ლურჯი ვერსია

5 აღმოჩენა, რომლებიც ჩვენი დროის საუკეთესო სტარტაპერებს მიზნის მიღწევაში დაეხმარა

22 იანვარი 2021

ამბობენ, საუკეთესოებისგან უნდა ისწავლოო. ჩვენც გადავწყვიტეთ, ბოლო დროის ყველაზე წარმატებული ანტრეპრენერების რჩევებთან ერთად გაგვეარა სტარტაპის ძირითადი ეტაპები. მათ უკვე ნახეს, რას ნიშნავს შენს ადგილას ყოფნა. ახლა კი, იმ აღმოჩენებს გიზიარებენ, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაეხმარათ:


1. დაიწყე დღეს და იმით, რაც გაქვს

“უდიდესი გაკვეთილი, რომელიც ამ ყველაფრისას ვისწავლე, ისაა, რომ უნდა დაიწყო. დაიწყო ახლავე, დაიწყო აქ და დაიწყო მცირედით. მარტივად მიუდექი.”

შენც ჩემსავით გესიამოვნება იმის გაანალიზება, რომ ეს სიტყვები 40 მილიარდ დოლარიანი სოციალური ქსელის, Twitter-ის, თანადამფუძნებელს, ჯეკ დორსის ეკუთვნის. ზედმეტად ბევრი მიიჩნევს, რომ სტარტაპის წამოწყებას სწორი დრო, სწორი ადგილი, სწორი რესურსები და სწორი კავშირები სჭირდება. იმას არ ვამბობთ, რომ ეს ფაქტორები წარმატებისთვის მნიშვნელოვანი არაა. უბრალოდ, სინამდვილე ოდნავ განსხვავდება მოლოდინისგან: იმისათვის, რომ სწორ დროსა და სწორ ადგილას, სწორ რესურსებსა და სწორ კავშირებს მიაკვლიო, ჯერ მოქმედება უნდა დაიწყო. პირიქით თითქმის არასდროს ხდება, თუ, რა თქმა უნდა, პირდაპირ ილონ მასკის შვილად არ დაიბადე. რას უცდი? თავისით არაფერი მოვა. როგორც ამბობენ, მოძრაობა ყოველთვის სჯობნის ნიჭს, რომელიც ერთ ადგილას დგას.


2. ახსენი ფარდა, რაც შეიძლება მალე

ყველა დამწყები სტარტაპერი მიიჩნევს, რომ პროდუქტი, რომელსაც პირველად უშვებენ ხალხში, იდეალური უნდა იყოს. ამის გამო, ისინი ზედმეტად დიდ დროს ანდომებენ ბაზარზე გასვლას. შემდეგ კი, ხშირად, აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათი პროდუქტი არავის აინტერესებს – ყოველ შემთხვევაში ისეთი, როგორიც თავად წარმოედგინათ. ამას პირველი შეფასების შიში იწვევს, თუმცა პრაქტიკამ არაერთხელ აჩვენა, რომ ეს არც თუ ისე გამართლებული სტრატეგიაა. კარგად ცნობილი LinkedIn-ის დამფუძნებელი, რეიდ ჰოფმანიც, სწორედ ამ პრობლემას უსვამს ხაზს:

“აქცენტი დროზეა. აქცენტი გარეთ გამოსვლაზე, ბაზარზე გასვლაზე, სწავლასა და მოძრაობაზეა, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეგოს დაკმაყოფილება იმით, რომ: ‘’მე მინდა ყველაფერი ფარდის მიღმა გავაკეთო, შემდეგ ჩამოვუშვა ეს ფარდა და ყველამ გაიგოს რამდენად მაგარი და გენიოსი ვარ, რადგან ასეთი მშვენიერი პროდუქტი შევქმენი.’’ ეს თითქმის არასდროსაა მომგებიანი სტრატეგია. ნამდვილი მომგებიანი სტრატეგიაა: ‘’მე ვმოძრაობ, მე გამოვდივარ [ბაზარზე] და ვადაპტირდები გარემოსთან, რაც შეიძლება სწრაფად.””

მისგან ეს რჩევა მოულოდნელი სულაც არაა, თუ გაგახსენდება, რამხელა მარცხი იწვნია რეიდმა LinkedIn-ის წინამორბედ სტარტაპზე მუშაობისას. მისი ჩანაფიქრი ბიზნეს და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ადამიანების დასაკავშირებლად ერთი პლატფორმის შექმნა იყო. ხალხმა ვერ გაიგო, საბოლოოდ რისთვის უნდა გამოეყენებინათ სოციალური ქსელი და პროექტიც ჩაიშალა. ამ და სხვა წარმატებული სტარტაპერების სამარცხვინო ისტორიებს ცალკე სტატიაც კი მივუძღვენით.

გაკვეთილი მარტივია: როგორც კი მუშა პროტოტიპის მინიმალური ვერსია (Minimum Viable Product – MVP) გექნება, არ უნდა მოერიდო მის ხალხისთვის ჩვენებას. შენი პირველი მომხმარებლებისგან მიღებული შეფასებები სწავლისა და განვითარების აუცილებელი და, ხშირად, ერთადერთი წყაროა. ყველა იდეა ინდივიდუალურია. სხვისი რჩევა თუ გამოცდილება შენს შემთხვევას ზუსტად ვერასდროს მოერგება – მითუმეტეს, ისეთი გაურკვევლობით მოცულ გარემოში, როგორიც სტარტაპია.


3. კონცენტრირდი მათზე, ვინც მნიშვნელოვანია

“დაივიწყე კონკურენტები. კონცენტრირდი მხოლოდ შენს მომხმარებლებზე.”

ჯეკ მა ჩინური ონლაინ მაღაზია Alibaba-ს თანადამფუძნებელია. მისი რჩევა მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც მომხმარებლებზე მეტად კონკურენტების ეშინიათ. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით უნდა იყოს. მომხმარებლები შენი კომპანიის ძრავია. ისინი წყვეტენ, გადარჩები თუ არა. სწორედ ამიტომ, მთელი კონცენტრაცია მათკენ უნდა მიმართო. გაიხსენე Airbnb-ის მაგალითი: მათი მთელი სტრატეგია მომხმარებლებისთვის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა იყო და არა Booking.com-ის ჩაძირვა. როცა სწორ დეტალებზე მუშაობ, ყველაფერი დანარჩენი თავისით ლაგდება.

რაც შეეხება კონკურენტებს, შეხედე მათ, როგორც შენს თანამონაწილეებს. ასე ბევრად მეტ სარგებელს მიიღებ მათგან. ისინიც ხომ შენს მხარდამხარ იბრძვიან იმისთვის, რისიც ასე გჯერა. დააკვირდი კონკურენტების ქმედებებს და შეისწავლე მათი ოპერირების ხერხები, შემდეგ კი შენს მომხმარებლებს შესთავაზე ის, რასაც ისინი ვერ ან არ სთავაზობენ.


4. რაც შეეხება შეცდომებს…

“ნუ იდარდებ შეცდომებზე. მხოლოდ ერთხელაა საჭირო, რომ სწორი აღმოჩნდე.”

Dropbox-ის დამფუძნებელმა, დრიუ ჰიუსტონმა, კარგად იცის, რას ნიშნავს წარუმატებელი სტარტაპი. სანამ ფაილების გაზიარების სერვისის იდეა მოუვიდოდა, დრიუ ბევრ დროსა და ენერგიას ხარჯავდა კომპანიაზე, რომლის სახელიც, სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის. ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, Dropbox-ამდე მისულიყო. თუ გრძნობ, რომ შენი პროექტი ჩაფლავებას ვერ ასცდება, ამაში საშიში არაფერია. დაფიქრდი იმ გამოცდილებაზე, რაც მასზე მუშაობისას დააგროვე და გამოიყენე ის შემდეგ სტარტაპზე მუშაობისას. ეს ის ყველაზე ძვირფასი აქტივია, რომელიც პროექტიდან პროექტამდე ყოველთვის გამოგყვება. ასევე უნდა იყოს შენი ენთუზიაზმიც.

ასევე გაეცანი: ვინ არის ნამდვილი სტარტაპერი.


5. იყავი საკუთარი თავის კომენდანტი

“თუ საკუთარ თავს 30 დღეს მისცემ სახლის დასალაგებლად, 30 დღე დაგჭირდება. მაგრამ თუ 3 საათს მისცემ, 3 საათი დაგჭირდება. იგივეა შენს მიზნებზე, ამბიციებსა და გეგმებზეც.”

ეს სიტყვები ოთხი მოწინავე სტარტაპის ავტორს, ილონ მასკს ეკუთვნის. OpenAI, SpaceX, Tesla, Neuralink – თითოეული მათგანი შესაბამისი სფეროს სათავეში დგას და ისინი ერთ კაცს ეკუთვნის.

დაუწესე საკუთარ თავს შეზღუდვები. რადგან საკუთარ პროექტზე მუშაობ, იმას არ ნიშნავს, რომ დედლაინები არ გაგაჩნია. გეგმის გაწერა და ამ გეგმის მიყოლა წარმატების საწინდარია. სტარტაპსამყაროში იმარჯვებენ ისინი, ვისაც საკუთარი თავის მენეჯმენტი ყველაზე უკეთ გამოსდით. ამისათვის არსებობს კიდეც სხვადასხვა მოდელები, რომლებიც შეგიძლია გამოიყენო. მაგალითად, OKR სისტემა, რომელმაც გუგლის წარმატება განაპირობა. კი, ამ სისტემასა და მისი დანერგვის მეთოდებზეც შემოგთავაზეთ უკვე სტატია. აქვე შეგიძლია გაეცნო მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარება სამუშაოს გადადების მავნე ჩვევის დამარცხებაში; ან იმ ხერხებს, რომლებიც მუშაობას სასიამოვნოდ გაგიმარტივებს. რაც მეტს გაიგებ შენი მოტივატორებისა და დემოტივატორების შესახებ, მით უკეთ შეძლებ საკუთარი თავის მართვას და, საბოლოოდ, აქ მოყვანილი სტარტაპერების მსგავსი წარმატების მიღწევას.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.


გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა