ლურჯი ვერსია

სტარტაპიდეას ვერავინ მოგპარავს და აი, რატომ

17 ნოემბერი 2021

შენს იდეას შენსავით ვერავინ განახორციელებს. დიდი შანსია, ამის მოტივაცია არც არავის ჰქონდეს.

არ არსებობს დამწყები სტარტაპერი, რომელსაც საკუთარი იდეის გაზიარების არ ეშინია. საწყის ეტაპზე იდეა ხომ ყველაფერია, რაც გაგაჩნია. მცირეოდენი კვლევა და გამოცდილებაა საჭირო იმის გასაანალიზებლად, რომ იდეა სტარტაპფაზლის არცთუ ისე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ ფაქტს Y Combinator-ის თანადამფუძნებელი, პოლ გრემი, პატარა ექსპერიმენტით ამყარებს:

“[ადამიანები ფიქრობენ], რომ რადგან წარმატებული სტარტაპი მილიონ დოლარად ფასობს, კარგი იდეა მილიონ დოლარიანი იდეაა… სინამდვილეში, სტარტაპიდეები მილიონდოლარიანი იდეები არაა და აი, ექსპერიმენტი, რომელიც თავად შეგიძლია ჩაატარო: უბრალოდ სცადე მისი გაყიდვა. არაფერი ვითარდება ისე სწრაფად, როგორც ბაზარი. ის ფაქტი, რომ სტარტაპიდეების ბაზარი არ არსებობს, იმაზე მიუთითებს, რომ მათზე მოთხოვნა არ არის. რაც ნიშნავს, რომ, ამ სიტყვის ვიწრო გაგებით, სტარტაპიდეებს ფასი არ აქვს.”

მაშინ, რა ხდის იდეას ღირებულს და რატომ არ უნდა გვეშინოდეს მისი მოპარვის?


თუ კარგი იდეა გაქვს, ის სხვებმაც იციან

სტარტაპის წამოწყებაზე დღეს ყოველი მეორე ადამიანი ოცნებობს. იმის შანსი, რომ შენი იდეა არავის მოსვლია აზრად, წარმოუდგენლად მცირეა.

ნებისმიერი იდეის ვალიდაცია ბაზრის კვლევით იწყება. რასაც არ უნდა ფიქრობდე, კონკურენტების არსებობა კარგია და – აუცილებელიც კი. ეს ნიშნავს, რომ შენი იდეისთვის უკვე არსებობს ბაზარი. ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელზე მოთხოვნაც არ არსებობს, თავიდანვე წარუმატებლობისთვისაა განწირული.

ყველაზე ინოვაციურ სტარტაპებსაც კი ჰყავდათ კონკურენტები. მაგალითად, Airbnb-ის კონკურენტები იყვნენ booking.com-ი და couchsurfer-ი; Facebook-ის – MySpace-ი და Friendster-ი. ამ სტარტაპების წარმატების საიდუმლო იდეის უნიკალურობაში არ ყოფილა. ფეისბუკი სოციალური ქსელების ბაზარზე დაგვიანებულ მოთამაშედ ითვლებოდა. მათი წარმატება სულ სხვა რამემ განაპირობა, რასაც შესრულება ჰქვია.


მთავარია “როგორ” და არა – “რა”

სწორი გუნდი, გამძლეობა და დაუღალავი შრომა ის ფაქტორებია, რომლებიც ყველა წარმატებული პროექტის უკან იმალება.

ვინც არ უნდა მოკრას ყური შენს იდეას და როგორც არ უნდა დაინტერესდეს მისით, ამ ინგრედიენტების გარეშე ვერაფერს მიაღწევს. ხელი რომც მოკიდოს პროექტს და ერთ მშვენიერ დღეს კონკურენტად მოგევლინოს, მისი პროდუქტი აუცილებლად სხვანაირი იქნება. ამას მარტივი მიზეზი აქვს: ერთი იდეის განხორციელება უამრავი გზით შეიძლება. ფეისბუკი, ინსტაგრამი და ტვიტერი ერთი და იგივე იდეას – სხვებისთვის რაღაცის გაზიარებას – ეფუძნება. თითოეულმა მათგანმა თავისი ვიწრო ნიშა იპოვა, რაც იდეაზე მუშაობას, მის ტესტირებასა და პირველ მომხმარებლებთან ახლო ურთიერთობას მოყვა.

თუ ბაზარზე არ გამოცდი საწყის იდეას, რომელსაც უბრალოდ ჰიპოთეზა შეგვიძლია ვუწოდოთ, ვერც შენი სტარტაპის უნიკალურ ღირებულებას (UVP) ვერ იპოვი. იდეის მოპარვის შიში კი კულისებს მიღმა მუშაობისკენ გიბიძგებს, რაც ყველაზე წამგებიანი სტრატეგიაა. უბრალოდ, ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ პროდუქტი, რომელზეც სხვების აზრის მოსმენის გარეშე მუშაობდი, სინამდვილეში არავის სჭირდებოდა.

შენი იდეა შეიცვლება

დამწყები სტარტაპერის თავში მობზუილე იდეა თითქმის არასდროს ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.

სიმართლე გითხრა, იდეის მოპარვისგან არავინაა დაზღვეული. თუმცა, “წარმატებული სტარტაპის” (“Lean Startup”) ავტორისა და სერიული ანტრეპრენერის, სტივ ბლენკის, ისტორია ნათლად ამტკიცებს, რამდენად უმნიშვნელოა მსგავსი შემთხვევები. სტივს ერთ-ერთმა მომხმარებელმა პრეზენტაცია მოპარა, თავისი ლოგო დაადო და ინვესტორებთან წარდგენისას დაფინანსებაც მოიპოვა. ერთი სიტყვით, ვიღაცამ მისი სტარტაპის ზუსტი ასლი შექმნა და ბაზარზე ოპერირება დაიწყო. როგორც სტივი იხსენებს, დროთა განმავლობაში მათი საწყისი იდეა სხვადასხვა ტესტირებებისა და ბაზრის კვლევის შედეგად შეიცვალა:

“ჩვენი კონკურენტი იმ ჰიპოთეზებზე დაყრდნობით ოპერირებდა, რომლებიც 9 თვის წინ შევიმუშავეთ და მათი სტრატეგია სტატიკური რჩებოდა. ჩვენ კი, გზა განვაგრძეთ.”

მომდევნო ორი წლის განმავლობაში სტივ ბლენკის კონკურენტი ჩაიძირა.

პროდუქტის განვითარებასთან და მომხმარებლებთან ურტიერთობასთან ერთად, ბევრ ისეთ დეტალს აღმოაჩენ, რომლებზეც თავიდან საერთოდ არ გიფიქრია. ამის გამო, აუცილებლად მოგიწევს გზადაგზა შენი იდეის დახვეწა რეალური ფაქტების შესაბამისად. პოლ გრემის თქმის არ იყოს, ეს ნიშნავს, რომ იდეას, რომელიც მოგპარეს, არანაირი ფასი არ აქვს.


იდეის გაზიარების უპირატესობები

მეორეს მხრივ კი, იდეის გაზიარებას ფასდაუდებელი უპირატესობები ახლავს თან.

პირველ რიგში, მხოლოდ სხვებისგან მიღებული უკუკავშირით შეგიძლია იმის განსაზღვრა, სჭირდება თუ არა ხალხს რეალურად შენი პროდუქტი. კარგად დააკვირდი მათ რეაქციას, მოისმინე მათი აზრი და ჩაინიშნე ყველა კითხვა, რომლებიც შენს იდეასთან დაკავშირებით გაუჩნდებათ. ბაზრისა და კონკურენტების კვლევასთან ერთად, ეს თავიდანვე სწორი მიმართულების აღებაში დაგეხმარება.

ამას გარდა, არ დაგავიწყდეს გუნდის მნიშვნელობა. იმისათვის, რომ თანამოაზრეები შემოიკრიბო და საოცნებო გუნდი შეკრა, მოგიწევს სხვებიც შენსავით დაარწმუნო საკუთარ იდეაში.

არანაკლებ მნიშვნელოვანია პირველივე დღეებიდან პროდუქტის განვითარებაზე მუშაობაც. რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯები შეგიძლია დამოუკიდებლად გადადგა, სანამ თავად არ დარწმუნდები იდეის ღირებულებაში. თუმცა, არსებობს უამრავი აქსელერატორი, რომლებიც ამ პროცესს გაგიმარტივებს. შესაბამის პროგრამებში მონაწილეობის მიღებისას შესაძლებლობა გეძლევა, რაც შეიძლება მალე მიიღო პრაქტიკული რჩევები, გაიცნო პოტენციური ინვესტორები და გუნდის წევრები, აქციო იდეა ხელშესახებ პროდუქტად რაც შეიძლება მალე და კიდევ ერთხელ დარწმუნდე იმაში, რომ არ არსებობს მილიონ დოლარიანი იდეა. არსებობს მილიონ დოლარიანი შესრულება.

ერთ-ერთი პროექტი, რომელში მონაწილეობაც შენი იდეის რეალობად ქცევაში დაგეხმარება, იდეადრომია. თუ უკვე გაქვს სტარტაპიდეა, რომელიც კომუნიკაციების ინდუსტრიასთანაა კავშირში, დარეგისტრირდი მედიალაბის მიერ ორგანიზებულ ერთკვირიან კონკურსზე, სადაც ფულადი პრიზის გარდა, გელოდება მენტორებთან ინტენსიური ტრენინგები და პრაქტიკულ რჩევებზე დაყრდნობით პროდუქტის განვითარების შესაძლებლობა.

გაიგე მეტი იდეადრომზე!

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა