ლურჯი ვერსია

4 უფასო ონლაინ კურსი, რომლებიც სტარტაპერობისთვის მოგამზადებს

28 მაისი 2021

რასაც არ უნდა ფიქრობდე, სტარტაპერობა ცალკე ხელოვნებაა და ის ისწავლება. სწორედ ეს არის ჩვენნაირი აქსელერატორების მიზანიც.

მაგრამ, რა უნდა ქნა მაშინ, როცა ჯერ კიდევ საწყის სტადიაზე ხარ და ისიც კი არ იცი, სწორ იდეაზე მუშაობ თუ არა?

ამისათვის ქმნიან მოწინავე აქსელერატორები და სერიული ანტრეპრენერები მოკლევადიან ონლაინ კურსებს, რომლებზე დასასწრებადაც არანაირი პრეზენტაციის მომზადება არ გჭირდება. ამ სტატიაში კი, სწორედ ასეთ კურსებს გაგიზიარებ!


YCombinator – ‘Startup school’

YCombinator-ი (YC) რომ ყველაზე წარმატებული სტარტაპ აქსელერატორია, ამაზე საუბრით აღარ შეგაწყენ. მხოლოდ ერთს შეგახსენებ: მის მიერ დაფინანსებული სტარტაპების ჯამური ღირებულება 300 მილიარდი დოლარია. დეტალები თუ გაინტერესებს, შეგიძლია, ჩვენს სტატიას გაეცნო. აი, აქ კი კომპანიის მიერ შექმნილ სტარტაპსკოლაზე მოგიყვები მოკლედ, რომელიც ვირტუალურად იმართება, უფასოა და უამრავი, შენსავით დამწყები, პოტენციური თანადამფუძნებლის პოვნის შესაძლებლობას გაძლევს.

YC-ის სტარტაპსკოლა ორ კურსად იყოფა. “მომავლის დამფუძნებლები” (Future founders) შენზეა ზედგამოჭრილი, თუ ჯერ იდეაზეც კი არ ჩამოყალიბებულხარ და/ან გაინტერესებს, რა გელოდება სტარტაპმოგზაურობისას. ონლაინ კურსზე რეგისტრაცია განსაზღვრულ დროებშია შესაძლებელი, ამიტომ გადადი საიტზე და ნახე, როდის იწყება უახლოესი სესიები.

რაც შეეხება მეორე კურსს, ის იმ სტარტაპერებისთვისაა განკუთვნილი, რომლებმაც უკვე დაიწყეს მომხმარებლების მოზიდვაზე ფიქრი და ბევრი კითხვაც დაუგროვდათ. გირჩევ, “მომავლის დამფუძნებლების” დახურვის შემდეგ არც ამ კურსზე თქვა უარი. მისი უპირატესობა ისაა, რომ ის მუდმივად მიმდინარეობს და ნებისმიერ დროს შეგიძლია გადაეშვა უუმაგრეს ლექციებში.

ორივე შემთხვევაში, თეორიული ცოდნის გარდა, შესაძლებლობა გაქვს გაიცნო გამოცდილი დამფუძნებლები, პოტენციური თანამზრახველები და ინვესტორები მსოფლიო მასშტაბით. მოკლედ, ამ კურსებზე დასწრებას შეგიძლია შეხედო, როგორც YCombinator-ში მოხვედრის მინიგამოცდილებას.


სტივ ბლენკი – ‘როგორ შევქმნათ სტარტაპი’

იცოდი, რომ lean მეთოდოლოგია სულაც არ არის “წარმატებული სტარტაპის” ავტორის, ერიკ რისის, მოგონილი? ერიკმა ყველაფერი მისი მენტორისგან, სტივ ბლენკისგან, ისწავლა. ეს უფასო ერთთვიანი კურსიც სწორედ ბლენკის გაკვეთილებს ეთმობა.

თუ lean მეთოდოლოგიას იცნობ, მაშინ გეცოდინება, დაახლოებით რას უნდა ელოდე ამ გაკვეთილებისგან: იდეების დამუშავება/ტესტირება და უამრავი რაოდენობით უკუკავშირის მოგროვება მომხმარებლებისგან – თუ გინდა, ბოლომდე ჩასწვდე შენი წამოწყების მუშაობის პრინციპებს, მაშინ ეს კურსი შენთვისაა.


ერიკ რისი – ‘წარმატებული სტარტაპი’

ხო, სტივ ბლენკს არც ერიკი ჩამორჩენია და მანაც გადაწყვიტა თავისი სემინარის ვირტუალურ სივრცეში გადატანა.

წინა ორი კურსისგან განსხვავებით, ერიკის ლექციები ფასიანია და 20-დან 40 დოლარამდე მერყეობს. თუ გირჩევნია, პირდაპირ ერიკისგან მოისმინო, როგორ მუშაობს lean მეთოდოლოგია, მაშინ შეგიძლია წიგნის მაგივრად ეს კურსები შეიძინო, კომფორტულად მოკალათდე და საინტერესო ლექციებისთვის მოემზადო.


ბაბსონის კოლეჯი – ‘ანტრეპრენული ოპერაციები: სტარტაპის გაშვება’

U.S. News and World Report-ის მიერ საუკეთესო ანტრეპრენერულ უნივერსიტეტად შეფასებული ბაბსონის კოლეჯი თავის საუკეთესო ლექციებს ამ 4-კვირიან უფასო კურსში უყრის თავს. თუ გული სერტიფიკატისკენ მიგიწევს, თანხის დამატების შემთხვევაში ესეც არ იქნება პრობლემა.

კურსის ფარგლებში გაეცნობი სტარტაპის გაშვებასთან დაკავშირებულ რისკებსა და საფრთხეებს და იმ ტექნიკებს, რომლებიც ოპერაციების გამართვაში დაგეხმარება.


როგორ მიიღო მაქსიმალური შედეგი

მხოლოდ კურსის შერჩევა და ლექციების მოსმენა ბევრ ვერაფერში წაგადგება. შენი მიზანია, რაც შეიძლება მაქსიმალური ცოდნის, გამოცდილებისა და კონტაქტების ამოღება. ამისათვის, რამდენიმე რჩევას გაგიზიარებ:


1. იპოვე და პირადად დაუკავშირდი თანამოაზრეებს

შერჩეული კურსის განმავლობაში, ბევრ ძალიან საინტერესო ადამიანს შეხვდები. დაუკავშირდი მათ და ერთი-ორთან მაინც შეინარჩუნე ხანგრძლივი ურთიერთობა. ეს კავშირები მომავალში აუცილებლად წაგადგება და, სხვა თუ არაფერი, ახალ მეგობარს მაინც გაიჩენ.


2. დაისახე მიზანი

რადგან კურსები ონლაინაა და, ძირითადად, განსაზღვრული დედლაინები არ გააჩნია, მნიშვნელოვანია საკუთარ თავს თავად დაუწესო ისინი. როდის აპირებ კურსის დამთავრებას? რა ცოდნის მიღებაა შენთვის კრიტიკულად აუცილებელი? რა კითხვებზე ეძებ პასუხებს. წინასწარ ჩამოწერე შენი მიზნები და მიყევი მათ ყოველ მიზეზგარეშე.


3. შეარჩიე დრო და ადგილი

მიზანთან ერთად, გირჩევ, წიანსწარ განსაზღვრო, რომელი დღის რომელ საათებს დაუთმობ კურსს და სად იმეცადინებ. შეარჩიე მშვიდი და წყნარი გარემო და ისეთი დრო, როცა იცი, რომ არც არავინ შეგაწუხებს და არც არაფერი გიბიძგებს ლექციის გადატანისკენ.


4. იყავი თანმიმდევრული

თქმაც არ უნდა, რომ შერჩეულ კურსს თავიდან ბოლომდე უნდა მიყვე, პაუზების გარეშე. იმუშავე ყოველ კვირას ან ყოველ დღე და ნასწავლი აუცილებლად გამოიყენე პრაქტიკაში მაშინვე. ახალმა ინფორმაციამ მალე იცის დავიწყება, თუ მას აქტიურად არ იყენებ.


5. დააკონსპექტე მიღებული ინფორმაცია

შენს სკოლაში დაბრუნებას სულაც არ ვცდილობ. კონსპექტი ყველაზე პრაქტიკული მეთოდია ახალი ცოდნის ‘შესანახად’. ჩემს დრაივს რომ გადახედო, ცალკე ფოლდერი მაქვს გახსნილი კონსპექტებისთვის, სადაც 10-მდე დოკუმენტს შეხვდები. ეს ის ინფორმაციაა, რომელიც მუდმივად მჭირდება, დაკონსპექტებისას მარტივად მამახსოვრდება და, დავიწყების შემთხვევაში, ერთი ღილაკითაა ჩემგან დაშორებული.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა