ლურჯი ვერსია

სტარტაპის ცუდი ლიდერის 7 ქცევა, რომლებიც მთლიანი გუნდის შემართებას ანადგურებს

02 ივლისი 2021

ცუდი მენტორის ხელში კარგი გუნდი დაკარგული პოტენციალია.

ცუდი უფროსი არც ჩამოყალიბებულ კომპანიაში ვარგა, მაგრამ ამ შემთხვევაში, კომპანიის ბედი იმხელა საფრთხის ქვეშ არ დგას, რამხელაც სტარტაპს უდგას წინ. თან, შენი მოვალეობა არ არის მის გამასშტაბურებაზე ზრუნვა.

წარმატებულ სტარტაპში ყველა გუნდის წევრს საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმის გამოვლენა სჭირდება წარმატების მისაღწევად. თუ დამფუძნებელი შენს მოტივაციაზე უარყოფითად მოქმედებს, კარგად უნდა გადააფასო, აქვს თუ არა ასეთ პროექტში მუშაობას აზრი.

დენი სტრიგლის, Verizon Wireless-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, წიგნში “მენეჯერებო, ახლა გესმით ჩემი?” გამოყოფილია, ჩვევები, რომლებიც ცუდ ლიდერებს ახასიათებთ.


1. სანდო გარემოს ვერშექმნა

სუსტი მენეჯერები თავიდანვე ვერ ახერხებენ სამუშაო სივრცეში ნდობისა და დამოუკიდებლობის კულტურის დანერგვას, ან ნელ-ნელა ანადგურებენ ასეთ გარემოს.

ნდობის გარეშე გუნდის წევრებს შორის კოოპერაცია სუსტდება. თანამშრომლები თავს იკავებენ სარისკო ქმედებებისგან და მათი თავდაჯერებულობაც იკლებს. სტარტაპში კი ეს ორი თვისება აუცილებელია წარმატების გზაზე არსებული არაპროგნოზირებადი დაბრკოლებების გადასალახად. გაიხსენე ილონ მასკის სიტყვები:

“არსებობს სულელური გამოთქმა, რომ ნასაში შეცდომა მიღებული არაა. შეცდომა ჩვენთან მიღებულია. თუ შეცდომებს არ უშვებ, მაშინ საკმარისად ინოვაციური არ ხარ.” – ილონ მასკი


2. უმნიშვნელო საკითხებით გართობა

ნებისმიერ კომპანიაში არსებობს ოთხი ძირითადი მიზანი:

  • შემოსავლების ზრდა;

  • ახალი მომხმმარებლების მოზიდვა;

  • არსებული მომხმარებლების შენარჩუნება;

  • ხარჯების შემცირება.

როგორც კი მოცემული დავალებები ამ ოთხ მიზანს სცდება, ნიშნავს, რომ სტარტაპი წარმატებაზე საკმარისად ორიენტირებული არაა. სხვა სიტყვებით, აღმასრულებელი დირექტორი დასდევს ყველაფერს, რაც ბრწყინავს.

გრძელვადიან მიზანზე კონცენტრირება ისედაც რთული საკითხია. მაგრამ, როცა ამ უნარის დაქვეითება დამფუძნებლისგან მოდის, სიტუაცია კიდევ უფრო სავალალო ხდება.


3. ყველა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება

თითქოს, უფროსი, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას საკუთარ თავზე იღებს და შენ მხოლოდ მის სესრულებას გავალებს, კარგი ლიდერი უნდა იყოს.

რეალურად, ეს არც თუ ისე კარგი თვისებაა. დამოუკიდებელი მოქმედების უნარი აუცილებელია სტარტაპისთვის სახასიათო სწრაფი ზრდის ტემპისთვის. ის არანაკლებ აუცილებელია შენი პიროვნული და კარიერული ზრდისთვისაც.

თუ სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი ყველანაირი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებს, მოსთხოვე მას მეტი თავისუფლება და შენს მიმართ ნდობა.


4. ფუნდამენტური ხედვის მივიწყება

ყველა სტარტაპი რაღაც ძლიან კონკრეტული იდეის გარშემო იქმნება. ეს იდეა კომპასის როლს ასრულებს და ნებისმიერ სიტუაციაში მიუთითებს სწორი გეზისკენ.

ადამიანის ბუნებაა ამ ფუნდამენტური ხედვების მივიწყება, თუ ისინი საკმარისად ხშირად არ შევახსენეთ ერთმანეთს.

თუ სტარტაპის მიზანს მხოლოდ მუშაობის დაწყების პირველ დღეს მოისმენ, ეს ნიშნავს, რომ მას საკმარის ყურადღებას არც დამფუძნებელი და, შესაბამისად, არც გუნდის სხვა წევრები აქცევენ. Airbnb-ის მაგალითზე ნათლად ვნახეთ, რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი ხედვაზე ფოკუსირება სწორი განვითარებისთვის. ეს იმპულსები კი, აუცილებლად უნდა მოდიოდეს დამფუძნებლებისგან.


5. შედეგების მაგივრად, სიმპათიების გამოწვევისკენ სწრაფვა

გუნდის წევრებს ხშირად სჭირდებათ კრიტიკა.

შენიშვნების გარეშე ვერავინ შეძლებდა განვითარებას. შენიშვნები კი, ძირითადად, ბევრს არც თუ ისე სიამოვნებს. დამფუძნებელი, რომელიც თანამშრომლებში სიმპათიის გამოწვევაზე უფრო ნერვიულობს, ვიდრე რეალური შედეგების დადებაზე, ვერც კომპანიის ზრდისთვის საჭირო სტრესული სიტუაციების შექმნას მოახერხებს და ვერც – პატივისცემის დამსახურებას (როგორი ირონიულიც არ უნდა იყოს ეს).


6. გამოწვევებისგან თავის შეკავება

პატივმოყვარეობის საზომებზე მიჯაჭვულობა ბევრ დამფუძნებელს გაუცნობიერებლად აიძულებს რისკის გაღებისგან თავის შეკავებას. გუნდი კი, რომლის წევრების მუდმივად არ დგანან რთული გამოწვევების წინაშე, მარტივად დუნდება და მხოლოდ არსებული დავალებების ნორმალურად შესრულებით კმაყოფილდება.


7. პრობლემების მოგვარება, მიზეზების უგულებელყოფა

რაც არ უნდა გაფუჭდეს სტარტაპში, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და თუ პრობლემის წყარო არ აღმოიფხვრა, იგივე (ან მსგავსი) პრობლემა აუცილებლად გამეორდება.

“წარმატებული სტარტაპის” ავტორის, ერიკ რისის, “5 რატომ-ის” მოდელიც სწორედ ამ იდეაზეა აგებული. ეს მოდელი მოგვიწოდებს, ყველა შეცდომას გავყვეთ და მისი გამომწვევი მიზეზები მოვაგვაროთ. თუ სტარტაპის დამფუძნებლები საკითხს ასე არ უდგებიან და ზედაპირული პრობლემების მოგვარებას კმარდებიან, სტარტაპი სადღაც აუცილებლად შეწყვეტს ზრდას და დაგროვილ ხარვეზებში ჩაიხლართება.

სწორად შეარჩიე სტარტაპი, რომელთან შეერთებასაც გადაწყვეტ. კარგი ლიდერი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რომელსაც აუცილელად უნდა მიაქციო ყურადღება.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე