ლურჯი ვერსია

რა გეგმები აქვს ფეისბუკს ონლაინ მაღაზიასთან დაკავშირებით?

16 აპრილი 2021

პანდემიამ ისეთივე დიდი ცვლილებები გამოიწვია ტექნოლოგიურ ბაზარზე, როგორც ჩვენს ყოველდღიურობაში. პრინციპში, ლოგიკურიცაა. ეს ორი ხომ უკვე საკმაოდ მჭიდროდაა ერთმანეთთან ურთიერთკავშირში.

გადახედე ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპების ათეულს. ორი მიტანის სერვისი, DoorDash-ი და Instacart-ი, სიაში სწორედ კოვიდ-19-ის დამსახურებით შევიდა. აფეთქების პირასაა ციფრული გაყიდვების ინდუსტრიაც. მხოლოდ ამერიკაში ამ სერვისმა დაახლოებით 21%-ით მოიმატა 2020 წელს წინა წელთან შედარებით. ჯამში კი, მოვაჭრეებმა 44%-ით მეტი თანხა დააგროვეს, ვიდრე 2019 წელს (861 მილიარდი დოლარი).

ფეისბუკი ამ მოვლენებს არ ჩამორჩენია. კოვიდ-19-მა იდეალური გარემო შეუქმნა იმისათვის, რომ ახალი სერვისი დაეტესტა: ფეისბუკის მაღაზია. როგორც თავად აცხადებენ, ეს სერვისი სტარტაპებისა და მცირე ბიზნესების მხარდასაჭერად შეიქმნა, რაც ნიშნავს, რომ მისი განვითარებისთვის თვალყურის დევნება შენთვის ურიგო არ უნდა იყოს.

გასაკვირი სულაც არაა, რომ სოციალური მედიის გიგანტმა ამ მზარდ ინდუსტრიაში ცხვირის შეყოფა მოინდომა. დიდი ხანია, რაც კომპანია თავისი შემოსავლების დივერსიფიცირებაზე მუშაობს. ამ მიზანს ემსახურება მისი ვირტუალური რეალობის სათვალეებისა და მთელი მსოფლიოს ინტერნეტთან დაკავშირების მცდელობები. ფეისბუკის მაღაზია კიდევ ერთი მეთოდია.

როგორ აპირებს ფეისბუკი თავის პლატფორმაზე გაყიდვების დამატებასა და გავრცელებას და ღირს თუ არა შენთვის ამ სერვისით სარგებლობა?


ფეისბუკის მაღაზიის მოკლე ისტორია

კომპანიამ მაღაზია 2020 წლის მაისში გაუშვა. მაშინ, როცა პანდემიის გამო მცირე კომპანიებს დისტანციურად უწევდათ მომხმარებლებთან კომუნიკაცია. ფეისბუკის ბიზნესის ანგარიშის მქონე ნებისმიერ წამოწყებას შეუძლია ვირტუალური მაღაზია გახსნას და სასურველი პროდუქტები, თავის ფასებთან ერთად, ატვირთოს. ამ ეტაპზე ხელსაწყო მომხმარებლებს მცირე ოპტიმიზაციის, მაგალითად, ფერების შეცვლის, შესაძლებლობას აძლევს, რათა მაღაზია უკეთ მოერგოს ბრენდის იდენტობასა და ხასიათს.

ახალ სერვისს ნელ-ნელა ემატება ინსტაგრამის მაღაზია, პირდაპირ მესენჯერიდან პროდუქტის შესყიდვის შესაძლებლობა, ლაივ ვიდეოში პროდუქტის დამატება და პირდაპირ ლაივ ვიდეოდან პროდუქტის გაყიდვის ფუნქცია. ამ ეტაპზე, პროდუქტის შეძენა ისევ და ისევ კომპანიის პირადი ვებ-გვერდიდანაა შესაძლებელი. თუმცა, ამერიკაში უკვე ხელმისაწვდომია ფეისბუკის მაღაზიაზე ბარათის მიბმის ფუნქცია. ჩვენ როდის გავიხარებთ ამ შესაძლებლობით, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო ფუნქცია, რომელიც ჯერ კიდევ ტესტირების ფაზაშია, კუპონების გენერირების სისტემაა. კომპანიებს შეეძლებათ ფეისბუკზე გასცენ სხვადასხვა ჯილდოები კონკრეტული აქტივობებისთვის. ეს ყველაფერი კი, მომხმარებლების ანგარიშზე აისახება და მათ ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ჩახლართული სისტემის გარეშე, შეეძლებათ დამსახურებული შეღავათების გამოყენება.

ფეისბუკის განცხადებაში ვკითხულობთ:

“ეს ჩვენი აპლიკაციების მომხმარებლები იყვნენ, ვინც სოციალური კომერცია განჭვრიტეს. ჩვენ მათ ამ იდეის რეალობად ქცევაში ვეხმარებით… და გვინდა, მცირე ბიზნესებს დავეხმაროთ ხალხის მიერ მათი პროდუქტების აღმოჩენაში.”

ერთის მხრივ, საკმაოდ ინოვაციური, მეორეს მხრივ კი – საკმაოდ კეთილშობილური განაცხადია და საკმაოდ იმედისმომცემადაც გამოიყურება. აბა, დაფიქრდი. მას შემდეგ, რაც პირდაპირ ფეისბუკის მაღაზიიდან ბარათით გადახდის ფუნქცია ყველა ლოკაციას მოედება, კომპანიებს ვებ-გვერდის ქონის საჭიროებაც კი აღარ ექნებათ. მეტიც, კუპონების მეშვეობით კომპანიებს გასაოცარ მარკეტინგულ აქტივობებზე ექნებათ წვდომა. გაუშვი რეკლამა, მიაბი შენი პროდუქტი და, კლიკების მაგივრად, პირდაპირ გაყიდვები დაითვალე. უკეთესს ვერც ინატრებდი!

მიუხედავად ამისა, ფეისბუკის მაღაზიას დახვეწამდე ბევრი უკლია. პროდუქტების შეძენის გამოცდილება არც თუ ისე უნაკლოა, როგორც ამას ირწმუნებიან. სწორედ ამიტომ, ფეისბუკის აქსელერაციის პროგრამების სერიას (რომელიც აქამდე მხოლოდ მსოფლიოს ინტერნეტთან დაკავშირების სტარტაპებს ეხებოდა) კომერციის სეგმენტიც დაემატა.


ფეისბუკის აქსელერაციის პროგრამა მაღაზიის განვითარებისთვის

რიგითი მომხმარებლების, ინფლუენსერებისა და წვრილი კომპანიების ცხოვრების გამარტივებასთან ერთად, ფეისბუკმა ამ ახალი მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობაც განიზრახა. თანაც – მსოფლიო მასშტაბით. თუ თავად მაღაზიის ფუნქციონალი შენი ლოკაციის მიხედვით განსხვავდება, კომპანიის აქსელერაციის პროგრამაში ჩასართავად ეს ბარიერი, ფაქტობრივად, არ არსებობს. უფრო სწორად, არ არსებობდა. აპლიკაციების მიღება 2020 წლის 20 სექტემბერს შეწყდა, თავად პროგრამა კი, 2021 წლის თებერვალში დასრულდა.

ფეისბუკის აქსელერატორი ღია იყო ევროპის, შუა აზიის, აფრიკისა და ლათინო-ამერიკის სტარტაპებისთვის. მასში მონაწილეობა შეეძლოთ ონლაინ კომერციაზე მომუშავე წამოწყებებს საწყისი ინვესტიციის ეტაპზე. პროგრამა ეხებოდა ოთხ ძირითად მიმართულებას:

  • ტექნოლოგიას, რომლებიც კომპანიებისთვის ონლაინ მაღაზიის აწყობა/მენეჯმენტს ამარტივებს;

  • გადაწყვეტებს, რომლებიც პროდუქტის კატალოგის ფუნქციონალსა და შესაძლებლობებს ამდიდრებს;

  • შოპინგის ისეთი გამოცდილების შექმნას, რომელიც მყიდველებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება;

  • ახალ და საინტერესო გადაწყვეტებს, რომლებიც ონლაინ შესყიდვების პროცესს ინოვაციური კუთხით უდგება.

აყვანილი 36 სტარტაპის სრულ სიას შეგიძლია აქ გაეცნო. ქვეყნებს რომ გადახედო, თავადაც დარწმუნდები, რამდენად დივერსიფიცირებული წამოწყებები შეირჩა ფეისბუკის ხედვის განსახორციელებლად. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ სტარტაპსამყაროში საზღვრები არ არსებობს. მთავარია, შენი პროდუქტი რეალურ პრობლემას ეფექტური გზებით აგვარებდეს. მსოფლიოში, სადაც განვითარება გეომეტრიული პროგრესიით ჩქარდება, შეუმჩნეველი ვერ დარჩები, თუ მომავალში ცხოვრობ და ქმნი იმას, რაც დღეს გვაკლია.


კომპანიის სათანადო მზადება

როგორც ჩანს, ფეისბუკი ახალი სივრცის ათვისებას საკმაოდ სტრატეგიულად უდგება. ამაზე რამდენიმე დეტალი თვალნათლივ მოწმობს:

  • ისინი დაუყოვნებლივ აყვნენ ახალ ტრენდს, რომელიც კოვიდ-19-მა განაპირობა (ან, უბრალოდ, იდეალური დრო შეარჩიეს კარგა ხნის არსებული იდეის განსახორციელებლად);

  • მაღაზიის ფუნქციის დამატებას მიუდგნენ, როგორც სტარტაპს და ყველაფერი ვიწრო ბაზარზე ტესტირებებით დაიწყეს;

  • შემოიკრიბეს მოწინავე სტარტაპები კომერციის ინდუსტრიაში თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სწორი გუნდი, სწორი მიდგომა და სწორი დრო ნებისმიერი წამოწყების წარმატების რეცეპტია. ამას თუ დავუმატებთ ფეისბუკის პოპულარობას, რეპუტაციასა და ფინანსებს, აშკარა ხდება, რომ ფეისბუკის მაღაზიის განვითარებას აუცილებლად უნდა ვადევნოთ თვალყური.

ფეისბუკის მფლობელობაში მყოფი ინსტაგრამის ვიცე პრეზიდენტმა, ვიშალ შაჰმა, TechCrunch-ის სტატიაში განაცხადა, რომ ფეისბუკის მაღაზიის გაშვების პირველივე დღეებიდან უკვე 1 მილიონი კომპანია იყო დარეგისტრირებული.


ბიზნეს მოდელი

ფეისბუკის მაღაზიის შექმნა და პროდუქტების ატვირთვა უფასოა (ჯერ-ჯერობით), თუმცა კომპანია უკვე ფიქრობს მოგების გენერირების მოდელებზე.

ფეისბუკის რეკლამების ვიცე პრეზიდენტმა, დენ ლევიმ, აღნიშნა, რომ კომპანია “მცირე საკომისიოს” აიღებს პროდუქტების გაყიდვებიდან. თუმცა, მისივე თქმით, მოგების ძირითადი ნაწილი მეტი რეკლამების განთავსებიდან შემოვა. რა თქმა უნდა, კომპანიებს მხოლოდ მაღაზიის გახსნა პრობლემებს ვერ მოუგვარებს. მათ ინტენსიურად მოუწევთ თავიანთი მაღაზიის რეკლამირება, რაც ფეისბუკისთვის შემოსავლების გაზრდას ნიშნავს.

მე თუ მკითხავ, ახალი ბიზნეს მოდელის შემოტანა ისევე ეტაპობრივად ხორციელდება, როგორც თავად მაღაზიის სერვისის დამატება: თავიდან ყველაფერი უფასო იქნება, ნელ-ნელა კი, საკომისიოების დამატებასა და ზრდას თავად ამ ფუნქციის გამოყენების ხარჯებიც დაემატება.

იმისათვის, რომ ამ მოდელმა იმუშაოს, მაღაზია ამად უნდა ღირდეს. ანუ, მისი მეშვეობით კომპანიები იმაზე მეტს უნდა აგენერირებდნენ, ვიდრე მასში ჩადებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფეისბუკს პრობლემები შეექმნება.


რას ნიშნავს ეს სტარტაპებისა და მცირე ბიზნესებისთვის?

ფეისბუკი ყველანაირად ცდილობს, ხალხი თავის პლატფორმაზე დატოვოს. თუ ამ ცვლილებამ წარმატებით აიდგა ფეხი, მაშინ სტარტაპებსა და მცირე ბიზნესებს პირდაპირ პლატფორმაზევე შეეძლებათ გაყიდვების გეგმის შესრულება. აღარ იქნება საჭირო მომხმარებლების საიტზე გადაყვანა, რაც ნამდვილად გაამარტივებს კლიენტების აყვანასა და გაყიდვების გენერირებას. თუმცა, მეორეს მხრივ, კომპანიები უფრო და უფრო დამოკიდებულები გახდებიან ფეისბუკზე. რამდენად სასარგებლო იქნება ეს გრძელვადიან პერსპექტივაში, ამაზე შეგვიძლია კომენტარებში ვიკამათოთ.

ჯერ-ჯერობით, ფეისბუკის ონლაინ მაღაზია არც თუ ისე პრაქტიკულია. თანაც, უნდა აღინიშნოს, რომ ელ. კომერცია და სოციალური პლატფორმა ერთმანეთთან არც თუ ისე ახლოსაა. ეს ყველაფერი იმ სცენარს ჰგავს, გუგლმა რომ სოციალური ქსელის შექმნა განიზრახა და სამარცხვინოდ დამარცხდა. ჰო, გუგლ პლიუსზე მაქვს საუბარი.

დამთავრდება თუ არა სოციალური მედიის გიგანტის მცდელობები ისეთივე კრახით, როგორც ეს გუგლ პლიუსის შემთხვევაში მოხდა? და როგორ იმოქმედებს ეს კომპანიის სახელზე მაშინ, როცა პლატფორმას უკვე ისედაც ბევრი უჩივის? დაგვიტოვე შენი აზრი კომენტარებში!

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

03 აგვისტო

სოციალური მედიის თანამედროვე გამოწვევები და ციფრული კონსტიტუციონალიზმი

ინტერვიუ ედოარდო კელესტესტან. რომელია ის პრინციპები და ფასეულობები, რომლითაც ჩვენი საზოგადოება იხელმძღვანელებს ციფრულ ხანაში
03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
10 აგვისტო

5G - ახალი შესაძლებლობების სამყარო

სიახლეები საზოგადოებას ხშირად აშინებს, აბნევს და ეჭვებს უჩენს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ისეთი ინოვაციის დანერგვაში, როგორიც უსწრაფესი 5G ინტერნეტია, საზოგადოების ნაწილმა საფრთხე დაინახა და ამ შეგრძნებამ ისე მოიცვა, რომ კითხვის - „რა სარგებელს მოიტანს ეს უკანასკნელი?“ დასმაც არ ჩათვალა საჭიროდ და ბოლო თაობის ინტერნეტკავშირი უპირობო მტრად მიიღო.