ლურჯი ვერსია

რატომ უნდა იაზროვნონ სტარტაპერებმა დიზაინერებივით

17 აგვისტო 2021

Pillpack-ი ფარმაციის ონლაინ სტარტაპია, რომელმაც სამედიცინო ინდუსტრია დიზაინის წყალობით თავდაყირა დააყენა.

ყველამ, ვისაც წამლებთან შეხება ჰქონია, კარგად იცის, რამდენ თავის ტკივილთანაა ეს პროცესი დაკავშირებული. დღეებზე დოზების გადანაწილება, მიღების დროის დამახსოვრება, აფთიაქებში სირბილი… მოკლედ, დაავადებაზე მეტ დისკომფორტს წამლების მიღება ქმნის.

წარმოიდგინე აქეთ-იქით მიმოფანტული წამლების შენი უჯრა თუ ჩანთა. ახლა წარმოიდგინე, რომ ეს წამლები პატარა პაკეტებშია განაწილებული, ეს პაკეტები ერთ ყუთშია თავმოყრილი და, სველი ხელსახოცივით, სათითაოდ ამოდის, როცა გჭირდება – ზედვე მიწერილი თარიღით, დროითა და მისაღები წამლების სახელებით. ესეც Pillpack-ის მთელი გენიალურობა.

პროექტის იდეა დიზაინისა და ინოვაციების გლობალურ კომპანიაში, IDEO-ში გაჩნდა 2014 წელს. 2018 წელს Pillpack-ი ამაზონმა 1 მილიარდ დოლარად შეისყიდა.

ეს სტარტაპი დიზაინერული აზროვნების თვალსაჩინო მაგალითია, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტერმინი “დიზაინერული აზროვნება” (Deisgn Thinking) სწორედ IDEO-დან გავრცელდა.

წინასწარ გეტყვი, რომ დიზაინერული აზროვნება მხოლოდ დიზაინს არ ნიშნავს. Pillpack-მა ლამაზი დიზაინით კი არ მოიგო მომხმარებლების გული, არამედ მათ საჭიროებებზე ორიენტირებული დიზაინით. და Pillpack-ის მიდგომა ვრცელდება ყველა ტიპის სტარტაპზე – მიუხედავად იმისა, ფიზიკურ პროდუქტზე მუშაობ თუ ციფრულზე.


რას გულისხმობს დიზაინერული აზროვნება?

ტიმ ბრაუნი IDEO-ს აღმასრულებელი დირექტორია. მანვე დაწერა და გამოსცა წიგნი “ცვლილება დიზაინით: როგორ გარდაქმნის დიზაინერული აზროვნება ორგანიზაციებს და შთააგონებს ინოვაციას”. გრძელი სახელია, მაგრამ დამეთანხმები და – საკმაოდ მიმზიდველი. როგორც ტიმი თავის წიგნში ხსნის:

“დიზაინერული აზროვნება ადამიანზე ორიენტირებული მიდგომაა ინოვაციების მიმართ, სადაც გამოიყენება დიზაინერის ხელსაწყოები ხალხთა საჭიროებების, ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და ბიზნესის მოთხოვნების ინტეგრაციისთვის.”

სხვა სიტყვებით, ინოვატორი დიზაინის პრინიპებზე დაყრდნობით ცდილობს დააბალანსოს საჭიროება, ხელმისაწვდომობა და მომგებიანობა სამიზნე ინდივიდის გადმოსახედიდან.

კარგი დიზაინი მხოლოდ ვიზუალური მონაცემი არაა. დიზაინი იწყება პროდუქტის ფუნქციიდან, რომელიც გკარნახობს ფორმას. კონკრეტულად რა პრინციპებს ემყარება დიზაინი, შეგიძლია ამ სტატიაში გაეცნო. აქ კი, დიზაინერული აზროვნების ტექნიკებზე მოგიყვები.

ფუნდამენტურად, დიზაინერული აზროვნება ძალიან გავს Lean მეთოდოლოგიასა და Agile დეველოპმენტს. განსხვავება იმაშია, რომ ის დამატებით ითვალისწინებს დიზაინიდან აღებულ პრინციპებს პროდუქტის შემუშავებისას. მართალია, ტერმინის პოპულარიზება IDEO-ს უკავშირდება, თუმცა აღნიშნული მიდგომა ჯერ კიდევ 70-იანი წლებში შეიმუშავეს და ყველა სხვადასხვა სახელითა თუ შემავალი კომპონენტებით განმარტავს. დიზაინერული აზროვნების ერთ-ერთი მიმართულება სტენფორდის უნივერსიტეტშიც გვხვდება და აქ სწორედ მათ მოდელს გთავაზობ:


ემპათია

იცოდი, რომ Y Combinator-ში მოხვედრილი სტარტაპერები საჩუქრად იღებდნენ მაისურს წარწერით:

“შექმენი ის, რაც ხალხს უნდა.”

იმის გარდა, რომ პოლ გრემის ერთ-ერთი საყვარელი ფრაზაა, ეს ჟესტი სხვა მიზანსაც ემსახურება. სტარტაპის დამფუძნებლებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ორიენტირი სხვა ადამიანები არიან. იმისათვის კი, რომ გაიგო, რა უნდათ მათ, ემპათიაა საჭირო.

სანამ Airbnb წარმატებას მოიპოვებდა, მისი დამფუძნებლები პლატფორმაზე განთავსებულ ნიუ იორკის ბინებში დადიოდნენ და პირისპირ ესაუბრებოდნენ სახლების პატრონებს, რათა მათი საჭიროებები უკეთ გაეთავისებინათ. დიზაინერული აზროვნების ცენტრალური საფეხურიც სწორედ ესაა:

დაუჯექი შენს მომხმარებელს და დააკვირდი, როგორ იყენებს შენს პროდუქტს.

თავადაც გაგიკვირდება, იმდენ სიახლეს აღმოაჩენ ამ პროცესში. ისევ Pillpack-ის მაგალითს რომ დავუბრუნდეთ: მათი უპირატესობა სხვა ონლაინ ფარმაკოლოგიის მაღაზიებთან შედარებით, პროდუქტის შეფუთვა იყო, რადგან ის ითვალისწინებდა და ეხმიანებოდა პაციენტების ყველაზე მწვავე პრობლემას – წამლების განაწილებას და შენახვას.

პრობლემაზე ფიქრის ემპათიური მოდელისთვის ეს გზამკვლევი გამოგადგება. შენ უნდა შექმნა პერსონაჟი, რომელიც შენს სამიზნე აუდიტორიას გამოხატავს – თავისი ყოველდღიურობით, ნაცნობებით, ჰობით და, რაც მთავარია, პრობლემებითა და სურვილებით.

კარგი დიზაინი სწორედ აქედან იწყება – ერთი შეხედვით, არანაირი კავშირით დიზაინთან.


განმარტება

მხოლოდ მომხმარებლის გაგება არ კმარა, თუ ამ ინფორმაციას არ გადმოთარგმნი და თანმიმდევრულ სახეს არ მისცემ.

მომხმარებლებთან საუბრისას ვიგებთ, რომ მათ ხშირად ავიწყდებათ წამლების მიღება, დიდ დროს ანდომებენ მათ განაწილებას და, საერთოდაც, ეს პროცესი მათ განწყობაზე არანაკლებ ცუდად მოქმედებს, ვიდრე თავად დაავადება. ამ დაკვირვებების ფონზე ნათელი ხდება პრობლემა: წამლების განაწილებისა და მიღების ეფექტური საშუალების არ არსებობა.

იმისათვის, რომ მომხმარებლების შესწავლისას ღირებული ინფორმაცია წამოიღო, საჭიროა ყურადღება კონკრეტული ფაქტორებისკენ მიმართო. ეძებე შენი მომხმარებლების ისეთი საჭიროებები, რომლებიც ხშირად მეორდება და მწვავე ხასიათს ატარებს, ყვეალფერი დანარჩენი კი უკანა ფრონტზე გადაიტანე და მხოლოდ მაშინ მიუბრუნდი, როცა საკვანძო პრობლემას გადაჭრი. Pillpack-მა, ყუთთან ერთად, გამოუშვა პატარა ჩანთაც, რომელშიც იდეალურად ეტევა წამლების შეფუთვები. ამ დამატებითი ნივთით მან კომფორტი შეუქმნა აქტიური ცხოვრების ადამიანებს, თუმცა ეს მეორეხარისხოვანი უპირატესობა იყო. არც ერთი Pillpack-ის მარკეტინგული კამპანია არ იწყება წამლების ჩასადებ ჩანთაზე საუბრით.


იდეა

მას შემდეგ, რაც მომხმარებლებს შეისწავლი და ლოგიკურ დასკვნებსაც გამოიტან მათი ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებების შესახებ, იდეების გენერირების დრო ხდება. როგორც დიზაინერებს ახასიათებთ, ამ დროს კარგი იქნება, თუ გუნდის რამდენიმე წევრი ერთად შეიკრიბება და უაზრო და აზრიანი იდეების კორიანტელში გაეხვევა.

არსებობს გამოთქმა, იფიქრე ყუთის გარეთო (think outside the box) და ეს სწორედ ამ ეტაპს ეხმიანება საუკეთესოდ. ეძებე პრობლემის გადაჭრის მარტივი გზა ყველაზე წარმოუდგენელ ადგილებში. დაივიწყე შენი პროფესია და ბავშვის თვალით შეხედე შენს წინ დაფაზე ჩამოწერილ საკვანძო აღმოჩენებს. რაც უფრო მეტი და ნიჭიერი ადამიანი იქნება იდეების არმოჩენის პროცესში ჩართული, მით უკეთესი.


უკუკავშირზე დაფუძნებული ციკლი იკვრება

მომდევნო ნაბიჯები – პროტოტიპირება და ტესტირება – სტარტაპერებისთვის კარგად ნაცნობი საფეხურებია. Lean მეთოდოლოგიისა და Agile დეველოპმენტის ციკლები სწორედ უკუკავშირზე დაფუძნებული სწავლებით იხურება და იწყება. იგივეა დიზაინერულ აზროვნებაშიც.

გაშვებული პროდუქტი დასრულებულ პროდუქტს არ ნიშნავს. მოუსმინე შენს მომხმარებლებს კიდევ ერთხელ და ეტაპობრივად, განუწყვეტლივ განაგრძე პროდუქტის დახვეწა მათი და სამყაროს მოთხოვნილებებისა და შესაძლებლობების ცვლილებასთან ერთად.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა