ლურჯი ვერსია

როგორ გამოვიმუშავოთ ფული საყვარელი საქმით?

12 მარტი 2021

როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, თავდაპირველად ეფლიც და ფეისბუკიც სწორედ გვერდითი პროექტები იყო.

წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა, თუ სტივ ჯობსი და ცუკერბერგი პენსიამდე მხოლოდ სრულ განაკვეთზე იმუშავებდნენ?

მოხდებოდა ის, რომ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული კომპანიები, ეფლი და ფეისბუკი, არ იარსებებდა. შესაბამისად, არ იარსებებდა ბევრი ჩვენგანის საყვარელი პროდუქტები. არც ანდროიდისა და ეფლის მიმებით იქნებოდა სოციალური მედია აჭრელებული.

თუმცა, საბედნიეროდ, სტივ ჯობსმაც და სხვა, ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების გენიოსმა მმართველებმაც, ცხოვრებისგან უფრო მეტის მიღება გადაწყვიტეს და მიიღეს კიდეც.

აუცილებელი არ არის თითოეული ჩვენგანის გვერდითი პროექტი გლობალურ ბიზნესად იქცეს. თუ შენც გსურს, გქონდეს სამსახური სამსახურს გარეთ, შევეცდები საქმე გაგიმარტივო და რამდენიმე საჭირო რჩევა შემოგაშველო.


რა არის გვერდითი პროექტი?

გვერდითი პროექტი არის საკუთარი ბიზნესის ალტერნატივა, რომელიც ერთდროულად გაძლევს დამატებითი შემოსავლის მიღებისა და საყვარელი საქმის კეთების შესაძლებლობას.

გვერდით პროექტებზე შეგიძლია იმუშაო მაშინ, როცა გენდომება. თუ დროის სწორ მენეჯმენტს მოახერხებ, ძველ სამსახურზე უარის თქმა არ მოგიწევს, საყვარელი საქმის კეთებას შეძლებ და დამატებითი შემოსავალიც გექნება. ცდად ნამდვილად ღირს!


გვერდით პროექტზე მუშაობის უპირატესობები

აკეთებ შენთვის საინტერესო საქმეს;

გაქვს დამატებითი შემოსავალი;

იღებ გამოცდილებას, როგორც სტარტაპერი;

გამოიმუშავებ ეფექტიანი მენეჯმენტისთვის საჭირო უნარებს;

და ბოლოს – შეიძლება ერთ დღეს ძალიან მდიდარი ადამიანიც კი გახდე.


როგორ დავიწყოთ გვერდით პროექტებზე მუშაობა?

დაფიქრდი, რა გინდა იყოს შენი გვერდითი პროექტი?

თუ ამ კითხვაზე პასუხი უკვე გაქვს, ნახევარი საქმე გაკეთებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტატიის ბოლოს რამდენიმე კარგად დაცდილ იდეას შემოგთავაზებ. მაგრამ, მოდი, ჯერ ეფექტიან მენეჯმენტის სისტემაზე ვისაუბროთ, რათა სამსახურის გარეთ დამატებითი მუშაობისგან არ გადაიწვა.


მართე დრო პარკინსონის კანონი!

ბევრი ჩვენგანი სრულ განაკვეთზე სტანდარტული გრაფიკით მუშაობს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გვერდითი პროექტისთვის დროს ვერ გამოვხანავთ. სიმართლე რომ გითხრათ, ამ სიტყვების თავადაც არ მჯეროდა, სანამ პარკინსონის კანონზე გავიგებდი.

პარკინსონის კანონი სტატისტიკური პრინციპია, რომელიც აქტიურად გამოიყენება ბიზნესში, ეკონომიკაში, მენეჯმენტსა და სხვა მონათესავე დარგებში. ის ასე ჟღერს:

„ნებისმიერ სიტუაციაში, ამოცანები, რომლებიც უნდა შევასრულოთ, გაფართოვდება, რათა დაიკავოს მთელი დრო, რაც მათზე მუშაობისთვის გვაქვს.“


სწორედ ამ მოვლენას ეხმიანება ილონ მასკის ცნობილი ციტატაც, რომელიც კიდევ უფრო მარტივად განმარტავს მას:

“თუ საკუთარ თავს 30 დღეს მისცემ სახლის დასალაგებლად, 30 დღე დაგჭირდება. მაგრამ თუ 3 საათს მისცემ, 3 საათი დაგჭირდება. იგივეა შენს მიზნებზე, ამბიციებსა და გეგმებზეც.”

სხვათა შორის, ეს საუკეთესო სტარტაპერების ერთ-ერთი აღმოჩენაა იმ ხუთეულიდან, რომლებსაც ამ სტატიაში მოვუყარეთ შენთვის თავი.

რაც შეეხება პარკინსონის ოდნავ გამაღიზიანებელ კანონს, ის მარტივ ფსიქოლოგიურ პრინციპს ემყარება: ადამიანები მიდრეკილი ვართ სიზარმაცისკენ, ჩვენი გონება კი მუდმივად ენერგიის დაზოგვას ცდილობს.

თუმცა, როცა ამ მექანიზმის შესახებ ინფორმაციას ფლობ, შეგიძლია ის შენს სასარგებლოდ გამოიყენო: დანიშნე სავარაუდო დრო თითოეული დავალების შესასრულებლად, შემდეგ კი ეცადე ამ დროის შემცირებას მინიმუმამდე. გახსოვდეს, ტვინი იმდენს იზარმაცებს, რამდენის შესაძლებლობასაც მისცემ!

თუ ეს რჩევა არ დაგავიწყდება, ვფიქრობ, სამსახურის საქმეებსაც მარტივად გაუმკლავდები და გვერდით პროექტზე მუშაობის დროის ლიმიტსაც გაზრდი.


გაეცანი კომპანიის პოლიტიკას!

დროის პრობლემა უკვე მოვაგვარეთ, მაგრამ ეს ერთადერთი არაა, რამაც შესაძლოა გვერდითი პროექტის სამსახურთან შეთავსებაში ხელი შეგიშალოს.

კარგად გაეცანი იმ კომპანიის პოლიტიკას, რომელშიც მუშაობ. წესების უგულებელყოფის გამო, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დილას, ავმა უფროსმა მაგიდაზე გათავისუფლების განცხადება დაგახვედროს და ბონუსად ჯარიმაც დაგაკისროს.

ეს ხდება მაშინ, როდესაც გვერდითი პროექტი და არსებული სამსახური ერთი და იგივე საქმეს მოიცავს. მაგალითად, თუ შენ მუშაობ, როგორც ინჟინერი და გვერდითი პროექტიც საინჟინრო საქმეს ეხება, შეიძლება პრობლემები შეგექმნას. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ასე არაა, სჯობს, თავი დაიზღვიო და ჯერ სამსახურთან შეათანხმო შენი წამოწყება.


გააკეთე დანაზოგი

თუ წარმატების მიღწევა გინდა, ფინანსების სწორი მართვა დაგჭირდება. ფულის არაგონივრული განაწილება შეიძლება ძვირად დაგიჯდეს. გაუფრთხილდი თითოეულ ლარს და იყავი საკუთარი სტარტაპის გონიერი ინვესტორი.

გვერდითი პროექტების საკმაოდ დიდი ნაწილი მალე ხდება ფინანსური მოგების წყარო. თუმცა, ძალიან მალე, შემოსავალიც იკლებს და საქმის გაგრძელების მოტივაციაც. პრინციპში, მოტივაციის დაქვეითება შემოსავლის შემცირებიდან გამომდინარეობს.

ამ ყველაფერს მარტივი ახსნა აქვს. ადამიანებს ავიწყდებათ, რომ მათი გვერდითი პროექტი ერთგვარი ბიზნესია, რომელიც ეფექტიანი ფინანსური მენეჯმენტის გარეშე გაკოტრდება. მიღებული მოგების უკან, საკუთარ ბიზნესშივე, ინვესტირების გარეშე წარმატების მიღწევა გაგიჭირდება. ნუ დახარჯავ მთელს ფულს მაშინვე, გააკეთე დანაზოგი და დააბანდე!


შიში წარმატებას ვერ მოგიტანს!

სხვა საქმეებთან ერთად, გვერდით პროექტზე მუშაობის დაწყება არ არის მარტივი. განსაკუთრებით რთულია პირველი 4 კვირა. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლოა შენი ცხოვრება ქაოსად იქცეს., მაგრამ, იმარჯვებს ის, ვისაც სირთულეების არ ეშინია. უბრალოდ განაგრძე საყვარელი საქმის კეთება და მალე ყველაფერი თავისით დალაგდება.


კითხვა მეგობრისგან

ამ სტატიაზე მუშაობის პროცესში მეგობარი მესტუმრა და მკითხა, თუ რაზე ვწერდი. ვეცადე, მოკლედ ამეხსნა, თუ რა იყო გვერდითი პროექტი. დაინტერესდა, მაგრამ დაბნეულმა მითხრა:

„კაი რაღაც ჩანს, მაგრამ არ ვიცი რა იქნებოდა ჩემი გვერდითი პროექტი. იდეები საერთოდ არ მომდის. მე რა შეიძლება გავაკეთო?“

მივხვდი, რომ ეს შეკითხვა, ჩემი მეგობრის მსგავსად, ბევრ სხვა ადამიანსაც გაუჩნდებოდა. მეც ავდექი და მაშინვე პასუხის ძებნა დავიწყე.

სტატიის დანარჩენ ნაწილში სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდები და გაგიზიარებ იდეებს, რომლებიც, შესაძლოა, შენს მომავალ გვერდით პროექტად იქცეს.


6 იდეა გვერდითი პროექტის დასაწყებად

ძველი ნივთების ონლაინ მაღაზია

ბევრი საინტერესო ნივთი დაგიგროვდა, რომელსაც არ იყენებ? ან იქნებ ტანსაცმლის დიზაინის შექმნა გამოგდის კარგად და შენი გარდერობი სავსეა ისეთი ნივთებით, რომლებსაც არასდროს იცვამ? რატომ არ ცდი მათ გაყიდვას ონლაინ?

თუ ფიქრობ, რომ თაროზე შემოდებულ ძველმანებს არავინ ყიდულობს, ცდები.

დღეს ონლაინ შოპინგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ფულის გამოსამუშავებლად, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, როდესაც სავაჭრო ცენტრები და მოლები შეზღუდვებით ფუნქციონირებენ.

გვერდითი პროექტის დასაწყებად მაკრატელი, ნემსი, ძაფი და სოციალური პლატფორმების მინიმალური ცოდნა დაგჭირდება. მოუფიქრე შენს ბრენდს საინტერესო სახელი, შექმენი ფეისბუკის ან ინსტაგრამის გვერდი და დაიწყე!

ინსპირაციისთვის შეგიძლია უცხოურ საიტებსაც ესტუმრო, მაგალითად Pinterest-ს.

ძველი ტანსაცმლის გასაყიდად, კიდევ ერთი კარგი ალტერნატივაა ქართული პლატფორმა phubber.ge, სადაც შენი გარდერობის დაცლას შეძლებ. სტარტაპმა სილიკონ ველის ინვესტორისგანაც კი მიიღო დაფინანსება. “ფაბერს” აპლიკაციაც გააჩნია და ის მომხმარებლებს ტანსაცმლის ყიდვა/გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს.


YouTube ბლოგი

ჩემი აზრით, ნებისმიერ ადამიანშია რაღაც უნიკალური, განსაკუთრებული ნიჭი. დაფიქრდი, რაში ხარ ნამდვილად კარგი და გაუზიარე შენი შესაძლებლობები სხვებს.

დღეს ძალიან ბევრ ვიდეო ბლოგერს ვიცნობთ, რომელთაც ათასობით გამომწერი ჰყავთ. თითოეული იმ თემების შესახებ საუბრობს, რაც თავად აინტერესებს.

ალბათ გაინტერესებს, რა შუაშია ეს ყველაფერი ფულის გამომუშავებასთან. გეტყვი. როდესაც შენს ვიდეოებს ძალიან ბევრი ადამიანი ნახულობს, ეს შესაძლებლობას გაძლევს, ფართო აუდიტორიას საკუთარი სათქმელი გაუზიარო. მცირე თუ დიდი კომპანიები ასეთ ადამიანებს საკუთარი პროდუქტის პოპულარიზაციისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას უხდიან. რაც უფრო მეტი გამომწერი გყავს, მით უფრო იზრდება დამატებითი შემოსავლის გაჩენის შანსი. ამას ინფლუენსერ მარკეტინგი ეწოდება. თანაც, თავად იუთუბის არხი აძლევს ვიდეოებს ავტორებს მცირე წილს მათი კონტენტის მეშვეობით გაყიდული რეკლამებიდან.

ამიტომ, თუ აუდიტორიისთვის რაღაც საინტერესო გაქვს სათქმელი, ნუ იქნები მორცხვი! უბრალოდ ჩართე კამერა და მოგვიყევი!


Skillshare

Skillshare ამერიკული ონლაინ სასწავლო პლატფორმაა. ის ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ ან გაუზიარონ საკუთარი ცოდნა სხვებს. ნებისმიერ იუზერს შეუძლია გამოიწეროს მისთვის საინტერესო გვერდი და აირჩიოს კონკრეტული კურსი.

Skillshare-ზე, უცხოელების გარდა, არიან ქართველი სპეციალისტებიც, რომლებიც საკუთარ ცოდნას გვიზიარებენ. ერთ-ერთი მათგანი ციფრული გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი გიორგი ბოხუაა, რომელსაც 42,000 გამომწერი ჰყავს. გიორგის გვერდზე ბევრ საინტერეს ვიდეო გაკვეთილს შეხვდები და მის ნამუშევრებსაც ნახავ. (საკუთარ გვერდზე პორტფოლიოს ჩაშენების ფუნქცია Skillshare-ის კიდევ ერთი ბონუს ფუნქციაა, რაც პოტენციური გამომწერების მოზიდვაში დაგეხმარება.)

ამ პლატფორმის გარდა, ცოდნის გაზიარება ფეისბუკჯგუფებისა და ინსტაგრამის გამოყენებითაც შეგიძლია. ისინი აქტიურად გამოიყენება ვებინარების ჩასატარებლად და ონლაინკონსულტაციებისთვის. პირადად მე, ხშირად ვსტუმრობ Mars_rebel-ის გვერდს საინტერესო რჩევებისთვის.

ალბათ უკვე მიხვდებოდი, რა შუაშია ეს ყველაფერი გვერდით პროექტთან. დიახ, ახლა უნდა მოგიწოდო, რომ შენც გაგვიზიარო ის, რაც ყველაზე კარგად იცი. შექმენი საკუთარი გვერდი Skillshare-ზე, ინსტაგრამზე, ფეისბუკზე ან იქ, სადაც გინდა, გაგვიზიარე გამოცდილება და აქციე საყვარელი საქმე დამატებითი შემოსავლის წყაროდ.


ფრილანსინგი

სოციალური მედიის მართვა

სოციალური მედია დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ბიზნესი და საკომუნიკაციო არხია. თითქმის ყველა მცირე თუ დიდი ბიზნესი აქტიურად იყენებს მას, რათა სამიზნე აუდიტორიას ხმა მიაწვდინოს.

სოციალური მედიის მართვას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პროფესიას, საფუძვლიანი შესწავლა სჭირდება. თუმცა, ამ საქმიდან დამატებითი შემოსავლის მიღება პროფესიონალური ცოდნის გარეშეც შეგიძლია.

დღეს ძალიან ბევრი დისტანციური სწავლების მეთოდი არსებობს. თანაც, სრულიად უფასო. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი YouTube-ზეც მოიპოვება. უფასო ონლაინ ლექციებით შეძლებ იმ მინიმალური ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც ფულის კეთებაში დაგეხმარება. ყველაზე მაგარი კი ის არის, რომ თანხის გამომუშავებას სახლიდან გაუსვლელად შეძლებ.


გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი, ისევე როგორც სოციალური მედიის მართვა, დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. კომპანიები გრაფიკულ დიზაინერებს იყენებენ საკუთარი ბრენდის ვიზუალურად წარდგენისთვის.

თუ კარგად გამოგდის მუშაობა ისეთ კომპიუტერულ პროგრამებში, როგორებიცაა: Photoshop-ი, Illustrator-ი, After Effect-ი ან სხვა, რატომ არ აქცევ ამ საქმეს შენს გვერდით პროექტად?

თუ ჯერ კიდევ არ იცი დიზაინის კომპიუტერული პროგრამების გამოყენება, არც ეგაა პრობლემა. ინტერნეტში უამრავი ონლაინ სწავლების პლატფორმა არსებობს. უბრალოდ დაგუგლე შენთვის საინტერესო კითხვა, მიჰყევი ლინკებს და ყველა შენს შეკითხვას პასუხი გაეცემა.


ქოფირაითინგი

პრიმიტიული განმარტებით, ქოფირაითერი არის ადამიანი, რომელიც წერს სარეკლამო ტექსტებს. ქოფირაითერები კომპანიებს საკუთარი სათქმელის კრეატიულად გადმოცემასა და სამიზნე აუდიტორიამდე მიღწევაში ეხმარებიან.

თუ თვლი, რომ საინტერესოდ წერ და შენი სიტყვებით ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენა შეგიძლია, ვფიქრობ, შენგან კარგი ქოფირაითერი გამოვიდოდა.

სოციალური მედიისა და გრაფიკული დიზაინის მსგავსად, შეგიძლია ქოფირაითინგზეც გაიგო უფრო მეტი უფასო ონლაინ სწავლების პლატფორმებიდან. ხოლო, თუ ამ პროფესიების სიღრმისეულ დონეზე შესწავლას გადაწყვეტ, შეგიძლია გაიარო ფასიანი კურსებიც და მიიღო პროფესიონალური ცოდნა, სერთიფიკატთან ერთად.


და ბოლოს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი ფრილანსერობის იდეებიდან რომელიმე უკვე აქციე გვერდით პროექტად, მაშინ აუცილებლად დაგჭირდება დამკვეთი.


როგორ მოვიძიო დამკვეთი?

დღეს ძალიან ბევრი პლატფორმა არსებობს, რომლებიც ფრილანსერებს დამკვეთების მოძიებაში ეხმარება. მათ შორის არის რამდენიმე ფეისბუკჯგუფი, გვერდები და ვებ-საიტები.

თუ დამკვეთის ძიებას ფეისბუკზე გადაწყვეტ, ვფიქრობ, ეს გვერდები აუცილებლად უნდა ნახო: CG Georgia, ქოფირაითერი • Copywriter, Freelancer • ფრილანსერი და Georgian Marketers.

რაც შეეხება საიტებს, დღეს მსოფლიოს ფრილანსერები, ყველაზე ხშირად, ისეთ პლატფორმებს იყენებენ, როგორებიცაა; upwork და Freelancer.

ეს საიტები დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს, მოძებნონ სასურველი სფეროს სპეციალისტი; ფრილანსერებს კი, საკუთარი თავის ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენასა და დამკვეთების მოძიებაში ეხმარება.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

დავით დობორჯგინიძე

რეკომენდაციები

06 ნოემბერი

3 გაკვეთილი ყველაზე ამბიციური მიზნების მისაღწევად – სტივ ჯობსის, ილონ მასკის და პოლ გრაჰამის რჩევები

სტარტაპინდუსტრიაში გვყავს ადამიანები, რომელთა ისტორიები და გამონათქვამები ყველგან გვხვდება.