ლურჯი ვერსია

რატომ არ უნდა დაიწყო სტარტაპი

02 აპრილი 2021

არსებობს მიზეზები, რომელთა გამოც აუცილებლად ღირს სტარტაპის წამოწყება. არსებობს ისეთი მიზეზებიც, რომლებიც, სხვა თუ არაფერი, შენი წარმატების შანსებს შეამცირებს.

აქ სწორედ მსგავს დაბრკოლებებს შევეხებით. როცა სტარტაპერობის მსგავს უცხო და რისკიან საქმეს ეკიდები, კარგი იქნება, თუ დაახლოებით მაინც გეცოდინება, რასთან გაქვს საქმე.

ბევრი არასწორ მიზეზებსაც ასახელებს ხოლმე, რომლებიც ისეთივე საზიანოა, როგორც სტარტაპის მართვის არასწორი რჩევები. ამიტომ, პოლ გრემთან ერთად, რამდენიმე გავრცელებულ მცდარ შეხედულებასაც შევეხებით.


არ გინდა თავისუფლებაზე უარის თქმა

პოლ გრემი, YCombinator-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, წარმატებულ სტარტაპს ორი სიტყვით აღწერს: ამოუწურავად რესურსუნარიანი. ამ სიტყვების უკან სტარტაპსამყაროს ერთი საიდუმლო იმალება, რომელზეც ბევრი თვალს ხუჭავს ხოლმე, სანამ პირადად არ შეეჯახებიან მას – სტარტაპის მართვა ბევრ, ძალიან ბევრ, ენერგიასა და დროს მოითხოვს. ამიტომ ვწერთ რჩევებზე დროისა და ენერგიის ეფექტური მენეჯმენტისთვის.

სხვა სიტყვებით, სამსახური არასდროს აღარ დარჩება სამსახურში. შენი წამოწყება ყველგან შენი მეგზური იქნება და ხშირად მოგიწევს უარის თქმა დასვენებასა და გართობაზე. საკუთარი თავისთვისაც კი.


საკუთარი შესაძლებლობების არ გჯერა

ილონ მასკმა PayPal-ის გაყიდვიდან 180 მილიონი დოლარი აიღო. აქედან 100 მილიონი SpaceX-ში ჩადო, 70 – ტესლაში, 10 კი – SolarCity-ში. როგორც თავად ამბობს, ბინის ქირისთვისაც კი მეგობრებისგან დასჭირდა ფულის სესხება. ამ ყველაფერში კიდევ უფრო მშვენიერი ისაა, რომ სინამდვილეში არც ერთი კომპანიას არ აძლევდა 10%-ზე მეტ წარმატების შანსს. როგორც ჩანს, ესეც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ამხელა რისკზე წასულიყო.

სტარტაპსამყაროში მოგზაურობისას ხშირად მოგიწევს არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც სხვებს სიგიჟედ მოეჩვენებათ. რისკზე წასვლის უნართან ერთად, ამისათვის საკუთარი თავისა და იდეის რწმენაც დაგჭირდება. მე თუ მკითხავ, საკუთარ თავზე მეტად შენი იდეისა და ხედვის უნდა გჯეროდეს. უნდა გჯეროდეს, რომ ის, რასაც ქმნი, ხალხს მართლა სჭირდება. ეს ის დრაივია, რომელსაც ვერაფერი ჩაანაცვლებს. თუ არც საკუთარი თავის გჯერა და იდეაც უბრალოდ სტარტაპის წამოწყებისთვის მოიფიქრე, მაშინ სჯობს, ტრადიციულ ბიზნესზე დაფიქრდე და სტარტაპერობა (დროებით მაინც) გვერდზე გადადო.


მიდრეკილი ხარ პასუხისმგებლობის არიდებისკენ

ნათქვამია, ვინც ეძებს ის პოულობსო. არასოდეს დაგელევა მიზეზი რაღაცის არ შესასრულებლად. ხანგრძლივ პერსპექტივაში კი, ასეთი შემთხვევები მწარედ შეგახსენებს თავს. თუ სტარტაპერობას აპირებ, რაღაც ეტაპზე აუცილებლად მოგიწევს ისეთი საქმის გაკეთება, რომელიც გეზიზღება. სტარტაპის ბუნებაა ასეთი – არასდროს იცი დღეს, რა დაგჭირდება ხვალ და ყველაფერი, უბრალოდ, ვერ გეყვარება. ჩვეულებრივ სამსახურში ასეთი ამოცანებისგან თავის დაძვრენა, მაქსიმუმ, უფროსისგან საყვედურით დამთავრდეს. სტარტაპი კი, არასოდეს გაპატიებს ამას.


გაკლია მოთმინების უნარი

სტარტაპს 3-5 წლამდე მაინც სჭირდება, სანამ შედარებით სტაბილურ ფაზაში გადავა. ესეც იმ შემთხვევაში, თუ გაგიმართლა. და არც ეს ნიშნავს ქაოსის დასასრულს. უბრალოდ, შედეგების დანახვის დასაწყისად შეგვიძლია მივიჩნიოთ (რაშიც საწყისი შემოსავალი და მომხმარებელთა ვალიდური რაოდენობა იგულისხმება). თუ მოთმინება შენი ძლიერი მხარე არაა, სტარტაპერობა გაგიჭირდება. შემდეგ კი, შეიძლება მთელი ცხოვრება ინანო საქმის დროზე ადრე მიტოვება.


თუ აქამდე ჩამოხვედი, შემიძლია ვივარაუდო, რომ ხანდახან მაინც ფიქრობ სტარტაპერობაზე. მაშინ, აქვე გეტყვი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორი თავდაყირა დგება, როცა ისეთ პროექტზე იწყებ მუშაობას, რომლის გარეშეც სამყარო, უბრალოდ, მახინჯი გეჩვენება. ყოველ შემთხვევაში, ასე მოხდა ჩემთან. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ სტარტაპერულად ამოუწურავად რესურსუნარიანი არ ხარ, მაგრამ გაქვს იდეა, რომელიც მოსვენებას არ გაძლევს, ცდას არაფერი უდგას წინ.

როგორც პოლ გრემი, YCombinator-ის თანადამფუძნებელი, აღნიშნავს თავის ესსეში:

“თუ გაურკვევლობა გაშინებს, ამ პრობლემას აქვე მოგიგვარებ: სავარაუდოდ, შენი სტარტაპი წარუმატებელი იქნება. მართლა, ეს არ არის ცუდი ხედვა ამ მთლიან გამოცდილებაზე. იმედოვნე, რომ საუკეთესო მოხდება, მაგრამ ელოდე ყველაზე ცუდს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი, ეს ყველაფერი საინტერესო მაინც იქნება. საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება გამდიდრდე.”

ამავე ესსეში ის საუბრობს სტარტაპის არ წამოწყების იმ მიზეზებზე, რომლებიც, სინამდვილეში, შეიძლება სულაც არ იყოს ვალიდური. სრული სიისთვის შეგიძლია მის სტატიას გაეცნო, თუმცა მათგან რამდენიმე განსაკუთრებით საინტერესოა:


პარტნიორის არ ყოლა

თანადამფუძნებლის არარსებობა სტარტაპსამყაროში რეალურ პრობლემას წარმოადგენს. თავად YCombinator-ში სულ თითზე ჩამოსათვლელი სოლო პროექტებია დაფინანსებული და თითოეული მათგანისთვის პირველი მოთხოვნა პარტნიორის მოძებნა იყო.

თანადამფუძნებელი ყველა სტარტაპს სჭირდება, თუმცა ეს გამოუსწორებელი დაბრკოლება კი არა, ერთ-ერთი ამოცანა უნდა იყოს შენს სტრატეგიაში. თუ კარგად დაფიქრდები, არმოაჩენ, რომ პარტნიორის პოვნა არც ისეთი რთულია. ამ პროცესს ჩემი სტატია კიდევ უფრო გაგიმარტივებს და იმასაც დაგანახებს, მაინც რისთვის გჭირდება ასე ძალიან თანადამფუძნებელი (თუ რატომღაც ამაში ეჭვი გეპარებოდა).


გამოუცდელობა

თუ პოლი პარტნიორის არ ყოლას ვალიდურ პრობლემად მიიჩნევს და მისი გამოსწორებისკენ გვიბიძგებს, გამოუცდელობა ნამდვილად არ ვარდება ამ კატეგორიაში.

“როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ სტარტაპის წამოწყებაში გამოუცდელი ხარ, ამის შესაცვლელად სტარტაპი უნდა წამოიწყო.” – ვკითხულობთ პოლ გრემის ესსეში. რთულია, შეედავო.

სტარტაპერობა მხოლოდ პირადი გამოცდილებით ისწავლება. ამიტომაცაა, რომ, უმეტეს შემთხვევაში, წარმატებული სტარტაპების უკან წარუმატებელი პროექტები იმალება. ერთადერთი, რაც მართლა დაგჭირდება პირად პროექტზე მუშაობა, ეს რომელიმე კონკრეტულ სფეროში ფართო ცოდნაა. აქ საუბარი მაქვს პროგრამირებაზე, დიზაინზე, თუნდაც მენეჯმენტზე და არა – სტარტაპერობაზე. ინოვაციური იდეის შესამჩნევად მომავალში ყურებაა საჭირო და სწორედ ამისთვის გჭირდება შენთვის მიმზიდველი სფეროს შესწავლა. აი, იდეების შემჩნევაზე უფრო დეტალურად კი, გაეცანი ჩემს პრაქტიკულ რჩევებს სწორი მიდგომის შესამუშავებლად.


სამსახური სტანდარტიზირებული არჩევანია

ნაკლებად რისკიანი, ყველაზე გავრცელებული და ყველაზე სწორხაზოვანი გზა ფულის საშოვნელად. რატომ უნდა მოგინდეს სტაბილური სამსახურის მიტოვება ისეთ პროექტზე სამუშაოდ, რომელსაც წარმატების 10%-იანი შანსი აქვს?

ალბათ პირველი მიზეზი, რაც თავში მოგდის, გამდიდრების სურვილია. რისკი ჯილდოს პროპორციული უნდა იყოსო, თქვა ილონმა, როცა Tesla-ში და SpaceX-ში ფულის დაბანდებაზე საუბრობდა. მაგრამ, დღეს შეიძლება სულ სხვა ფენომენთანაც გვქონდეს საქმე. უფრო სწორად, ახალ ტენდენციასთან, რომელიც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს.

ტექნოლოგიური პროგრესის დამსახურებით, ადამიანთა უმეტესობა დისტანციურ მუშაობაზე გადადის და ე.წ. ფრილენსერობის თავისუფლებით ტკბება. ისევ და ისევ ტექნოლოგიური პროგრესის დამსახურებით, აღარც პერსონალურ პროექტებზე მუშაობა და არასტანდარტული (ანუ, სამსახურის გარეშე) გზებით ფულის შოვნა წარმოადგენს სირთულეს – ისევე, როგორც ერთდროულად ხუთი სხვადასხვა კომპანიისთვის მუშაობა.

ეს ცვლილება სტანდარტულიდან არასტანდარტულ მოდელზე მხოლოდ ჩვენს საუკუნეში არ ხდება. იგივე პროცესს ჰქონდა ადგილი 100 წლის წინ, მაშინ, როცა ხალხი სოფლებიდან ნელ-ნელა ქალაქში გადმოსახლდა. პოლის თქმით, ჩვენს წინაპრებს სიგიჟედ ეჩვენებოდათ საკუთარი ბოსტნის მიტოვება ისევე, როგორც ჩვენ სიგიჟედ გვეჩვენება სტარტაპის წამოწყება. თუმცა, მაშინდელმა ეკონომიკურმა ცვლილებამ შედეგი გამოიღო და დღეს ის სტანდარტია. ნუთუ დაუჯერებელია, რომ 100 წლის შემდეგ სტარტაპერობა იქნება სტარტაპი? არჩევანი შენზეა.

ბევრი ფაქტორი არსებობს, რის გამოც სტარტაპის წამოწყება გაუმართლებელი იქნება და რომლებიც, ერთი შეხედვით, ლოგიკურადაც შეიძლება ჟღერდეს. მაგრამ, ნუ დაგავიწყდება, რომ სტარტაპერობაში ლოგიკური არაფერია.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა