მძღოლის გარეშე, Uber InterCity – ქალაქიდან ქალაქში მგზავრობა, ელექტრონული სკუტერების, ველოსიპედებისა თუ მოტოციკლეტების ქირაობა – არჩევანი შენზეა.

აქვეა “UberEats” ფუნქცია, რომელიც საკვების მიტანის სერვისს მოიცავს და “UberTransit-”, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების გეგმას წარმოადგენს.

უამრავი წარმატების შემდეგაც, კომპანია განვითარებას არ წყვეტს და ამბიციურ მიზნებს ისახავს, რაც კონკურენტებს უშანსოდ ტოვებს. მე კი მაფიქრებინებს, რა კარგია, რომ 2008 წლის საღამოს პარიზში აცივდა.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ელენე ჯანელიძე

რეკომენდაციები

03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
27 აგვისტო

შეცდომებიდან სტარტაპ შედევრებამდე

“არსებობს სულელური გამოთქმა, რომ ნასაში შეცდომა მიღებული არაა. შეცდომა  ჩვენთან მიღებულია. თუ შეცდომებს არ უშვებ, მაშინ საკმარისად ინოვაციური არ ხარ.”