ლურჯი ვერსია

სრულყოფილი პოსტების მოდელები, რომლებიც ყველა სტარტაპერმა უნდა იცოდეს

11 აპრილი 2021

სოციალურ მედიაში სქროლვისას ალბათ შენც უამრავი დარეკლამებული პოსტი გხვდება. ყველა მათგანს ხსნი? დარწმუნებული ვარ, არა. მეც ასე ვარ. ჩემს ყურადღებას 50-დან მაქსიმუმ 1-2 იქცევს. ზოგ შემთხვევაში ვიზუალი არ მომწონს, ზოგში კი, პირიქით – ტექსტი იმდენად ცუდადაა სტრუქტურირებული, რომ ვერ ვკითხულობ.

არადა, კარგი კონტენტის შექმნა მომხმარებლების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. აუცილებელია ყურადღება მიაქციო როგორც ვიზუალს, ასევე ქოფის (ტექსტურ ნაწილს). სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში განვიხილავ ქოფირაითინგის იმ 3 ძირითად ფორმულას, რომელიც წერის პროცესს გაგიმარტივებს. გარდა ამისა, გაგიზიარებ რჩევებს დიზაინის მიმართულებით – რა უნდა გაითვალისწინო ფერის, ფონტის, ფოტოების შერჩევისას? რომელი უფასო ონლაინ რესურსები არსებობს ვიზუალის შესაქმნელად?

ამ რჩევების დახმარებით აუცილებლად დაზოგავ დროს, თანხასა და ენერგიას.


ქოფირაითინგის 3 ფორმულა, რომელიც წერას გაგიმარტივებს

კარგი ქოფის დაწერა მარტივი არ არის. შენი დრო შეზღუდულია. თავში უამრავი რამ გიტრიალებს, რისი გადმოცემაც გინდა. თან იცი, რომ დიდი ტექსტების კითხვა ხალხს არ უყვარს. რა უნდა გააკეთო?

საბედნიეროდ, ქოფირაითინგში არსებობს უამრავი ფორმულა, ანუ წერის სხვადასხვა სტრუქტურა. თითოეული მათგანი პროცესს გაგიმარტივებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ დამწყები ხარ. ამ სტატიაში რამდენიმე ძირითადს განვიხილავ, სრული სია კი ამ ლინკზე შეგიძლია ნახო.

სანამ წერას დაიწყებ, გირჩევ, კარგად განსაზღვრო სამიზნე აუდიტორია: ვინ უნდა წაიკითხოს შენი პოსტი? როგორ დაელაპარაკებოდი მათ, პირადად რომ შეხვედროდი? წარმოიდგინე შენი იდეალური მომხმარებელი და დაწერე ქოფი მისთვის. არ დაგავიწყდეს სალაპარაკო ტონის (Tone of Voice) განსაზღვრა, რომელსაც კომუნიკაციაში გამოიყენებ: ოფიციალური გინდა იყო, მეგობრული, ნეიტრალური თუ მხიარული?


AIDA

არა, ჯუზეპე ვერდის ოპერას არ ვგულისხმობ. AIDA ინგლისური აბრევიატურაა და ქოფირაითინგში შემდეგნაირად იშიფრება:


ყურადღება (Attention)

ტექსტის პირველი წინადადება ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მასზეა დამოკიდებული, ადამიანი პოსტს ბოლომდე წაიკითხავს თუ არა. ეს შეიძლება იყოს:

  • კითხვითი წინადადება, რომელშიც სამიზნე აუდიტორიის გარკვეულ პრობლემას გაუსვამ ხაზს;

  • ფასდაკლების ან სხვა შეთავაზებების მოხსენიება;

  • ინტრიგის ჩაგდება და ცნობისმოყვარეობის გაღვიძება;

  • ტექსტის პერსონალიზაცია კონკრეტული აუდიტორიისთვის (მაგალითად, მშობლები, სპორტსმენები, სტუდენტები და ა.შ.).


ინტერესი (Interest)

ინტერესის გაჩენა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ყურადღების მიპყრობა. ამ ნაწილში დეტალურად აღწერე შენი პროდუქტი/სერვისი. რა უპირატესობები აქვს მას და რითი გამოირჩევა ის? ხაზი გაუსვი არა მარტო მახასიათებლებს, არამედ იმ სარგებელს, რასაც პროდუქტის მოხმარება მოიტანს. შეგიძლია, სხვა მომხმარებლების გამოცდილებაც გააზიარო.


სურვილი (Desire)

ამ ეტაპზე მომხმარებელს შეძენის სურვილი უნდა გაუჩნდეს. აუხსენი, რას შეცვლის შენი პროდუქტი/სერვისი მათ ცხოვრებაში, როგორ გადაჭრის კონკრეტულ პრობლემას და ა.შ. ეცადე, რომ კავშირი ლოგიკური იყოს და არა – ხელოვნური.


მოქმედება (Action)

მოუწოდე აუდიტორიას მოქმედებისკენ – რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ შენი პროდუქტით ან სერვისით ისარგებლონ. ეს შეიძლება იყოს:

  • საკონტაქტო ნომრისა და მისამართის მითითება;

  • სარეგისტრაციო ბმული;

  • დამატებითი ინფორმაციისთვის პირად შეტყობინებაში მოწერა;

  • ვებ-გვერდზე გადაყვანა და ა.შ.


AIDA-ს მაგალითი:

ყურადღება – გაზარდე ტრეფიკი შენს საიტზე;

ინტერესი – SEO-ს ანალიტიკის ხელსაწყო, რომელიც საძიებო ველში კომპანიის ხილვადობას გააუმჯობესებს;

სურვილი – ამ გზით შენ დაძლევ კონკურენტებს და შეაგროვებ დიდი რაოდენობით სტატისტიკურ მონაცემებს.

მოქმედება – დატესტე 30 დღიანი უფასო ვერსია.


PAS

PAS ქოფირაითინგის კიდევ ერთი ფორმულაა და ის 3 ნაწილად იყოფა:


პრობლემა (Problem)

განსაზღვრე შენი სამიზნე აუდიტორია სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით (დემოგრაფიული, ფსიქოგრაფიული და ქცევითი). დაფიქრდი, რა პრობლემა აქვთ მათ, რისი მოგვარებაც შენს პროდუქტს/სერვისსს შეუძლია? ტექსტის პირველ ნაწილში დაანახე მომხმარებლებს მათი ტკივილი თუ მთავარი საზრუნავი.


გამწვავება (Agitate)

მეორე ეტაპზე გაამწვავე ეს საკითხი. აჩვენე, როგორ გაუარესდება მათი პრობლემა დროთა განმავლობაში. დრამატიზირება გამოგადგება. შეგიძლია რეალური მაგალითი გამოიყენო და ემოციურობა გამოიწვიო. მაგრამ, ეცადე, რომ ზედმეტი არ მოგივიდეს.


გადაწყვეტა (Solve)

ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი პრობლემის გადაჭრის გზის შეთავაზებაა. ამ ნაწილში მომხმარებლებს უნდა დაანახო, როგორ დაეხმარება შენი პროდუქტი ან სერვისი მათ. მეტი სანდოობისთვის გააზიარე სხვების გამოცდილება და შეფასებები. არ დაგავიწყდეს მოქმედებისკენ მოწოდება.


PAS-ის მაგალითი:

პრობლემა – საოცნებო სამსახურის პოვნა.

გამწვავება – დროის დაკარგვა, პარალიზება, შიში..

გადაწყვეტა – ავტორის ვიდეოს ყურება.

FAB

FAB ფორმულის შემთხვევაში უნდა ისაუბრო პროდუქტის მახასიათებლებზე, უპირატესობებსა და სასარგებლო თვისებებზე.


მახასიათებელი (Feature)

რაც შეიძლება მარტივად და გასაგებად დაახასიათე შენი პროდუქტი/სერვისი.


უპირატესობა (Advantage)

არგუმენტირებულად დაასაბუთე, რითი გამოირჩევა ის სხვებისგან, რა უპირატესობები აქვს მას და როგორ შეიძლება მისი გამოყენება.


სარგებელი (Benefit)

ტექსტის ბოლო ნაწილში დაწერე ის სარგებელი, რისი მოტანაც პროდუქტს/სერვისს შეუძლია მომხმარებლისთვის.


FAB-ის მაგალითი:

მახასიათებელი – სოციალური მედიის მენეჯმენტი;

უპირატესობა – განრიგის განახლება;

სარგებელი – მეტი კლიკის გენერირება.


ეს ის სამი ძირითადი მოდელია, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება. ერთფეროვნების თავიდან ასარიდებლად გირჩევ, ტექნიკები ცვალო ხოლმე. ახლა, დიზაინის ნაწილზე გადავიდეთ (რადგან სურათი ხომ ათას სიტყვას უდრის). მანამდე კი, აქვე გიზიარებ ინგლისურ ვებ-გვერდებს, სადაც ქოფირაითინგის შესახებ საინტერესო სტატიები და რჩევები იდება:


როგორ გავაკეთოთ დიზაინი?

კარგი პოსტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ვიზუალური მხარე, რადგან სქროლვის დროს ყურადღებას ჯერ დიზაინს ვაქცევთ და შემდეგ – ტექსტს. ამ დარგის პროფესიონალი ნამდვილად არ ვარ, თუმცა საკუთარი გამოცდილებიდან რამდენიმე რჩევას მოგცემ, რასაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციო.


ფერი

ინტერნეტში ფერების ფსიქოლოგიის შესახებ უამრავ სტატიას შეხვდები. თითქოს, წითელი ვნებასთან ასოცირდება, თეთრი სისუფთავესთან, მწვანე ბუნებასთან და ა.შ. თუმცა, ჩემი აზრით, ამ საკითხს ასე შაბლონურად არ უნდა მივუდგეთ.თითოეულ ფერს საკუთარი ვიბრაცია გააჩნია და შესაბამისად, ის ადამიანებზე განსხვავებულად მოქმედებს. კულტურულ ჭრილშიც რომ განვიხილო, ევროპაში, შესაძლოა, თეთრი სისუფთავესთან ასოცირდებოდეს, თუმცა ჩინეთში ის სამგლოვიარო ფერია. აღქმა ინდივიდუალურია.

თუ ბრენდბუქი არ გაქვს, გამოკითხე შენი სამიზნე აუდიტორია და ჩაატარე პატარა კვლევა Google Forms-ის დახმარებით:

  • რა ფერთან ასოცირდება შენი პროდუქტი, სერვისი ან ინდუსტრია;

  • რომელია მათი საყვარელი ფერი და რატომ;

  • რომელი ფერები აღიზიანებთ ყველაზე მეტად;

  • რომელი ფერი რა ემოციას იწვევს მათში და ა.შ.

გირჩევ, რომ სოციალურ მედიაში ერთი ვიზუალური სტილი შეინარჩუნო და მომხმარებლებს თავი ამით დაამახსოვრო. არ გამოიყენო ბევრი ფერი – სჯობს აირჩიო ერთი და მისი გრადაციები. ამ ვებ-გვერდზე შეგიძლია ფერთა გამების და პალიტრების შექმნა.


ფონტი და იერარქია

ვიზუალური იერარქია არის მიმდევრობა, რომლის მიხედვითაც ობიექტებს აღვიქვამთ. პირველ რიგში ვხედავთ ისეთ დეტალებს, რომლებიც ზომით, სიმკვეთრით და სხვა მახასიათებლებით გამოირჩევიან. ადამიანის თვალი კითხულობს მარცხნიდან მარჯვნივ, შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ზედა მარცხენა კუთხეში უნდა განალაგო. გამოიყენე მაქსიმუმ 1-2 შრიფტი სხვადასხვა სტილითა და სისქით, რათა დიზაინი ძალიან არ გადატვირთო. ქართული ფონტები შეგიძლია იხილო ამ ვებ-გვერდზე. თუ რაიმე მარკეტინგული ლოზუნგი გაქვს, რომლის ვიზუალზე დაწერა გსურს, მთავრული ფონტი მას უფრო დამაჯერებელს გახდის.


სივრცე

არ განალაგო ობიექტები კიდეებზე. ეცადე, რომ მათ გარშემო სივრცე დატოვო. ამ გზით მაყურებლის თვალს არ გადაღლი და მისცემ შესაძლებლობას, რომ უფრო მნიშვნელოვან დეტალებზე ფოკუსირდეს. დიზაინერული რესურსების სრულ ჩამონათვალს კი ამ ვებ-გვერდზე ნახავ.


უფასო ონლაინ რესურსები

თუ ფოტოშოპი საბაზისო დონეზე მაინც იცი, Freepik-ის გამოყენებას გირჩევ. საძიებო ველში მოიძიე დიზაინის შაბლონები “Social Media Post Templates” და აირჩიე სასურველი. ზოგი უფასოა, ზოგი – ფასიანი. ისეთი მოძებნე, რომელსაც სამუშაო ფაილი (PSD) მოჰყვება (მარტივად რომ შეძლო შესწორება).

თუ ფოტოშოპი არ იცი, მაშინ იდეალური გამოსავალია Canva. მისი დახმარებით შეგიძლია გააკეთო ინსტაგრამის სთორების, პოსტების, ქავერების და ბანერების ვიზუალები. გარდა ამისა, ვებ-გვერდზე სხვადასხვა შაბლონებს შეხვდები: პრეზენტაციები, რეზიუმეები, ფლაერები, ინფოგრაფიკები და ა.შ. აირჩევ სასურველ ვარიანტს, შენი გემოვნებით შეცვლი ფერებს, ტექსტებს, განლაგებას და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.

გარდა ამისა, გიზიარებ არასრულ ჩამონათვალს სხვადასხვა თემატიკის ფოტოების მოსაძიებლად:

და ბოლოს, შენს სუბიექტურ აღქმას ყოველთვის არ ენდო. შესაძლოა ფიქრობდე, რომ კარგი პოსტი დადე, თუმცა ასე სულაც არ იყოს. სწორედ ამიტომ, მუდმივად აწარმოე ექსპერიმენტები ფეისბუკის A/B ტესტირების დახმარებით. სოციალურ მედიაზე მეტის გასაგებად კი, ჩემს წინა სტატიებსაც გადაავლე თვალი:

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

რეკომენდაციები

10 ნოემბერი

Tiktok: ამომავალი სოციალური მედიის მთავარი ხრიკები

როცა გვეგონა, რომ სოციალური ქსელების სივრცე ინდუსტრიის გიგანტებს უკვე საფუძვლიანად ჰქონდათ ათვისებული, გამოჩნდა ახალი აპლიკაცია, რომელმაც სულ მალე საყოველთაო ყურადღება დაიმსახურა.
20 ნოემბერი

რა არის სიტყვიერი (Word of Mouth) მარკეტინგი და როგორ ვისარგებლოთ ამ მოდელით?

სოციალურმა ქსელებმა კიდევ უფრო წინ წამოწია კლიენტების მოზიდვის უფასო მექანიზმი: ხალხის მიერ შენს კომპანიაზე ხმის გავრცელება. 
18 დეკემბერი

შთამაგონებელი საახალწლო კამპანიები და მარტივად შესრულებადი იდეები შენი სტარტაპისთვის

ახალი წელი ახლოვდება, ბრენდებისთვის კი, ამაზე უკეთესი პერიოდი არ არსებობს შთამაგონებელი კამპანიების გასაშვებად