ლურჯი ვერსია

არასწორი რჩევები სტარტაპერებს

30 მარტი 2021

რამდენჯერ მოგისმენია რჩევა, რომელიც სჯობდა, არასდროს მოგესმინა?

პირადული თუ პროფესიული გადაწყვეტილების მიღებისას სხვისთვის დახმარების თხოვნა ბუნებრივი ადამიანური თვისებაა. სამწუხაროდ, სხვის ომში ყველა ბრძენი არ არის ხოლმე, დამარცხებული კი, სხვა არავინ რჩება, თუ არა – ისევ ჩვენ.

ზედმეტად ქაოტური და სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, სტარტაპსამყარო ყველაზე ნაკლებადაა არასწორი რჩევებისგან დაზღვეული. და რადგან აქ დრო და ენერგია მთავარი და საკმაოდ შეზღუდული რესურსებია, შეცდომების დაშვებაც ძვირად ფასობს. მიუხედავად ამისა, რჩევებს არავინ იშურებს. მაშინაც კი, როცა საქმის არაფერი გაეგებათ და ჩვენც მკითხაობა გვიწევს, ვის დავუჯეროთ და ვის – არა.

ამ სტატიაში ყველაზე გავრცელებული მცდარი რჩევები შევკრიბე, რომელთა გათვალისწინებაც დამწყებ სტარტაპერებს ხშირად ურევს ხოლმე თავგზას. თუმცა, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. სტატიის ბოლოს მარტივ ხრიკებს გაგიზიარებ, რომლებიც შენს კონკრეტულ შემთხვევაში სწორი და არასწორი დარიგებების გარჩევაში გამოგადგება.


“ყველაფრისთვის არსებობს ბაზარი”

ასეთ რჩევებს, ძირითადად, მეგობრები იძლევიან, როცა გამოუტყდები, რომ სტარტაპიდეაზე ფიქრობ. რა თქმა უნდა, მათ შენთვის კარგი უნდათ და სხვა კუთხით თუ შეხედავ, ამით იმის თქმას ცდილობენ, რომ ფართოდ უნდა იაზროვნო. ეს უკვე სწორი რჩევაა, მაგრამ ფორმულირებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ბევრი შეცდომაში შედის და მიიჩნევს, რომ როგორი უცნაური პროდუქტის იდეაც არ უნდა დაებადოს, აუცილებლად იპოვის ხალხს, ვისაც ის ენდომება. სიმართლის მარცვალი ამაშიც არის. თუმცა, საკმარისია თუ არა ამ ადამიანების რაოდენობა პროექტის წარმატებისთვის და საჭირო ფინანსების მოსაზიდად?

არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ბაზრის მოცულობასაც იმდენივე მნიშვნელობა აქვს, რამდენიც მის არსებობა/არარსებობას. სწორედ ამიტომაა პოტენციური მომხმარებლების შესახებ კვლევების წარმოება ასეთი მნიშვნელოვანი, რასაც მორიგ არასწორ რჩევამდე მივყავართ. აქ კი,


სწორი რჩევა იქნებოდა:

ყველაფრისთვის არსებობს ბაზარი და სწორედ ამიტომ, უფრო მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდო სტარტაპიდეის შერჩევას. თუ შენი იდეა ადამიანთა ზედმეტად ვიწრო ჯგუფს აღაფრთოვანებს, მის მოდიფიცირებაზე უნდა დაფიქრდე.


“შენ გააკეთე და კლიენტი გიპოვის”

ან, კიდევ უფრო სახიფათო ფორმულირებით: “ჯერ გააკეთე და მომხმარებელს მერეც მოძებნი”. მმ, ხო. ჩვენს სტატიებს თუ ეცნობი, გეცოდინება, რამდენად საშიშ რჩევასთან გვაქვს საქმე.

დამწყებ სტარტაპერებს ხშირად ავიწყდებათ, რომ კარგი პროდუქტი მის მიერ შექმნილი ღირებულებით იზომება. ღირებულებას კი, ხალხი განსაზღვრავს. სხვა სიტყვებით, კარგი პროდუქტია ის, რომელიც ხალხს უნდა. ამ მარტივი და საკმაოდ ლოგიკური მოდელის მიხედვით, პროდუქტის განვითარება და კლიენტების მოძიება პარალელური პროცესებია და არა – ერთმანეთის მომდევნო.

თუ საქმეს სხვანაირად მიუდგები, ორ მნიშვნელოვან ნაპრალს აჩენ შენივე წამოწყებაში: ერთის მხრივ, მარკეტინგულ საჭიროებებს უგულებელყოფ, მეორეს მხრივ კი, შენი წარმატების მთავარ წყაროზე, მომხმარებლებზე, საერთოდ არ ფიქრობ!


სწორი რჩევა იქნებოდა:

სტარტაპის წამოწყების საწყისი ეტაპიდანვე დაიწყე კვლევების წარმოება და შენი პროდუქტის რეალურ მომხმარებლებზე ტესტირება. ეს დაგეხმარება სწორი გეზის პოვნაში და სამომავლო განვითარებისთვის კომპასის ფუნქციასაც ითავსებს.

ასევე ნახე: როგორ ვიპოვოთ ჩვენი იდეის უნიკალური ღირებულება მინიმალური დროისა და ენერგიის ხარჯზე.


“გაფართოვდი, როგორც ფეისბუკი”

ეს რჩევა განსაკუთრებით სასაცილოა, როცა მაგალითად ფეისბუკი მოჰყვება ხოლმე. თუ რატომღაც მისი სტრატეგიის ისტორიამ შენამდე ვერ მოაღწია, აქვე უცებ მოგიყვები:

როცა ცუკერბერგმა ფეისბუკი გაუშვა, პლატფორმა მხოლოდ ჰარვარდის სტუდენტებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ერთის მხრივ, ამ გზით მან ხალხში განსაკუთრებული ინტერესი და ინტრიგა გამოიწვია. თუმცა, მეორეს მხრივ, ორი მნიშვნელოვანი უპირატესობა შეიქმნა: ჯერ ჰარვარდის კურსები და ფაკულტეტები შეიყვანა სისტემაში და ვიწრო აუდიტორიაზე დატესტა პლატფორმა, შემდეგ კი, მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ნელ-ნელა დაიწყო სხვა უნივერსიტეტებში, ბოლოს კი – მთელს მსოფლიოში გავრცელება.

ხალხის უმეტესობა კომპანიის შესახებ მას შემდეგ იგებს, როცა ის უკვე წარმატებული და პოპულარული ხდება. შესაბამისად, ჩნდება არასწორი წარმოდგენა, თითქოს ყველაფერი მთელს მსოფლიოზე გათვლებით დაიწყო. კულისებს მიღმა მუშაობა კვლავ კულისებს მიღმა რჩება.


სწორი რჩევა იქნებოდა:

საწყის ეტაპზე კონცენტრირდი პროდუქტსა და ნიშურ სამიზნე აუდიტორიაზე. გაფართოვებაზე ფიქრი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყე, როცა შენს პირველ მომხმარებლებს დააკმაყოფილებ.


“სტარტაპისთვის დიდი კაპიტალი გჭირდება!”

ეს არა მხოლოდ არასწორი რჩევაა, არამედ ბევრს საერთოდ აკავებს სტარტაპის წამოწყებისგან. ჩვენი სტატიების კომენტარებში ხშირად მხვდება ხოლმე მსგავსი შენიშვნები და ყოველ ჯერზე წარმოვიდგენ, როგორ უჩინარდება პატარა წამოწყება ჯერ კიდევ წამოწყებამდე.

იმას არ ვამბობ, რომ კაპიტალი საჭირო არ არის. უბრალოდ, ამ პრობლემაზე ფოკუსირება შენს ყურადღებას რეალური პროდუქტის შექმნიდან არასწორი მიმართულებისკენ მიმართავს.


სწორი რჩევა იქნებოდა:

დაიწყე იმით, რაც გაგაჩნია და დანარჩენი განვითარებასა და დროსთან ერთად მოვა!


“დაელოდე სწორ მომენტს”

დაა… როგორ ვიცნო სწორი მომენტი? პრინციპში, სულ ერთია, ამ კითხვაზე პასუხი გაქვს თუ არა. სტარტაპის წამოწყების გადადებისთვის მიზეზს ყოველთვის იპოვი, სწორ მომენტს კი – ვერასდროს. უბრალოდ, იმიტომ, რომ ასეთი რამ არ არსებობს. ის შენით უნდა შექმნა.

არც მენეჯმენტის კურსები, არც დროის სიმცირე და არც ბაზრის კვლევა არ უნდა იყოს შემაფერხებელი მიზეზი. თუ საკუთარი თავისა და შენი იდეის გჯერა, მაშინ სწორედ ახლაა მოქმედების დრო. ხვალ უკვე გვიანია.


სწორი რჩევა იქნებოდა:

დაიწყე, სანამ მზად იქნები. სტარტაპერებისთვის განკუთვნილი წიგნიც კი არსებობს, რომლის სახელიც სწორედ ეს სიტყვებია. ეს არ ნიშნავს, რომ ნაბიჯი გაუფრთხილებლად უნდა გადადგა. რა თქმა უნდა, კარგად უნდა აწონ-დაწონო ყოველი ახალი გამოწვევა, მაგრამ არც ერთის წინაშე არ დაიხიო უკან დროისა თუ ცოდნის სიმცირის გამო.


“ზედმეტად სარისკოა, სტანდარტულ სამსახურს დასჯერდი”

ჩემთვის, ეს რჩევა ყველაზე მავნებელია, რაც კი ოდესმე მომისმენია. თუ არასდროს ცდი, შეიძლება მთელი ცხოვრება ინანო. თუ დამარცხდი, ცხოვრებას ჩვეულებრივად განაგრძობ. როგორც ერთი წარუმატებელი სტარტაპის მონაწილე, გამოგიტყდები და, იმდენ რამეს ისწავლი, პროექტის წარუმატებლობის შემთხვევაშიც ყოველთვის მისი მადლობელი იქნები.

როცა საქმე რისკს ეხება, მთავარი იმის განსაზღვრაა, რას კარგავ თითოეულ შემთხვევაში და რომელი უფრო მეტად გიღირს. ასეთმა უსაფუძვლო დარიგებებმა და გავრცელებულმა კრიტიკამ კი, თავგზა არ უნდა აგირიოს.


სწორი რჩევა იქნებოდა:

თუ რაღაცის გჯერა, მიმართე ყველა გზას მისი ასრულებისთვის. სამსახურის შემდეგაც შეგიძლია შენს სტარტაპზე მუშაობა ისე, რომ არც ზედმეტად გადაიტვირთო და შემოსავალიც არ დაკარგო. ამაში ჩვენი სტატიებიც დაგეხმარება ჰობის პროფესიად ქცევასა და დროისა და ენერგიის სწორ მენეჯმენტზე.


როგორ ამოვიცნოთ არასწორი რჩევები

ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია იმ გავრცელებული და იდეურად მცდარი რჩევებისა, რომლებიც ყველა მხრიდან გვესმის. ზოგიერთი, კონკრეტულად შენთვის, შეიძლება სწორის კი აღმოჩნდეს (თუ მომავლის მანქანაზე მუშაობ, მაშინ აუცილებლად დაგჭირდება დიდი კაპიტალი!). მე ვერც ყველა არასწორ რჩევას ჩამოვთვლი და ვერც იმას განვსაზღვრავ, რომელია კონკრეტულად შენს შემთხვევაში მცდარი ან სწორი. უფრო პრაქტიკული იქნება, თუ ყველა რჩევას სიფრთხილით მოეკიდები და მათ შეფასებას დამოუკიდებლად შეძლებ.

არსებობს რამდენიმე დეტალი, რომლებისთვისაც ყურადღების მიქცევა სწორი და არასწორი რჩევების ამოცნობაში დაგეხმარება:


გაითვალისწინე, ვინ გაძლევს რჩევას

ნებისმიერ რჩევას ჰყავს ავტორი. ავტორებს შორის განსხვავებას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებლად გაითვალისწინე, ვინ გალევს რჩევას. მეგობარი, ოჯახის წევრი, ინვესტორი, თანამშრომელი თუ სხვა სტარტაპერი?

ყველა ადამიანს აქვს პირადი გამოცდილება და პირადი ინტერესები, რის მიხედვითაც რჩევას გაძლევენ. ინვესტორმა, შეიძლება, სწრაფად გაფართოვებისკენ ან სტარტაპის მალე გაყიდვისკენ მოგიწოდოს, მაგრამ ამას ის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე გეუბნება. ახლობლებს კი, შენთვის კარგი უნდათ, მაგრამ აქვთ თუ არა შესაბამისი გამოცდილება სტარტაპის სტრატეგიასთან დაკავშირებით სწორი რჩევის მოსაცემად?


შეაფასე თავსებადობა თქვენს ხედვებსა და მიზნებს შორის

იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოცდილ სტარტაპერს ან პოტენციურ ინვესტორს მიაკითხე, მათი რჩევა ყოველთვის რელევანტური და შენზე მორგებული ვერ იქნება. ყველა სტარტაპის გზა ინდივიდუალურია და ყველა დამფუძნებლის ხედვა – განსხვავებული.

დაფიქრდი, რამდენად ეხმიანება შენს მიზნებსა და ხედვებს კონკრეტული რჩევა. კარგი პრაქტიკაა, კითხვის დასმისას ან რჩევის მიღებისას ადრესატს გაანდო, როგორ ხედავ კომპანიის განვითარებას და რა მიმართულებით გინდა მოძრაობის გაგრძელება. ამ გზით ისიც უკეთ დაინახავს შენს ინტერესებს და შენც უკეთ შეძლებ მისი რჩევის რელევანტურობის შეფასებას.


მოუსმინე ყველას, განსაკუთრებით კი – საკუთარ თავს

რადგან აზრთა სხვადასხვაობა სტარტაპსამყაროში დიდია, ეცადე, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გაესაუბრო და ყველას ყურადღებით მოუსმინო. მაგრამ, არასდროს დაგავიწყდეს, რომ დღის ბოლოს შენი სტარტაპი მაინც შენი სტარტაპია.

კრიტიკულ მომენტში გადაწყვეტილების მიღებისას ყველაზე კარგად საკუთარ თავს უნდა მოუსმინო. მხოლოდ შენ იცი, რა სჯობს კომპანიისთვის და ვინ უკეთ დაგეხმარება კონკრეტულ გამოწვევაში. ერთ შემთხვევაში ერთი ადამიანის რჩევა უფრო რელევანტური იქნება, სხვა დროს – სრულიად სხვისი. ერთადერთი ფიგურა, რომელიც არასდროს იცვლება და რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს, შენ ხარ.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა